სუპერმთვარეობა

სუპერმთვარეობა 27 აპრილს: როგორ აისახება ეს დღე ზოდიაქოს ნიშნებზე

4344
(განახლებულია 10:20 27.04.2021)
დღეს სავსემთვარეობაა და ამასთან, სუპერმთვარეობაც. ღამის მანათობელს დღეს „ვარდისფერსაც" უწოდებენ და „სისხლიანსაც"

დღეს 2021 წლის 27 აპრილია, სამშაბათი. სავსე მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღეს სავსემთვარეობაა და ამასთან, სუპერმთვარეობაც, რომელიც 27 აპრილს თბილისის დროით 07:32 საათზე დადგება.

სიტყვა „სუპერმთვარეობა“ ბოლო წლებში გახდა პოპულარული და ნიშნავს სავსემთვარეობას, როდესაც მთვარე უფრო დიდი მოჩანს და უფრო კაშკაშაა. სუპერმთვარეობა – ესაა მთვარის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც მთვარის ორბიტა მაქსიმალურად ახლოსაა დედამიწასთან. საოცრად ლამაზი სანახაობაა, რომელსაც ენერგეტიკული თვალსაზრისით ადამიანებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.

აპრილის სავსემთვარეობას „ვარდისფერსაც“ უწოდებენ, ამ მოვლენას ასეთი სახელწოდება მკვეთრად ვარდისფერი მცენარის გამო ეწოდა, რომელიც აშშ-სა და კანადაში, როგორც წესი, სწორედ ამ პერიოდში ყვავის და რომელიც „ვარდისფერი ხავსის“ სახელითაა ცნობილი.

გარდა ამისა, ვარდისფერის გარდა მას მოწითალო შეფერილობაც ექნება, ამიტომ მას ასევე წითელ ან „სისხლიან" მთვარესაც უწოდებენ.

არ გამოტოვოთ „ვარდისფერი მთვარე“: გამოცხადდა ულამაზესი მოვლენის თარიღი>>

აქედან გამომდინარე, ადამიანები მთვარის ორმაგ გავლენას იგრძნობენ თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ მთვარის „კოქტეილს“ კიდევ მორიელის ენერგია ემატება. სუპერმთვარე გავლენას მოახდენს ადამიანების ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე არა მხოლოდ პიკის დროს, არამედ მანამდეც და შემდეგაც რამდენიმე დღის განმავლობაში.

ამ დღეს უპრიანია შემოქმედებითი, ინტელექტუალური საქმიანობა, რომელიც ენთუზიაზმს, ახალ იდეებს, ინიციატივასა და ბევრ ენერგიას მოითხოვს. ძალზე ნაყოფიერი დროა თვითგანვითარებისა და შემოქმედებისთვის.

როგორ იმოქმედებს სავსე მთვარე ზოდიაქოს ნიშნებზე:

ვერძი: მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი და მოულოდნელი ცვლილებები, თავისა და სახსრების ტკივილი. რეკომენდებულია თქვენი მგზნებარების დროებით მოთოკვა, რათა არ მოხდეს შეჯახება უცხო ადამიანებთან და ზოგადად არ შეიქმნას კრიზისული სიტუაცია.

კურო: დღის პირველ ნახევარში, დიდი ალბათობით, მშესაძლებელია შეხვედრები და კონტაქტები, რომლებიც კავშირების გამტკიცებასა და ურთიერთობების გაფართოებაში დაგეხმარებათ. მაგრამ ეცადეთ, პატიმვმოყვარეობამ არ გძლიოთ – ამან შეიძლება პრობლემები მოიტანოს როგორც პირად ურთიერთობებში, ისე კარიერაში.

ტყუპი: რეკომენდებულია განმარტოება, ყურადღების კონცენტრირება და ჩაღრმავება საკუთარ თავში. შეიძლება მხოლოდ გადაუდებელი ყოფითი საკითხების მოგვარება. არასასურველია ხმაურიან კომპანიაში ურთიერთობები, სტუმრად წასვლა ან სტუმრების მიღება.

კირჩხიბი: თქვენთვის იწყება ფასეულობათა გადაფასების პერიოდი, მატერიალური მიღწევების სულიერ მისწრაფებებთან შედარება. შეძლებთ შინაგან ცვლილებებზე კონცენტრირებას.

