ყვავილები ზღვის სანაპიროზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 აპრილი

310
(განახლებულია 11:08 25.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 25 აპრილია, კვირა. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

დღეს დიდია საკუთარ სურვილებზე აყოლის ცდუნება, ამიტომ არის თავის დაკარგვის საშიშროება. მაგალითად დღეს დაწყებული რომანი, დიდი ალბათობით, ხანგრძლივი არ იქნება, ამიტომ უცნობთან ფლირტის ნაცვლად, სჯობს, საკუთარ პარტნიორთან იარშიყოთ. ტემპერამენტი მომატებულია. ადამიანები იხელმძღვანელებენ არა ლოგიკით, არამედ უფრო ემოციებითა და სურვილებით. კარგი დროა ურთიერთობების, სიყვარულისა და სიამოვნებებისთვის, მაგრამ – ზომიერების ფარგლებში.

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი>>

ვერძი: იმდენ რამეზე გექნებათ საფიქრალი, რომ შეიძლება ამის გამო საერთოდ „გაშეშდეთ“, განსაკუთრებით, თუ ვითარება თქვენგან რამდენიმე ადგილას ერთდროულად ყოფნას მოითხოვს, ან სასწრაფოდ გადასაწყვეტი ამოცანის წინაშე დადგებით. რაც არ უნდა გადატვირთული გრაფიკი გქონდეთ, ასტროლოგები გირჩევენ, ერთი რომელიმე საქმით დაიწყოთ. აჯობებს, თუ ერთ, თუნდაც არცთუ დიდ საქმეს მიიყვანთ ბოლომდე, ვიდრე ათს გამოეკიდებით და ყველა დაუსრულებელი დაგრჩებათ.

კურო: დღეს თქვენი წარმატების გარანტი არა დამოუკიდებლად, არამედ გუნდთან ერთად მოქმედებაა. თუ იგრძნობთ თავს აწყობილი მექანიზმის „ჭანჭიკად“, ვერანაირი გაუგებრობა ვერ გამოგიყვანთ მწყობრიდან. ამის წყალობით ჩვეულებრივზე იოლად გაუმკლავდებით პრობლემების უმეტესობის გადაჭრას. პასუხებს ზოგიერთ საკითხზე თავად მოიძიებთ, ზოგზე კი გარშემომყოფების რჩევები დაგჭირდებათ. ასევე დაეხმარებით თქვენც სხვებს, ვისაც მხარში დგომა დასჭირდება. ანუ დღეს წარმატების გასაღები ძალების გაერთიანებაა.

ტყუპი: დღეს ირგვლივ განვითარებული მოვლენები თქვენი საქციელის, აზრებისა და გრძნობების ანარეკლი იქნება, ანუ დღევანდელი დევიზია „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“. თუ გარშემომყოფების მიმართ აგრესიულად იქნებით განწყობილი, უკან აგრესია დაგიბრუნდებათ. მაგრამ თუ სიკეთეს გააკეთებთ, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება და სიკეთეც ასმაგად დაგიფასდებათ. მოექეცით ადამიანებს ისე, როგორც ფინდათ, რომ თქვენ გექცეოდნენ. დარწმუნებული იყავით, რომ არ ინანებთ.

კირჩხიბი: დღეს მოსალოდნელია, რომ კალაპოტიდან რაღაც საზრუნავმა ან გადაუჭრელმა საკითხება ამოგაგდოთ. სახლში, შესაძლოა, სამსახურის პრობლემებმა გაფანტოს თქვენი ყურადღება, სამსახურში კი – სახლის. ეს გონებას გაგიფანტავთ, ამას კი გაუგებრობებისა და ჩავარდნების გამოწვევა შეუძლია. ვარსკვლავები გირჩევენ, ერთი საქმის კეთებისას სხვა რამეებზე არ იფიქროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები კი არ შემცირდა, არამედ უფრო მოიმატებს.

