ვარდი

სიყვარულის ანატომია პატარა იიდან იასამნამდე

860
(განახლებულია 11:40 15.02.2021)
ქართველ „შეყვარებულთა კალენდარში“ 14 თებერვალი არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა და მალე შეიძინა განსაკუთრებულობა. თუ ეს დღე თქვენთვის მნიშვნელოვანია და გეგმავთ გულისსწორს თქვენი გრძნობები ყვავილების თაიგულით გაუმხილოთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

მეცნიერები უკვე სერიოზულად ამტკიცებენ, რომ სიყვარული დაავადებაა და თან საკმაოდ სერიოზული. ამავე დროს, იმასაც აღიარებენ, რომ უფერული და ამაოა იმ ადამიანის ცხოვრება, ვისაც ეს „დაავადება“ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ შეყრია…

და თუ პლანეტის აბსოლუტურ უმრავლესობას ჰქონია ეს ბედნიერება მთელი თავისი „კლინიკური გამოვლინებით“ — ფრთები გამოსხმია და ათასობით პეპლად აფარფატებულა ვარდისფრად ქცეულ ცის კაბადონზე,  რატომაც არ უნდა აღვნიშნოთ ეს დღე იმ ადამიანთან ერთად, ვინც ეს „დაავადება შეგვყარა“.

გალერეა პროვანსი
ნ. თაყაიშვილი
გალერეა "პროვანსი"

რომანტიული გასეირნება და ვახშამი სანთლების შუქზე… გულის ფორმის „ვალენტინკებზე“ გადმოღვენთილი სასიყვარულო აღსარება და სამუდამო სიყვარულის ფიცი…ამ დღეს მთელი სამყარო უფრო ნათელი, ფერადი და კეთილი ხდება, სინაზითა და სიყვარულით ივსება…

და, რა თქმა უნდა, ყვავილები — ამ დღის განუყოფელი ატრიბუტი…

„ვალენტინობის“ აღნიშვნის ისტორია ბევრისთვის ცნობილია. რაც შეეხება შეყვარებულისათვის ამ დღეს თაიგულის მირთმევის ტრადიციას, ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მას საფუძველი მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ბურბონთა დინასტიის დამაარსებლის, ჰენრიხ მეოთხის ქალიშვილმა ჩაუყარა, როცა წმინდა ვალენტინის დღისადმი მიძღვნილ მეჯლისზე, იქ მყოფმა ყველა ქალიშვილმა, მისი რჩეულისაგან ყვავილების თაიგული მიიღო.

ყვავილების ენა
www.myshowcase.com
"ყვავილების ენა"

ცნობილი ფაქტია, რომ  აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩადრში გახვეულმა ქალებმა, თავიანთი ფარული გრძნობების გამოსახატად „ყვავილების ენა“ მრავალი საუკუნის წინ  შექმნეს. მნიშვნელობა ჰქონდა ყოველ დეტალს — ყვავილების ფერს, სურნელს, ფორმას, რაოდენობასაც კი.  

ევროპაში  „ყვავილების ენა“ 1718 წელს გაჩნდა ლედი მერი უორტლი მონტეგიუს წყალობით. ინგლისის ელჩის მეუღლის სტამბულიდან გამოგზავნილმა „წერილებმა თურქეთიდან“ ევროპას „ყვავილების ენის“ სენი შეჰყარა და იმ დროიდან მოყოლებული მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე ევროპის მაღალ საზოგადოებაში, სწორედ ამ ენით იწერებოდა სასიყვარულო ბარათები, შესაბამისი თაიგულის თანხლებით. 

ყვავილების ტრაქტატის თანახმად, ნებისმიერი აზრი, შეიძლებოდა ყვავილების ენით გამოგეხატა — მეგობრობა, სიყვარული, მხურვალე ლტოლვა, საყვედური, ტრადიციებისადმი ერთგულება თუ განშორების სურვილი…