ლომი: ჯანმრთელობისთვის საშიში დღეა. მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა. სასურველია მოერიდოთ სარისკო და ექსტრავაგანტულ საქციელს. მცირე უსიამოვნებებსაც კი განწყობის გაფუჭება შეუძლია.

ქალწული: კრიტიკული დღეა. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მგრძნობიარე ნერვული სისტემის მქონეებს, რომლებიც სულ მცირე რამის გამო ღიზიანდებიან, ასევე ასაკოვან მამაკაცებს ჯანმრთელობის პრობლემების მხრივ.

სასწორი: შესანიშნავი დღეა მოგზაურობისა და ბუნებაში გასვლისთვის. დაუთმეთ ეს დრო ოჯახს, ტყეში გასვლას, კითხვას. ასევე ფრიად მომგებიანი იქნება ძვირფასი ნივთის, უძრავი ქონების შეძენა, ამიტომ არ იძუნწოთ.

მთვარის დიეტა, ანუ მიჰყევით ბუნების რიტმს>>

მორიელი: შესაძლებელია გეგმების შეცვლა, განსაკუთრებით შემოქმედებითი პროფესიების ადამიანებისთვის. კარგი დროა ახალი ადგილების მოსანახულებლად, მოგზაურობისა და ახალი ნაცნობობისთვის – ურთიერთობები უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ.

მშვილდოსანი: ფრთხილად იყავით ბოლო დროს გაცნობილ ადამიანებთან. დიდია ალბათობა, რომ ვინმემ ანგარების მიზნით გამოგიყენოთ. ეს იმედგაცრუების მიზეზი შეიძლება გახდეს, ან ამის გამო არაერთგვაროვან მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

თხის რქა: დაუთმეთ დრო ახლობელ ადამიანებს, რომლებიც, შესაძლოა, თქვენი უყურადღებობის გამო იტანჯებიან. ეცადეთ, მთლიანად არ ჩაეფლათ საკუთარ ინტერესებსა და საქმიანობაში. შესაძლებელია პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სჯობს, დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ.

მერწყული: ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით – არარეკომენდებულია მსხვილი შენაძენი. საკუთარ სისუსტეებზე აყოლამ შეიძლება ურთიერთობები გაგიფუჭოთ პარტნიორთან. ამ დღეს არ დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრები და ღონისძიებებზე დასწრება.

თევზები: გელით როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო მოულოდნელობები. საჭიროა მთელი ძალებისა და ყურადღების კონცენტრირება და ასეთ შემთხვევაში წარმატება გელოდებათ. სულიერი დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ მატერიალური მიღწევები სულიერ მისწრაფებებს შეუფარდოთ.

4344
ირინა გაბრიჩიძე

„გადავწყვიტე მათი სიცოცხლის უკვდავსაყოფად დამეხატა ისინი“- ექიმის თავშესაფარი პანდემიისას

182
(განახლებულია 15:32 06.05.2021)
ირინა გაბრიჩიძე „ევექსის“ მთაწმინდის პოლიკლინიკის ექიმი გახლავთ. პანდემიის დროს, კოლეგების მსგავსად, მასაც დაძაბულ რეჟიმში მოუწია საქმიანობა.

სწორედ მაგ დროს გაიხსენა ბავშვობისდროინელი გატაცება და ხატვა მისთვისაც სულიერ შვებად იქცა...

- ქალბატონო ირინა, ვიცი, რომ სხვადასხვა დროს განსხვავებული პროფესიული ინტერესები გქონდათ...

- ადრეულ ასაკში კოსმონავტობა მინდოდა, რომელიც მაშინვე გადავიფიქრე, როცა გავიგე, რომ კოსმონავტ ქალებს არ ჰყავთ შვილები. ექიმობის სურვილი თინეიჯერობის ასაკში გამიჩნდა, მანამდე ჟურნალისტობა მინდოდა და რომ არ გადამეფიქრებინა, ახლა რესპოდენტის ადგილას ვერ მოვხვდებოდი. ექიმობა ზოგადად, და კონკრეტულად პედიატრობა ბავშვებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა. პედიატრად შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ, ოჯახის ექიმად გადავემზადე. ახლა უკვე 14 წელია ბავშვებთან ერთად, მათ მშობლებსა და ოჯახის სხვა წევრებზე ზრუნვა ჩემი მოვალეობაა.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება სად შეიძინეთ?

