კომშის ყვავილი

მკურნალობა ხალხური მეთოდებით: კომში

14225
(განახლებულია 17:35 14.04.2021)
კომშის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი კოლხი მედეას ისტორიას უკავშირდება. კომში ბედნიერი, ჯანმრთელი ოჯახის სიმბოლოდ მიიჩნევა, რომელიც ქალური და მამაკაცური საწყისების ჰარმონიული შერწყმის სიმბოლოს წარმოადგენს.

კომში, ბია (Cydonia) — ვარდყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარის გვარია. არსებობს ერთი სახეობა — ჩვეულებრივი კომში (Cydonia oblonda). კომში ველურად იზრდება კავკასიაში, შუა აზიასა და ირანში. კულტივირებულია თითქმის ყველგან. საქართველო კომშის ერთ-ერთი სამშობლოა, აქ ადგილობრივი წარმოშობის 75 ჯიში არსებობს. საუკეთესო ჯიშებია ლაგოდეხის მსხვილნაყოფა, ქართული მჟავე, შილდური საგვიანო, საკომპოტე და სხვ. 

უძველეს დროში ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე კომში სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნეოდა, რადგან ის, ბერძნული და რომაული მითოლოგიის მიხედვით, ქალღმერთ აფროდიტე–ვენერას საყვარელი ხილი იყო.

კომშის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი კი კოლხი მედეას ისტორიას უკავშირდება.

იასონმა ოქროს საწმისთან ერთად, მოგეხსენებათ, მედეაც წაიყვანა. მედეამ საბერძნეთში კავკასიის მაგიური თილისმებიც წაიყოლა, მათ შორის – კომშის ნაყოფი. ქორწილის დღეს, ტრადიციულად, მედეამ კომში საძინებელში დარგო, რადგან არსებობდა გადმოცემა, რომ სანამ ქალის სარეცელი კომშის სურნელს აფრქვევს, არაფერი ემუქრება მის სილამაზეს, მისი ბავშვების ჯანმრთელობას და ქმარი მას არ მიატოვებს. მედეა და იასონი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ, სანამ მისმა მოშურნემ კომში არ გაანადგურა.

ეს ლეგენდა მეტყველებს, რომ კომშს სასიცოცხლო ენერგია და ჯადოსნური სურნელი აქვს, რომელიც მამაკაცისა და ქალის მგრძნობიარობაზე განსაკუთრებულად მოქმედებს. 

ცნობილია, რომ ძველ საბერძნეთში კომში რიტუალური ნაყოფი იყო. პატარძალს საქორწინო ღამის წინ ამ ხილს მიართმევდნენ ხოლმე.

კომში დღესაც ბედნიერი, ჯანმრთელი ოჯახის სიმბოლოდ მიიჩნევა, რომელიც ქალური და მამაკაცური საწყისების ჰარმონიული შერწყმის სიმბოლოს წარმოადგენს.

გაჭრილი კომში. კომშის კურკები
გაჭრილი კომში. კომშის კურკები

კომში, ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების უნარით, საოცარი ხილია. სამკურნალო ეფექტი აქვს როგორც ნაყოფს, ისე მის კურკასა და ფოთოლს.

კომში ერთ-ერთი ბუნებრივი პოლივიტამინია. ამ მხრივ ის არ ჩამოუვარდება ვაშლსა და მსხალს. კომში მდიდარია A, C, B, P ვიტამინებით, აზოტოვანი ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით, შაქრით. გარდა ამისა, კომშში უხვად არის მიკროელემენტები, არომატული, პექტინური და მთრიმლავი ნივთიერებები.

კომში უძველესი დროიდან მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის: კუჭ-ნაწლავის, თირკმელების, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების, დიარეის, ბრონქული ასთმის, სისხლნაკლებობის, საშვილოსნოდან ძლიერი სისხლდენისას, გინგივიტის, პარადონტოზის, ანალურ ნაპრალზე ნახეთქებისას, დამწვრობისა და კანის გაღიზიანებისას, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებისას. არის შარდმდენი, სისხლის აღმდგენი საშუალება, ახასიათებს ანტისეპტიკური მოქმედება, კარგად მოქმედებს ხველების დროს, როგორც ამოსახველებელი საშუალება, წყლულოვანი დაავადებების დროს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ეფექტურია მხედველობის გაუმჯობესებისთვის. კომში ძალზე კარგია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის და ა.შ.

