თბილისი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 თებერვალი

2443
(განახლებულია 10:15 16.02.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 16 თებერვალია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

ემოციებით დატვირთული დღეა. ზომიერების გრძნობის გარდა ყველა სხვა დანარჩენი ნებისმიერი გრძნობა უკიდურესად დაჭიმული იქნება. თუ გსურთ, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ და წარმატებას მიაღწიოთ, მოკრძალება და სიმორცხვე გვერდზე უნდა გაწიოთ. არ შეუშინდეთ თავის თამამად და მტკიცედ წარმოჩენას და არ დააკნინოთ თქვენი დამსახურებები. ცოტა ტრაბახიც შეიძლება, ვიდრე გაჩუმება საკუთარ მიღწევებზე და უჩინმაჩინად ქცევა.

დაბადების დღე და მისი გავლენა ქალის ხასიათზე>>

ვერძი: ორმაგად განუმეორებელი იქნებით – პირველ რიგში, საკუთარ თვალში და მეორეც – გარშემომყოფების თვალში, რომლებსაც თქვენი საოცარი თავდაჯერებულობა „გადაედებათ“. ქარიზმა დაგეხმარებათ სამუშაოზეც, სახლშიც და ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობებში. მთავარია, არ „გადაამლაშოთ“ – თუ ირგვლივ მყოფებმა დაინახეს, რომ მათ ზემოდან უყურებთ, თქვენი უპირატესობა ღრუბელივით გაიფანტება და უპატიებელ ნაკლად იქცევა.

კურო: დღეს განსაკუთრებული მაგნეტიზმი გექნებათ და რომ არ გინდოდეთ კიდეც, გარშემომყოფების ყურადღებას მიიქცევთ. ამისთვის არ დაგჭირდებათ რამე განსაკუთრებულის თქმა ან გაკეთება – არანაიკლებ დამაინტრიგებელი იქნება თქვენი დუმილიც. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს სათავისოდ გამოიყენოთ – გააბით ნაცნობობა საჭირო ადამიანებთან, უზრუნველყავით მხარდაჭერა რამე მნიშვნელოვან საქმეში, ან, უბრალოდ, თქვენი უბადლო ღიმილით დაახვიეთ ვინმეს თავბრუ.

ტყუპი: თქვენი ტვინი გახსნილია ახალი იდეებისთვის, ხოლო გული – ექსტრემალური ემოციებისთვის. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გახვიდეთ ჩვეული „კომფორტის ზონიდან“ და რამე ახალი და მწვავე სცადოთ. არაფერი ისე არ „აგიდუღებთ“ სისხლს, როგორც ჩვეულისა და უჩვეულოს, დასაშვებისა და დაუშვებლის ზღვარზე ბალანსის დაცვა. ფლირტი უცნობთან, მოულოდნელი წინადადება, ექსტრემალური სპორტი – რატომაც არა? რაც აკრძალული არაა, შეიძლება ღირდეს კიდეც, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც სცადოთ.

კირჩხიბი: მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა და უკმაყოფილება შეიძლება დაგიგროვდეთ. გარშემომყოფები თავიანთი არაორგანიზებულობით გამოგიყვანენს მწყობრიდან, ხოლო მოვლენების განვითარება ზოგჯერ ხელიდან დაგისხლტებათ. ამასთან, სავალდებულოა არაა, ამან რამე ზიანი მოგაყენოთ, უბრალოდ, ის ფაქტიც კი გაგაღიზიანებთ, რომ რაღაც არასწორად, გეგმის მიხედვით არ მიდის. დაძაბულობის განმუხტვა მხოლოდ მძლავს ემოციურ „აფეთქებას“ შეუძლია – ექნება ეს ბანალური მრისხანება თუ სასიყვარულო ვნებების „ამოფრქვევა“.

ლომი: დღეს თქვენი ყველა კარგი აზრი და პროექტი სხვა ადამიანებთან იქნება დაკავშირებული. უნდა იყოთ მოვლენების ეპიცენტრში, იგებდეთ ყვენაიარ ჭორს – ესაა თქვენი წარმატების გარანტი. სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ მომატებული კომუნიკაბელურობის, ენერგიულობისა და განუმეორებლობის წყალობით საკმაოდ სასარგებლო ნაცნობობა გააბათ. ასევე შეგიძლიათ ეს თვისებები რომანტიკული კუთხით გამოიყენოთ და მოაჯადოვოთ ის ადამიანი, რომლითაც დაინტერესებული ხართ.