- ჩემი 21 წლიანი მუშაობის ყველა პერიოდს თავისი ხიბლი ჰქონდა. კარიერის დასაწყისში, მქონდა იმის ბედნიერება, რომ ჭკვიანი ექიმების გვერდით მემუშავა. შემდეგ იყო ნდობის მოპოვება და პაციენტებზე ზრუნვა. ამის მერე კი დაიწყო შემოდგომასავით ყველაზე საინტერესო და წარმატებული პერიოდი სახელად „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“, როცა პაციენტებისგან უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას იღებ. რამდენიმე თვეა „ევექსის“ წარმატებულ გუნდს შემოვუერთდი და ვფიქრობ, ამ გუნდთან გატარებული დრო კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა...

ირინა გაბრიჩიძე კოლეგებთან ერთად
ირინა გაბრიჩიძე კოლეგებთან ერთად

-პაციენტებთან ურთიერთობის დროს თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი?

-პაციენტთან ურთიერთობისას ჩემთვის მთავარი მისი ჩემდამი ნდობა და სიყვარულია. ბედნიერი ვარ, რომ ამას ყოველდღიურად შევიგრძნობ. როცა პაციენტს ექიმის სჯერა, მკურნალობის შედეგიც არ აყოვნებს. ვფიქრობ, წამალზე არანაკლები სამკურნალო მნიშვნელობა ექიმის სიტყვას აქვს.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- ერთ რიგით, პანდემიურ დღეს ხატვა დაიწყეთ - ეს უცებ მოხდა თუ მას უძღოდა რაიმე ამბავი?

- შარშან პირველი კოვიდ პაციენტის მიღების შემდეგ, ორკვირიან იძულებით თვითიზოლაციაში მომიწია ყოფნა-სახლიდან მოშორებით, დაქირავებულ პატარა ბინაში, სამსახურთან ახლოს. ხატვა მხოლოდ განტვირთვა და სიამოვნება არ იყო, გადარჩენასავით იყო. შემდეგი პერიოდიც განსაკუთრებულ რეჟიმში მომიწია მუშაობა. რაკი სახლში ასაკოვანი მშობლები და პატარა შვილი მყავდა, გადავწყვიტე, ორკვირიან იძულებით მარტოხელობას სამი თვეც მივუმატო. ოჯახის წევრებისთვის საფრთხე რომ არ შემექმნა, მათგან მოშორებით ვიცხოვრო.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- რა თემები და ფერები ჩნდებოდა თქვენს ნახატებზე?

- ამ პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, მიუხედავად დაძაბული ემოციური და ფიზიკური მდგომარეობისა, ფერადი და ხალისიანი გამოვიდა. მათ სწრაფადვე იპოვეს თავისი მფლობელები. ხატვა დავიწყე ნატურმორტებით და პეიზაჟებით, შემდეგ აბსტრაქცია და გრატაჟი მოვსინჯე. მახსოვს, როგორი მოუთმენლობით ველოდი კურიერს, რომელსაც ჩემთვის სახატავი ტილოები და საღებავები უნდა მოეტანა.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- ისიც უნდა ითქვას, რომ ხელოვნებისადმი ინტერესი თქვენში ბავშვობაშივე იყო ჩადებული...

- გავიხსენებ ჩემს პირველ შეხებას მხატვრობასთან. ამაზე ფიქრისას გონებაში საბავშვო ბაღის კადრები ამომიტივტივდება ხოლმე: 4-5 წლის პატარა გოგონა ბაღის გამგის ოთახში ზის და უზარმაზარ თეთრ ფურცელზე საბავშვო ბაღის ეზოს ხატავს. შემდეგ იყო თვითმაძიებელი თინეიჯერის გატაცება - „ეტიუდნიკი“ და საღებავები, რომელმაც 2-3 წელი გასტანა. მიუხედავად მოკლე პერიოდისა, მახსოვს ყველა მეგობარს სახლში ჩემი ნახატი ჰქონდა.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- რომელი ნახატის შექმნას უძღვის რაიმე საინტერესო ამბავი?

- არ ვიცი რამდენად საინტერესოა, მაგრამ გეტყვით, რომ ეზოში, სადაც პანდემიის დასაწყისში ვცხოვრობდი, ულამაზესი ტიტები ჰყვაოდა. ყოველი მათი დანახვისას დარდად გამიელვებდა ხოლმე -რა ხანმოკლეა მათი ცხოვრება მეთქი... გადავწყვიტე მათი სიცოცხლის უკვდავსაყოფად დამეხატა ისინი.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- ხელოვნება თქვენს ძირითად საქმიანობაში როგორ გეხმარებათ?