გთავაზობთ კომშით მკურნალობის რამდენიმე რეცეპტს:

ჰიპერტონიისა და დიაბეტის დროს — 2 სადილის კოვზ კომშის გამხმარ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთი. ნაყენი მიიღეთ დღეში 4-ჯერ, 1 სადილის კოვზი, ჭამამდე.

ასთმის დროს — 1 სადილის კოვზ კომშის კურკას (თავის ბუდიანად) დაასხით 200 გრამი ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე და დადგით ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და სვით დღეში სამჯერ, 2 სადილის კოვზი, ჭამის წინ.

ხველების დროს — 1 სადილის კოვზ კომშის კურკას დაასხით 100 გრამი ადუღებული წყალი, ნელ ცეცხლზე შედგით და ათი წუთი ადუღეთ. შემდეგ, გააგრილეთ და სვით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

კომშს კანის გაახალგაზრდავების ეფექტი აქვს. ამისთვის მოამზადეთ ნიღაბი ამგვარად: აიღეთ 2 სუფრის კოვზი გახეხილი კომში (პიურე), 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი არაჟანი, აურიეთ და წაისვით სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 15 წუთი, შედეგ ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით და გადაივლეთ ცივი წყალი.

კომში ასევე კარგია გამელოტების, თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ. ამისთვის 1 სუფრის კოვზ კომშის კურკას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში, გააციეთ, გაწურეთ და დუღილის დროს დამშრალი წყალი ანადუღარი წყლით შეავსეთ. ნახარში შეიზილეთ თავის კანში დღეში ერთხელ. არ ჩამოიბანოთ. 

გაითვალისწინეთ: სამკურნალო თვისებების გარდა კომშს გააჩნია ზოგიერთი უკუჩვენებაც. მაგალითად, კომშის რბილობსა და კურკას აქვს შემკვრელი ეფექტი. იმ ადამიანებში, რომლებიც დაავადებული არიან ენტეროკოლიტით ან კუჭის წყლულით, ამ ხილის ნაყოფმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური სპაზმები და გაუვალობა და გააღიზიანოს ლორწოვანი გარსი.

კომშის მიღებისგან ასევე თავი უნდა შეიკავონ პლევრიტისა და ყაბზობის დროს. საინტერესოა, რომ ბუსუსი, რომლითაც დაფარულია კომშის ნაყოფი, საზიანოა ხმის სიმებისა და ხორხისთვის და ამიტომ ხშირად ხდება ხველისა და ყელის გაღიზიანების მიზეზი. აქედან გამომდინარე, კომშის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ადამიანებმა, რომელთა საქმიანობა სიმღერას ან საჯარო სიტყვიერ გამოსვლებს უკავშირდება.

 

14225
თემები:
მასტერკლასები დამწყები მებაღეებისა და ფლორისტებისათვის (13)
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 მაისი

18
(განახლებულია 09:16 10.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 11 მაისია, სამშაბათი. ახალმთვარეობა კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღეს გრძნობები გაბატონდება გონებაზე. თუ ნეგატივს ავყვებით და გულში წყენას შევუშვებთ, ის ღრმა კვალს დატოვებს დიდი ხნით. და თუ პოზიტიურ მომენტებზე შევაჩერებთ გულისყურს და უარყოფით წვრილმანებს არ მივაქცევთ ყურადღებას, დღე ძალიან პროდუქტიული იქნება, ამ დღისთვის დამახასიათებელი ენერგიულობა, შრომისუნარიანობა წარმატებების კარს გახსნის.

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?>>

ვერძი: დღევანდელი დღე მოითხოვს, რომ ფინანსური საკითხები მოაგვაროთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემები შეიძლება შეგექმნათ, უბრალოდ ფულთან დაკავშირებული საკითხები ყურადღებას მოითხოვს. კარგი დღეა იმისთვის, რომ გაერკვიოთ თქვენს ბიუჯეტში, დაითვალოთ შემოსავლები და შეადგინოთ ბიზნეს–გეგმა უახლოესი კვირების ან დღეებისთვის. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, მოგებაში დარჩებით.