ქალწული: სიფრთხილე გმართებთ – შესაძლებელია ღია კონფლიქტი. იქნებით საბრძოლო განწყობით, ამავე დროს, ნერვული და რეაქცია გექნებათ ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება. ამის გამო გარშემომყოფებთან ურთიერთობებში შეიძლება „გაიელვოს“ კიდეც და აქედან „მეხის ჩამოვარდნამდე“ სულ ერთი ნაბიჯია. რომ არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ, საჭიროა, რომ ენერგია რამე სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ. ასეთ შემთხვევაში ჩხუბისთვის აღარ გეცლებათ.

სასწორი: დღეს განწყობა ცვალებადი გექნებათ. ერთმანეთს ჩაანაცვლებს მრისხანება, სიხარული, ნაღველი, გულგრილობა, კეთილგანწყობა, მოულოდნელი სიმპათია – ემოციების ნებისმიერი ელფერი საოცარი სისწრაფით შეიძლება შეიცვალოს. ზოგიერთი გარე მოვლენების გამო შეიცვლება, ზოგი პირადი განცდების გამო. საკუთარი გრძნობების ხელში „დამყოლი თოჯინა“ რომ არ აღმოჩნდეთ, უნდა გააკონტროლოთ ემოციები, ან ეცადოთ მაინც.

მორიელი: მთელი დღე შეიძლება რაღაც წვრილმანებზე დაკარგოთ, თუმცა ეს თქვენთვის წვრილმანები არ იქნება. ნებისმიერი ქმედება ან სიტყვა გადაჭარბებულად მნიშვნელოვანი მოგეჩვენებათ, ანუ ბუზის ნაცვლად სპილოს დაინახავთ. ეს სამუშაოს თვალსაზრისით ცუდი არაა, თუმცა ურთიერთობებში თქვენს ეგზალტირებულ მდგომარეობას გარშემომყოფების მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია. ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ, სხვა შემთხვევაში ემოციებმა შეიძლება შიგნიდან „აგაფეთქოთ“.

მშვილდოსანი: იყავით მზად იმისთვის, რომ დღეს გარშემომყოფები დიდ ყურადღებას მოგაქცევენ. ამ ადამიანებს შორის ძალზე მნიშვნელოვანი პერსონებიც შეიძლება იყვნენ, რომლებზეც თქვენი ცხოვრება და კარიერა ბევრად არის დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, დღეს უნდა ეცადოთ, რომ თავი განსაკუთრებულად კარგად წარმოაჩინოთ. თუ არ გამოგივიდათ, რა ბედენაა, მთავარია, იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული და ეს თავდაჯერებულობა გარშემომყოფებს აუცილებლად გადაედება.

თხის რქა: დღეს თავშეკავება გმართებთ, რათა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში ზედმეტი არ მოგივიდეთ. დღეს „ფეთქებად“ ხასიათზე ხართ და გამძაფრებული გაქვთ პატივმოყვარეობა. ამის გამო კონფლიქტი შეიძლება იქ დაინახოთ, სადაც ამის ნატამალიც კი არაა. ხოლო სადაც არის, მას ძალიან გააზვიადებთ. უნარი, რომ „დაარტყათ“ ყველაზე მტკივნეულ ადგილებში, სათანადო სიმაღლეზე გაქვთ. მაგრამ დგება კითხვა – მოგიტანთ ასეთი გამარჯვება კმაყოფილებას? დიდი ალბათობით, არა. ამიტომ იქნებ, არ ღირს ომის წამოწყება?

მერწყული: დღეს დაუოკებელი ლტოლვა შეიძლება გაგიჩნდეთ ყველაფერი ახლისადმი. ჩვეული რაღაცები საშინელ მოწყენილობას გამოიწვევს თქვენში, ხოლო სიახლეები – ახალი ადგილები, ცოდნა, ადამიანები – საოცარ ინტერესს. ასეთი სწრაფვა რომ დაიკმაყოფილოთ, დღეს ჩვეულ ჩარჩოებს რაღაცაში მაინც უნდა გასცდეთ. თუნდაც ეს ახალ ქუჩაზე გასეირნება იყოს, ახალი წიგნი ან კერძი, რომელიც აქამდე არ გაგისინჯავთ. შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

თევზები: დღეს თქვენში ნამდვილი ფულის მფლანგველი გაიღვიძებს. თუნდაც ჩვეულებრივ ფულს ყოველთვის ფრთხილად ხარჯავდეთ, თქვენი ეკონომიურობა სადღაც გაქრება და მის ადგილზე არაგონივრული მხარჯველი გამოჩნდება. განსაკუთრებით გულუხვი იქნებით თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ. მათ, უბრალოდ, უარს ვერაფერზე ეუბნებით. და რატომაც არა? ხანდახან ხომ შეიძლება ასეთ უზრუნველ განწყობას აჰყვეთ? ქამრის შემოჭერას მერეც შეიძლება. დღეს შეგიძლიათ გულის კარნახს მიჰყვეთ, მაგრამ მაინც – გონივრულობის ფარგლებში.

2443
ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული

მეტს სარგებელი არ მოაქვს: დადგინდა ხილ-ბოსტნეულის ყოველდღიური ეფექტური ულუფა

79
(განახლებულია 20:20 01.03.2021)
მასშტაბურმა ანალიზმა, რა დროსაც 2 მლნ ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, აჩვენა, რომ ამაზე მეტი დოზა არანაირ დამატებით სარგებელს არ იძლევა ჯანმრთელობისთვის.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის ადამიანმა დღეში ორი ულუფა ხილი და სამი ულუფა ბოსტნეული უნდა მიირთვას, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა კვლევა გამოქვეყნებულია ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის ჟურნალში Circulation.

როგორც ირკვევა, კვლევის ავტორებმა 1984–2014 წლებში ჩატარებული ორი კოჰორტული კვლევის მონაცემები გააანალიზეს, რომლებშიც 100 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. გარდა ამისა, მათ ასევე შეისწავლეს 29 ქვეყნიდან მიღებული მონაცემები ხილისა და ბოსტნეულის მოხმარებისა და ასევე სიკვდილიანობის შესახებ. საერთო ჯამში კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

ანალიზმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად ხილ–ბოსტნეულის ხუთი ულუფის (ორი ულუფა ხილი და სამი ულუფა ბოსტნეული) მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილიანობის რისკს. ამასთან გაირკვა ისიც, რომ ამ დოზის გაზრდას არანაირი დამატებითი სარგებელი არ მოჰქონდა.

„ეს კომბინაცია დიდ სარგებელს იძლევა სერიოზული ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკის თვალსაზრისით“, — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ჰარვადრის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი დონ ვანა.

ამასთან მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ყველა ხილი და ბოსტნეული თანაბრად სასარგებლო არ არის. მაგალითად, სახამებლის შემცველი ბოსტნეული, როგორებიცაა კარტოფილი, ბარდა და სიმინდი, ასევე ხილის წვენები არ ამცირებს ქრონიკული დაავადებებითა თუ სხვა მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობის რისკს. ამ მხრივ ყველაზე დიდი სარგებელი მოაქვს მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს: ისპანახს, სალათსა და კომბოსტოს, და ასევე ბეტა–კაროტინებისა და C ვიტამინის შემცველ სხვა ხილსა და ბოსტნეულს: ციტრუსებს, კენკროვნებსა და სტაფილოს.

79
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
გარდენია

მწვანე ბალახის სურნელი მესიზმრება...

2441
(განახლებულია 18:32 01.03.2021)
1 მარტი მებაღეებისთვის მეორე და, შესაძლოა, უფრო მთავარი „ახალი წელია“, ამიტომ ისინი ამ დღეს განსაკუთრებულად ხვდებიან და ამგვარ განწყობას ყვავილების საშუალებით დანარჩენებსაც უზიარებენ.

ამ დროს ხუდადოვზე არსებული თბილისის ედემის ბაღი – „გარდენია“ გამორჩეულად შემოსილი და საზეიმოა.