მაგალითად: მორცხვ ახალგაზრდას, რომელსაც გრძნობების გამხელა უჭირდა, თუ გულის სწორს იებს მიართმევდა, შეეძლო დამშვიდებულიყო, რომ მან „პირველი ნაბიჯის“ გადადგმა მოახერხა; ზამბახები — ნაზ სიყვარულს აღნიშნავდა; ზიზილა კი მისი ადრესატის ერთადერთობას და განუმეორებლობას;  წითელი ვარდების თაიგულის მომრთმევი — ცეცხლოვანი, ვნებიანი სიყვარულით იწვოდა; ტიტების თაიგული კი  გამცნობდა რომ მისი ავტორის სიზმრების გასაღები გეჭირა ხელთ;  ორქიდეები — სასიყვარულო აღმაფრენისთვის გიწვევდნენ;  სიყვარულით ბედნიერი ადამიანი, თავის შეყვარებულს ამას აზალიებით ამცნობდა; მიხაკები — სასიყვარულო გატაცების ნიშანი იყო, ხოლო გულწრფელ სიყვარულზე — იორდასალამი მოგითხრობდათ; სუმბულების მომრთმევი — მოხიბლული იყო თქვენით და  სასიყვარულო თამაშში გიწვევდათ; იასამანს კი მხოლოდ ერთადერთხელ ჩუქნიდნენ — პირველ სიყვარულს!

პროვანსის თაიგულები
ნ. თაყაიშვილი
"პროვანსის" თაიგულები

გარდა თითოეული ყვავილის ინდივიდუალური მნიშვნელობისა, აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო თაიგულის ფერიც:  თეთრი — სისპეტაკისა და უბიწოების ნიშანი იყო; ვარდისფერი — ნაზი სიყვარულის, წითელი — ვნების და ცეცხლოვანი სიყვარულის, ლურჯი — ერთგულების, იასამნისფერი — სიმშვიდისა და ნდობის; ყვითელი — ეჭვიანობისა და უნდობლობის; შავი კი — სიკვდილის. 

საინტერესოა ყვავილების თაიგულის ენა ციფრებითაც: 1 ყვავილი — ყველაფერი ხარ რაც გამაჩნია; 3 — სამყაროს ირგვლივ სამოგზაუროდ გიწვევ; 5- მიყვარხარ! 7 — ტრადიციულად ნიშნობის დღეს ჩუქნიდნენ;  9 — პატივს გცემ როგორც მეგობარს;…. აი მილიონი ალისფერი ვარდის თაიგული კი ყვავილთა ნუმეროლოგიის  ფანტაზიას სცდება…

და მაინც როგორ უნდა შევურჩიოთ ყვავილების თაიგული გულისსწორს „სიყვარულის დღეზე მისართმევად“?

ფლორისტები თვლიან, რომ „ვალენტინობის“ თაიგული რაღაც შუალედური უნდა იყოს „პაემანისათვის განკუთვნილ ერთეულ ვარდსა“ და დაბადების დღის „პომპეზურ“ თაიგულს შორის.  ან იქნებ სულაც არ იყოს მხოლოდ ყვავილების თაიგული ამ სიტყვის კლასიკური გაგებით…

პროვანსი
ნ. თაყაიშვილი
"პროვანსი"

თბილისელი ფლორისტი ნანა თაყაიშვილი თვლის, რომ თანამედროვე ფლორისტული ტენდენციები უკვე კარგა ხანია „თაიგულში“ მხოლოდ ყვავილების თემას გასცდა. ასეთი თაიგულისათვის შეიძლება მრავალი მასალა იქნას გამოყენებული — მავთულის კარკასი, ლენტები, ტოტები, კენკრა, კანფეტები, პატარა ფუმფულა სათამაშოები და ა.შ. თითოეული ასეთი ნამუშევარი ერთადერთი და განუმეორებელია.  „თუმცა თბილისელი მამაკაცებისათვის, წითელი ვარდები მაინც სიყვარულის ღრმად ფესვგადგმული გამოხატულებაა და უმეტესობა სწორედ ამ ყვავილებისაგან დამზადებულ თაიგულებს ანიჭებს უპირატესობას“, — ამბობს ქალბატონი ნანა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ვალენტინობა“ საქართველოსთვის „ახალი ხილია“, ამ დღეს მაინც საკმაოდ იზრდება გაყიდვების რიცხვი. განსაკუთრებული მოთხოვნა კი გულის ფორმის თაიგულებზეა: “ნებისმიერი საჩუქარი სასიამოვნოა, მაგრამ ყვავილს სულ სხვა დატვირთვა აქვს, რადგან დამტკიცებულია, რომ საერთოდ მცენარის ენერგეტიკა აუცილებლად იწვევს დადებით ემოციას. რა თქმა უნდა შეფუთვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თვალსაზრისით. საერთოდ კი მინდა რჩევა მოგცეთ — ხშირად აჩუქეთ თქვენს მიჯნურს ყვავილები!“, — გვითხრა ნანა თაყაიშვილმა.