კურო: იმდენად შრომისუნარიანი ხართ, რომ ეს თავადაც გაგაკვირვებთ, არამცთუ კოლეგებსა და ახლობლებს. ნებისმიერ პრობლემაში ძირეულად გაერკვევით და მისი გადასაჭრელად უნივერსალურ გასაღებს მოძებნით. სამეცნიერო ძიებანი, სწავლა და ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს, დღე ისე იოლად გამოგივათ, როგორც არასდროს. ერთადერთი – განწყობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ და გამოამჟღავნოთ გაღიზიანება მათ შორის უმიზეზოდაც.

ტყუპი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს გარშემომყოფების მხრიდან დიდ ყურადღებას მოერიდოთ. არ ხართ იმგვარ განწყობაზე, რომ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ, ამიტომ, თუ დრო ამის საშუალებას გაძლევთ, დაელოდეთ. სამაგიეროდ იდეალური დღეა იმისთვის, რომ მომავალ წარმატებას საძირკველი მოუმზადოთ. იმუშავეთ საკუთარ პროექტზე, მოამზადეთ საჭირო მასალები, მოიფიქრეთ არგუმენტები და როდესაც ყურადღების ცენტრში აღმოჩენის დრო დადგება, ყველას გაოცებას შეძლებთ.

კირჩხიბი: ერთნაირად ხელსაყრელი დროა საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის. ბევრთან შეგიძლიათ კონტაქტის დამყარება, იცით, რას გრძნობენ ადამიანები. ახალი ნაცნობობით შეიძლება სათავე დაედოს მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებს. ეს ბევრად იქნება დამოუკიდებული იმაზე, მოისურვებთ თუ არა ინიციატივის გამოჩენას. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ძალიან მოგენატრათ.

ლომი: აუცილებელია მუშაობა, მაგრამ სამუშაო გარემოს შექმნა შეიძლება გაგიჭირდეთ. დღე თქვენგან ყურადღების კონცენტრაციასა და დაგროვებულ საქმეებთან გამკლავებას მოითხოვს. მზად ხართ, თავი აჩვენოთ, მაგრამ გარშემომყოფები ხშირად ამოგაგდებენ კალაპოტიდან და ხელს შეგიშლიან. ყველაფერი ისე რომ გააკეთოთ, როგორც დაგეგმილი გაქვთ, დროებით მაინც უნდა გაერიდოთ ხმაურსა და ორომტრიალს, მოძებნოთ წყნარი ადგილი – სულ ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ საქმეები ფრიადზე შეასრულოთ.

ქალწული: გულწრფელი ურთიერთობების დიდი სურვილი გაგიჩნდებათ. ჩვეულებრივმა საქმიანმა საუბრებმა, შესაძლოა, გაგაღიზიანოთ და დაპირისპირებებიც კი გამოიწვიოს. თუ ვინმეს ახლოს გაცნობა გსურთ, ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღეს გააკეთოთ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინაა ეს ადამიანი – ახლობელი, კოლეგა თუ პარტნიორი. ისაუბრეთ მასთან გულახდილად, გაიგეთ, რას ფიქრობს ის და რისკენ ისწრაფვის. ეს შეიძლება თქვენ შორის განსაკუთრებული ურთიერთობების პირველი ნაბიჯი აღმოჩნდეს.

სასწორი: დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მთელი ძალებით ცდილობთ კონფლიქტებს აარიდოთ თავი, მაგრამ კონფლიქტები თვითონ გეძებენ და გპოულობენ. დაპირისპირებები, წყენა ცარიელ ადგილზე – ეს ყველაფერი მოსალოდნელია იქ, სადაც თქვენ გაჩნდებით. სინამდვილეში კი გაუგებრობების მიზეზი თქვენ ხართ თქვენი გაძლიერებული ემოციებით და საკმარისია მცირე ნაპერწკალიც, რომ „ცეცხლი აგიზგიზდეს“. თუ არ გინდათ მთელი დღის კამათში გატარება, ყველა წვრილმანს ნუ გამოედევნებით.

მორიელი: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს არანაირი გრანდიოზული ამოცანა არ დაისახოთ. ეს ის დღეა, როცა არ ღირს არაფრის დამტკიცება არც საკუთარი თავისა და არც სხვებისთვის. რაღაც საქმეები უკვე გაკეთებული გაქვთ, რაღაც კი მოიცდის. სჯობს, დაისვენოთ, მოდუნდეთ. მაგრამ თუ ერთ ადგილას ვერ ისვენებთ, ისეთი საქმე გააკეთეთ, რომელიც მინიმალურ სულიერ ძალას მოითხოვს. მაგალითად, მიხედეთ სახლის საკიტხებს, ან დიდი პროექტის ერთ რომელიმე ნაწილს.