მისმა მთავარმა მებაღემ კარგად იცის, რომ აქ მოსულ სტუმარს მარტო მცენარეებს კი არა, მათთან ერთად განწყობასა და დამოკიდებულებასაც ატანს, ამიტომ აქ ყვავილებს, შეიძლება ითქვას, სხვა ფასად — „გაზაფხულის ფასად“ ჰყიდიან…

ალბათ სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ გახადა ეს ადგილი არა მარტო ყვავილების მოყვარულთათვის, ყველა ესთეტისთვისაც ასეთი ახლობელი და მშობლიური. ადგილი, სადაც ყველაფერი ბუნებრივია. ამიტომ, ზურა შევარდნაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „აქ შენც ნამდვილი ხარ და ვერ ითამაშებ“… 

გარდენია
„გარდენია“ ახალ სეზონს საზეიმოდ მორთული ეგებება

- ბატონო ზურა, როგორ ხვდება გაზაფხულს „გარდენია“?
— როგორც ყოველთვის. ყველა მებაღისთვის 1 მარტი არის ახალი წელი, როგორც ჩვენი ოჯახები და მეგობრების ოჯახები ხვდებიან ხოლმე ახალ წელს ახალი სურვილებით და იმის იმედით, რომ ეს წელი წინა წელს აჯობებს, სწორედ ასეთია ჩვენი განწყობაც თებერვლის ბოლოს. მართალია, ამ წუთებშიც ჯერ ისევ ვაწყობთ, ვალამაზებთ და ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენთან მოსულ სტუმრებს ღირსეულად შევხვდეთ, მაგრამ, მგონი, წლევანდელ წელს კარგი პირი უჩანს და ამიტომ ჩვენც იმედიანად ვართ.

გარდენია
ეს ულამაზესი კუთხე ბაღს გასულ წელს შეემატა და ვინც ნახვა ვერ მოასწარით - გირჩევთ, აუცილებლად ნახეთ!

- როგორც თავად ახსენეთ, ახალ წელს ყველა სიახლეს ელის და ალბათ თქვენ შემთხვევაშიც ასე იქნება?
— რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მოსაწყენი იქნებოდა, ყველაფერი ერთფეროვანი ყოფილიყო და ისეთივე, როგორიც წინა წელს იყო. ზამთარში მებაღეს ფიქრის დრო აქვს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს, იმაზე დაფიქრდეს, წინა წელს რა შეცდომები დაუშვა და თავისი სამუშაო უკეთესად როგორ უნდა შეასრულოს. გაზაფხულს ახალი იდეებით, ახალი შემართებით, ახალი მცენარეებით და ახალი კოლექციით უნდა შევხვდეთ. ჩვენ აღარ ვიზრდებით, სიფართესა და სიგანეში გაზრდას ვგულისხმობ, მაგრამ ჩვენ ვიზრდებით ხარისხით, ასორტიმენტით, ჩვენ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ვხვეწთ და ვყალიბდებით, სწორ მიმართულებებს ვიძენთ. წელს უფრო მეტ კმაყოფილ ადამიანს ვისურვებდი, მეტი სურვილი მე არ მაქვს.


კაფე გარდენიაში
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
კაფე "გარდენიაში"
- შესაბამისად, ალბათ, სტუმართა რაოდენობაც ყოველ წელს იმატებს?
— დიახ, მაგრამ სტუმართა რაოდენობის გაზრდა დიდ წარმატებას მაინცდამაინც არ ნიშნავს და წარმატება სტუმრის რაოდენობით არ განისაზღვრება. ჩვენ ძალიან ბევრი მადლიერი სტუმარი გვყავს და ჩემთვის ყველაზე დიდი ფასი და წონა იმ მადლობას აქვს, რომელსაც ადამიანები ჭიშკრიდან გასვლისას, დამშვიდობების დროს მეუბნებიან. აღფრთოვანებული სახეები, სატელეფონო ზარები, სადაც მადლობას მიხდიან — ეს ყველაფერი მომდევნო გაზაფხულისთვის ახალ ენერგიას, სტიმულს და ძალას გვაძლევს.

გარდენია
გარდენიას ახალი წლის პირველი მახარობლები

— ბატონო ზურა, მაინც რა არის თქვენი „გარდენიის“ წარმატების მიზეზი – ის, რომ პირველები ხართ ამ სფეროში, რომ აქ პროფესიონალები არიან დასაქმებული, თუ თქვენი, პიროვნული ფაქტორი და პოპულარობა?
— შეგახსენებთ, რომ ჩვენ პირველები არ ვართ, ამ სფეროში გარკვეული ტრადიცია ჩვენ უკვე დაგვხვდა. საქართველო ნიჭიერი ხალხით დასახლებული ქვეყანაა და ჩვენ პირველები არ ვყოფილვართ.

