ყვავილები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 მაისი

2177
(განახლებულია 10:31 05.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 5 მაისია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

დღეს აღმოჩენებითა და გასხივოსნებებით სავსე დღე გველოდება, მაგრამ უახლოეს მომავალში ამ ბრწყინვალე იდეების განხილვისას შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ისინი მხოლოდ გარეგნულად ბრწყინავს, მაგრამ ფაქტობრივად, ფუჭია. აქედან გამომდინარე, დღევანდელი რჩევაა, არ ავჩქარდეთ თავში მოსული იდეების რეალიზებასთან დაკავშირებით, რადგან უმეტესობა არანაირ სარგებელს არ მოიტანს, ჩვენ კი დროს დავკარგავთ. ასევე სიფრთხილე საჭირო ფულთან დაკავშირებით – არ ღირს ძვირად ღირებული ნივთების შეძენა.

ყველაზე კარგი სიდედრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ანუ სიძეების საუკეთესო „ადვოკატები“>>

ვერძი: დღეს კარგი იქნება, თუ მოდუნდებით და დაისვენებთ. ეს თქვენთვის აუცილებელია, რათა გამოფიტული ენერგია და ძალები აღიდგინოთ. არ ელოდოთ, რომ გარშემომყოფები გაგიგებენ, ამიტომ რამე უნდა მოიფიქროთ – საქმეების ნაწილი, რომლებიც სასწრაფოდ გასაკეთებელია, შეგიძლიათ სხვებს გადააბაროთ, დანარჩენი კი სამომავლოდ გადადოთ. ამან არ უნდა გაგანერვიულოთ – უახლოეს დღეებში კვლავ ფორმაში ჩადგებით და ახალი ძალებით შეუდგებით საქმიანობას.

კურო: ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თქვენთვის ყველაფერი სულერთია. სინამდვილეში კი თქვენი ემოციები რუტინამ „შთანთქა“. თუ შეძლებთ, რომ ცხოვრებაში მრავალფეროვნება შეიტანოთ, გამოცოცხლდება მიმქრალი ენთუზიაზმიც. თუ შესაძლებელია, გადადეთ დროებით საქმეები და სადმე გაემგზავრეთ დასასვენებლად. ასევე შეიძლება რამე ახალ პროექტთან შეჭიდება, რომელიც ახალ პერსპექტივებს გთავაზობთ. მოკლედ, მცირე ავანტიურაც კი წაგადგებათ და ცოტა „გამოგაცოცხლებთ“.

ტყუპი: დღის პირველი ნახევარი რთული გელოდებათ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პერიოდში გაუგებრობებს აარიდოთ თავი. შესაძლოა, ზოგიერთმა თქვენგანმა სერიოზული შეცდომაც დაუშვას უყურადღებობის გამო, რამე გამოეპაროს მხედველობიდან. დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა, გაგიიოლდებათ საქმიანობა, გარშემომყოფებთან ურთიერთობები.

კირჩხიბი: დღეს ასტროლოგები კატეგორიულად არ გირჩევენ მარტო მოქმედებას. ეს ის დღეა, როდესაც დამოუკიდებლად ვერაფერს გადაწყვეტთ, და თუ მაინც შეეცდებით, შედეგი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. ასე რომ, თუ რამე მნიშვნელოვანი საკითხი გაქვთ დღეს გადასაჭრელი, აუცილებლად მიმართეთ გარშემომყოფებს, მოისმინეთ მათი აზრი, მოძებნეთ კომპრომისული ვარიანტი. შედეგსაც სასურველს მიიღებთ.

ლომი: დღეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაებათ ავანტიურაში – არც სამსახურში და არც პირად ცხოვრებაში. სადაც ოდნავ მაინც ბედში გამართლების იმედი გექნებათ, სწორედ იქ შეიძლება იმალებოდეს საფრთხე. კარგი იქნება, თუ დაისვენებთ. თუ ეს არ ხერხდება, მაშინ, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, მხოლოდ შემოწმებული და საიმედო, კონსერვატიული გზები აირჩიეთ. ან ისეთი საქმე შეარჩიეთ, მაგალითად მარტივი, მიმდინარე საქმე, სადაც შეცდომას სავალალო შედეგები არ მოჰყვება.