მშვილდოსანი: დღეს თქვენი კონტაქტები გარშემომყოფებთან მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. და ამაში „დამნაშავე“ თავად თქვენ იქნებით. გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობები. თუნდაც თავს ძალა დაატანოთ, ამისგან მაინც არაფერი გამოვა – ხართ გაღიზიანებული და ჩხუბის პროვოცირება შეგიძლიათ. აქედან გამომდინარე, ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და გააკეთოთ ის საქმეები, რომლებსაც მარტოც გაუმკლავდებით და სხვების დახმარება არ გჭირდებათ.

თხის რქა: დღეს ძირეულად შეიგრძნობთ ფრაზას „ცხოვრება თეატრია“, რადგან სწორედ თქვენ ითამაშებთ სპექტაკლში მთავარ როლს. შეგრძნება, რომ დგახართ პროჟექტორებით გაჩახჩახებულ სცენაზე, მთელი დღე გექნებათ და ეს შესაბამისად, ანუ დემონსტრაციულ მოქმედებას გაიძულებთ. უფრო მეტიც, შეიძლება ტრაგიკული როლიც მოირგოთ და მიანიშნოთ გარშემომყოფებს, თუ როგორ არ გაფასებენ და გიგებენ ისინი. ტრაგედია რომ კომედიად არ გადაიქცეს, ზედმეტიც არ მოგივიდეთ საკუთარი თავის შეცოდებაში.

მერწყული: წყნარი და მშვიდი დღე გელოდებათ, რომელიც სჯობს საოჯახო საზრუნავში ან სამომავლო გეგმების დაწყობაში გაატაროთ. დაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ სახლი და ამასთან, ფიქრებიც. არ გაწყენთ ბოლო ხანს გაკეთებული საქმეების შეჯამება და შემდეგ უახლოესი დროის მოქმედებების გეგმის შედგენა. ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირებას კი აუცილებლად უნდა მოერიდოთ – მცირე წყენაც კი მძიმე დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს.

თევზები: დღეს მომატებული ცნობისმოყვარეობა და სხვისი საიდუმლოს გაგების სურვილი მოგეძალებათ. თუ ჩვეულებრივ დღეებში მაინცდამაინც არ გაწუხებთ, თუ რას მალავენ გარშემომყოფები თქვენგან, ახლა მზად ხართ, ამის გასაგებად ძალ–ღონე არ დაიშუროთ. სხვათა შორის, სიტუაცია შეიძლება ისე აეწყოს, რომ უნებურად სხვისი საიდუმლო შეიტყოთ ან საკუთარი შემთხვევით წამოგცდეთ. ეს რომ არ მოხდეს, ენას კბილი უნდა დააჭიროთ და ჭორიკანა ადამიანებს გვერდი აუაროთ.

18
მარინა ურდულაშვილი

ბავშვებზე ასახული საქმიანობის კვალი „ყველაფერი ლამაზად რომ მოგვეჩვენოს“

242
(განახლებულია 21:26 10.05.2021)
„ჩემი საქმიანობა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. თუკი რამ პროფესიული უნარ-ჩვევა გაგაჩნია, დროთა განმავლობაში ისინი მათიც ხდება“ – ასე ფიქრობს საგარეჯოში ცნობილი მუსიკის პედაგოგი და პოეტი მარინა ურდულაშვილი.

დედის ნამღერი იავნანა დღემდე ახსოვს, ამიტომ თვლის, რომ ბავშვი მუსიკას მცირე ასაკიდან, 2-3 წლიდან უნდა აზიარო. უკვე 30 წელია, რაც ფორტეპიანოს პედაგოგად მუშაობს საგარეჯოს სამუსიკო სკოლაში. ამავე დროს რაიონის კულტურის ობიექტების გაერთიანებაში მის მიერ დაარსებულ მუსიკალურ სტუდიას „მი-რე-ლა“ ხელმძღვანელობს. სხვადასხვა დროს სტუდიის აღსაზრდელებმა წარმატებას არაერთხელ მიაღწიეს.

ძირითადი საქმიანობის პარალელურად ქალბატონი მარინა წერს ლექსებს და საკუთარ ლექსზე რამდენიმე სიმღერაც აქვს შექმნილი.