ლომი: მოგიწევთ, რომ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ადევნოთ თვალი და მოერგოთ სწრაფად ცვლად სიტუაციას. თუ ამას მოახერხებთ, მოიგებთ და ეს მოგება განსაკუთრებით შემოსავლებს ეხება. თუ პროცესებში აქტიურად ჩართვას არ ინებებთ და მოვლენებს თავის დინებაზე გაუშვებთ, მაშინ დაგრჩებათ ის, რაც გაქვთ, ხოლო ბედის ბედნიერი შესაძლებლობით ვიღაც სხვა, თქვენი კონკურენტი ისარგებლებს.

ქალწული: ამბობენ, ფულს სუნი არ უდისო, მაგრამ ეს დღეს ქალწულებზე ნამდვილად არ ითქმის. როგორი მოულოდნელი სახითაც არ უნდა გამოჩნდეს დღეს სარგებელი თქვენ წინაშე, მას ხელიდან არ გაუშვებთ და უმცირეს შანსსაც კი გამოიყენებთ, რომ საფულე შეავსოთ. სწორედ ამიტომ დღეს შესანიშნავი დღეა გარიგებების დასადებად, ყიდვა–გაყიდვისთვის, ფინანსური იდეების განხილვისთვის, სამუშაოს დაწყებისთვის. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ხელმძღვანელობას ხელფასის მომატების საკითხზე (თუ, რა თქმა უნდა, ამის საფუძველი გაქვთ).

სასწორი: დღეს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ირგვლივ მყოფთა ყურადღების ცენტრში ხართ. კოლეგებმა შეიძლება რჩევა გკითხონ, ან უბრალოდ საუბარი მოინდომონ, ნაცნობები ჩვეულებრივზე მეტად მეგობრულად არიან განწყობილნი და მტრებიც კი კორექტულად იქცევიან. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ უზომოდ მშვიდი და თავდაჯერებული ხართ და ამას გარშემომყოფები გრძნობენ. დაიმახსოვრეთ ეს შეგრძნება და და ხშირად დაუბრუნდით მას – ნახავთ, როგორ საოცრად აისახება ეს თქვენს ცხოვრებაზე.

მორიელი: დღეს თქვენი ხატოვანი წარმოსახვა ძალიან დაგეხმარებათ. ხართ შემოქმედებითად განწყობილი, რომელსაც ნებისმიერი საქმის კეთებისას გამოიყენებთ, განსაკუთრებით იმ საკითხების, რომლებიც არასტანდარტულ დამოკიდებულებას საჭიროებს. სრულიად შესაძლებელია, რომ სამყაროზე განსხვავებული და ცინცხალი შეხედულებებით პრობლემის მოულოდნელი გადაწყვეტის გზა იპოვოთ, ან შეცდომა დაინახოთ იქ, სადაც ეს სხვებმა ვერ შეამჩნიეს.

მშვილდოსანი: ყველაზე სკეპტიკურად განწყობილებიც კი შეიძლება დღეს რაღაც დამთხვევების მთელ ჯაჭვს გადააწყდეთ. ეს თქვენ თვალწინ მოხდება და დაკავშირებული იქნება თქვენ საქმეებთან ან ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან. მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომ სახლში ტექნიკა გამოვიდეს მწყობრიდან ან ვიღაცას ზედიზედ რამდენჯერმე ერთი და იგივე (ან სხვადასხვა, მნიშვნელობა არა აქვს) რამ შეეშალოს. ეს, რა თქმა უნდა, კალაპოტიდან ამოგაგდებთ და საქმეებზე კონცენტრირებაში შეგიშლით ხელს.

თხის რქა: დღეს გაქვთ იშვიათი შესაძლებლობა, რომ მაღლა მდგომი რომელიმე პირისგან მფარველობა მიიღოთ. კარგი შთაბეჭდილების მოხდენა ნებისმიერ ატმოსფეროში შეგიძლიათ – ორომტრიალში, მკაცრი მოლაპარაკებების დროს, უბრალო სატელეფონო საუბრისასაც კი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთელი დღე თქვენი ყველა „კოზირი“ ხელში უნდა გეჭიროთ – საბედისწერო საუბარი უფროსობასთან ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს.