ქალწული: დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არ უნდა იყოთ – თავდაჯერებულობამ შეცდომები და საქმის ჩავარდნა შეიძლება გამოიწვიოს. სულ იოლად შეიძლება გამოგეპაროთ თვალთახედვიდან ის, რაც თქვენ თვალწინ დევს, ან შეგეშალოთ ყველაზე ელემენტარულ საკითხში. სამაგიეროდ, შესანიშნავად გაართმევთ საქმეებს თავს მეწყვილესთან ერთად, თუ რომელიმე ახლობელი ადამიანი თქვენს გაკონტროლებას დათანხმდება.

სასწორი: დღეს არ ღირს დიდ პროექტებთან შეჭიდება სხვების მონაწილეობით – დიდი ალბათობით, მათი განხორციელება ვერ მოხერხდება. იგივე ეხება ნებისმიერ ერთობლივ წამოწყებას. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება დღეს ენდოთ, ეს თქვენ თვითონ ხართ. აქედან გამომდინარე, ისეთ პროექტებზე უნდა იმუშაოთ, სადაც ყველაფერზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ და მუშაობის დროს ხელს ვერავინ შეგიშლით.

მორიელი: ეცადეთ, წვრილმანებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ. შესაძლოა, დღეს ტველაფერი მარტივად არ წავიდეს, მაგრამ სერიოზული პრობლემებიც არ გელოდებათ. ასტროლოგები გირჩევენ, დღეს ხატოვნად გამოხატოთ თქვენი აზრები და ემოციების ენაზე ილაპარაკოთ – ეს სწორედ ის ენაა, რომელსაც გარშემომყოფები ყველაზე კარგად გაიგებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს არავის სჭირდება თქვენგან ციფრებითა და ფაქტებით საუბარი, საკმარისია კაშკაშა და „გადამდები“ ემოციების ენა.

მშვილდოსანი: მოემზადეთ იმისთვის, რომ ყველაფერი ისეთი არ აღმოჩნდება, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.  სიურპრიზები შეიძლება სასიამოვნოც იყოც და არასასიამოვნოც. მაგალითად, შეიძლება მოულოდნელად თქვენი საქმიანობა „დამუხრუჭდეს“ ისეთ საკითხში, რომელიც გგონიათ, რომ უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი გაქვთ. ამავდროულად, ზოგიერთი რთული საკითხი თავისთავად შეიძლება გადაიჭრას. ასტროლოგები გირჩევენ, მთელი დღის განმავლობაში ყურადღებით იყოთ და მოემზადოთ ნებისმიერი მოულოდნელობისთვის.

თხის რქა: დღეს არ გაქვთ იმის განწყობა, რომ ზედმეტად გააანალიზოთ ყველაფერი და დეტალებს ჩაუღრმავდეთ. შეიძლება გადაწყვეტილებები გზადაგზა მიიღოთ და მხოლოდ შინაგან ხმას მიენდოთ. მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მხოლოდ ინტუიციაზე დანდობა არ შეიძლება, რადგან შეიძლება მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები არასწორი აღმოჩნდეს. შეცდომებს რომ თავი აარიდოთ, სწრაფად მოქმედება არ ივარგებს და მით უმეტეს, მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა.

მერწყული: დღეს ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, განსაკუთრებით სარისკო პროექტებთან დაკავშირებით. არ ღირს დღეს ფორტუნის იმედად ყოფნა და ავანტიურაში ჩაბმა. გარისკვამ სავალალო შედეგები შეიძლება მოიტანოს, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ შანსი თვითონ გეძლევათ ხელთ. გონივრული იქნება, თუ დაელოდებით, პროექტს გადადებთ – დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვლება და სწორი გზა თვალსაჩინო გახდება.

თევზები: დღეს თქვენმა ენთუზიაზმმა შეიძლება უკუშედეგი გამოიწვიოს. თქვენს უზომო გულმოდგინებას გარშემომყოფების გაღიზიანება შეიძლება მოჰყვეს და წინსვლის ნაცვლად ყველა წამოწყება დაამუხრუჭდეს. ეს რომ არ მოხდეს, ასტროლოგები გირჩევენ, დაზოგოთ ძალები და დღე ახლობლებთან ურთიერთობებში გაატაროთ, ხოლო თუ ვითარებამ თქვენი აქტიურობა მოითხოვა, მაშინ ყოველგვარი ზედმეტი აქტიურობის გარეშე იმოქმედეთ.

2177
არჩილ ჭოტაშვილი

25 წლიანი მეგობრობა სიმღერის ფონზე და ადგილი, რომელიც ბევრი უპოვარისთვის შვებად იქცა

54
(განახლებულია 07:28 08.05.2021)
ხშირად წინასწარ რაიმეს განსაზღვრა  ცხოვრებაში შეუძლებელია, რადგან  შენს ისტორიას ბედისწერა მაინც საკუთარი სცენარით გააგრძელებს...

როცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი დაამთავრა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ცხოვრების გზა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანდა. ერთ დღეს პარტერიდან სცენაზე გადაინაცვლა, 1996 წლიდან კი მისი პოპულარობის ათვლა დაიწყო. ამის შემდეგ სახელმწიფო მოხელე გახდა და სცენისკენ გზას ახლა უკვე სხვებს უკვალავდა.

ასეთია რამდენიმე წინადადებით გადმოცემული არჩილ ჭოტაშვილის შემოქმედება და საქმიანობა. დღეს იგი საქველმოქმედო კავშირის „თემი“ მოხალისე პედაგოგია და მათთან ერთად მუსიკალურ და სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს. უფრო კონკრეტულად კი თავად მოგვიყვება.

არჩილ ჭოტაშვილი
არჩილ ჭოტაშვილი

- ბატონო არჩილ, დავიწყოთ იმით, თავის დროზე რამდენად საინტერესო და რთული აღმოჩნდა თქვენთვის სცენიდან-კულისებში გადანაცვლება?

-ალბათ ნებისმიერი შემოქმედისთვის და ზოგადად პიროვნებისთვის რთულია სივრცისა და დროის შეზღუდვა, მაგრამ არაერთი წლის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ კომპლექსური მიზეზების გამო, მხოლოდ შემოქმედებითი საქმიანობით არსებობა სულ უფრო შეუძლებელი ხდებოდა. როდესაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მივედი, იქ დამხვდნენ საოცარი თანამშრომლები, რომლებთანაც ახლაც ვმუშაობ და ვმეგობრობ. შემსრულებლის გამოცდილებამ ნამდვილად გამიმარტივა სამინისტროს ყოველდღიურობასთან შეგუება. ქართული ფოლკლორის თემები ჩემთვის არ იყო უცხო როგორც ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, ისე პროფესიული გამოცდილების კუთხით, თუმცა ფოლკლორული ანსამბლების საჭიროებები და პრობლემები მხოლოდ სამინისტროში მისვლის შემდეგ დავინახე. 

არჩილ ჭოტაშვილი
არჩილ ჭოტაშვილი

-დავაკონკრეტოთ, სამინისტროში თქვენ იყავით „ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის“ კოორდინატორი. კონკრეტულად როგორ გამოიხატა იმ პროგრამის მხრიდან ქართული ხალხური ხელოვნების მხარდაჭერა?

-მაშინ, 90-იანების ბოლოს და ახალი საუკუნის დასაწყისში, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ანსამბლებს ჰქონდათ ახალი სასცენო სამოსი და გამართული ხალხური საკრავები. ,,ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის“ ფარგლებში, წლების განმავლობაში, ასობით მომღერალს და მოცეკვავეს შევუკერეთ სასცენო სამოსი და დავუმზადეთ ტრადიციული და ტემპერირებული საკრავები. სასიამოვნო იყო ოსტატებთან ურთიერთობა, რომლებმაც თავისი შრომით და ცოდნით დიდი ამაგი გასწიეს ქართული ფოლკლორის ასაღორძინებლად. სამწუხაროდ ზოგი მათგანი უკვე გარდაცვლილია. მეამაყება, რომ სამინისტროში ჩემი მუშაობის დროს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის შევიძინეთ თანამედროვე ხმის ჩამწერი აპარატურა, რომელიც რეგიონებში ექსპედიციებში გამოიყენებოდა.

არჩილ ჭოტაშვილი საშობაო გამოფენაზე „რედისონ ბლუ ივერიაში“
არჩილ ჭოტაშვილი საშობაო გამოფენაზე „რედისონ ბლუ ივერიაში“

-რეგიონებში როგორ ხორციელდებოდა მსგავსი პროექტები?