- ხატვა დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ დასვენების საუკეთესო საშუალებაა. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ხატვისას დრო ჩერდება და ამ დროის სასიამოვნოდ გატარებას მეორე დღის პროდუქტიულობაში უდიდესი როლი შეაქვს.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- აღდგომის დღეებია და ყველას ვთხოვ, რომ მათთვის გამორჩეული აღდგომა გაიხსენოს...

- აღდგომა - თავიდან დაბადებაა, სიცოცხლის იმედი და ზეიმია! ყველაზე ბედნიერად იმ აღდგომის დღე მახსენდება, როცა ჩვენი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი მოინათლა. აღდგომის სიხარულს მაშინ მისი გაქრისტიანებით გამოწვეული სიხარულიც დაემატა. გილოცავთ ყველას, აღდგომის სიხარული არ მოგკლებოდეთ...

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

 

182
სანელებლები

რა საერთო აქვს სუსამბარს, ნარგიზს, იმერულ ზაფრანასა და ქართულ სამზარეულოს

1871
(განახლებულია 17:43 06.05.2021)
„Sputnik–საქართველოს“ ამ რუბრიკაში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე ქართულ სანელებლებზე მოგითხრობთ.

ბავშვობაში არაერთხელ მითამაშია კარტით, რომელსაც ფლირტი ერქვა. მაშინ სულ მაინტერესებდა, როგორი იყო სუსამბარი და ნარგიზი. ყველა ყვავილი არ მქონდა ნანახი (მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბოტანიკოსი გავხდებოდი), ვეკითხებოდი სხვებს, პასუხს ვერ ვიღებდი. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ეს ორივე ერთისა და იმავე მცენარის სახელია. უფრო მეტიც, ეს მცენარე ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო სანელებელი — იმერული ზაფრანა, იგივე ხავერდაა.

იმერული ზაფრანა
Flickr
იმერული ზაფრანა

და იგივე იმერული ზაფრანაა (Tagetes petula L.): კაკია, ხაფრანა, ნარგიზი, სუსამბარი, ყვითელი ყვავილი, ყვითელი სურნელი, ხარჩოს ყვავილი, მახმური, მახმურ ჩიჩაგ, ქორთული ზაფანა, ყვინთელი კოჭა, ყვინთელი პირი, ჭითა პირა. სხვა ქვეყნებში ცნობილია როგორც: აქსამიტკა, ბაღის მიხაკი, ანდიკა, მოსკოვური ზაფრანი, შავწარბა, აფრიკული ყვავილი და სხვ.

რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთწლოვანი, მძაფრი არომატის მქონე ბუჩქისებური ფორმის, ბალახოვანი მცენარეა. უხვად შეფოთლილი ღეროებით, ლანცეტა-ხაზური ფოთლებითა და თავაკისებული ყვავილედებით. კაშკაშა შეფერილობის სტაფილოს, ფორთოხლის, ან მურა ფერის ყვავილებით. მცენარის სამშობლოა სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა.

სხვადასხვა შეფერილობის ზაფრანები
© Flickr / Carl Lewis
სხვადასხვა შეფერილობის ზაფრანები

ევროპის ქვეყნებში ხავერდას გვარი გავრცელდა XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან. ლიტერატურული წყაროების მიხედვით, რუსეთსა და კავკასიაში ცნობილია XVIII საუკუნიდან. ხავერდას გვარის 30-ზე მეტი სახეობა და ჯიში, ყვავილების კაშკაშა შეფერილობის გამო, არაერთი საუკუნეა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში. ქართული სამზარეულო კი წარმოუდგენელია იმერული ზაფრანის გარეშე.

ქართული სანელებლები
© Sputnik / Levan Avlabreli
ქართული სანელებლები

მცენარის ლათინური სახელი Tagetes დაკავშირებულია იუპიტერის შვილიშვილისა და გენიის (ნიჭიერების ღმერთი) შვილის ტაგესის სახელთან, რომელიც ცნობილი იყო მომავლის განჭვრეტის უნარით. ეტრუსკების მითოლოგიით,  ხნულში ნაპოვნმა ბავშვმა — ტაგესმა ხალხს განუცხადა სამყაროს მომავალი, ასწავლა მომავლის გამოცნობა და გაქრა ისევე უეცრად, როგორც გამოჩნდა. ღვთაება-ბავშვის ნაამბობი ჩაიწერა ეტრუსკების წინასწარმეტყველურ წიგნებში და გადაეცა თაობიდან თაობას.