მარინა ურდულაშვილი
მარინა ურდულაშვილი

- ქალბატონო მარინა, მუსიკასთან, სიმღერასთან ურთიერთობა ალბათ თქვენ შემთხვევაშიც ბავშვობაში დაიწყო...

- სიმღერა ჩემი განუყოფელი ნაწილია, ის დაბადებიდან მომყვება. ახლაც ჩამესმის დედის იავნანა. მუსიკის ჯადოსნურ სამყაროს ადრეული ასაკიდან ვეზიარე. პირველად სამი წლის ასაკში ამიყვანეს სცენაზე და მას შემდეგ სულ ერთად ვართ მე და მუსიკა.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- როგორც მივხვდი, სიმღერა დედამ შეგაყვარათ...

- დიახ, სიმღერა დედამ მასწავლა და შემაყვარა. ვიზრდებოდი მუსიკალურ ოჯახში, სადაც ხელოვნება ძალიან უყვარდათ. დედაც მღეროდა და ბებიაც, თუმცა პროფესიონალი მუსიკოსი არც ერთი არ ყოფილა. დედა მღეროდა საგარეჯოს ფოლკლორულ ანსამბლში, რომელსაც ბატონი ვანო მჭედლიშვილი ხელმძღვანელობდა, როგორც ჩანს, ასეთმა გარემოებებმა ჩემზეც დიდი გავლენა იქონია.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- რომელი სკოლა დაამთავრეთ და თქვენი მუსიკის მასწავლებელი როგორ გახსენდებათ?

- ექვსი წლის ასაკში შევედი საგარეჯოს სამუსიკო სკოლაში საფორტეპიანო განყოფილებაზე. ჩემი მასწავლებელი ქალბატონი მთვარისა ქარუმიძე იყო. სწორედ მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ დღეს მუსიკოსი ვარ. მახსოვს ძალიან დიდი შრომა, ბევრი გაკვეთილი და ასევე ბევრი წარმატებული პროექტი – ასეთი იყო ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები. მშობლიურ ქალაქში უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავბრუნდი. რადგან ბავშვობიდან ვიყავი აქტიური ცხოვრებით დაკავებული, ქალაქის შემოქმედებით საქმიანობაშიც აქტიურად ჩავერთე.

მარინა ურდულაშვილი
მარინა ურდულაშვილი

- დღეს თავად ასწავლით საგარეჯოში მუსიკას ბავშვებს, რას წარმოადგენს მუსიკალური სტუდია „მი-რე-ლა“?

- უკვე 30 წელია, რაც საგარეჯოს სამუსიკო სკოლაში ვმუშაობ ფორტეპიანოს პედაგოგად. როცა დავინახე რამდენად დიდი იყო ადგილობრივების სურვილი მუსიკალური განათლების მიღებისა, ხელოვნების სკოლის დაარსება გადავწყვიტე. მინდოდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებისთვის გამეზიარებინა. თავდაპირველად რამდენიმე მოსწავლე მყავდა, მერე მათი რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა. დღეს საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანებაში ვხელმძღვანელობ ბავშვთა ვოკალურ სტუდიას „მი-რე-ლა“. ამ სტუდიაში ბავშვის მოყვანა სამი წლის ასაკიდან შეიძლება. ბავშვები აქ მარტო სიმღერას კი არ შეისწავლიან, მეტყველების კულტურასაც დაეუფლებიან...

მარინა ურდულაშვილი
მარინა ურდულაშვილი

- როგორ შევაყვაროთ ბავშვებს მუსიკა, როგორია თქვენეული მეთოდი?

- ყველა მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. მუსიკა მათი ყოველდღიურობა უნდა გავხადოთ. ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ. ბავშვი პირველივე გაკვეთილიდან ხდება შენი გემოვნების, კულტურის ნაწილი. ანუ ის, რაც შენშია, უკვე მისიცაა. როგორ შევაყვაროთ მუსიკა? - უნდა შევუქმნათ მუსიკალური გარემო, ხშირად მოვასმენინოთ სხვადასხვა ჟანრის მუსიკა, ვესაუბროთ მასზე. ეს ყველაფერი კი ადრეული ასაკიდან, 2-3 წლიდან უნდა დაიწყოს. მათ აღზრდაში მუსიკალური გარემო მნიშვნელოვანია.