 

 არ ვიცი რამდენად დაგეხმარებათ  ჩვენი რჩევები თქვენთვის სასურველი თაიგულის შერჩევაში, მაგრამ თუკი იმას მაინც შეგახსენებთ, რომ თქვენი გულისსწორი ხვალ თუნდაც უტყვად, მაგრამ გვერწმუნეთ გულის ფანცქალით ელოდება თქვენი სიყვარულის პატარა „დასტურს“, მაშინ ჩავთვლით, რომ მისია შესრულებულია!

P.S. ლამის გამოგვრჩა — თაიგული ხომ  ყველაფერი არ არის! არ დაგავიწყდეთ  თაიგულში პატარა გულის ფორმის ბარათის ჩადება და თუ ეპისტოლარულ ჟანრთან მწყრალად ხართ, სულ ერთადერთი სიტყვის ჩაწერა დაგჭირდებათ, რომელსაც ასე ელიან თქვენგან — მიყვარხარ!

თამარ ხონელიძე
860
თემები:
მასტერკლასები დამწყები მებაღეებისა და ფლორისტებისათვის-2018 (17)
ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული

მეტს სარგებელი არ მოაქვს: დადგინდა ხილ-ბოსტნეულის ყოველდღიური ეფექტური ულუფა

92
(განახლებულია 20:20 01.03.2021)
მასშტაბურმა ანალიზმა, რა დროსაც 2 მლნ ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, აჩვენა, რომ ამაზე მეტი დოზა არანაირ დამატებით სარგებელს არ იძლევა ჯანმრთელობისთვის.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის ადამიანმა დღეში ორი ულუფა ხილი და სამი ულუფა ბოსტნეული უნდა მიირთვას, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა კვლევა გამოქვეყნებულია ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის ჟურნალში Circulation.

როგორც ირკვევა, კვლევის ავტორებმა 1984–2014 წლებში ჩატარებული ორი კოჰორტული კვლევის მონაცემები გააანალიზეს, რომლებშიც 100 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. გარდა ამისა, მათ ასევე შეისწავლეს 29 ქვეყნიდან მიღებული მონაცემები ხილისა და ბოსტნეულის მოხმარებისა და ასევე სიკვდილიანობის შესახებ. საერთო ჯამში კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

ანალიზმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად ხილ–ბოსტნეულის ხუთი ულუფის (ორი ულუფა ხილი და სამი ულუფა ბოსტნეული) მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილიანობის რისკს. ამასთან გაირკვა ისიც, რომ ამ დოზის გაზრდას არანაირი დამატებითი სარგებელი არ მოჰქონდა.

„ეს კომბინაცია დიდ სარგებელს იძლევა სერიოზული ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკის თვალსაზრისით“, — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ჰარვადრის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი დონ ვანა.

ამასთან მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ყველა ხილი და ბოსტნეული თანაბრად სასარგებლო არ არის. მაგალითად, სახამებლის შემცველი ბოსტნეული, როგორებიცაა კარტოფილი, ბარდა და სიმინდი, ასევე ხილის წვენები არ ამცირებს ქრონიკული დაავადებებითა თუ სხვა მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობის რისკს. ამ მხრივ ყველაზე დიდი სარგებელი მოაქვს მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს: ისპანახს, სალათსა და კომბოსტოს, და ასევე ბეტა–კაროტინებისა და C ვიტამინის შემცველ სხვა ხილსა და ბოსტნეულს: ციტრუსებს, კენკროვნებსა და სტაფილოს.

92
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
გარდენია

მწვანე ბალახის სურნელი მესიზმრება...

2447
(განახლებულია 18:32 01.03.2021)
1 მარტი მებაღეებისთვის მეორე და, შესაძლოა, უფრო მთავარი „ახალი წელია“, ამიტომ ისინი ამ დღეს განსაკუთრებულად ხვდებიან და ამგვარ განწყობას ყვავილების საშუალებით დანარჩენებსაც უზიარებენ.

ამ დროს ხუდადოვზე არსებული თბილისის ედემის ბაღი – „გარდენია“ გამორჩეულად შემოსილი და საზეიმოა.