მერწყული: დღეს წარმატებები გელოდებათ ნებისმიერ საქმეში, რომელიც ურთიერთობებთან არის დაკავშირებული. თქვენი კომუნიკაბელური ტალანტი სათანადო სიმაღლეზე იქნება. რთული მოლაპარაკებების გამართვა, საკუთარი თვალსაზრისის დაცვა, ახალი პერსპექტიული ნაცნობობის გაბმა – ეს ყველაფერი ძალიან იოლად გამოგივათ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ ცხოვრების ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადახვიდეთ.

თევზები: მცირე უსიამოვნებები გაიძულებენ, რომ ძალები მოიკრიბოთ და ყველას აჩვენოთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ. ხართ აქტიური, ენერგიული, უცბად უღებთ ალღოს საქმეს და საკითხებს მალევე წყვეტთ. ეს თვისებები გამოგადგებათ, რადგან სიტუაცია შეიძლება ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეიცვალოს და თქვენგან სწრაფი და მკაფიო გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვოს. ეს შესანიშნავი და იშვიათი შანსია იმისთვის, რომ თავი ყველაზე საუკეთესო მხრიდან წარუდგინოთ გარშემომყოფებს.

310
არჩილ ჭოტაშვილი

25 წლიანი მეგობრობა სიმღერის ფონზე და ადგილი, რომელიც ბევრი უპოვარისთვის შვებად იქცა

66
(განახლებულია 07:28 08.05.2021)
ხშირად წინასწარ რაიმეს განსაზღვრა  ცხოვრებაში შეუძლებელია, რადგან  შენს ისტორიას ბედისწერა მაინც საკუთარი სცენარით გააგრძელებს...

როცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი დაამთავრა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ცხოვრების გზა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანდა. ერთ დღეს პარტერიდან სცენაზე გადაინაცვლა, 1996 წლიდან კი მისი პოპულარობის ათვლა დაიწყო. ამის შემდეგ სახელმწიფო მოხელე გახდა და სცენისკენ გზას ახლა უკვე სხვებს უკვალავდა.

ასეთია რამდენიმე წინადადებით გადმოცემული არჩილ ჭოტაშვილის შემოქმედება და საქმიანობა. დღეს იგი საქველმოქმედო კავშირის „თემი“ მოხალისე პედაგოგია და მათთან ერთად მუსიკალურ და სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს. უფრო კონკრეტულად კი თავად მოგვიყვება.

არჩილ ჭოტაშვილი
არჩილ ჭოტაშვილი

- ბატონო არჩილ, დავიწყოთ იმით, თავის დროზე რამდენად საინტერესო და რთული აღმოჩნდა თქვენთვის სცენიდან-კულისებში გადანაცვლება?

-ალბათ ნებისმიერი შემოქმედისთვის და ზოგადად პიროვნებისთვის რთულია სივრცისა და დროის შეზღუდვა, მაგრამ არაერთი წლის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ კომპლექსური მიზეზების გამო, მხოლოდ შემოქმედებითი საქმიანობით არსებობა სულ უფრო შეუძლებელი ხდებოდა. როდესაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მივედი, იქ დამხვდნენ საოცარი თანამშრომლები, რომლებთანაც ახლაც ვმუშაობ და ვმეგობრობ. შემსრულებლის გამოცდილებამ ნამდვილად გამიმარტივა სამინისტროს ყოველდღიურობასთან შეგუება. ქართული ფოლკლორის თემები ჩემთვის არ იყო უცხო როგორც ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, ისე პროფესიული გამოცდილების კუთხით, თუმცა ფოლკლორული ანსამბლების საჭიროებები და პრობლემები მხოლოდ სამინისტროში მისვლის შემდეგ დავინახე. 

არჩილ ჭოტაშვილი
არჩილ ჭოტაშვილი

-დავაკონკრეტოთ, სამინისტროში თქვენ იყავით „ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის“ კოორდინატორი. კონკრეტულად როგორ გამოიხატა იმ პროგრამის მხრიდან ქართული ხალხური ხელოვნების მხარდაჭერა?

-მაშინ, 90-იანების ბოლოს და ახალი საუკუნის დასაწყისში, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ანსამბლებს ჰქონდათ ახალი სასცენო სამოსი და გამართული ხალხური საკრავები. ,,ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის“ ფარგლებში, წლების განმავლობაში, ასობით მომღერალს და მოცეკვავეს შევუკერეთ სასცენო სამოსი და დავუმზადეთ ტრადიციული და ტემპერირებული საკრავები. სასიამოვნო იყო ოსტატებთან ურთიერთობა, რომლებმაც თავისი შრომით და ცოდნით დიდი ამაგი გასწიეს ქართული ფოლკლორის ასაღორძინებლად. სამწუხაროდ ზოგი მათგანი უკვე გარდაცვლილია. მეამაყება, რომ სამინისტროში ჩემი მუშაობის დროს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის შევიძინეთ თანამედროვე ხმის ჩამწერი აპარატურა, რომელიც რეგიონებში ექსპედიციებში გამოიყენებოდა.

არჩილ ჭოტაშვილი საშობაო გამოფენაზე „რედისონ ბლუ ივერიაში“
არჩილ ჭოტაშვილი საშობაო გამოფენაზე „რედისონ ბლუ ივერიაში“

-რეგიონებში როგორ ხორციელდებოდა მსგავსი პროექტები?

-სამინისტროს მიერ განსახორციელებული პროექტების ფარგლებში ხშირად მიწევდა რეგიონებში კულტურის სახლების მდგომარეობის შესწავლის მიზნით მოგზაურობა, რისთვისაც ბედის მადლობელი ვარ.  მაშინ უამრავი კულტურის სახლი აღიჭურვა სასცენო და კინოჩვენებისთვის საჭირო აპარატურით, რის შემდეგაც მათ ახალი სიცოცხლე დაიწყეს. განსაკუთრებით მიხაროდა საბავშვო და ახალგაზრდული საესტრადო ანსამბლების აღმოჩენა და მათი დახმარება. საქართველოს მასშტაბით სარეპეტიციო და პროფესიონალური აპარატურა არაერთ ახალბედა მუსიკოსს და ანსამბლს გადავეცით.

ჯგუფი „ფლეში“
ჯგუფი „ფლეში“

- საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველ ხელოვანებთან თუ გქონდათ  ურთიერთობა?

- დიახ, მე ვიმუშავე ევროპაში არსებულ ქართულ დიასპორასთან და ზემოხსებული პროგრამის ფარგლებში, სასცენო სამოსი და საკრავები მათაც გავუგზავნეთ. განსაკუთრებით მსიამოვნებდა ისტორიულ ჰერეთში არსებული ანსამბლების მხარდაჭერა. მაშინ გავიცანი ნიჭიერი შემსრულებლები, რომლებიც ქართულ ფოლკლორს  საზღვარგარეთ ცარიელი ენთუზიაზმით ინახავდნენ. ასევე საინტერესო გამოდგა ქართული სამოსისა და საკრავების ავთენტურობის საკითხზე მუშაობა. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არის თემები, რომლებზე მუშაობაც აუცილებელია.

არჩილ ჭოტაშვილი, დათო ვალიშვილი და ექიმი ირმა გოცირიძე
არჩილ ჭოტაშვილი, დათო ვალიშვილი და ექიმი ირმა გოცირიძე

- თქვენ იყავით ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი პატრიოტული სიმღერების კონკურსებისა, რომელიც ცნობილი იყო სახელით „პატრინოტი“...

-„პატრინოტის“ ფესტივალი, ჩემი, როგორც სახელმწიფო მოხელედ ყოფნის პერიოდში, ნამდვილად ამოსუნთქვას ჰგავდა. ნაცნობ წრეში განსაკუთრებით სასიხარულო და სასიამოვნოა მუშაობა, მითუმეტეს როცა ამ შრომას კარგი შედეგიც მოჰყვება. ამ ფესტივალის მადლიერი ბევრი კომპოზიტორი და შემსრულებელი იყო. სიმღერების შერჩევა პროფესიონალ კომპოზიტორთა ჟიურის ევალებოდა. მაშინ საკმაოდ ბევრი სიმღერა შემოვიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. კონკურსში გასული სიმღერები რეპეტიციებზე მუშავდებოდა და შემდეგ სატელევიზიო ტურებზე ცოცხლად სრულდებოდა ბენდის თანხლებით. იმ დროს გავიცანი უნიჭიერესი თეონა ქუმსიაშვილი, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად დაიღუპა. თუ არ ვცდები, ფართო სატელევიზიო აუდიტორიის წინაშე, სწორედ ამ ფესტივალზე გამოჩნდა პირველად ჯგუფი „მგზავრები“. ასევე ფესტივალის მეშვეობით წარმოჩინდა ბევრი ახალგაზრდა შემსრულებელი.