ზაფრანის პლანტაცია
© Flickr / M a n u e l
ზაფრანის პლანტაცია

ხავერდას სახელი „შავწარბა“ უკავშირდება უკრაინულ ლეგენდას: ოჯახში დაიბადა სამი ტყუპი ბიჭი, ყავისფერი თვალებითა და მუქი შავი წარბებით, რის გამოც ბიჭებს შავწარბები შეარქვეს. საოცარი ნიჭი აღმოაჩნდათ ბიჭებს, იშვიათ საიუველირო ნაკეთობებს ამზადებდნენ, მთელ უკრაინაში გაითქვეს სახელი. ოჯახს პატარა გოგოც ჰყავდა. ერთ დღეს სოფელს თავს ყაჩაღები დაესხნენ. მიადგნენ შავწარბების ოჯახსაც, ძმების ხელობით აღფრთოვანებულებმა, ბიჭები მძევლად აიყვანეს და უცხო მხარეში გადამალეს. დიდხანს ეძებდა ოჯახი ბიჭებს, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. გავიდა წლები. გაიზარდა გოგო, გადაწყვიტა ძმების მოძებნა. დიდი ხნის შემდეგ მათ კვალს მიაგნო. უამბეს, ბოროტი ხანი როგორ აწამებდა ძმებს. აიძულებდა ემუშავათ, თუმცა სამივე შეუპოვრად ამტკიცებდა, რომ ნიჭის გამოვლენა საკუთარი სახლის გარეთ არ შეეძლოთ. ხანის ბრძანებით, სასიკვდილოდ ნაცემი ძმების სხეულები სტეპებში გადაყარეს. მონახა გოგომ ძმების ძვლები და ტანისამოსი, წამოიღო სახლში და ბაღში დამარხა. საფლავზე ცოტა ხანში მათთვის უცხო, ულამაზესი ყვავილები გაიშალა. ყვავილს შავწარბა დაარქვეს. ხავერდა ძალიან უყვართ უკრაინაში. დღემდე ეს მცენარე საკუთარი კერიის სიმბოლოდ ითვლება.

ზაფრანა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში
© Flickr / Kai Schreiber
ზაფრანა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში

ხავერდას ყვავილებს მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ. ყვავილებისგან წნავენ გვირგვინებს ბედის მოსაზიდად. ითვლება, რომ ყვავილი ამძაფრებს საპირისპირო სქესის მიმართ სასიყვარულო ინტერესს, ვნებას. სახლიდან დევნის ბოროტ ძალებს, იცავს ავი თვალისგან. ერთ-ერთი სახალისო მაგიური თვისება — მოულოდნელი სტუმრისგან დაცვაა. თუ გსურთ თქვენი საიდუმლო პაემნის შესახებ ვერავინ შეიტყოს, საკმარისია ფანჯრის რაფაზე, ან შემოსასვლელ კართან დადგათ თაიგული, უდროოდ მოსული სტუმარი ყვავილის დანახვაზე მნიშვნელოვან საქმეებს გაიხსენებს და უკან გაბრუნდება. ჩინეთში ხავერდა დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნევა, და მას ათი ათასი წლის ყვავილებს უწოდებენ. ინდუიზმის მიმდევრებში ეს ყვავილი გაიგივებულია კრიშნასთან. ხავერდას ყვავილებით ეროვნული დღესასწაულების დროს აკეთებენ გირლანდებს, გვირგვინებს, იყენებენ სალოცავების მოსართავად.

ზაფრანის გირლიანდები ცენტრალური აზიის ქვეყნებში რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილია
© Flickr / Wonderlane
ზაფრანის გირლიანდები ცენტრალური აზიის ქვეყნებში რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილია

ძველი ქრისტიანები ხავერდას ყვავილებს ოქროს მონეტების სიმბოლოდ თვლიდნენ და ტრადიციულად ღვთისმშობლის ხატებს მისი ყვავილებით რთავდნენ. ლეგენდის მიხედვით, წმინდა მარიამსა და მის მეუღლე იოსებს ეგვიპტეში გაქცევის დროს ქურდების ამალა აეკიდა. წაართვეს საფულე, საფულიდან კი ფულის ნაცვლად ხავერდას ყვავილები გადმოიფანტა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წყაროების მიხედვით, ეს ულამაზესი მცენარე „განათლებულმა მსოფლიომ“ მხოლოდ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ იხილა, ზემოთ მოხსენიებული ლეგენდები მოწმობს, რომ ხავერდას მანამდეც საკმაოდ კარგად იცნობდნენ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ჩვენს სამშობლოშიც.

