თევზები ლაგუნაში

თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე ზოგადი დახასიათება

142
(განახლებულია 10:11 20.02.2021)
თევზები მეოცნებე, კაშკაშა, მგრძნობიარე, საკუთარ ილუზიებში მცხოვრები ადამიანები არიან. ხშირად ინტუიციით მოქმედებენ. უყვართ ყველაფერი ლამაზი, ერკვევიან მოდაში, დახვეწილად აღიქვამენ ხელოვნებას.

თევზები ასტროლოგიური ზოდიაქოს წრის ბოლო, მე–12 ნიშანია. ისინი ზოდიაქოს თანავარსკვლავედის ერთ–ერთი ყველაზე წინააღმდეგობებით სავსე წარმომადგენლები არიან. მათი ბუნების ცვალებადობასა და არასტაბილურობას წყლის სტიქია განაპირობებს. თევზების თანავარსკვლავედი ერთდროულად მართავს იუპიტერსა და ნეპტუნს და სწორედ ამიტომ ამ ნიშანს ორმაგი ხასიათი ბავშვობიდან ახასიათებს. ამ ნიშნის წარმომადგენლები, უმეტესად, დინებას მიჰყვებიან, არ არიან ჩვეულნი, რამე შეცვალონ ცხოვრებაში და იშვიათად ეწინააღმდეგებიან ვითარებებს.

2021 წლის ჰოროსკოპი: თევზები – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

თევზები მეოცნებე, საკუთარ ილუზიებში მცხოვრები ადამიანები არიან. ისინი ძალზე ფაქიზად გრძნობენ მუსიკას, შეუძლიათ თავი მსხვერპლად გაიღონ და ხშირად ინტუიციით მოქმედებენ. თუ სიყვარულსა და მხარდაჭერას არ გრძნობენ, თევზები საკუთარ თავში იკეტებიან და შეიძლება, მძიმე დეპრესიაც დაემართოთ. კარგი იქნება, თუ თევზები თავიანთი თავის რეალიზებას მოახდენენ მუსიკაში, სამსახიობო ხელოვნებაში, მასწავლებლობაში; ხელმძღვანელი პოზიციები და პასუხისმგებლობა მათთვის ხშირად მძიმეა და არაბუნებრივი.

თევზები, როგორც ზოდიაქოს ბოლო ნიშანი, სხვა ნიშნების ერთგვარი სარკე არიან, იღებენ როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებებს. ისინი ისე, როგორც სხვა არც ერთი ნიშანი, ორ ტიპად იყოფიან – კაშკაშა, მგრძნობიარე, მეოცნებე, ნათელ ადამიანებად, რომლებიც მზად არიან ნამდვილი გმირობისთვის და მდაბალ ადამიანებად, რომლებიც პარაზიტულ ცხოვრებას ეწევიან და საკუთარი სისუსტეებით სპეკულირებენ.

თევზები მძიმედ აღიქვამენ კრიტიკას – მზად არიან, თავი მოიტყუონ და ინფორმაცია ისეთი ფორმით მიიღონ, რომ ფსიქიკა არ დაუზიანდეთ. თავად ასევე უყვართ სათქმელი ბოლომდე არ თქვან, რომ არ დაარღვიონ ჰარმონია, რომლისკენაც ისწრაფვიან მუდამ. საკუთარი სამყაროს ჰარმონიულად ორგანიზების სურვილში ისინი დიდ ყურადღებას იჩენენ ესთეტიკის მიმართ – უყვართ ლამაზი, ერკვევიან მოდაში, დახვეწილად აღიქვამენ ხელოვნებას და მიილტვიან ბუნებისკენ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ>>

თევზების ფლეგმატურობა, გულდახურულობა, ასევე ის, რომ არიან აბსოლუტური ინტროვერტები, ხშირად იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ნევრასთენია, დეპრესია, ალკოჰოლიზმი და ნარკომანია. მათი ზემგრძნობიარობა და სენტიმენტალობა ხშირად მომხიბლავად გამოიყურება, მაგრამ თავად თევზებისთვის დამღუპველია. მათი მთავარი პრობლემაა ნებისყოფის გამომუშავება და ბედის დარტყმების გამკლავება. ასევე, ქაოსის დროს შეუძლიათ, ფანატიკოსად იქცნენ, მათ შორის – რელიგიურ ფანატიკოსად და ასევე ოკულტურ მიმდინარეობასაც შეუერთდნენ.

მამაკაცი – თევზები

მამაკაცი თევზები იდეალისტები და მეოცნებეები არიან. მათი უმეტესობა მგრძნობიარე, მშვიდი და წყნარი ადამიანია, ეჭვებშია და განიცდის, რომ არ აქვს ცხოვრების მისწრაფება და ამ მისწრაფების ღირსეული რეალიზება. მეორე ნაწილი – რომელთაც გადალახეს მამაკაციური შიშები, იპოვეს ცხოვრების გზა, მაგრამ მაინც გარკვეულად დაუცველი და მგრძნობიარე დარჩა.

მამაკაცი თევზები, უმეტესად, ადამიანებთან ურთიერთობებს იოლად და კომფორტულად ამყარებენ. ამ ნიშნის მამაკაცებს თავაზიანობა და ტაქტი უფლებას არ აძლევს, გამოხატონ ღია აგრესია, რაც ხშირად მათი პრობლემაა. ისინი იკეტებიან თავიანთ ფიქრებში და თავიანთ წარუმატებლობებს ძლიერ განიცდიან, ამჟღავნებენ გაღიზიანებას. სულიერი ჭრილობები დიდხანს არ ხორცდება – უყვართ ტანჯულის როლში ყოფნა.

ზოდიაქოს სამი ნიშანი - სამი იდეალური პარტნიორი>>

მამაკაც თევზებს ადვილად უყვარდებათ, მტკიცე რომანტიკულ ურთიერთობებს ძნელად აწყობენ. მთავარი პრობლემა სიყვარულში – ესაა მიუღწეველი იდეალისკენ სწრაფვა და ურთიერთობები იმათთან, ვინც უფრო მკვეთრი ტემპერამენტით გამოირჩევა – მათ იტაცებთ მანკიერი, კაშკაშა ქალები, რომელთაც ეპატაჟური ქცევა სჩვევიათ.

ქალი თევზები

ქალი თევზები მომხიბლავი, ნატიფი და იდუმალი ქალბატონები არიან, რომლებიც მამაკაცებს თავიანთი დაუცველობით იზიდავენ. მათი ქალურობა და სისუსტე მათა მთავარი კოზირია, რაც მათ გარშემო იდუმალების ატმოსფეროს ქმნის.

ქალი თევზები არც კი ცდილობენ, საბედისწერო მაცდური ქალის როლი ითამაშონ, რადგან იციან, რომ მათი ხიბლი ბუნებრიობაშია, მორჩილებაშია. ზოგიერთი მამაკაცი უჩვეულოდ იდეალიზირებულს ხდის მათ სიკეთესა და მსხვერპლად თავშეწირვის თვისებას, ზოგს აღიზიანებს კაფიო ცხოვრებისეული პოზიციის არარსებობა. ამასთან, მორცხვი და რბილი ქალი თევზები ხანდახან შესაშურ პრაქტიკულობასა და ჯანსაღ აზრს იჩენენ. მათი გულის მოგება ადვილი არ არის და სწორედ გონება კარნახობს მათ, რომ ემოციებს არ აყვნენ.

ქალი თევზების ხასიათის ყველაზე ძლიერი თვისებაა ქალურობა და თავიანთი „საფირმო" თვისებების სწორად გამოყენების უნარი. მას ურჩევნია, არ ჩაერიოს ფინანსურ საკითხებში და ეს საკითხი მამაკაცს მიანდოს, თუმცა, სულ სხვაგვარია ის ნათესავებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობებში და ხშირად მათ პრობლემებს საკუთარ თავზე იღებს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

თევზების შეთავსება ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან

თევზებს კარგი ურთიერთობები აქვთ მშვიდ და პრაქტიკულ კუროებთან, მაგრამ კავშირი უფრო წარმატებული იქნება, თუ კურო მამაკაცია, ხოლო თევზები – ქალი. მეოცენებე კირჩხიბი თევზების ჰარმონიული თანამგზავრი იქნება, ხოლო გაწონასწორებული ქალწული – საიმედო და სტაბილური პარტნიორი.

ყველაზე კაშკაშა და საინტერესო კავშირია მორიელთან – თევზები აღფრთოვანებული იქნებიან საქმიანი პარტნიორით, რომელიც მათ თავისი მჩქეფარე ენერგიით არ დათრგუნავს.

თევზებს რთული ურთიერთობები აქვთ ცეცხლოვან ნიშნებთან – ვერძებთან, ტყუპებთან და ლომებთან. კატეგორიულად შეუძლებელია კავშირი სასწორებთან და მშვილდოსნებთან.

თევზების ნიშნით დაიბადნენ გამოჩენილი ადამიანები

სანდრო ბოტიჩელი, არტურ შოპენჰაუერი, იოჰან სებასტიან ბახი, ფრიდერიკ შოპენი, ანტონიო ვივალდი, ჯორჯ ვაშინგტონი, ალბერტ აინშტაინი, ელიზაბეტ ტეილორი, იური გაგარინი, შერონ სტოუნი, კურტ რასელი, დრიუ ბერიმორი, სინდი კროუფორდი, ბრიუს უილისი, ლუკ ბესონი, ლაიზა მინელი და სხვა.

142
ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული

მეტს სარგებელი არ მოაქვს: დადგინდა ხილ-ბოსტნეულის ყოველდღიური ეფექტური ულუფა

46
(განახლებულია 20:20 01.03.2021)
მასშტაბურმა ანალიზმა, რა დროსაც 2 მლნ ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, აჩვენა, რომ ამაზე მეტი დოზა არანაირ დამატებით სარგებელს არ იძლევა ჯანმრთელობისთვის.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის ადამიანმა დღეში ორი ულუფა ხილი და სამი ულუფა ბოსტნეული უნდა მიირთვას, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა კვლევა გამოქვეყნებულია ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის ჟურნალში Circulation.

როგორც ირკვევა, კვლევის ავტორებმა 1984–2014 წლებში ჩატარებული ორი კოჰორტული კვლევის მონაცემები გააანალიზეს, რომლებშიც 100 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. გარდა ამისა, მათ ასევე შეისწავლეს 29 ქვეყნიდან მიღებული მონაცემები ხილისა და ბოსტნეულის მოხმარებისა და ასევე სიკვდილიანობის შესახებ. საერთო ჯამში კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

ანალიზმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად ხილ–ბოსტნეულის ხუთი ულუფის (ორი ულუფა ხილი და სამი ულუფა ბოსტნეული) მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილიანობის რისკს. ამასთან გაირკვა ისიც, რომ ამ დოზის გაზრდას არანაირი დამატებითი სარგებელი არ მოჰქონდა.

„ეს კომბინაცია დიდ სარგებელს იძლევა სერიოზული ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკის თვალსაზრისით“, — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ჰარვადრის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი დონ ვანა.

ამასთან მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ყველა ხილი და ბოსტნეული თანაბრად სასარგებლო არ არის. მაგალითად, სახამებლის შემცველი ბოსტნეული, როგორებიცაა კარტოფილი, ბარდა და სიმინდი, ასევე ხილის წვენები არ ამცირებს ქრონიკული დაავადებებითა თუ სხვა მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობის რისკს. ამ მხრივ ყველაზე დიდი სარგებელი მოაქვს მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს: ისპანახს, სალათსა და კომბოსტოს, და ასევე ბეტა–კაროტინებისა და C ვიტამინის შემცველ სხვა ხილსა და ბოსტნეულს: ციტრუსებს, კენკროვნებსა და სტაფილოს.

46
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
გარდენია

მწვანე ბალახის სურნელი მესიზმრება...

2429
(განახლებულია 18:32 01.03.2021)
1 მარტი მებაღეებისთვის მეორე და, შესაძლოა, უფრო მთავარი „ახალი წელია“, ამიტომ ისინი ამ დღეს განსაკუთრებულად ხვდებიან და ამგვარ განწყობას ყვავილების საშუალებით დანარჩენებსაც უზიარებენ.

ამ დროს ხუდადოვზე არსებული თბილისის ედემის ბაღი – „გარდენია“ გამორჩეულად შემოსილი და საზეიმოა.

მისმა მთავარმა მებაღემ კარგად იცის, რომ აქ მოსულ სტუმარს მარტო მცენარეებს კი არა, მათთან ერთად განწყობასა და დამოკიდებულებასაც ატანს, ამიტომ აქ ყვავილებს, შეიძლება ითქვას, სხვა ფასად — „გაზაფხულის ფასად“ ჰყიდიან…

ალბათ სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ გახადა ეს ადგილი არა მარტო ყვავილების მოყვარულთათვის, ყველა ესთეტისთვისაც ასეთი ახლობელი და მშობლიური. ადგილი, სადაც ყველაფერი ბუნებრივია. ამიტომ, ზურა შევარდნაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „აქ შენც ნამდვილი ხარ და ვერ ითამაშებ“… 

გარდენია
„გარდენია“ ახალ სეზონს საზეიმოდ მორთული ეგებება

- ბატონო ზურა, როგორ ხვდება გაზაფხულს „გარდენია“?
— როგორც ყოველთვის. ყველა მებაღისთვის 1 მარტი არის ახალი წელი, როგორც ჩვენი ოჯახები და მეგობრების ოჯახები ხვდებიან ხოლმე ახალ წელს ახალი სურვილებით და იმის იმედით, რომ ეს წელი წინა წელს აჯობებს, სწორედ ასეთია ჩვენი განწყობაც თებერვლის ბოლოს. მართალია, ამ წუთებშიც ჯერ ისევ ვაწყობთ, ვალამაზებთ და ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენთან მოსულ სტუმრებს ღირსეულად შევხვდეთ, მაგრამ, მგონი, წლევანდელ წელს კარგი პირი უჩანს და ამიტომ ჩვენც იმედიანად ვართ.

გარდენია
ეს ულამაზესი კუთხე ბაღს გასულ წელს შეემატა და ვინც ნახვა ვერ მოასწარით - გირჩევთ, აუცილებლად ნახეთ!

- როგორც თავად ახსენეთ, ახალ წელს ყველა სიახლეს ელის და ალბათ თქვენ შემთხვევაშიც ასე იქნება?
— რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მოსაწყენი იქნებოდა, ყველაფერი ერთფეროვანი ყოფილიყო და ისეთივე, როგორიც წინა წელს იყო. ზამთარში მებაღეს ფიქრის დრო აქვს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს, იმაზე დაფიქრდეს, წინა წელს რა შეცდომები დაუშვა და თავისი სამუშაო უკეთესად როგორ უნდა შეასრულოს. გაზაფხულს ახალი იდეებით, ახალი შემართებით, ახალი მცენარეებით და ახალი კოლექციით უნდა შევხვდეთ. ჩვენ აღარ ვიზრდებით, სიფართესა და სიგანეში გაზრდას ვგულისხმობ, მაგრამ ჩვენ ვიზრდებით ხარისხით, ასორტიმენტით, ჩვენ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ვხვეწთ და ვყალიბდებით, სწორ მიმართულებებს ვიძენთ. წელს უფრო მეტ კმაყოფილ ადამიანს ვისურვებდი, მეტი სურვილი მე არ მაქვს.


კაფე გარდენიაში
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
კაფე "გარდენიაში"
- შესაბამისად, ალბათ, სტუმართა რაოდენობაც ყოველ წელს იმატებს?
— დიახ, მაგრამ სტუმართა რაოდენობის გაზრდა დიდ წარმატებას მაინცდამაინც არ ნიშნავს და წარმატება სტუმრის რაოდენობით არ განისაზღვრება. ჩვენ ძალიან ბევრი მადლიერი სტუმარი გვყავს და ჩემთვის ყველაზე დიდი ფასი და წონა იმ მადლობას აქვს, რომელსაც ადამიანები ჭიშკრიდან გასვლისას, დამშვიდობების დროს მეუბნებიან. აღფრთოვანებული სახეები, სატელეფონო ზარები, სადაც მადლობას მიხდიან — ეს ყველაფერი მომდევნო გაზაფხულისთვის ახალ ენერგიას, სტიმულს და ძალას გვაძლევს.

გარდენია
გარდენიას ახალი წლის პირველი მახარობლები

— ბატონო ზურა, მაინც რა არის თქვენი „გარდენიის“ წარმატების მიზეზი – ის, რომ პირველები ხართ ამ სფეროში, რომ აქ პროფესიონალები არიან დასაქმებული, თუ თქვენი, პიროვნული ფაქტორი და პოპულარობა?
— შეგახსენებთ, რომ ჩვენ პირველები არ ვართ, ამ სფეროში გარკვეული ტრადიცია ჩვენ უკვე დაგვხვდა. საქართველო ნიჭიერი ხალხით დასახლებული ქვეყანაა და ჩვენ პირველები არ ვყოფილვართ.

გარდენია
გაზაფხულის ფერები „გარდენიაში“

- თქვენსავით პოპულარული მარტო მიხეილ მამულაშვილი და მისი ცნობილი ბაღი მახსენდება…
— მიხეილ მამულაშვილი რომ არსებობს ჩვენს ისტორიაში, ეს ფაქტი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვთქვათ, ამ სფეროში პირველები ვართო. ის ბაღი იმ დროს ძალიან პოპულარული იყო და ამ ადამიანსაც დიდი შესაძლებლობები ჰქონდა. ჩვენ პირველები არ ვართ, მაგრამ ვთვლი, რომ წარმატებულები ნამდვილად ვართ. ჩვენი წარმატება არც სტუმრებისა და არც გაყიდული მცენარეების რაოდენობით არ განისაზღვრება. ჩემი აზრით, ჩვენი პოპულარობისა და წარმატების მიზეზი ის არის, რომ ჩვენთან განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობა. ჩვენ არ ვართ იმაზე ორიენტირებული, რაც შეიძლება მეტი ყვავილი წაიღონ ჩვენგან, პირიქით, მეც და ჩვენს თანამშრომლებსაც ძალიან გვტკივა, როცა მცენარეები მიაქვთ.

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- ეს ხომ საქმისადმი არაკომერციული დამოკიდებულებაა?!
— გეთანხმებით, ეს მართლაც არაკომერციული დამოკიდებულებაა, რადგან ჩვენ მარტო მცენარეებს არ ვატანთ ადამიანებს, მათთან ერთად განწყობასა და დამოკიდებულებას, ემოციას ვატანთ და მცენარეს სხვა ფასად ვაძლევთ. მე მგონი, ჩვენი წარმატების გასაღებიც ამაშია. ჩვენი ბაღი არ არის მარტო პატარა სანერგე, სადაც მცენარეები გამოჰყავთ. ჩვენ ადამიანებს იმის პატარა მაგალითს ვაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა საქმე მთელი გულით გააკეთოს…