მისმა მთავარმა მებაღემ კარგად იცის, რომ აქ მოსულ სტუმარს მარტო მცენარეებს კი არა, მათთან ერთად განწყობასა და დამოკიდებულებასაც ატანს, ამიტომ აქ ყვავილებს, შეიძლება ითქვას, სხვა ფასად — „გაზაფხულის ფასად“ ჰყიდიან…

ალბათ სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ გახადა ეს ადგილი არა მარტო ყვავილების მოყვარულთათვის, ყველა ესთეტისთვისაც ასეთი ახლობელი და მშობლიური. ადგილი, სადაც ყველაფერი ბუნებრივია. ამიტომ, ზურა შევარდნაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „აქ შენც ნამდვილი ხარ და ვერ ითამაშებ“… 

გარდენია
„გარდენია“ ახალ სეზონს საზეიმოდ მორთული ეგებება

- ბატონო ზურა, როგორ ხვდება გაზაფხულს „გარდენია“?
— როგორც ყოველთვის. ყველა მებაღისთვის 1 მარტი არის ახალი წელი, როგორც ჩვენი ოჯახები და მეგობრების ოჯახები ხვდებიან ხოლმე ახალ წელს ახალი სურვილებით და იმის იმედით, რომ ეს წელი წინა წელს აჯობებს, სწორედ ასეთია ჩვენი განწყობაც თებერვლის ბოლოს. მართალია, ამ წუთებშიც ჯერ ისევ ვაწყობთ, ვალამაზებთ და ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენთან მოსულ სტუმრებს ღირსეულად შევხვდეთ, მაგრამ, მგონი, წლევანდელ წელს კარგი პირი უჩანს და ამიტომ ჩვენც იმედიანად ვართ.

გარდენია
ეს ულამაზესი კუთხე ბაღს გასულ წელს შეემატა და ვინც ნახვა ვერ მოასწარით - გირჩევთ, აუცილებლად ნახეთ!

- როგორც თავად ახსენეთ, ახალ წელს ყველა სიახლეს ელის და ალბათ თქვენ შემთხვევაშიც ასე იქნება?
— რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მოსაწყენი იქნებოდა, ყველაფერი ერთფეროვანი ყოფილიყო და ისეთივე, როგორიც წინა წელს იყო. ზამთარში მებაღეს ფიქრის დრო აქვს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს, იმაზე დაფიქრდეს, წინა წელს რა შეცდომები დაუშვა და თავისი სამუშაო უკეთესად როგორ უნდა შეასრულოს. გაზაფხულს ახალი იდეებით, ახალი შემართებით, ახალი მცენარეებით და ახალი კოლექციით უნდა შევხვდეთ. ჩვენ აღარ ვიზრდებით, სიფართესა და სიგანეში გაზრდას ვგულისხმობ, მაგრამ ჩვენ ვიზრდებით ხარისხით, ასორტიმენტით, ჩვენ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ვხვეწთ და ვყალიბდებით, სწორ მიმართულებებს ვიძენთ. წელს უფრო მეტ კმაყოფილ ადამიანს ვისურვებდი, მეტი სურვილი მე არ მაქვს.


კაფე გარდენიაში
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
კაფე "გარდენიაში"
- შესაბამისად, ალბათ, სტუმართა რაოდენობაც ყოველ წელს იმატებს?
— დიახ, მაგრამ სტუმართა რაოდენობის გაზრდა დიდ წარმატებას მაინცდამაინც არ ნიშნავს და წარმატება სტუმრის რაოდენობით არ განისაზღვრება. ჩვენ ძალიან ბევრი მადლიერი სტუმარი გვყავს და ჩემთვის ყველაზე დიდი ფასი და წონა იმ მადლობას აქვს, რომელსაც ადამიანები ჭიშკრიდან გასვლისას, დამშვიდობების დროს მეუბნებიან. აღფრთოვანებული სახეები, სატელეფონო ზარები, სადაც მადლობას მიხდიან — ეს ყველაფერი მომდევნო გაზაფხულისთვის ახალ ენერგიას, სტიმულს და ძალას გვაძლევს.