რაც შეეხება სამკურნალო თვისებებს, იმერული ზაფრანას ქიმიური შემადგენლობა ბოლომდე არ არის შესწავლილი. მცენარე მდიდარია ეთერზეთებითა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რის გამოც იმერული ზაფრანას ყვავილებს ხალხურ მედიცინაში ფართო გამოყენება აქვს. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიდან მასში უხვადაა: ეთერზეთები, ალკალოიდები, გოგირდის შემცველი ნაერთები, ორგანული მჟავები, კეტონები, ტერპენები, მაკრო- და მიკროელემენტები, ვიტამინები და საღებავები.

შარდმდენი, ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ორგანიზმის გამაჯანსაღებელი, პარაზიტების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და მატონიზირებელი თვისებების წყალობით მცენარე ფართოდ გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. აღადგენს ნაწლავის ფლორას, აიოლებს ცილოვანი საკვების მონელებას, ხელს უშლის მავნე აირების დაგროვებას ნაწლავებში, აუმჯობესებს ღვიძლის უჯრედების სტრუქტურას, ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას, ეფექტურია შეკრულობისას. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. რესპირატორული დაავადებების, მათ შორის ჰაიმორიტის და ბრონქიტის დროს ყვავილების ნახარშის ინჰალაცია ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოდევნას.

კანის სხვადასხვა გაღიზიანების, დამწვრობის, წყლულოვანი გამონაყარის, ნაწოლების სამკურნალოდ, ასევე ქუსლებსა და მუხლებზე გაუხეშებული კანის დასარბილებლად ეფექტურია ზეთის გამოყენება. მალამო ამსუბუქებს კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ ტკივილსა და სიმძიმეს ფეხებში. ამსუბუქებს ფუტკრის და კრაზანის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს.

ხავერდაში შემავალი საღებავი ნივთიერებები გამოიყენება საკონდიტრო, სპირტის, საპნის, პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში.

ფართო გამოყენება აქვს იმერული ზაფრანას ეთერზეთებს არომათერაპიაში ნერვოზებისა და დეპრესიის სამკურნალოდ, როგორც სედატიური და მასტიმულირებელი საშუალება. ამშვიდებს ნერვული აშლილობით გამოწვეულ გაღიზიანებას და ამაღლებს გუნება-განყობას.

იმერული ზაფრანა მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა
© Flickr / Enrico Giubertoni
იმერული ზაფრანა მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა

ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი იმერული ზაფრანა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქართული სამზარეულო, დეკორატიულ მებაღეობაში ხუთ საუკუნეზე მეტია გამოიყენება ხალიჩების, კლუმბების, რაბატების დასამშვენებლად. ყვავილების კაშკაშა პალიტრა შთამბეჭდავ იერს ანიჭებს ყვავილნარებს. გამოირჩევა ხანგრძლივი ყვავილობით, გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ნიადაგის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია. გამოყოფს ფიტონციდებს და იცავს გარშემო არსებულ კულტურებს მთელი რიგი მავნებლებისგან. სასურველია სხვადასხვა კულტურების რიგთაშორის ხავერდას დარგვა. იქ, სადაც ეს მცენარე ხარობს, მნიშვნელოვნად მცირდება მიწის ნემატოდების, ცხვირგრძელების, კომბოსტოს თეთრულას, ხახვის ბუზის, ხოჭოებისა და სხვა მავნებლების რიცხვი. ხავერდას ნაყენი გამოიყენება ტკიპების წინააღმდეგ დეკორატიული და ხეხილოვანი კულტურებისთვის. დარგვის წინ დეკორატიული და ბოსტნეული კულტურების დამუშავება ხავერდას ნაყენით იცავს მათ მიწისქვეშა ნაწილებს ფუზარიოზისა და ლპობის გამომწვევი სოკოებისგან. ამ თვისების წყალობით ეს მცენარე მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა.

1871
თემები:
ქართული სამზარეულო
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

0
(განახლებულია 18:52 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები