საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია

გახარია: შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა...

201
(განახლებულია 14:35 12.07.2019)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

„როდესაც მსგავსი ღონისძიებები ტარდება, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ტოვებს თავის ლოკაციას, იქმნება მინისტრის, მისი მოადგილის ან კურატორის სპეციალური ღონისძიების გეგმა, რომელშიც აღწერილია კონკრეტული ნაბიჯები. ის, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ იყო ხელმოწერილი. ეს იქნებოდა დაახლოებით თორმეტიდან პირველ საათამდე. მე იქ ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიძაბა და გახდა ძალადობრივი. მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. შეიძლება არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციისგან გაეტაცათ 300-ზე მეტი ფარი და 30 პოლიციელი“, – ამბობს გიორგი გახარია.

საპროტესტო ტალღა თბილისში, რომელიც საქართველოში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა, 20 ივნისს, გვიან საღამოს არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი. რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

201