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება


- როგორ ფიქრობთ, ყვავილებთან დამოკიდებულებაში თუ იცნობა ადამიანის ბუნება?
— კი, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილად, ჩვენ პატარა ფსიქოლოგებიც ვართ და ამის პრეტენზიაც გვაქვს. არც ისეა საქმე, რომ მარტო მცენარეებში ვერკვევით. ჩვენთან მოსულ იმდენ სხვადასხვა ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა, რომ ნელ-ნელა მათი მოსმენაც ვისწავლეთ და მათი პრობლემების გაგებაც. საერთოდ, მებაღეები პირველები არიან, ვისაც ადამიანები საკუთარ ფიქრებს უზიარებენ. ჩვენ ხომ მებაღეები ვართ? ჩვენთან საუბარი ადვილია, ამიტომ ადამიანები საკუთარ ნამდვილ განცდებს არ გვიმალავენ და თამაშიც არ სჭირდებათ. ხშირად საკუთარ პრობლემებზე, განწყობებსა და ემოციებზე გვიყვებიან. ჩვენთვის ადამიანის გაგება და შეცნობა ბევრად ადვილია, მცენარეებთან მიმართებაში ვგულისხმობ…

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- თქვენი ბავშვობის გაზაფხულს რომელი ყვავილის სურნელი ახლავს?
— ალბათ მწვანე, ხასხასა ბალახის სურნელი… გაზაფხული გურიაში ბევრად უფრო ადრე დგება, ვიდრე ჩვენთან, ხუდადოვის ქუჩაზე, ამიტომ იქაური განწყობა დღემდე მომყვება. როცა ადამიანი იგრძნობს, რომ დღე უფრო გრძელია, ვიდრე წინა კვირაში იყო, უკვე იმ დღეებიდან მიჩნდება ნოსტალგია იმ სურნელისა, რომელსაც ახალი ბალახი გამოსცემს. აი, ბალახზე რომ გაივლი და რომ გაიჭყლიტება — ეს სუნი მესიზმრება კიდეც…

ზურა შევარდნაძე
ზურა შევარდნაძე

- ახლა ცოტა სენტიმენტალურ განწყობაზე გადავედით და, ბუნებრივია, სწორედ ეს განწყობა მოაქვს ყვავილებთან და ყველაფერ ბუნებრივთან ჩვენს დამოკიდებულებას, ასეა?
— ასეა და სენტიმენტების გარეშე, აბა, ვინ ვართ? თუ ცოტა ნაღველი არ ახლავს თუნდაც გაზაფხულს, რა გაზაფხულია?! ამიტომ ეს გრძნობა საჭიროა. ახლა ამ წუთებში ჩვენ სტრესში ვართ, ამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ამდენი ადამიანი გველოდება, როდის გავხსნით ჭიშკარს… აქ ორი მომენტია: ერთი, რომ გვიხარია ამ ადამიანებთან ისევ შეხვედრა და, მეორე, გვინდა ისე დახვდეთ, რომ მათი მოლოდინი გავამართლოთ. ამისთვის კი ბევრი ენერგია, შრომა და ფიქრი გვჭირდება.

გარდენია
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია"

