ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე: ზედმეტად ზრდილობიანი ბავშვი ძალადობის მსხვერპლია

328
(განახლებულია 19:50 19.06.2020)
ცნობილი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბავშვის აღზრდის პერიოდში მშობლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.
ნათია ფანჯიკიძე: ზედმეტად ზრდილობიანი ბავშვი ძალადობის მსხვერპლია
„ბავშვები ბუნებრივად ზრდილობიანები არ არიან, საკმაოდ მორცხვები კი არიან. შეიძლება ნებისმიერმა თქვენგანმა გაიხსენოს, როგორ გრცხვენოდათ, როცა უფროსები მოვიდოდნენ სტუმრად და თქვენ გეუბნებოდნენ: მიესალმე! როგორ გასაჭირში ვარდებოდით ამ დროს. ჯანსაღი ბავშვი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები არ აქვს, ჯერ გარშემო უვლის ახალ სტუმარს, მისთვის ნაკლებად ნაცნობ ადამიანს და მხოლოდ მაშინ, როცა მოეწონება და უსაფრთხოდ ჩათვლის ამ ადამიანს, მერე გამოაქვს ხან მისი სათამაშო, ხან ნახატი და ამგვარად ამყარებს კონტაქტს უფროს ადამიანთან“, – ამბობს ნათია ფანჯიკიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი აღნიშნავს: „როცა ბავშვს წყალი დაექცა, მას შენიშვნა მივეცით არასწორი მოძრაობის გამო, არადა, მცირეწლოვან ასაკში მოტორიკას ავითარებს ბავშვი. ამის გამო ხან რაღაც გაუტყდება და ხან დაექცევა. რაც მუდმივად აძლევთ ბავშვს შენიშვნას ახალ გარემოში, მით უფრო მეტი შფოთვა ექნება“.

328
მიკროფონი

ჩიმაკაძე: ჯარისკაცები მოთავსებული არიან ნახევრად ბოქსირებულ პალატებში

26
(განახლებულია 18:25 10.07.2020)
გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ჩიმაკაძე ავღანეთიდან გადმოყვანილი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ჩიმაკაძე: ჯარისკაცები მოთავსებული არიან ნახევრად ბოქსირებულ პალატებში
„სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთიდან გადმოყვანილია 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც დადასტურებული აქვთ COVID-19-ის დიაგნოზი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვთ. ისინი მოთავსებული არიან ნახევრად ბოქსირებულ პალატებში, სტაციონარულ მკურნალობაზე მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად“, – განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ.

28 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ავღანეთში კორონავირუსი დაუდგინდა. სამხედროები, რომლებიც მონაწილეობდნენ სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“, თბილისში გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. ბორტზე მათთან ერთად იმყოფებოდა ბუნდესვერის მედპერსონალი.

 

26
გიორგი გახარია

გახარია: ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო

36
(განახლებულია 16:51 10.07.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერი პროგრამის შესახებ საუბრობს.
გახარია: ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო
„ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას. ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ის რაც დავიწყებულია, ჩვენს შვილებთან, ოჯახთან ერთად თავიდან უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი. როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და ჩამოვლენ ტურისტები, ჩვენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო გიდები უნდა ვიყოთ“, – ამბობს გიორგი გახარია.

პრემიერის თქმით, საქართველოს შესახებ თითოეული მოქალაქე უნდა მოუყვეს უცხოელებს, რომ ხელი შეუწყონ ტურიზმის ფეხზე დადგომას.

36
პროკურატურის შენობა

მოკლული ფეხბურთელის ოჯახი ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს

0
(განახლებულია 22:53 10.07.2020)
პროკურატურის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა - ახალგაზრდა წყალში დაიხრჩო

თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. გიორგი შაქარაშვილი მოკლეს, შემდეგ კი მდინარე არაგვში გადააგდეს - ეს ცალსახად დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით, განაცხადა დაღუპული ფეხბურთელის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ პარასკევს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. 

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ  მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. იგი  მეგობრის წვეულების შემდეგ დაიკარგა, სადაც სტუმრებს შორის მასობრივი კონფლიქტი მოხდა. საქმემ   საზოგადოებაში თავიდანვე რეზონანსი გამოიწვია – მომხდარ ფაქტთან მაღალჩინოსნების მეგობრების შესაძლო კავშირის შესახებ გავრცელებული ხმების გამო.

 „საქართველოსპროკურატურამ უკვე გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, ამ დასკვნას ოჯახი დიდიხანია ველოდით,  ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი გამოძიებაში. სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა დაგვედასტურებინა ჩვენი პოზიცია, რამდენად რეალური იყო ოჯახის ვერსია გიორგის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, გიორგის სიცოცხლეშივე მიაყენეს დაახლოებით 12 ფიზიკური დაზიანება, რაც ადასტურებს იმას, რომ მის მიმართ გამოიყენეს ფიზიკური ძალადობა, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს. 

 „გამორიცხულია, რომ ეს დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, მიადგეს ადამიანს თუნდაც იმ ფერდობზე დაგორებით, თუნდაც სირბილის, წაქცევის დროს, ეს არის წარმოუდგენელი. დაზიანებები მიყენებულია სახის არეში, ტანზე, ხელების მიდამოებში და ყველგან“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 

მისი თქმით, დღეიდან ოჯახს კატეგორიული პოზიცია ექნება - ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის.

 „პროკურატურის მიერ შემოთავაზებული კვალიფიკაცია, სისხლის სამართლის საქმის სწორი კვალიფიკაციაა.  თუმცა, ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას  სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით. შესაბამისად ველოდებით, როდის იქნება კონკრეტული ბრალდებები წარდგენილი გამოძიების ფარგლებში და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის განზრახ მკვლელობის გამო“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

საქართველოს პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე გადააკვალიფიცირა – „დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა“.

საქმის დეტალები

პროკურატურის განცხადებით, 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების უშუალო მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობის შედეგად.

ამასთან, შაქარაშვილის სხეულზე ექსპერტიზის დროს აღმოჩნდა მრავლობითი ტრავმები, მიყენებული მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, სიცოცხლისდროინდელი  დაზიანებები თავის არესა და სხეულზე. 

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიური გამოძიება გრძელდება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

საქმის სირთულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს თბილისის ფეხბურთის კლუბ „საბურთალოს“ აკადემიის აღსაზრდელი 19 წლის გიორგი შაქარაშვილი მეგობართან ერთად იმყოფებოდა მცხეთაში, მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე, სადაც მოხდა ჩხუბი. მოგვიანებით საქმის გარჩევა გაგრძელდა თბილისისკენ მომავალ ავტომაგისტრალზე, სადაც კონფლიქტის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა თბილისიდან „დამხმარე ძალა“ გამოიძახა. 

მოწმეთა მტკიცებით, გიორგიმ ჩხუბის ადგილი დატოვა და მდინარისკენ გაიქცა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება. რამდენიმე დღეში იგი გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე 17 პირი ძალადობისა და თავისუფლების მართლსაწინააღმდეგო აღკვეთის ბრალდებითაა დაკავებული. წინასასამართლო მოსმენა  31 ივლისს გაიმართება.

გამოძიება ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა. აღნიშნულ მუხლებს უკვე დაემატა 109-ე მუხლი - განზრახ ჯგუფური მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

0