თემის წევრები
თემის წევრები

-ცნობილია, რომ ყველაზე რთული სიმღერის დაწერა პატრიოტულ თემაზეა, რომელი სიმღერა და შემსრულებელი დაგამახსოვრდათ?

-იმ ფესტივალიდან დამამახსოვრდა ის ფაქტი, რომ მასში უამრავი სიმღერა შემოვიდა სოხუმზე. „პატრინოტის“ მიმდინარეობისას გავიცანი ბრიტანელი კომპოზიტორი და მომღერალი, ტონი ომეილი (Tony O’Mally). რომლის სიმღერამ ,,ჩემი ვედრება“ (Hear My Plea!) დიდი მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით  მისი ჩაწერა გადაწყდა ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. არანჟირების ავტორი, ტონი ომეილთან ერთად ზურა მახნიაშვილი იყო. მართალია, იმ სიმღერამ კონკურსში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ის იმდენად შეგვიყვარდა, რომ ჰიმნის ვერსიაც კი ჩავწერეთ. მასში მონაწილეობდნენ: რატი დურგლიშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, ლევან ლაზარაშვილი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, ია ჩანტლაძე, ნინი ბადურაშვილი, სოფო კაკულია, ჯგუფი „ფლეში“, სოფო ხალვაში, თაკო გაჩეჩილაძე, მაია დარსმელიძე და ვერიკო ტურაშვილი. ის სიმღერა აშშ-ს მაშინდელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ცნობილი სიტყვებით -„Today we are all Georgians” იწყებოდა. საინტერესო იქნებოდა ვიდეოკლიპზე მუშაობაც, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

-დღეს თქვენ საქველმოქმედო კავშირის ,,თემი“ მოხალისე პედაგოგი ხართ, რას წარმოადგენს „თემი“ და თქვენი როლი კონკრეტულად რაში გამოიხატება?

-თემში (www.temi-community.org) მამაჩემის წყალობით მოვხვდი და  მისი დამაარსებლების ენთუზიაზმმა გამაოცა. ორგანიზაცია 1989 წელს შეიქმნა. იმ დროისთვის ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ არსებობდა. ეს თემა თითქმის ტაბუირებული იყო. თემი ყვარელში, სოფელ გრემში მდებარეობს. თავიდან  გრემელები მათ „გიჟებს“ ეძახდნენ. თუმცა წლების განმავლობაში მათ შორის ურთიერთობები იმდენად გამყარდა, რომ ოჯახებიც შეიქმნა. ამჟამად თემი და სოფელი ერთმანეთს აძლიერებს. თემი ბიომეურნეობას (მევენახეობა, მეღვინეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა, მემარცვლეობა და სხვ.) მისდევს და ცდილობს საკუთარი შემოსავლების, სახელმწიფოსა და უცხოელი პარტნიორების დახმარებით შექმნას ისეთი გარემო, სადაც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზებას.

-თქვენ ახსენეთ, რომ ეს თემა მაშინ თითქმის ტაბუირებული იყოო, თქვენი პირველი შთაბეჭდილება თუ გახსოვთ?

- მახსოვს... ჩემი პირველი შთაბეჭდილება გამაოგნებელი იყო. ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა სახელმწიფოს მიეტოვებინა ისეთი კატეგორიის ადამიანები, თავისი მოქალაქეები, რომლებსაც დახმარების გარეშე ფიზიკურად გადაადგილებაც არ შეეძლოთ. საარაკო თავდადების წყალობით, ეს ადგილი ბევრი უპოვარისთვის საკუთარ სახლად იქცა. აქ ვნახე პირველად ოქსფორდიდან ჩამოსული სტუდენტები, რომლებიც თემის მაცხოვრებლებისთვის მოხალისეებად მუშაობდნენ. საწყენი იყო, რომ ქართველი ახალგაზრდები და სტუდენტები ათეულობით წლების განმავლობაში არ ინტერესდებოდნენ თემის  ცხოვრებით. ნამდვილად არაა შემთხვევითი ის, რომ ბატონმა მერაბ კოკოჩაშვილმა სწორედ თემის მაცხოვრებლების ინსპირაციით გადაიღო მხატვრული ფილმი „ნუცას სკოლა“. 

- თქვენი საქმიანობა თემელებთან სიმღერით დაიწყო?

- რა თქმა უნდა სიმღერით დაიწყო. თემელებთან ერთად, იქ ყოფნის დროს, ბევრი სიმღერა ვისწავლე. ხალხურ და სხვა ჟანრის სიმღერებს მათ ახლაც ვასწავლი. ერთი სიმღერის დაწერაც კი მოვახერხე და ის თემის შესახებ გადაღებულ ორ დოკუმენტურ ფილმშიც მოხვდა. ამჟამად ხალხურ საკრავებზე დაკვრას და სიმღერას, თემელებს და გრემელ ბავშვებს ძალიან კარგი პედაგოგი და მუსიკოსი, ქეთინო ზარდიაშვილი ასწავლის.

- როგორ ფიქრობთ, რომ არა „ფლეში“ თქვენს ცხოვრებაში, როგორ და სად გააგრძელებდა საქმიანობას პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული?

- პირველად, სცენაზე, ჩვენი ჯგუფი სახელით „FLASH“-ი 1996 წელს გამოვიდა. ასე რომ, წელს, 25 წლის იუბილე გვაქვს.  ზუსტად 25 წლის წინ, 16 აპრილს, კოტე მარჯანიშვილის სახლობის სახელმწიფო დრამატული თეატრის პარტერში, როგორც მსმენელი ვიჯექი და ჩემი მეგობრების პირველ აკაპელას „მზე ჩადის ზღვაში“ და ასევე აკაპელა -ინტერპრეტაციას ბითლზის უკვდავ სიმღერაზე „Yesterday” აპლოდისმენტებით და ოვაციებით ვხვდებოდი... წელს, ჩვენი იუბილე მოკრძალებულად ავღნიშნეთ, თემისთვის საჩუქრად ჩავწერეთ სიმღერა, რომლის მეშვეობით მათზე გადაღებული ახალი ფილმი მუსიკალურად გავაფორმეთ. როცა ხშირად ვამბობდით, „ფლეში“ უკვდავიაო, ამაში ჩვენს მეგობრობას ვგულისხმობდით, დრომ გვიჩვენა, რომ ასეცაა...

 

66
წონაში დაკლება

როგორ დავიკლოთ „ზამთრის ცხიმები“: სახელდება მარტივი მეთოდი

103
(განახლებულია 10:29 08.05.2021)
დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი გაგაცნობთ მეთოდს, რომელიც ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. იმისათვის, რომ ზამთარში დაგროვილი ზედმეტი კილოგრამები ეფექტურად დაიკლოთ, არსებობს ძალიან მარტივი მეთოდი, აცხადებს დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი არინა სკორომნაია რადიო Sputnik−თან ინტერვიუში.

მისი თქმით, გახდომისთვის იდეალურია სწრაფი სიარული საათში 5−7 კმ სიჩქარით. ასეთი „გასეირნება“ ყოველდღე უნდა მოეწყოს არანაკლებ 20 წუთით.

„ამისათვის საუკეთესოა აღმართზე სიარული 20 წუთიდან ერთ საათამდე. როცა თუნდაც მცირე გორაკზე ადიხართ, კუნთები მეტად იჭიმება, იზრდება დაწოლა დუნდულა კუნთებზე, იხარჯება მეტი კალორია. ასე რომ აღმართზე ასვლას უფრო მეტი პლუსი აქვს, ვიდრე სწორ გზაზე სიარულს“, — ამბობს სპეციალისტი.