-სამინისტროს მიერ განსახორციელებული პროექტების ფარგლებში ხშირად მიწევდა რეგიონებში კულტურის სახლების მდგომარეობის შესწავლის მიზნით მოგზაურობა, რისთვისაც ბედის მადლობელი ვარ.  მაშინ უამრავი კულტურის სახლი აღიჭურვა სასცენო და კინოჩვენებისთვის საჭირო აპარატურით, რის შემდეგაც მათ ახალი სიცოცხლე დაიწყეს. განსაკუთრებით მიხაროდა საბავშვო და ახალგაზრდული საესტრადო ანსამბლების აღმოჩენა და მათი დახმარება. საქართველოს მასშტაბით სარეპეტიციო და პროფესიონალური აპარატურა არაერთ ახალბედა მუსიკოსს და ანსამბლს გადავეცით.

ჯგუფი „ფლეში“
ჯგუფი „ფლეში“

- საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველ ხელოვანებთან თუ გქონდათ  ურთიერთობა?

- დიახ, მე ვიმუშავე ევროპაში არსებულ ქართულ დიასპორასთან და ზემოხსებული პროგრამის ფარგლებში, სასცენო სამოსი და საკრავები მათაც გავუგზავნეთ. განსაკუთრებით მსიამოვნებდა ისტორიულ ჰერეთში არსებული ანსამბლების მხარდაჭერა. მაშინ გავიცანი ნიჭიერი შემსრულებლები, რომლებიც ქართულ ფოლკლორს  საზღვარგარეთ ცარიელი ენთუზიაზმით ინახავდნენ. ასევე საინტერესო გამოდგა ქართული სამოსისა და საკრავების ავთენტურობის საკითხზე მუშაობა. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არის თემები, რომლებზე მუშაობაც აუცილებელია.

არჩილ ჭოტაშვილი, დათო ვალიშვილი და ექიმი ირმა გოცირიძე
არჩილ ჭოტაშვილი, დათო ვალიშვილი და ექიმი ირმა გოცირიძე

- თქვენ იყავით ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი პატრიოტული სიმღერების კონკურსებისა, რომელიც ცნობილი იყო სახელით „პატრინოტი“...

-„პატრინოტის“ ფესტივალი, ჩემი, როგორც სახელმწიფო მოხელედ ყოფნის პერიოდში, ნამდვილად ამოსუნთქვას ჰგავდა. ნაცნობ წრეში განსაკუთრებით სასიხარულო და სასიამოვნოა მუშაობა, მითუმეტეს როცა ამ შრომას კარგი შედეგიც მოჰყვება. ამ ფესტივალის მადლიერი ბევრი კომპოზიტორი და შემსრულებელი იყო. სიმღერების შერჩევა პროფესიონალ კომპოზიტორთა ჟიურის ევალებოდა. მაშინ საკმაოდ ბევრი სიმღერა შემოვიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. კონკურსში გასული სიმღერები რეპეტიციებზე მუშავდებოდა და შემდეგ სატელევიზიო ტურებზე ცოცხლად სრულდებოდა ბენდის თანხლებით. იმ დროს გავიცანი უნიჭიერესი თეონა ქუმსიაშვილი, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად დაიღუპა. თუ არ ვცდები, ფართო სატელევიზიო აუდიტორიის წინაშე, სწორედ ამ ფესტივალზე გამოჩნდა პირველად ჯგუფი „მგზავრები“. ასევე ფესტივალის მეშვეობით წარმოჩინდა ბევრი ახალგაზრდა შემსრულებელი.

თემის წევრები
თემის წევრები

-ცნობილია, რომ ყველაზე რთული სიმღერის დაწერა პატრიოტულ თემაზეა, რომელი სიმღერა და შემსრულებელი დაგამახსოვრდათ?

-იმ ფესტივალიდან დამამახსოვრდა ის ფაქტი, რომ მასში უამრავი სიმღერა შემოვიდა სოხუმზე. „პატრინოტის“ მიმდინარეობისას გავიცანი ბრიტანელი კომპოზიტორი და მომღერალი, ტონი ომეილი (Tony O’Mally). რომლის სიმღერამ ,,ჩემი ვედრება“ (Hear My Plea!) დიდი მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით  მისი ჩაწერა გადაწყდა ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. არანჟირების ავტორი, ტონი ომეილთან ერთად ზურა მახნიაშვილი იყო. მართალია, იმ სიმღერამ კონკურსში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ის იმდენად შეგვიყვარდა, რომ ჰიმნის ვერსიაც კი ჩავწერეთ. მასში მონაწილეობდნენ: რატი დურგლიშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, ლევან ლაზარაშვილი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, ია ჩანტლაძე, ნინი ბადურაშვილი, სოფო კაკულია, ჯგუფი „ფლეში“, სოფო ხალვაში, თაკო გაჩეჩილაძე, მაია დარსმელიძე და ვერიკო ტურაშვილი. ის სიმღერა აშშ-ს მაშინდელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ცნობილი სიტყვებით -„Today we are all Georgians” იწყებოდა. საინტერესო იქნებოდა ვიდეოკლიპზე მუშაობაც, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

-დღეს თქვენ საქველმოქმედო კავშირის ,,თემი“ მოხალისე პედაგოგი ხართ, რას წარმოადგენს „თემი“ და თქვენი როლი კონკრეტულად რაში გამოიხატება?

