პოპულარული საშობაო სიმღერები და მათი საოცარი ისტორიები

© Pixabay / JaymzArtსაახალწლო მორთულობა
საახალწლო მორთულობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საშობაო დღეები ალბათ წლის ერთადერთი პერიოდია, რომელსაც საკუთარი საუნდტრეკები აქვს. ტელევიზიაში, რადიოში, ქუჩებში, მაღაზიებში, წვეულებებზე ყველგან საშობაო საგალობლები და სადღესასწაულო ჰანგები ისმის.

მართალია, კოვიდ-პანდემიამ მსოფლიოში ახალი დღის წესრიგი დაამყარა და შობა–ახალი წელიც განსხვავებული ფორმატით აღვნიშნეთ, საშობაო სიმღერები მაინც არ დავივიწყეთ და ახლა უკვე სახლები ავავსეთ ამ მისტიკური მელოდიებით, წელიწადში მხოლოდ ერთხელ რომ ვუსმენთ და მუდამ ბედნიერებისა და იმედის განცდით გვავსებს.

შეიძლება ბევრი ფიქრობდეს, რა უნდა საშობაო სიმღერის შექმნასო, თითქოს ყველა ერთი პრინციპით იწერება – დაამატეთ სანტებს თოვლი და მხიარულება და სადღესასწაულო მელოდიაც მზადაა. მაგრამ ძალიან ბევრი ცნობილი საშობაო სიმღერის უკან საოცარი ისტორიები იმალება.

საახალწლო მორთულობა - Sputnik საქართველო
ათი მშვენიერი საშობაო ფილმი სადღესასწაულო განწყობისთვის

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ პოპულარულ საშობაო მელოდიებს და მათი შექმნის საინტერესო ისტორიებს, რომელიც ალბათ აქამდე არ იცოდით.

Jingle Bells

შეუძლებელია ჩვენი საშობაო სიმღერების ჩამონათვალი სხვა მელოდიით დაგვეწყო. სიმღერა, რომელიც ყველასთვის ახალ წელთან და შობასთან ასოცირდება, თავდაპირველად მადლიერების დღისთვის შეიქმნა. Jingle Bells საჯაროდ პირველად ეკლესიაში, მადლიერების დღის მსახურებაზე შესრულდა 1857 წელს. სიმღერა იმდენად მოეწონათ, რომ ერთი თვის შემდეგ შობაზეც შეასრულეს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიოსთვის ის საშობაო ჰიმნი გახდა. სიმღერის ავტორად ამერიკელი ჯეიმზ ლორდ პიერპონტი ითვლება.

თუმცა, ეს ერთადერთი საინტერესო ინფორმაცია არ არის ამ კლასიკად ქცეული საშობაო მელოდიის შესახებ. როდესაც ამბობენ, რომ Jingle Bells მხოლოდ ამ სამყაროს არ ეკუთვნისო, არ ხუმრობენ: ეს მელოდია გინესის რეკორდების წიგნშია შესული – როგორც კოსმოსში შესრულებული პირველი სიმღერა.

 

White Christmas

Jingle Bells არ არის ერთადერთი გინესის რეკორდსმენი სიმღერა ჩვენს სიაში. ბინგ კროსბის მიერ შესრულებული „თეთრი შობის ღამეც“ მსოფლიო რეკორდსმენია – როგორც ყველა დროის ყველაზე მეტი რაოდენობით გაყიდული სინგლი. სიმღერის დებიუტი 1942 წელს შედგა ფილმში Holiday Inn. ამ მელოდიას ყველა ამერიკელის ოჯახში დღემდე ზამთრის ულამაზესი დღესასწაულის განწყობა და სიხარული შეაქვს. 

„თეთრი შობის ღამე" მისი კომპოზიტორის ირვინგ ბერლინის ტრაგედიას ეხება: მას შობის დღეს შვილი გარდაეცვალა. მიუხედავად საოცრად სევდიანი და ნოსტალგიური მელოდიისა, ამ სიმღერის გარეშე ამერიკაში არც ერთი საშობაო დღესასწაული არ ჩაივლის. 

ამ საშობაო მელოდიას კიდევ ერთი საინტერესო ისტორია აქვს: ის ამერიკელმა ჯარისკაცებმა ვიეტნამის ომის დროს საიგონის ევაკუაციისას საიდუმლო სიგნალად გამოიყენეს.

All I Want for Christmas is You

სანამ All I Want for Christmas is You უდიდესი ჰიტი გახდებოდა, მერაია ქერი ფიქრობდა, რომ ის ძალიან ახალგაზრდა იყო საშობაო ალბომის ჩასაწერად, მაგრამ მისმა მენეჯერმა ქმარმა ტომი მოტოლამ მოახერხა მისი დარწმუნება. მათ სტუდია საშობაო დეკორაციებით აგვისტოში მორთეს და ეს საოცარი მელოდიაც სულ რაღაც 15 წუთში ჩაიწერა.

Let it snow

სიმღერა, რომელიც ჩვენთვის შობასა და ახალ წელთან ასოცირდება, პაპანაქება სიცხეში, 1945 წლის ივლისში დაიწერა და მისი ავტორები ამ მელოდიით უფრო გრილ ამინდს ნატრობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში ერთი სიტყვაც არაა ნახსენები დღესასწაულზე, Let it snow მაინც საშობაო სიმღერად განიხილება.

Last Christmas

Last Christmas ჯორჯ მაიკლმა დაწერა, იყო მისი პროდიუსერი და თითოეულ ინსტრუმენტზეც თვითონ უკრავდა. ჯორჯს არ სურდა ვინმე დახმარებოდა.

სინამდვილეში სიმღერას ძალიან ცოტა აქვს საერთო შობასთან. ის ძირითადად წარუმატებელ ურთიერთობებს და ერთი წლის შემდეგ მათთან პირისპირ დადგომას ეხება. მხოლოდ ერთადერთ ფრაზაში – Last Christmas ისმის შობა.

ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0