გარდენია
გარდენიას ახალი წლის პირველი მახარობლები

— ბატონო ზურა, მაინც რა არის თქვენი „გარდენიის“ წარმატების მიზეზი – ის, რომ პირველები ხართ ამ სფეროში, რომ აქ პროფესიონალები არიან დასაქმებული, თუ თქვენი, პიროვნული ფაქტორი და პოპულარობა?
— შეგახსენებთ, რომ ჩვენ პირველები არ ვართ, ამ სფეროში გარკვეული ტრადიცია ჩვენ უკვე დაგვხვდა. საქართველო ნიჭიერი ხალხით დასახლებული ქვეყანაა და ჩვენ პირველები არ ვყოფილვართ.

გარდენია
გაზაფხულის ფერები „გარდენიაში“

- თქვენსავით პოპულარული მარტო მიხეილ მამულაშვილი და მისი ცნობილი ბაღი მახსენდება…
— მიხეილ მამულაშვილი რომ არსებობს ჩვენს ისტორიაში, ეს ფაქტი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვთქვათ, ამ სფეროში პირველები ვართო. ის ბაღი იმ დროს ძალიან პოპულარული იყო და ამ ადამიანსაც დიდი შესაძლებლობები ჰქონდა. ჩვენ პირველები არ ვართ, მაგრამ ვთვლი, რომ წარმატებულები ნამდვილად ვართ. ჩვენი წარმატება არც სტუმრებისა და არც გაყიდული მცენარეების რაოდენობით არ განისაზღვრება. ჩემი აზრით, ჩვენი პოპულარობისა და წარმატების მიზეზი ის არის, რომ ჩვენთან განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობა. ჩვენ არ ვართ იმაზე ორიენტირებული, რაც შეიძლება მეტი ყვავილი წაიღონ ჩვენგან, პირიქით, მეც და ჩვენს თანამშრომლებსაც ძალიან გვტკივა, როცა მცენარეები მიაქვთ.

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- ეს ხომ საქმისადმი არაკომერციული დამოკიდებულებაა?!
— გეთანხმებით, ეს მართლაც არაკომერციული დამოკიდებულებაა, რადგან ჩვენ მარტო მცენარეებს არ ვატანთ ადამიანებს, მათთან ერთად განწყობასა და დამოკიდებულებას, ემოციას ვატანთ და მცენარეს სხვა ფასად ვაძლევთ. მე მგონი, ჩვენი წარმატების გასაღებიც ამაშია. ჩვენი ბაღი არ არის მარტო პატარა სანერგე, სადაც მცენარეები გამოჰყავთ. ჩვენ ადამიანებს იმის პატარა მაგალითს ვაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა საქმე მთელი გულით გააკეთოს…

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება


- როგორ ფიქრობთ, ყვავილებთან დამოკიდებულებაში თუ იცნობა ადამიანის ბუნება?
— კი, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილად, ჩვენ პატარა ფსიქოლოგებიც ვართ და ამის პრეტენზიაც გვაქვს. არც ისეა საქმე, რომ მარტო მცენარეებში ვერკვევით. ჩვენთან მოსულ იმდენ სხვადასხვა ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა, რომ ნელ-ნელა მათი მოსმენაც ვისწავლეთ და მათი პრობლემების გაგებაც. საერთოდ, მებაღეები პირველები არიან, ვისაც ადამიანები საკუთარ ფიქრებს უზიარებენ. ჩვენ ხომ მებაღეები ვართ? ჩვენთან საუბარი ადვილია, ამიტომ ადამიანები საკუთარ ნამდვილ განცდებს არ გვიმალავენ და თამაშიც არ სჭირდებათ. ხშირად საკუთარ პრობლემებზე, განწყობებსა და ემოციებზე გვიყვებიან. ჩვენთვის ადამიანის გაგება და შეცნობა ბევრად ადვილია, მცენარეებთან მიმართებაში ვგულისხმობ…

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- თქვენი ბავშვობის გაზაფხულს რომელი ყვავილის სურნელი ახლავს?
— ალბათ მწვანე, ხასხასა ბალახის სურნელი… გაზაფხული გურიაში ბევრად უფრო ადრე დგება, ვიდრე ჩვენთან, ხუდადოვის ქუჩაზე, ამიტომ იქაური განწყობა დღემდე მომყვება. როცა ადამიანი იგრძნობს, რომ დღე უფრო გრძელია, ვიდრე წინა კვირაში იყო, უკვე იმ დღეებიდან მიჩნდება ნოსტალგია იმ სურნელისა, რომელსაც ახალი ბალახი გამოსცემს. აი, ბალახზე რომ გაივლი და რომ გაიჭყლიტება — ეს სუნი მესიზმრება კიდეც…

