გვირილები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 აპრილი

202
(განახლებულია 10:23 30.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 30 აპრილია, პარასკევი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

დღეს წინა პლანზე გამოვა არა პირადი, არამედ საზოგადოებრივი ინტერესები, გაიზრდება პასუხისმგებლობა ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ასეთ დღეებში ადამიანები, ჩვეულებრივ, დადგენილ დროზე მეტს მუშაობენ, გასცემენ მოწყალებას, საუბრობენ პოლიტიკაზე, იძლევიან რჩევებს, ანუ მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ცუდი არაა, მაგრამ ასტროლოგები ამბობენ, რომ საჭიროა გარკვეული დისტანციის დაცვა, რათა სხვის საქმეებში ზედმეტად არ შევიჭრათ. რჩევის მიცემა და თავს მოხვევა სხვადასხვა რამაა. ამის ნიადაგზე შეიძლება კონფლიქტიც გაღვივდეს.

როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: ვარსკვლავები გირჩევენ, მოაგვაროთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან და მათ შორის, ახლობელ ადამიანებთან. თუ რომელიმესთან რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი ან სხვა გადაუჭრელი საკითხია, დღეს საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ყველაფერს ნათელი მოჰფინოთ. გაქვთ ყველანაირი შანსი, რომ გაგიგონ. თუნდაც პრობლემა მაშინვე არ გადაიჭრას, ტვირთი მოგეხსნებათ მხრებიდან და დროთა განმავლობაში ეს საუბარი მაინც წაადგება თქვენს ურთიერთობებს.

კურო: ასტროლოგები დღეს კატეგორიულად გაფრთხილებენ, რომ არ ისაუბროთ რამე მნიშვნელოვან საკითხზე იმ ადამიანებთან, რომლებზეც თქვენი საქმეების წინსვლაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, არაა ის დღე, რომ ურთიერთგაგება იქნას მიღწეული, გამოინახოს კომპრომისი. ამის გამო თუნდაც საოცარი იდეა ან გეგმა შეიძლება ჩავარდეს. ამის გათვალისწინებით ვარსკვლავები გირჩევენ, გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და გეგმები კი საიდუმლოდ შეინახოთ.

ტყუპი: დღეს არაა გამორიცხული, რომ არჩევნის გაკეთება მოგიწიოთ. ეს შეიძლება ეხებოდეს სამუშაო ამოცანებს, ურთიერთობებს გარშემომყოფებთან, პირად ცხოვრებას... მთავარი ისაა, რომ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ვერ შეძლებთ – მოგიწევთ ერთი ვარიანტის არჩევა და შესაბამისად მოქმედება. ამასთან, თითოეულ ვარიანტს ექნება თავისი პლუსები და მინუსები. ამიტომ წინასწარ კარგად უნდა გათვალოთ, რომელ შემთხვევაშია მეტი დადებითი მომენტი და ისე იმოქმედოთ.

კირჩხიბი: დღეს ძალზე აკურატული იქნებით. ნებისმიერი უწერიგობა ძალიან გაგაღიზიანებთ და გაიძულებთ, რომ ებრძოლოთ ქაოსს მის სხვადასხვა გამოვლინებაში. ყველაზე ადვილი იქნება სამუშაო მაგიდის მოწესრიგება, მაგრამ რთული – ფიქრებისა და გეგმებისთვის მკაფიო ფორმების მიცემა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ დანარჩენი საქმეების გაკეთებას – თუ, რა თქმა უნდა, ამისთვის კიდევ დაგრჩებათ დრო.

ლომი: დღევანდელი დღე პრაქტიკულად ნებისმიერი ამბიციური ჩანაფიქრისთვის სწორედ რომ იდეალურია. ხანდახან მხოლოდ თამამად გადადგმული ნაბიჯებით არის შესაძლებელი ბედნიერების მოპოვება და დღეს ვითარებაცა და გარშემომყოფებიც სწორედ მტკიცე და ხანდახან ცოტა თავხედური ქმედებებისკენაც გიბიძგებენ, რაც თქვენს სტატუსს გაამყარებს. ნეიტრალური პოზიციის დაკავება არ გამოგივათ. თქვენი თვითშეფასების ამაღლებისთვის დღევანდელ მოქმედებებს დიდი მნიშვნელობა ექნება.

ქალწული: დღეს შეიძლება რომელიმე პრობლემის მიმართ იგრძნოთ, რომ უძლური ხართ და ვერაფერს გააწყობთ. შესაძლოა, ამ საკითხის გადაწყვეტაზე დიდი ხანია იბრძვით, ან არ იცით, რომელი მხრიდან უნდა მიუდგეთ მას, ან უბრალოდ, მისი გადაჭრის გზებს ვერ ხედავთ. ასეა თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა და დროზე ადრე არ ჩაიქნიოთ ხელი. გადადეთ ეს საკითხი სამომავლოდ – შემდეგ მდგომარეობიდან გამოსვლის უფრო მეტი შანსი შეიძლება გაგიჩნდეთ.

სასწორი: თქვენი ტვინი დღეს სწრაფად და მკაფიოდ იმუშავებს და ყველაზე რთულ ვითარებაში ორიენტირებაში დაგეხმარებათ. შეძლებთ ამოცანების გადაწყვეტისთვის ყველაზე დახვეწილი გზების მოძებნას, ყურადღების გამახვილებას როგორც საკუთარ, ისე სხვების საინტერესო იდეებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს საოცრებები კეთება შეგიძლიათ და საცოდაობა იქნება, თუ ამ დროს გარშემომყოფების თვალში ავტორიტეტის გამტკიცებაზე არ გამოიყენებთ და წვრილმანებზე „დაიხარჯებით“.

მორიელი: დღეს არ გაქვთ განწყობა იმისა, რომ ფულთან დაკავშირებულ საქმეებში გარისკოთ, თუნდაც ამისკენ სიტუაცია გიბიძგებდეთ. გირჩევნიათ, ასჯერ გაზომოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგათ ნაბიჯი. ამ თვალსაზრისით, ერთი მხრივ, შესაძლოა ძალზე საინტერესო ფინანსური პერსპექტივა გამოგრჩეთ მხედველობიდან, მაგრამ სამაგიეროდ ნამდვილად აიცილებთ თავიდან არასაჭირო ხარჯებსა და შესაძლო დანაკარგებს. თქვენი გამახვილებული ყურადღების წყალობით არც ერთი ხარვეზი არ გამოგეპარებათ.

მშვილდოსანი: დღეს მთელი ძალით მუშაობისთვის ხართ განწყობილი. საქმე მოითხოვს – ამ დევიზით საკუთარ საჭიროებებსაც კი დაივიწყებთ და გვერდზე გადადებთ. ამის გამო შეიძლება უარი თქვათ შესვენებაზე და თუ უქმე დღე გაქვთ, ამაზეც.  მთავარი თქვენთვის შედეგის მომცემი მუშაობა იქნება. ასეთი გულმოდგინება გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს და ეს შემდგომ სასიამოვნო ბონუსების სახით დაგიბრუნდებათ.

თხის რქა: დღეს ინფორმაციასთან მუშაობის შესანიშნავ უნარს გამოავლენთ. აუცილებლობის შემთხვევაში ვირტუოზულ მანიპულაციებს განახორციელებთ ციფრებითა და ფაქტებით, გააანალიზებთ ინფორმაციებს და სწორ დასკვნებს გამოიტანთ. ამის წყალობით შთაბეჭდილებას მოახდენთ გარშემომყოფებზე იმ საკითხებშიც კი, რომლებიც თქვენს კომპეტენციაში არ შედის. და ეს ყველაფერი დეტალების შემჩნევისა და საქმის არსში ჩაწვდომის უნარით იქნება განპირობებული.

