თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ევროპელების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნებში არჩევნებზე გავლენას აშშ ახდენს. ასეთი მოსაზრება აქვს საფრანგეთის და ასევე პოლონეთის მოსახლეობის 43-43%-ს, გერმანელების 41%-სა და დიდ ბრიტანეთში გამოკითხულთა 33%-ს. გამოკითხვა "Sputnik.მნენიას" პროექტის ფარგლებში საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის კომპანია Ifop-მა ჩაატარა.
მოსაზრებას, რომ სხვა ქვეყნების არჩევნებში რუსეთი ერევა, ევროპაში ეთანხმება პოლონელების 29%, გერმანელების 28%, ფრანგების 27% და ბრიტანელების 21%.
ამასთან, დიდ ბრიტანეთში უფრო მეტია მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნების არჩევნებში ევროკავშირი ერევა. ამ მოსაზრებას იზიარებს ბრიტანელების 18%, ფრანგების 8%, გერმანელების 10% და პოლონელების 12%.
საინტერესოა, რომ ყველა ქვეყანაში არჩევნებზე აშშ-ის გავლენაზე ყველაზე ხშირად ლაპარაკობენ 35 წელს ქვემოთ ახალგაზრდები და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები. ამასთან, გერმანიასა და პოლონეთში ასე უპასუხა ნახევარზე მეტმა ახალგაზრდამ (შესაბამისად, 55 და 51%). უმაღლესდამთავრებულთა შორის ამ მოსაზრებას იზიარებს პოლონელების 53%, გერმანელების 47%, ფრანგების 46% და ბრიტანელების 34%.
გამოკითხვა საზოგადოებრივ აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა ჩაატარა. მასში მონაწილეობდა 18 წელს ზემოთ 3 228 რესპონდენტი საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და პოლონეთიდან. შერჩევა მოსახლეობის სქესის, ასაკის, გეოგრაფიის გათვალისწინებით მოხდა. ცდომილება +/- 3,1%-ია, ხოლო მონაცემების სანდოობა – 95%.
ცნობა პროექტ "Sputnik. მნენიას" შესახებ:
ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.