ამასთან სკორომნაია განმარტავს, რომ სიარულისას საჭიროა თავი აარიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც ბევრი ავტომობილი მოძრაობს, რათა გამონაბოლქვი არ ისუნთქოთ. ასეთ შემთხვევაში სარგებელი პრაქტიკულად არ იქნება, ვინაიდან დაბინძურებული ჰაერის ინტენსიური სუნთქვა გულ−სისხლძარღვთა პრობლემებს გამოიწვევს.

ნუტრიციოლოგის თქმით, ავტომობილებით სავსე ქუჩებში სიარულს სარბენ ბილიკზე ვარჯიში სჯობს.

103
თემები:
ექიმი გირჩევთ
ნიკა მელია

როდის შეძლებს ნიკა მელია ციხის დატოვებას

0
(განახლებულია 19:26 08.05.2021)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ევროკავშირის მიერ გადაცემული გირაოს თანხა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  თბილისის საააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე უკვე ჩარიცხა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში  ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება დღესვე შეუძლია, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა.

ოპოზიცირი პარტიის ლიდერი ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მანამდე, პროკურატურის მოთხოვნით, პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა ის კვლავ არის პარლამენტის წევრი.

ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად საჭირო გირაოს თანხა 40 000 ლარის ოდენობით  ევროკავშირმა გადაიხადა.

ევროპულმა ფონდმა  დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) გირაოს თანხა გამოყო, ხოლო  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) კი აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

საიამ თბილისის საააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე თანხა დაახლოებით 15:00 საათზე ჩარიცხა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შესაძლოა, ეს თანხა ჯერ არ იყოს ანგარიშზე ასახული, მაგრამ არცაა აუცილებელი ანგარიშზე თანხის ასახვა.

„დადასტურებულია ევროკავშირის მხრიდანაც და ჩვენ მიერაც, რომ თანხა უკვე გაგზავნილია და გადარიცხულია. ამ პირობებში არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პროკურატურა შუამდგომლობით წავიდეს სასამართლოში და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. შემდეგ, რა თქმა უნდა, ანგარიშზე თანხაც აისახება“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

მისივე განცხადებით, საია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მითითების მიხედვით მოქმედებდა. თავად ნიკა მელიასთან ორგანიზაციის წარმომადგენლებს ამ საკითზე კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი ან თანხა აისახება ანგარიშზე, პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია.

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს მთავრობამ და რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა 19 აპრილს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელმა შესთავაზა.

დოკუმენტის თანახმად, მელიამ ციხე ამნისტიის კანონის საფუძველზე უნდა დატოვოს, ასევე განიხილება მისი გათავისუფლება გირაოს საფუძველზე.

მიუხედავად გათავისუფლებაზე გარანტიისა, „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებაზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს იმ დრომდე, ვიდრე მელია არ დატოვებს საპატიმროს.

2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტის შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

საქართველოს პარლამენტში „მაისის არდადეგების“ შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვარიანტი დარეგისტრირდება – ერთი უმრავლესობის, მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტების ვერსიები განსხვავდება ერთმანეთისგან – მხარეებს თავად ამნისტიის პროცესთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ. ხელისუფლების სურვილია, რომ ამნისტია საქმის ყველა ფიგურანტს შეეხოს, მათ შორის პოლიციელებსაც და იმ შესაძლო პირებსაც, რომლებიც შეიძლება გამოძიებამ მოგვიანებით გამოავლინოს.

ოპოზიცია, პირველ რიგში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა და გასამართლებულთა ამნისტიისა და მათთვის ნასამართლობის მოხსნის წინადადებით გამოდის. ასეთ ბრალდებულთა შორის, რიგითი აქტივისტების გარდა, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.

გარდა ამისა, ოპოზიცია 20–21 ივნისის ღამეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ამჟამად ბრალდებული პოლიციელების ამნისტიაზეც თანახმაა, მაგრამ ამავდროულად იმ პირთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინააღმდეგია, რომლებსაც პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ და მონაწილეობდნენ ბრძანებების გაცემაში.

0