მერწყული: დღეს თქვენთვის უკუნაჩვენებია რთულ პროექტებთან შეჭიდება, რადგან მათი ჩავარდნის დიდი ალბათობაა. ეს ეხება გარიგებებს, მოლაპარკებებს, დიდი თანხის დახარჯვას, ასევე ახალ წამოწყებებს. ვერაფერს გააწყობთ – სჯობს, ახალი პროექტის დაწყება ერთი დღით მაინც გადადოთ, ვიდრე მერე შედეგების გამოსწორებაზე იზრუნოთ. თუ ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ იმაზე მეტი სირთულეები გაჩნდება, ვიდრე ელოდებოდით.

თევზები: დღეს სიჯიუტის შემოტევა გექნებათ – ყველაფერში ბოლომდე დაიცავთ საკუთარ მოსაზრებას. შესაძლოა, ეს სიჯიუტე რაღაც მომენტებში გამართლებული იყოს, თუმცა – არა ყოველთვის. დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერში ასი პროცენტით ხართ მართალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლა არაფერი შეგშლიათ. თავი რომ არასასურველად არ წარმოაჩინოთ გარშემომყოფების თვალში, ეცადეთ, კრიტიკულად შეხედოთ თქვენს მოსაზრებებს და არ გაჯიუტდეთ.

202
არჩილ ჭოტაშვილი

25 წლიანი მეგობრობა სიმღერის ფონზე და ადგილი, რომელიც ბევრი უპოვარისთვის შვებად იქცა

99
(განახლებულია 07:28 08.05.2021)
ხშირად წინასწარ რაიმეს განსაზღვრა  ცხოვრებაში შეუძლებელია, რადგან  შენს ისტორიას ბედისწერა მაინც საკუთარი სცენარით გააგრძელებს...

როცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი დაამთავრა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ცხოვრების გზა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანდა. ერთ დღეს პარტერიდან სცენაზე გადაინაცვლა, 1996 წლიდან კი მისი პოპულარობის ათვლა დაიწყო. ამის შემდეგ სახელმწიფო მოხელე გახდა და სცენისკენ გზას ახლა უკვე სხვებს უკვალავდა.

ასეთია რამდენიმე წინადადებით გადმოცემული არჩილ ჭოტაშვილის შემოქმედება და საქმიანობა. დღეს იგი საქველმოქმედო კავშირის „თემი“ მოხალისე პედაგოგია და მათთან ერთად მუსიკალურ და სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს. უფრო კონკრეტულად კი თავად მოგვიყვება.

არჩილ ჭოტაშვილი
არჩილ ჭოტაშვილი

- ბატონო არჩილ, დავიწყოთ იმით, თავის დროზე რამდენად საინტერესო და რთული აღმოჩნდა თქვენთვის სცენიდან-კულისებში გადანაცვლება?

-ალბათ ნებისმიერი შემოქმედისთვის და ზოგადად პიროვნებისთვის რთულია სივრცისა და დროის შეზღუდვა, მაგრამ არაერთი წლის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ კომპლექსური მიზეზების გამო, მხოლოდ შემოქმედებითი საქმიანობით არსებობა სულ უფრო შეუძლებელი ხდებოდა. როდესაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მივედი, იქ დამხვდნენ საოცარი თანამშრომლები, რომლებთანაც ახლაც ვმუშაობ და ვმეგობრობ. შემსრულებლის გამოცდილებამ ნამდვილად გამიმარტივა სამინისტროს ყოველდღიურობასთან შეგუება. ქართული ფოლკლორის თემები ჩემთვის არ იყო უცხო როგორც ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, ისე პროფესიული გამოცდილების კუთხით, თუმცა ფოლკლორული ანსამბლების საჭიროებები და პრობლემები მხოლოდ სამინისტროში მისვლის შემდეგ დავინახე. 

არჩილ ჭოტაშვილი
არჩილ ჭოტაშვილი

-დავაკონკრეტოთ, სამინისტროში თქვენ იყავით „ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის“ კოორდინატორი. კონკრეტულად როგორ გამოიხატა იმ პროგრამის მხრიდან ქართული ხალხური ხელოვნების მხარდაჭერა?