გარდენია
გაზაფხულის ფერები „გარდენიაში“

- თქვენსავით პოპულარული მარტო მიხეილ მამულაშვილი და მისი ცნობილი ბაღი მახსენდება…
— მიხეილ მამულაშვილი რომ არსებობს ჩვენს ისტორიაში, ეს ფაქტი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვთქვათ, ამ სფეროში პირველები ვართო. ის ბაღი იმ დროს ძალიან პოპულარული იყო და ამ ადამიანსაც დიდი შესაძლებლობები ჰქონდა. ჩვენ პირველები არ ვართ, მაგრამ ვთვლი, რომ წარმატებულები ნამდვილად ვართ. ჩვენი წარმატება არც სტუმრებისა და არც გაყიდული მცენარეების რაოდენობით არ განისაზღვრება. ჩემი აზრით, ჩვენი პოპულარობისა და წარმატების მიზეზი ის არის, რომ ჩვენთან განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობა. ჩვენ არ ვართ იმაზე ორიენტირებული, რაც შეიძლება მეტი ყვავილი წაიღონ ჩვენგან, პირიქით, მეც და ჩვენს თანამშრომლებსაც ძალიან გვტკივა, როცა მცენარეები მიაქვთ.

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- ეს ხომ საქმისადმი არაკომერციული დამოკიდებულებაა?!
— გეთანხმებით, ეს მართლაც არაკომერციული დამოკიდებულებაა, რადგან ჩვენ მარტო მცენარეებს არ ვატანთ ადამიანებს, მათთან ერთად განწყობასა და დამოკიდებულებას, ემოციას ვატანთ და მცენარეს სხვა ფასად ვაძლევთ. მე მგონი, ჩვენი წარმატების გასაღებიც ამაშია. ჩვენი ბაღი არ არის მარტო პატარა სანერგე, სადაც მცენარეები გამოჰყავთ. ჩვენ ადამიანებს იმის პატარა მაგალითს ვაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა საქმე მთელი გულით გააკეთოს…

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება


- როგორ ფიქრობთ, ყვავილებთან დამოკიდებულებაში თუ იცნობა ადამიანის ბუნება?
— კი, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილად, ჩვენ პატარა ფსიქოლოგებიც ვართ და ამის პრეტენზიაც გვაქვს. არც ისეა საქმე, რომ მარტო მცენარეებში ვერკვევით. ჩვენთან მოსულ იმდენ სხვადასხვა ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა, რომ ნელ-ნელა მათი მოსმენაც ვისწავლეთ და მათი პრობლემების გაგებაც. საერთოდ, მებაღეები პირველები არიან, ვისაც ადამიანები საკუთარ ფიქრებს უზიარებენ. ჩვენ ხომ მებაღეები ვართ? ჩვენთან საუბარი ადვილია, ამიტომ ადამიანები საკუთარ ნამდვილ განცდებს არ გვიმალავენ და თამაშიც არ სჭირდებათ. ხშირად საკუთარ პრობლემებზე, განწყობებსა და ემოციებზე გვიყვებიან. ჩვენთვის ადამიანის გაგება და შეცნობა ბევრად ადვილია, მცენარეებთან მიმართებაში ვგულისხმობ…

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- თქვენი ბავშვობის გაზაფხულს რომელი ყვავილის სურნელი ახლავს?
— ალბათ მწვანე, ხასხასა ბალახის სურნელი… გაზაფხული გურიაში ბევრად უფრო ადრე დგება, ვიდრე ჩვენთან, ხუდადოვის ქუჩაზე, ამიტომ იქაური განწყობა დღემდე მომყვება. როცა ადამიანი იგრძნობს, რომ დღე უფრო გრძელია, ვიდრე წინა კვირაში იყო, უკვე იმ დღეებიდან მიჩნდება ნოსტალგია იმ სურნელისა, რომელსაც ახალი ბალახი გამოსცემს. აი, ბალახზე რომ გაივლი და რომ გაიჭყლიტება — ეს სუნი მესიზმრება კიდეც…