- საინტერესოა, ადამიანების მსგავსად რამდენ ყვავილს ცნობთ?
— უნივერსიტეტში ერთი არაჩვეულებრივი ლექტორი, პროფესორი შურა ერქომაიშვილი მყავდა და ის ასე გვეუბნებოდა, თუ 2000 მცენარეს თავისი ლათინური სახელითა და გვარით ვერ სცნობ, მაშინ არ შეიძლება ბოტანიკოსობაზე გქონდეს პრეტენზიაო. მე სანამ მებაღე გავხდებოდი, ბოტანიკოსი ვიყავი, ამიტომ საშუალო ბოტანიკოსობაზე პრეტენზია მაინც მაქვს, თუ ამას სამებაღეო განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებასაც დავამატებთ, მაშინ 2000 ყვავილის ამოცნობა ნამდვილად შემიძლია.
- თქვენი ცხოვრების გერმანულმა პერიოდმა რა შეცვალა თქვენში?
— სისტემაში მოყვანის ცოდნა–გამოცდილება მიმაღებინა. ის მასწავლა, რომ შენი ცხოვრების ერთ დღეს, ერთ კვირას, ერთ გაზაფხულს, ან ერთ წელსა და სეზონს უნდა უყურო. ბაღს უყურო როგორც არა კონკრეტულად ერთ შესასრულებელ სამუშაოს, არამედ უყურო როგორც სისტემას, ზუსტად განსაზღვრო საქმე რითი უნდა დაიწყო, როგორ უნდა განვითარდეს და როგორ უნდა დასრულდეს.
- ანუ, ზემოთ რომ ვახსენეთ, ის სენტიმენტები მოაწესრიგა?
— დიახ, ჩემი სენტიმენტები დააცხრო. გერმანიაში მას ნაკლებად სცნობენ და ემოციების ხარჯვით დიდად თავს არ იწუხებენ. უფრო საქმით არიან დაკავებული, ამიტომ იქ მიღებულმა განათლებამ ჩემი რომანტიკული ბუნება ცოტა გააწონასწორა.

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexancer Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- ამბობენ, ყვავილებს უყვართ, როცა მათ ელაპარაკებიანო, თქვენ ელაპარაკებით მათ?
— იცით, აქ ლაპარაკი, ალბათ, გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება, თორემ ვის სცალია, რომ, მაგალითად, იაპონური კომშის ბუჩქებს ელაპარაკოს?! ლაპარაკი ჩემ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ გაიგო, ის რას გეუბნება. ყვავილი ხომ შენ ტყვეობაშია, შენ ბაღშია, ქოთანშია მოქცეული, ამიტომ ბევრი რამ აწუხებს და თავს ლაღად ვერ გრძნობს. შესაბამისად, უნდა გესმოდეს, რას გეტყვის ის შენ. მაგალითად, გეუბნება: მწყურია, მცივა, ახლა მზე მჭირდება, ახლა ქარი მიბერავს და აქ ვერ ვგრძნობ თავს კარგადო. ან კიდევ: ბევრი წყალი მოგივიდა და არ მომწონს, ვიხრჩობიო. თუ ამის მოსმენას შეძლებ, ჩათვალე, რომ ისინი გელაპარაკებიან და შენც შენი მოქმედებით მათ პასუხობ. ანუ, ყველაფერს აკეთებ, რომ მათ უკეთესად იგრძნონ თავი. ეს უკვე მათთან მეტყველებასა და საუბარს ნიშნავს.

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- საერთოდ, ადამიანებს ქვეცნობიერად ყვავილებთან თუ აიგივებთ ხოლმე?
— რა თქმა უნდა. მცენარეები ცოცხალი ორგანიზმები არიან, მაგრამ იმის არ მჯერა, რომ მათ ნერვული სისტემა აქვთ და სტკივათ. თუმცა ადამიანის ცხოვრებას თავისი სასიცოცხლო ციკლით ძალიან ჰგვანან. მცენარე ითესება, შემდეგ ეს თესლი ღვივდება, გაღვივებული თესლიდან აღმოცენდება, სავეგეტაციო ორგანოებს ივითარებს, შემდეგ ყვავის და ესაა ყველაზე საუკეთესო პერიოდი, რაც კი შეიძლება მცენარის ცხოვრებაში არსებობდეს. და როცა ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, აყვავდება! ის მაშინ ყველაზე კარგი სანახავია. შემდეგ დაიყვავილებს – ამ დროს უკვე ცუდი შესახედია, იმიტომ რომ მთელი ენერგია ამ ყვავილობას მოახმარა და მერე დაღმა სვლას იწყებს. ბოლოს გამომშრალი, გამოწურული, დახარჯული, დაუძლურებული კვდება… და ამიტომ ეს მებაღისთვის ნათლად დასანახი ამბავია. ამიტომ ეს სასიცოცხლო ციკლი და თანმიმდევრობა, როგორც ადამიანების შემთხვევაში, ყვავილებშიც დაცულია. ოღონდ დამატებით ჩვენ ვმღერით, ვცეკვავთ და სხვა ისეთ რამესაც ვაკეთებთ, რაც მცენარეებს არ შეუძლიათ.