-მაშინ, 90-იანების ბოლოს და ახალი საუკუნის დასაწყისში, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ანსამბლებს ჰქონდათ ახალი სასცენო სამოსი და გამართული ხალხური საკრავები. ,,ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის“ ფარგლებში, წლების განმავლობაში, ასობით მომღერალს და მოცეკვავეს შევუკერეთ სასცენო სამოსი და დავუმზადეთ ტრადიციული და ტემპერირებული საკრავები. სასიამოვნო იყო ოსტატებთან ურთიერთობა, რომლებმაც თავისი შრომით და ცოდნით დიდი ამაგი გასწიეს ქართული ფოლკლორის ასაღორძინებლად. სამწუხაროდ ზოგი მათგანი უკვე გარდაცვლილია. მეამაყება, რომ სამინისტროში ჩემი მუშაობის დროს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის შევიძინეთ თანამედროვე ხმის ჩამწერი აპარატურა, რომელიც რეგიონებში ექსპედიციებში გამოიყენებოდა.

არჩილ ჭოტაშვილი საშობაო გამოფენაზე „რედისონ ბლუ ივერიაში“
არჩილ ჭოტაშვილი საშობაო გამოფენაზე „რედისონ ბლუ ივერიაში“

-რეგიონებში როგორ ხორციელდებოდა მსგავსი პროექტები?

-სამინისტროს მიერ განსახორციელებული პროექტების ფარგლებში ხშირად მიწევდა რეგიონებში კულტურის სახლების მდგომარეობის შესწავლის მიზნით მოგზაურობა, რისთვისაც ბედის მადლობელი ვარ.  მაშინ უამრავი კულტურის სახლი აღიჭურვა სასცენო და კინოჩვენებისთვის საჭირო აპარატურით, რის შემდეგაც მათ ახალი სიცოცხლე დაიწყეს. განსაკუთრებით მიხაროდა საბავშვო და ახალგაზრდული საესტრადო ანსამბლების აღმოჩენა და მათი დახმარება. საქართველოს მასშტაბით სარეპეტიციო და პროფესიონალური აპარატურა არაერთ ახალბედა მუსიკოსს და ანსამბლს გადავეცით.

ჯგუფი „ფლეში“
ჯგუფი „ფლეში“

- საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველ ხელოვანებთან თუ გქონდათ  ურთიერთობა?

- დიახ, მე ვიმუშავე ევროპაში არსებულ ქართულ დიასპორასთან და ზემოხსებული პროგრამის ფარგლებში, სასცენო სამოსი და საკრავები მათაც გავუგზავნეთ. განსაკუთრებით მსიამოვნებდა ისტორიულ ჰერეთში არსებული ანსამბლების მხარდაჭერა. მაშინ გავიცანი ნიჭიერი შემსრულებლები, რომლებიც ქართულ ფოლკლორს  საზღვარგარეთ ცარიელი ენთუზიაზმით ინახავდნენ. ასევე საინტერესო გამოდგა ქართული სამოსისა და საკრავების ავთენტურობის საკითხზე მუშაობა. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არის თემები, რომლებზე მუშაობაც აუცილებელია.

არჩილ ჭოტაშვილი, დათო ვალიშვილი და ექიმი ირმა გოცირიძე
არჩილ ჭოტაშვილი, დათო ვალიშვილი და ექიმი ირმა გოცირიძე

- თქვენ იყავით ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი პატრიოტული სიმღერების კონკურსებისა, რომელიც ცნობილი იყო სახელით „პატრინოტი“...