ზურა შევარდნაძე
ზურა შევარდნაძე

- ახლა ცოტა სენტიმენტალურ განწყობაზე გადავედით და, ბუნებრივია, სწორედ ეს განწყობა მოაქვს ყვავილებთან და ყველაფერ ბუნებრივთან ჩვენს დამოკიდებულებას, ასეა?
— ასეა და სენტიმენტების გარეშე, აბა, ვინ ვართ? თუ ცოტა ნაღველი არ ახლავს თუნდაც გაზაფხულს, რა გაზაფხულია?! ამიტომ ეს გრძნობა საჭიროა. ახლა ამ წუთებში ჩვენ სტრესში ვართ, ამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ამდენი ადამიანი გველოდება, როდის გავხსნით ჭიშკარს… აქ ორი მომენტია: ერთი, რომ გვიხარია ამ ადამიანებთან ისევ შეხვედრა და, მეორე, გვინდა ისე დახვდეთ, რომ მათი მოლოდინი გავამართლოთ. ამისთვის კი ბევრი ენერგია, შრომა და ფიქრი გვჭირდება.

გარდენია
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია"

- საინტერესოა, ადამიანების მსგავსად რამდენ ყვავილს ცნობთ?
— უნივერსიტეტში ერთი არაჩვეულებრივი ლექტორი, პროფესორი შურა ერქომაიშვილი მყავდა და ის ასე გვეუბნებოდა, თუ 2000 მცენარეს თავისი ლათინური სახელითა და გვარით ვერ სცნობ, მაშინ არ შეიძლება ბოტანიკოსობაზე გქონდეს პრეტენზიაო. მე სანამ მებაღე გავხდებოდი, ბოტანიკოსი ვიყავი, ამიტომ საშუალო ბოტანიკოსობაზე პრეტენზია მაინც მაქვს, თუ ამას სამებაღეო განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებასაც დავამატებთ, მაშინ 2000 ყვავილის ამოცნობა ნამდვილად შემიძლია.
- თქვენი ცხოვრების გერმანულმა პერიოდმა რა შეცვალა თქვენში?
— სისტემაში მოყვანის ცოდნა–გამოცდილება მიმაღებინა. ის მასწავლა, რომ შენი ცხოვრების ერთ დღეს, ერთ კვირას, ერთ გაზაფხულს, ან ერთ წელსა და სეზონს უნდა უყურო. ბაღს უყურო როგორც არა კონკრეტულად ერთ შესასრულებელ სამუშაოს, არამედ უყურო როგორც სისტემას, ზუსტად განსაზღვრო საქმე რითი უნდა დაიწყო, როგორ უნდა განვითარდეს და როგორ უნდა დასრულდეს.
- ანუ, ზემოთ რომ ვახსენეთ, ის სენტიმენტები მოაწესრიგა?
— დიახ, ჩემი სენტიმენტები დააცხრო. გერმანიაში მას ნაკლებად სცნობენ და ემოციების ხარჯვით დიდად თავს არ იწუხებენ. უფრო საქმით არიან დაკავებული, ამიტომ იქ მიღებულმა განათლებამ ჩემი რომანტიკული ბუნება ცოტა გააწონასწორა.

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexancer Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- ამბობენ, ყვავილებს უყვართ, როცა მათ ელაპარაკებიანო, თქვენ ელაპარაკებით მათ?
— იცით, აქ ლაპარაკი, ალბათ, გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება, თორემ ვის სცალია, რომ, მაგალითად, იაპონური კომშის ბუჩქებს ელაპარაკოს?! ლაპარაკი ჩემ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ გაიგო, ის რას გეუბნება. ყვავილი ხომ შენ ტყვეობაშია, შენ ბაღშია, ქოთანშია მოქცეული, ამიტომ ბევრი რამ აწუხებს და თავს ლაღად ვერ გრძნობს. შესაბამისად, უნდა გესმოდეს, რას გეტყვის ის შენ. მაგალითად, გეუბნება: მწყურია, მცივა, ახლა მზე მჭირდება, ახლა ქარი მიბერავს და აქ ვერ ვგრძნობ თავს კარგადო. ან კიდევ: ბევრი წყალი მოგივიდა და არ მომწონს, ვიხრჩობიო. თუ ამის მოსმენას შეძლებ, ჩათვალე, რომ ისინი გელაპარაკებიან და შენც შენი მოქმედებით მათ პასუხობ. ანუ, ყველაფერს აკეთებ, რომ მათ უკეთესად იგრძნონ თავი. ეს უკვე მათთან მეტყველებასა და საუბარს ნიშნავს.