ზურა შევარდნაძე
ზურა შევარდნაძე

- ახლა ცოტა სენტიმენტალურ განწყობაზე გადავედით და, ბუნებრივია, სწორედ ეს განწყობა მოაქვს ყვავილებთან და ყველაფერ ბუნებრივთან ჩვენს დამოკიდებულებას, ასეა?
— ასეა და სენტიმენტების გარეშე, აბა, ვინ ვართ? თუ ცოტა ნაღველი არ ახლავს თუნდაც გაზაფხულს, რა გაზაფხულია?! ამიტომ ეს გრძნობა საჭიროა. ახლა ამ წუთებში ჩვენ სტრესში ვართ, ამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ამდენი ადამიანი გველოდება, როდის გავხსნით ჭიშკარს… აქ ორი მომენტია: ერთი, რომ გვიხარია ამ ადამიანებთან ისევ შეხვედრა და, მეორე, გვინდა ისე დახვდეთ, რომ მათი მოლოდინი გავამართლოთ. ამისთვის კი ბევრი ენერგია, შრომა და ფიქრი გვჭირდება.

გარდენია
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია"

- საინტერესოა, ადამიანების მსგავსად რამდენ ყვავილს ცნობთ?
— უნივერსიტეტში ერთი არაჩვეულებრივი ლექტორი, პროფესორი შურა ერქომაიშვილი მყავდა და ის ასე გვეუბნებოდა, თუ 2000 მცენარეს თავისი ლათინური სახელითა და გვარით ვერ სცნობ, მაშინ არ შეიძლება ბოტანიკოსობაზე გქონდეს პრეტენზიაო. მე სანამ მებაღე გავხდებოდი, ბოტანიკოსი ვიყავი, ამიტომ საშუალო ბოტანიკოსობაზე პრეტენზია მაინც მაქვს, თუ ამას სამებაღეო განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებასაც დავამატებთ, მაშინ 2000 ყვავილის ამოცნობა ნამდვილად შემიძლია.
- თქვენი ცხოვრების გერმანულმა პერიოდმა რა შეცვალა თქვენში?
— სისტემაში მოყვანის ცოდნა–გამოცდილება მიმაღებინა. ის მასწავლა, რომ შენი ცხოვრების ერთ დღეს, ერთ კვირას, ერთ გაზაფხულს, ან ერთ წელსა და სეზონს უნდა უყურო. ბაღს უყურო როგორც არა კონკრეტულად ერთ შესასრულებელ სამუშაოს, არამედ უყურო როგორც სისტემას, ზუსტად განსაზღვრო საქმე რითი უნდა დაიწყო, როგორ უნდა განვითარდეს და როგორ უნდა დასრულდეს.
- ანუ, ზემოთ რომ ვახსენეთ, ის სენტიმენტები მოაწესრიგა?
— დიახ, ჩემი სენტიმენტები დააცხრო. გერმანიაში მას ნაკლებად სცნობენ და ემოციების ხარჯვით დიდად თავს არ იწუხებენ. უფრო საქმით არიან დაკავებული, ამიტომ იქ მიღებულმა განათლებამ ჩემი რომანტიკული ბუნება ცოტა გააწონასწორა.

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexancer Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- ამბობენ, ყვავილებს უყვართ, როცა მათ ელაპარაკებიანო, თქვენ ელაპარაკებით მათ?
— იცით, აქ ლაპარაკი, ალბათ, გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება, თორემ ვის სცალია, რომ, მაგალითად, იაპონური კომშის ბუჩქებს ელაპარაკოს?! ლაპარაკი ჩემ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ გაიგო, ის რას გეუბნება. ყვავილი ხომ შენ ტყვეობაშია, შენ ბაღშია, ქოთანშია მოქცეული, ამიტომ ბევრი რამ აწუხებს და თავს ლაღად ვერ გრძნობს. შესაბამისად, უნდა გესმოდეს, რას გეტყვის ის შენ. მაგალითად, გეუბნება: მწყურია, მცივა, ახლა მზე მჭირდება, ახლა ქარი მიბერავს და აქ ვერ ვგრძნობ თავს კარგადო. ან კიდევ: ბევრი წყალი მოგივიდა და არ მომწონს, ვიხრჩობიო. თუ ამის მოსმენას შეძლებ, ჩათვალე, რომ ისინი გელაპარაკებიან და შენც შენი მოქმედებით მათ პასუხობ. ანუ, ყველაფერს აკეთებ, რომ მათ უკეთესად იგრძნონ თავი. ეს უკვე მათთან მეტყველებასა და საუბარს ნიშნავს.