-„პატრინოტის“ ფესტივალი, ჩემი, როგორც სახელმწიფო მოხელედ ყოფნის პერიოდში, ნამდვილად ამოსუნთქვას ჰგავდა. ნაცნობ წრეში განსაკუთრებით სასიხარულო და სასიამოვნოა მუშაობა, მითუმეტეს როცა ამ შრომას კარგი შედეგიც მოჰყვება. ამ ფესტივალის მადლიერი ბევრი კომპოზიტორი და შემსრულებელი იყო. სიმღერების შერჩევა პროფესიონალ კომპოზიტორთა ჟიურის ევალებოდა. მაშინ საკმაოდ ბევრი სიმღერა შემოვიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. კონკურსში გასული სიმღერები რეპეტიციებზე მუშავდებოდა და შემდეგ სატელევიზიო ტურებზე ცოცხლად სრულდებოდა ბენდის თანხლებით. იმ დროს გავიცანი უნიჭიერესი თეონა ქუმსიაშვილი, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად დაიღუპა. თუ არ ვცდები, ფართო სატელევიზიო აუდიტორიის წინაშე, სწორედ ამ ფესტივალზე გამოჩნდა პირველად ჯგუფი „მგზავრები“. ასევე ფესტივალის მეშვეობით წარმოჩინდა ბევრი ახალგაზრდა შემსრულებელი.

თემის წევრები
თემის წევრები

-ცნობილია, რომ ყველაზე რთული სიმღერის დაწერა პატრიოტულ თემაზეა, რომელი სიმღერა და შემსრულებელი დაგამახსოვრდათ?

-იმ ფესტივალიდან დამამახსოვრდა ის ფაქტი, რომ მასში უამრავი სიმღერა შემოვიდა სოხუმზე. „პატრინოტის“ მიმდინარეობისას გავიცანი ბრიტანელი კომპოზიტორი და მომღერალი, ტონი ომეილი (Tony O’Mally). რომლის სიმღერამ ,,ჩემი ვედრება“ (Hear My Plea!) დიდი მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით  მისი ჩაწერა გადაწყდა ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. არანჟირების ავტორი, ტონი ომეილთან ერთად ზურა მახნიაშვილი იყო. მართალია, იმ სიმღერამ კონკურსში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ის იმდენად შეგვიყვარდა, რომ ჰიმნის ვერსიაც კი ჩავწერეთ. მასში მონაწილეობდნენ: რატი დურგლიშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, ლევან ლაზარაშვილი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, ია ჩანტლაძე, ნინი ბადურაშვილი, სოფო კაკულია, ჯგუფი „ფლეში“, სოფო ხალვაში, თაკო გაჩეჩილაძე, მაია დარსმელიძე და ვერიკო ტურაშვილი. ის სიმღერა აშშ-ს მაშინდელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ცნობილი სიტყვებით -„Today we are all Georgians” იწყებოდა. საინტერესო იქნებოდა ვიდეოკლიპზე მუშაობაც, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

-დღეს თქვენ საქველმოქმედო კავშირის ,,თემი“ მოხალისე პედაგოგი ხართ, რას წარმოადგენს „თემი“ და თქვენი როლი კონკრეტულად რაში გამოიხატება?

-თემში (www.temi-community.org) მამაჩემის წყალობით მოვხვდი და  მისი დამაარსებლების ენთუზიაზმმა გამაოცა. ორგანიზაცია 1989 წელს შეიქმნა. იმ დროისთვის ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ არსებობდა. ეს თემა თითქმის ტაბუირებული იყო. თემი ყვარელში, სოფელ გრემში მდებარეობს. თავიდან  გრემელები მათ „გიჟებს“ ეძახდნენ. თუმცა წლების განმავლობაში მათ შორის ურთიერთობები იმდენად გამყარდა, რომ ოჯახებიც შეიქმნა. ამჟამად თემი და სოფელი ერთმანეთს აძლიერებს. თემი ბიომეურნეობას (მევენახეობა, მეღვინეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა, მემარცვლეობა და სხვ.) მისდევს და ცდილობს საკუთარი შემოსავლების, სახელმწიფოსა და უცხოელი პარტნიორების დახმარებით შექმნას ისეთი გარემო, სადაც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზებას.

-თქვენ ახსენეთ, რომ ეს თემა მაშინ თითქმის ტაბუირებული იყოო, თქვენი პირველი შთაბეჭდილება თუ გახსოვთ?