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- საერთოდ, ადამიანებს ქვეცნობიერად ყვავილებთან თუ აიგივებთ ხოლმე?
— რა თქმა უნდა. მცენარეები ცოცხალი ორგანიზმები არიან, მაგრამ იმის არ მჯერა, რომ მათ ნერვული სისტემა აქვთ და სტკივათ. თუმცა ადამიანის ცხოვრებას თავისი სასიცოცხლო ციკლით ძალიან ჰგვანან. მცენარე ითესება, შემდეგ ეს თესლი ღვივდება, გაღვივებული თესლიდან აღმოცენდება, სავეგეტაციო ორგანოებს ივითარებს, შემდეგ ყვავის და ესაა ყველაზე საუკეთესო პერიოდი, რაც კი შეიძლება მცენარის ცხოვრებაში არსებობდეს. და როცა ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, აყვავდება! ის მაშინ ყველაზე კარგი სანახავია. შემდეგ დაიყვავილებს – ამ დროს უკვე ცუდი შესახედია, იმიტომ რომ მთელი ენერგია ამ ყვავილობას მოახმარა და მერე დაღმა სვლას იწყებს. ბოლოს გამომშრალი, გამოწურული, დახარჯული, დაუძლურებული კვდება… და ამიტომ ეს მებაღისთვის ნათლად დასანახი ამბავია. ამიტომ ეს სასიცოცხლო ციკლი და თანმიმდევრობა, როგორც ადამიანების შემთხვევაში, ყვავილებშიც დაცულია. ოღონდ დამატებით ჩვენ ვმღერით, ვცეკვავთ და სხვა ისეთ რამესაც ვაკეთებთ, რაც მცენარეებს არ შეუძლიათ.


- ბატონო ზურა, ამ გაზაფხულის პირს თქვენი ედემიდან დეპრესიულ ქართველებს რას ეტყოდით?
— არ არიან ქართველები დეპრესიულები! ეს უბრალოდ მოდაა ახლა ასეთი, რომ იძახონ დეპრესია გვჭირსო! მე დეპრესიულ ქართველს არ ვიცნობ და თუ სადმეა, მას ასე ვეტყოდი: გარეთ გამოდით! მზიანი დღეები და გაზაფხულია! არ შეიძლება ამ დროს სახლში იჯდე! უფულოდაც შეიძლება გარეთ გამოსვლა, გავლა–გამოვლა, ის, რომ თვალს წყალი დაალევინო, შეიგრძნო გაზაფხულის სურნელი. ამას რომ დააკლდე – ეს ხომ საცოდაობაა?!.

2441
 შოუ The Voice Georgia

„ვიცე-მის საქართველო“, მძიმე როკი და რესტორნის მომღერლები: რა მოამზადა ქართულმა „ვოისმა“

0
(განახლებულია 22:21 01.03.2021)
პროექტში The Voice of Georgia თავი მოიყარეს ყველაზე, ყველაზე გამორჩეულებმა - მოდელებმა, ქუჩის მუსიკოსებმა, რესტორნის მომღერლებმა და უბრალოდ სიმღერის მოყვარულებმა

შაბათს ვოკალური ტელეპროექტის The Voice of Georgia სეზონის მეორე გამოშვება - ბრმა მოსმენების ეტაპი გაიმართა. Sputnik-საქართველო მკითხველს ყველაზე გამორჩეულ კონკურსანტებსა და ნომრებს აცნობს.

სანდრო ლაშხი

სანდრო ლაშხი 20 წლის სტუდენტი და ქუჩის მუსიკოსია სასიამოვნო ხრინწიანი ხმით. მუსიკა ლაშხის ერთადერთი გატაცება არ არის. ის დროს უთმობს ფოტოგრაფიასა და ხატვას, განსაკუთრებით კი მოტოციკლეტები უყვარს.

სანდრომ შეასრულა ჯგუფის The Animals სიმღერა The house of rising sun. დაიწყო დაბალი ტონალობით, შემდეგ კი ზედა რეგისტრში გადავიდა. იგი მძიმე და კლასიკური როკის თაყვანისმცემელია. სანდრომ ნიკა რაჭველი და სალიო შემოაბრუნა, არჩევანი კი სალიოს გუნდზე შეაჩერა. 