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- საერთოდ, ადამიანებს ქვეცნობიერად ყვავილებთან თუ აიგივებთ ხოლმე?
— რა თქმა უნდა. მცენარეები ცოცხალი ორგანიზმები არიან, მაგრამ იმის არ მჯერა, რომ მათ ნერვული სისტემა აქვთ და სტკივათ. თუმცა ადამიანის ცხოვრებას თავისი სასიცოცხლო ციკლით ძალიან ჰგვანან. მცენარე ითესება, შემდეგ ეს თესლი ღვივდება, გაღვივებული თესლიდან აღმოცენდება, სავეგეტაციო ორგანოებს ივითარებს, შემდეგ ყვავის და ესაა ყველაზე საუკეთესო პერიოდი, რაც კი შეიძლება მცენარის ცხოვრებაში არსებობდეს. და როცა ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, აყვავდება! ის მაშინ ყველაზე კარგი სანახავია. შემდეგ დაიყვავილებს – ამ დროს უკვე ცუდი შესახედია, იმიტომ რომ მთელი ენერგია ამ ყვავილობას მოახმარა და მერე დაღმა სვლას იწყებს. ბოლოს გამომშრალი, გამოწურული, დახარჯული, დაუძლურებული კვდება… და ამიტომ ეს მებაღისთვის ნათლად დასანახი ამბავია. ამიტომ ეს სასიცოცხლო ციკლი და თანმიმდევრობა, როგორც ადამიანების შემთხვევაში, ყვავილებშიც დაცულია. ოღონდ დამატებით ჩვენ ვმღერით, ვცეკვავთ და სხვა ისეთ რამესაც ვაკეთებთ, რაც მცენარეებს არ შეუძლიათ.


- ბატონო ზურა, ამ გაზაფხულის პირს თქვენი ედემიდან დეპრესიულ ქართველებს რას ეტყოდით?
— არ არიან ქართველები დეპრესიულები! ეს უბრალოდ მოდაა ახლა ასეთი, რომ იძახონ დეპრესია გვჭირსო! მე დეპრესიულ ქართველს არ ვიცნობ და თუ სადმეა, მას ასე ვეტყოდი: გარეთ გამოდით! მზიანი დღეები და გაზაფხულია! არ შეიძლება ამ დროს სახლში იჯდე! უფულოდაც შეიძლება გარეთ გამოსვლა, გავლა–გამოვლა, ის, რომ თვალს წყალი დაალევინო, შეიგრძნო გაზაფხულის სურნელი. ამას რომ დააკლდე – ეს ხომ საცოდაობაა?!.

2447
ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს სასამართლო დავას COVAX-პლატფორმასთან

0
ამ ეტაპზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება COVAX-პლატფორმისგან უარყოფას იმ ბრალდებების, რომლებიც სამინისტროს მისამართით გაჟღერდა, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველომ შესაძლოა უჩივლოს COVAX-პლატფორმას ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ქვეყანა არ არის მზად Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად ტექნიკური მიზეზების გამო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანამდე ერთ-ერთმა ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ პლატფორმაზე დაყრდნობით გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თებერვალში ვაქცინა მიიღეს მხოლოდ იმ ქვეყნებმა, რომელთა ეროვნულმა რეგულატორებმა პრეპარატს ავტორიზება მისცეს და ვაქცინის მწარმოებლებთან გააფორმეს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი.

„გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ. ვინაიდან, ეს ყველაფერი, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ოპოზიციური ოპონენტების მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს პოლიტიკური დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა პლატფორმას და მოსთხოვა პასუხი, თუ რატომ გაკეთდა ასეთი კომენტარი.

„ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ COVAX-პლატფორმასთან 18 სექტემბრის მერე, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან და აღნიშვნა არ ყოფილა, რომ ჩვენ რაიმე შეცდომა დავუშვით. COVAX-პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ COVAX-პლატფორმას უჩივლა“, - განაცხადა მინისტრმა.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის შეფერხება უკავშირდება იმას, რომ ქვეყანა არ არის მზად მის შემოსატანად.

COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა მარტისთვის გადაიდო. ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება.

0