- მახსოვს... ჩემი პირველი შთაბეჭდილება გამაოგნებელი იყო. ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა სახელმწიფოს მიეტოვებინა ისეთი კატეგორიის ადამიანები, თავისი მოქალაქეები, რომლებსაც დახმარების გარეშე ფიზიკურად გადაადგილებაც არ შეეძლოთ. საარაკო თავდადების წყალობით, ეს ადგილი ბევრი უპოვარისთვის საკუთარ სახლად იქცა. აქ ვნახე პირველად ოქსფორდიდან ჩამოსული სტუდენტები, რომლებიც თემის მაცხოვრებლებისთვის მოხალისეებად მუშაობდნენ. საწყენი იყო, რომ ქართველი ახალგაზრდები და სტუდენტები ათეულობით წლების განმავლობაში არ ინტერესდებოდნენ თემის  ცხოვრებით. ნამდვილად არაა შემთხვევითი ის, რომ ბატონმა მერაბ კოკოჩაშვილმა სწორედ თემის მაცხოვრებლების ინსპირაციით გადაიღო მხატვრული ფილმი „ნუცას სკოლა“. 

- თქვენი საქმიანობა თემელებთან სიმღერით დაიწყო?

- რა თქმა უნდა სიმღერით დაიწყო. თემელებთან ერთად, იქ ყოფნის დროს, ბევრი სიმღერა ვისწავლე. ხალხურ და სხვა ჟანრის სიმღერებს მათ ახლაც ვასწავლი. ერთი სიმღერის დაწერაც კი მოვახერხე და ის თემის შესახებ გადაღებულ ორ დოკუმენტურ ფილმშიც მოხვდა. ამჟამად ხალხურ საკრავებზე დაკვრას და სიმღერას, თემელებს და გრემელ ბავშვებს ძალიან კარგი პედაგოგი და მუსიკოსი, ქეთინო ზარდიაშვილი ასწავლის.

- როგორ ფიქრობთ, რომ არა „ფლეში“ თქვენს ცხოვრებაში, როგორ და სად გააგრძელებდა საქმიანობას პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული?

- პირველად, სცენაზე, ჩვენი ჯგუფი სახელით „FLASH“-ი 1996 წელს გამოვიდა. ასე რომ, წელს, 25 წლის იუბილე გვაქვს.  ზუსტად 25 წლის წინ, 16 აპრილს, კოტე მარჯანიშვილის სახლობის სახელმწიფო დრამატული თეატრის პარტერში, როგორც მსმენელი ვიჯექი და ჩემი მეგობრების პირველ აკაპელას „მზე ჩადის ზღვაში“ და ასევე აკაპელა -ინტერპრეტაციას ბითლზის უკვდავ სიმღერაზე „Yesterday” აპლოდისმენტებით და ოვაციებით ვხვდებოდი... წელს, ჩვენი იუბილე მოკრძალებულად ავღნიშნეთ, თემისთვის საჩუქრად ჩავწერეთ სიმღერა, რომლის მეშვეობით მათზე გადაღებული ახალი ფილმი მუსიკალურად გავაფორმეთ. როცა ხშირად ვამბობდით, „ფლეში“ უკვდავიაო, ამაში ჩვენს მეგობრობას ვგულისხმობდით, დრომ გვიჩვენა, რომ ასეცაა...

 

99
წონაში დაკლება

როგორ დავიკლოთ „ზამთრის ცხიმები“: სახელდება მარტივი მეთოდი

115
(განახლებულია 10:29 08.05.2021)
დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი გაგაცნობთ მეთოდს, რომელიც ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. იმისათვის, რომ ზამთარში დაგროვილი ზედმეტი კილოგრამები ეფექტურად დაიკლოთ, არსებობს ძალიან მარტივი მეთოდი, აცხადებს დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი არინა სკორომნაია რადიო Sputnik−თან ინტერვიუში.

მისი თქმით, გახდომისთვის იდეალურია სწრაფი სიარული საათში 5−7 კმ სიჩქარით. ასეთი „გასეირნება“ ყოველდღე უნდა მოეწყოს არანაკლებ 20 წუთით.