-თემში (www.temi-community.org) მამაჩემის წყალობით მოვხვდი და  მისი დამაარსებლების ენთუზიაზმმა გამაოცა. ორგანიზაცია 1989 წელს შეიქმნა. იმ დროისთვის ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ არსებობდა. ეს თემა თითქმის ტაბუირებული იყო. თემი ყვარელში, სოფელ გრემში მდებარეობს. თავიდან  გრემელები მათ „გიჟებს“ ეძახდნენ. თუმცა წლების განმავლობაში მათ შორის ურთიერთობები იმდენად გამყარდა, რომ ოჯახებიც შეიქმნა. ამჟამად თემი და სოფელი ერთმანეთს აძლიერებს. თემი ბიომეურნეობას (მევენახეობა, მეღვინეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა, მემარცვლეობა და სხვ.) მისდევს და ცდილობს საკუთარი შემოსავლების, სახელმწიფოსა და უცხოელი პარტნიორების დახმარებით შექმნას ისეთი გარემო, სადაც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზებას.

-თქვენ ახსენეთ, რომ ეს თემა მაშინ თითქმის ტაბუირებული იყოო, თქვენი პირველი შთაბეჭდილება თუ გახსოვთ?

- მახსოვს... ჩემი პირველი შთაბეჭდილება გამაოგნებელი იყო. ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა სახელმწიფოს მიეტოვებინა ისეთი კატეგორიის ადამიანები, თავისი მოქალაქეები, რომლებსაც დახმარების გარეშე ფიზიკურად გადაადგილებაც არ შეეძლოთ. საარაკო თავდადების წყალობით, ეს ადგილი ბევრი უპოვარისთვის საკუთარ სახლად იქცა. აქ ვნახე პირველად ოქსფორდიდან ჩამოსული სტუდენტები, რომლებიც თემის მაცხოვრებლებისთვის მოხალისეებად მუშაობდნენ. საწყენი იყო, რომ ქართველი ახალგაზრდები და სტუდენტები ათეულობით წლების განმავლობაში არ ინტერესდებოდნენ თემის  ცხოვრებით. ნამდვილად არაა შემთხვევითი ის, რომ ბატონმა მერაბ კოკოჩაშვილმა სწორედ თემის მაცხოვრებლების ინსპირაციით გადაიღო მხატვრული ფილმი „ნუცას სკოლა“. 

- თქვენი საქმიანობა თემელებთან სიმღერით დაიწყო?

- რა თქმა უნდა სიმღერით დაიწყო. თემელებთან ერთად, იქ ყოფნის დროს, ბევრი სიმღერა ვისწავლე. ხალხურ და სხვა ჟანრის სიმღერებს მათ ახლაც ვასწავლი. ერთი სიმღერის დაწერაც კი მოვახერხე და ის თემის შესახებ გადაღებულ ორ დოკუმენტურ ფილმშიც მოხვდა. ამჟამად ხალხურ საკრავებზე დაკვრას და სიმღერას, თემელებს და გრემელ ბავშვებს ძალიან კარგი პედაგოგი და მუსიკოსი, ქეთინო ზარდიაშვილი ასწავლის.

- როგორ ფიქრობთ, რომ არა „ფლეში“ თქვენს ცხოვრებაში, როგორ და სად გააგრძელებდა საქმიანობას პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული?

