„საერთო ჯამში ტერორიზმი გლობალური პრობლემაა და მისი საფრთხე, რა თქმა უნდა, საქართველოშიც არსებობს. ამ ეტაპზე ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს" მიზანში ევროპული სახელმწიფოები აქვს ამოღებული, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან აქტიურად მონაწილეობს", — აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ „Sputnik საქართველოსთან" საუბრისას.
ტერაქტი ლონდონის ხალხმრავალ და ტურისტებს შორის პოპულარულ ადგილზე გუშინ, თბილისის დროით 18:40 საათზე მოხდა: ვესტმინსტერის ხიდზე მოძრავი ავტომობილი ტროტუარზე ავიდა და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი გზა პარლამენტის შენობისკენ განაგრძო. პოლიციამ შეაჩერა თავდამსხმელი, თუმცა მან ერთ-ერთი პოლიციელის დანით დაჭრა მოახერხა. სამართალდამცველი მოგვიანებით გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია 4 და დაშავებულია 40 ადამიანი. რაც შეეხება ტერორისტს, ის სხვა პოლიციელმა მოკლა.