„ამისათვის საუკეთესოა აღმართზე სიარული 20 წუთიდან ერთ საათამდე. როცა თუნდაც მცირე გორაკზე ადიხართ, კუნთები მეტად იჭიმება, იზრდება დაწოლა დუნდულა კუნთებზე, იხარჯება მეტი კალორია. ასე რომ აღმართზე ასვლას უფრო მეტი პლუსი აქვს, ვიდრე სწორ გზაზე სიარულს“, — ამბობს სპეციალისტი.

ამასთან სკორომნაია განმარტავს, რომ სიარულისას საჭიროა თავი აარიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც ბევრი ავტომობილი მოძრაობს, რათა გამონაბოლქვი არ ისუნთქოთ. ასეთ შემთხვევაში სარგებელი პრაქტიკულად არ იქნება, ვინაიდან დაბინძურებული ჰაერის ინტენსიური სუნთქვა გულ−სისხლძარღვთა პრობლემებს გამოიწვევს.

ნუტრიციოლოგის თქმით, ავტომობილებით სავსე ქუჩებში სიარულს სარბენ ბილიკზე ვარჯიში სჯობს.

115
თემები:
ექიმი გირჩევთ
გიგა წულეისკირი

გიგა წულეისკირი: მევახშეებისგან დაზარალებული სულ უფრო მეტი ადამიანი მოგვმართავს

0
(განახლებულია 20:02 08.05.2021)
„იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“  რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომელთა ქონებაც უკანონოდ მიითვისეს

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, განაცხადა „იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანების“ თავმჯდომარე გიგა წულეისკირმა Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.

არასამთავრობო ორგანიზაცია უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მევახშეებისგან ფული უძრავი ქონების გარანტიით ისესხეს, შემგეგ ვალი ვერ დააბრუნეს და საცხოვრებელი ბინების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

გიგა წულეისკირის თქმით, ბოლო დროს მათ  სულ უფრო მეტი დაზარალებული მიმართავს და ეს იმ თაღლითური სქემების ბრალია, რომელსაც მევახშეები ბოლო დროს იყენებენ.

„მევახშეებმა მიმართეს თაღლითურ სქემას, რაც იმაში გამოიხატება, რომ რეალურად ხდება ფული გასესხება, ხოლო იურიდიულად ფორმდება ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება“, - აღნიშნა გიგა წულეისკირმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვალელის განმარტებით, რადგან თანხის გასესხება დაბეგვრას ექვმედებარება, ამიტომ მევახშეები ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას თითქოსდა გადასახადისთვის თავის არიდების მიზნით აფორმებენ, შედეგად მსესხებელები, რომლებიც დადგენილ ვადაში ჩადებული ქონების უკან გამოსყიდვას ვერ ახერხებენ, ნასესხებზე ორჯერ და სამჯერ მეტი ღირებულების სახლებს კარგავენ.

მოქალაქეებს აღარ რჩებათ რეალური ბერკეტი მევახშეებთან საბრძოლველად. კრედიტორები კი  ისაკუთრებენ მათ ქონებას და ამით სჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს, რადგან შეთანხმება ხდება ერთზე, ხოლო ფორმდება სულ სხვა დოკუმენტი, აღნიშნა წულეისკირმა.

„დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოხდება ამ საკითხების გამოძიება, რადგან სამწუხაროდ, პოლიცია მოსახლეობას სასამართლოში ამისამართებს, სასამართლო კი, პირიქით, პოლიციაში და ასე ინსტანციიდან ინსტანციაში სიარულში ადამიანები უძრავ ქონებას კარგავენ“, - აღნიშნა გიგა წულეისკირმა.

არასამთავრობო ორგანზიაციის ხელმძღვანელმა  მოუწოდა სამართალდამცველ უწყებებს, არ დატოვონ მევახშეებისგან დაზარალებული ადამიანების საჩივრები უყურადღებოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი –  მოახდინონ ამ საკითხის დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე.

„იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომელთა ქონებაც უკანონოდ მიითვისეს.

0