მარიამ დოკვაძე

ოცდასამი წლის მარიამ დოკვაძე რუსთავიდანაა. გოგონას დედის თქმით, იგი ბავშვობიდან გამოირჩეოდა სრულყოფილი სმენით, ამიტომ გადაწყვიტეს მუსიკალურ სკოლაში მიყვანა. მარიამმა იქ მხოლოდ რამდენიმე წელი იარა, ამიტომ მიაჩნია, რომ თვითნასწავლია. 18 წლის ასაკში მარიამმა შექმნა ბენდი, რომელთან ერთადაც რესტორნებში გამოდიოდა.

პროექტისთვის დოკვაძემ შეარჩია არეტა ფრანკლინის სიმღერა Respect. გოგონამ ენერგიითა და ძლიერი ვოკალით თავიდანვე დაიმსახურა სტეფანესა და სალიოს მოწონება. მან სტეფანეს გუნდი აირჩია.

ლარა იანი

ამ გამოშვების ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მონაწილე თბილისელი 28 წლის ლარა იანი იყო. 2017 წელს ლარა მონაწილეობდა სილამაზის კონკურსში „მის მსოფლიო“, როგორც „ვიცე-მის საქართველო“, 2020 წელს კი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 2020 წლის პირველი „ვიცე-მის ოფისი“ გახდა.

გოგონამ შეასრულა ბიონსეს სიმღერა Runnin. მსმენელი და მეგობარი ბიჭი ამაოდ ელოდნენ, რომ მისკენ ჟიურის რომელიმე წევრი შემობრუნდებოდა, თუმცა სიმღერის დასრულების შემდეგ, გოგონას დანახვისას, სტეფანემ ის კომპლიმენტებით აავსო.

სალომე ხუჯაძე

18 წლის თბილისელი სალომე ხუჯაძე ბავშვობიდან გატაცებულია სიმღერით. გოგონა საკმაოდ თავდაჯერებულია და გამოსვლამდე თითქმის არ ღელავდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირველი პროექტია. ხუჯაძემ შეასრულა ჯენიფერ ჰადსონის სიმღერა I'm changing.

მან ხმის ტემბრით ჟიურის სამი წევრი მოხიბლა - სტეფანე, ნიკა რაჭველი და სალიო. არჩევანი კი მაესტრო რაჭველის გუნდზე შეაჩერა.

კატო ვერხვიაშვილი

31 წლის კატო თბილისში ცხოვრობს. დაიბადა მუსიკალურ ოჯახში, მაგრამ ძალები სპორტშიც აქვს მოსინჯული. ამჟამად მუსიკის გარდა ფოტოგრაფიითაა გატაცებული. პროექტ „ვოისის“ სცენაზე თავისი პირველი გამოსვლა კატომ მიუძღვნა მამას, რომელიც სამი თვის წინ გარდაიცვალა.

კატომ ტომ ჟობიმის სიმღერის Meditation პირველივე ნოტებიდან მიიქცია ყურადღება. სტეფანემ მომღერალი შეაფასა, როგორც ძალიან ალტერნატიული. ამასობაში მისკენ სალიო შემობრუნდა, რომელიც კატოს ნამღერმა ისე აღაფრთოვანა, რომ ჟიურის დანარჩენი წევრების ღილაკებსაც თავად დააჭირა ხელი. საბოლოოდ მომღერალი ნიაზ დიასამიძის გუნდში მოხვდა.

The Voice of Georgia - არის სატელევიზიო ვოკალური შოუ. 2012 წლიდან კონკურსი „იმედის“ არხზე გადიოდა, ამჟამად კი „პირველი არხით“ გადაიცემა.

ადრე მას ეწოდებოდა „ახალი ხმა“. პირველი ორი სეზონის გამარჯვებულები გახდნენ სალომე ქათამაძე და მარიამ ჩაჩხიანი. პროექტი არის ორიგინალური ფორმატის The Voice ქართული ანალოგი. პროექტი 2010 წელს ჰოლანდიურ ტელევიზიაში RTL4 გამოჩნდა, როგორც The Voice of Holland.

0