მარინა ურდულაშვილი მოსწავლეებთან ერთად
მარინა ურდულაშვილი მოსწავლეებთან ერთად

- ვიცი, რომ ხელოვნებამ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან დაგაკავშირათ...

- დიახ, ხელოვნებამ ბევრ ცნობილ მუსიკოსს დამაკავშირა, მათ შორის არიან: ნანი ბრეგვაძე, ნუნუ გაბუნია, მარიკა კვალიაშვილი, ნუცა ჯანელიძე, მაია ბარათაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე. არასოდეს დამავიწყდება ქალბატონ ნანისთან შეხვედრა. რა დამავიწყებს იმ დღეს, როცა მსოფლიო დონის ეს მომღერალი საგარეჯოში, სტუდიის ბავშვებთან შესახვედრად ჩამოვიდა.

მარინა ურდულაშვილი მოსწავლეებთან ერთად
მარინა ურდულაშვილი მოსწავლეებთან ერთად

- როგორი ადამიანი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?

- კარგი მასწავლებელი სიკეთით და სიყვარულით სავსე, გულისხმიერი და მზრუნველი ადამიანი უნდა იყოს. თუკი რამ პროფესიული უნარ-ჩვევა გაგაჩნია, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ბავშვზეც აისახება, ამიტომაა ჩემი საქმიანობა უზარმაზარი პასუხისმგებლობა.

მარინა ურდულაშვილი
მარინა ურდულაშვილი

- ყველაზე დიდ წარმატებად რა მიგაჩნიათ?

- სტუდია, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ, რომლის შექმნაზე სულ ვოცნებობდი. ესაა ჩემი ყველაზე დიდი წარმატება. ამის შემდეგ იყო უამრავი პროექტი, საერთაშორისო კონკურსი, სატელევიზიო გადაცემა და წარმატება. ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი საოცრად სუფთა და ხალასია, ამიტომაც აქ სიხარულით მოდიან ნიჭიერი ახალგაზრდები.

მარინა ურდულაშვილი მოსწავლეებთან ერთად
მარინა ურდულაშვილი მოსწავლეებთან ერთად

- სამშობლოს ცნება როდის გაჩნდა თქვენში ყველაზე მძაფრად?

- სამშობლოს ცნება ყველაზე მტკივნეულად ცხრა აპრილის შემდეგ განვიცადე. ჩემი ეს ლექსიც იმ განცდაზეა:

სამშობლო ჩემო, როგორ დაგჩეხეს,

მე შენი ყველა მტკაველი მტკივა...

ათწლეულების დღე ნაქარალი.

ო, დღესაც როგორ სასტიკად ცივა.

თავისუფლების წყურვილი, ჟინი -

ყმაწვილკაცთ რიგებს არ უჩანს ბოლო...

მოლაღურების ჟივჟივი მაშინ

ნახანძრალ თბილისს შემორჩა მხოლოდ.

როგორ მაშინებს მე ეს სიჩუმე,

დადუმებული მიწის სურნელი...

ყველა ქვა მტკივა და ნასახლარი,

შენს გაზაფხულებს, ო, როგორ ველი...

სამშობლო ჩემო, ისევ დაგჩეხეს,

წამოგახურეს შავი ნაბდები,

მაგრამ ვიცი, რომ ათასწლის მერეც

ატმის კვირტებად აბრიალდები...

კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილთან ერთად
კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილთან ერთად

- თქვენი ლექსების კრებული თუ არის გამოცემული?

- სხვათა შორის, ჩემი ლექსების კრებული ახლახან სრულიად მოულოდნელად ერთმა ახალგაზრდა გოგონამ მომართვა საჩუქრად. ეს იყო საოცარი დღე ჩემს ცხოვრებაში...

მარინა ურდულაშვილი ქალიშვილთან ერთად
მარინა ურდულაშვილი ქალიშვილთან ერთად

- რა არის პოეტ მარინა ურდულაშვილის მთავარი სათქმელი?

- ჩემი მთავარი სათქმელი ასეთია: არასოდეს დაკარგო იმედი! სამყაროს ადამიანები ალამაზებენ და ჩვენ ერთმანეთს უნდა გავულამაზოთ ცხოვრება. ერთმანეთის სიყვარულით სამყაროში ყველაფერს შევძლებთ და მერე ყველაფერი ლამაზად მოგვეჩვენება...

 

242