- ბატონო ზურა, ამ გაზაფხულის პირს თქვენი ედემიდან დეპრესიულ ქართველებს რას ეტყოდით?
— არ არიან ქართველები დეპრესიულები! ეს უბრალოდ მოდაა ახლა ასეთი, რომ იძახონ დეპრესია გვჭირსო! მე დეპრესიულ ქართველს არ ვიცნობ და თუ სადმეა, მას ასე ვეტყოდი: გარეთ გამოდით! მზიანი დღეები და გაზაფხულია! არ შეიძლება ამ დროს სახლში იჯდე! უფულოდაც შეიძლება გარეთ გამოსვლა, გავლა–გამოვლა, ის, რომ თვალს წყალი დაალევინო, შეიგრძნო გაზაფხულის სურნელი. ამას რომ დააკლდე – ეს ხომ საცოდაობაა?!.

2429
თორნიკე ყიფიანი

„ევროვიზია 2021“-ზე თორნიკე ყიფიანი საკუთარი სიმღერით წარდგება

0
„ევროვიზია 2021“-ის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს, კონკურსის ფინალი კი 22 მაისს გაიმართება. საქართველო „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. „ევროვიზია 2021“-ზე საქართველოს წარმომადგენელი, მომღერალი თორნიკე ყიფიანი წარდგება სიმღერით You („შენ“), ნათქვამია Eurovision Georgia-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს - როკს, პოპ-როკს და ბლუზ-როკს.

სიმღერის არანჟირება „ბრავო რეკორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკე ყიფიანთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა.

სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა. მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა.

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა მარიამ ალექსიძემ დადგა და ვიდეორგოლში მისი დასი მონაწილეობს. კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის. სიმღერის პრემიერა მარტის შუა რიცხვებში შედგება.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტი იმუშავებს. ემილია არის საშა ჟან ბაპტისტის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. მას აქვს ნამუშევარი შვედურ Pop Idol-ზე და შვედეთის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე Melodifestivalen-ზე.

2020 წელს თორნიკე ყიფიანი კონკურსზე უნდა გამოსულიყო სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“), მაგრამ პანდემიის გამო ღონისძიება გადაიდო.

„ევროვიზია 2021“-ის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს, კონკურსის ფინალი კი 22 მაისს გაიმართება. საქართველო „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

წლევანდელი ევროვიზია შეიძლება ცარიელ დარბაზში, მაყურებლის გარეშე ჩატარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, განიხილება „ევროვიზიის“ ჩატარების სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტის მიხედვით, კონკურსი როტერდამის საკონცერტო დარბაზ Ahoy Arena-ში შეიძლება ჩატარდეს სოციალური დისტანციისა და სხვა მკაცრი ჰიგიენური ზომების დაცვით. მეორე სცენარი ითვალისწინებს კონკურსის ჩატარებას მონაწილეების ადგილზე ჩასვლის გარეშე. მათი გამოსვლები ონლაინ–რეჟიმში იქნება ადგილებიდან ტრანსლირებული. მესამე სცენარი კი კონკურსის სრულად ონლაინ–რეჟიმში გამართვას მოიაზრებს.

ეპიდვითარების გათვალისწინებით, კონკურსის საბოლოო ფორმატზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

0