- პირველად, სცენაზე, ჩვენი ჯგუფი სახელით „FLASH“-ი 1996 წელს გამოვიდა. ასე რომ, წელს, 25 წლის იუბილე გვაქვს.  ზუსტად 25 წლის წინ, 16 აპრილს, კოტე მარჯანიშვილის სახლობის სახელმწიფო დრამატული თეატრის პარტერში, როგორც მსმენელი ვიჯექი და ჩემი მეგობრების პირველ აკაპელას „მზე ჩადის ზღვაში“ და ასევე აკაპელა -ინტერპრეტაციას ბითლზის უკვდავ სიმღერაზე „Yesterday” აპლოდისმენტებით და ოვაციებით ვხვდებოდი... წელს, ჩვენი იუბილე მოკრძალებულად ავღნიშნეთ, თემისთვის საჩუქრად ჩავწერეთ სიმღერა, რომლის მეშვეობით მათზე გადაღებული ახალი ფილმი მუსიკალურად გავაფორმეთ. როცა ხშირად ვამბობდით, „ფლეში“ უკვდავიაო, ამაში ჩვენს მეგობრობას ვგულისხმობდით, დრომ გვიჩვენა, რომ ასეცაა...

 

54
წონაში დაკლება

როგორ დავიკლოთ „ზამთრის ცხიმები“: სახელდება მარტივი მეთოდი

100
(განახლებულია 10:29 08.05.2021)
დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი გაგაცნობთ მეთოდს, რომელიც ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. იმისათვის, რომ ზამთარში დაგროვილი ზედმეტი კილოგრამები ეფექტურად დაიკლოთ, არსებობს ძალიან მარტივი მეთოდი, აცხადებს დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი არინა სკორომნაია რადიო Sputnik−თან ინტერვიუში.

მისი თქმით, გახდომისთვის იდეალურია სწრაფი სიარული საათში 5−7 კმ სიჩქარით. ასეთი „გასეირნება“ ყოველდღე უნდა მოეწყოს არანაკლებ 20 წუთით.

„ამისათვის საუკეთესოა აღმართზე სიარული 20 წუთიდან ერთ საათამდე. როცა თუნდაც მცირე გორაკზე ადიხართ, კუნთები მეტად იჭიმება, იზრდება დაწოლა დუნდულა კუნთებზე, იხარჯება მეტი კალორია. ასე რომ აღმართზე ასვლას უფრო მეტი პლუსი აქვს, ვიდრე სწორ გზაზე სიარულს“, — ამბობს სპეციალისტი.

ამასთან სკორომნაია განმარტავს, რომ სიარულისას საჭიროა თავი აარიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც ბევრი ავტომობილი მოძრაობს, რათა გამონაბოლქვი არ ისუნთქოთ. ასეთ შემთხვევაში სარგებელი პრაქტიკულად არ იქნება, ვინაიდან დაბინძურებული ჰაერის ინტენსიური სუნთქვა გულ−სისხლძარღვთა პრობლემებს გამოიწვევს.

ნუტრიციოლოგის თქმით, ავტომობილებით სავსე ქუჩებში სიარულს სარბენ ბილიკზე ვარჯიში სჯობს.

100
თემები:
ექიმი გირჩევთ
საპატრულო პოლიცია ავტობანზე

უკვე მეხუთე დღე: ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვა გრძელდება

0
(განახლებულია 18:54 08.05.2021)
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეკონომიკური კრიზისის, ლარის გაუფასურებისა და პროდუქტების გაძვირების პირობებში ოჯახების ელემენტარული რჩენისთვის ხელფასები არ ჰყოფნით

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ხევი–უბისას მონაკვეთზე დასაქმებული მუშები უკვე მეხუთე დღეა, არ მუშაობენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ, იუწყება პირველი არხი.

400–მდე მუშის გაფიცვა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მიმდინარეობს, სადაც გზის მონაკვეთის მესამე სატრანსპორტო კვანძია.

„კომუნიკაციაც არა გვაქვს, ვერ გვაგებინებენ, ვერ ვაგებინებთ, თარჯიმანი არის, მაგრამ ოფისშია, ობიექტებზე არ არის. რამე რომ დაგავალოს უფროსმა, ვერ გაიგებ. ძალიან გვიჭირს ასე. დაბალი ხელფასები გვაქვს და გაზრდას მოვითხოვთ“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე ბექა ციკორიშვილმა.

აქციის მეორე მონაწილე სერგო გელაშვილმა კი განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი – დღიური ხელფასის 30%–ით გაზრდა და შრომითი უსაფრთხოების დაცვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არც გვირაბებში, არც ხიდებზე არანაირი უსაფრთხოების წესები დაცული არ არის.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი–უბისას მონაკვეთის მშენებლობას ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group ახორციელებს. 

რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა გრძელდება>>

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი ხევი–უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი თბილისი–არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა–თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

0