ახალი წელი

გვითხარით როგორია თქვენი ნაძვის ხე და გეტყვით როგორი ხართ თქვენ

52
(განახლებულია 19:53 14.01.2021)
სულ რამდენიმე დღეა, რაც ახალმა წელმა შემოაბიჯა და თითქმის ყველა სახლში ციმციმებს საახალწლო განათებები და ფერად-ფერადი ნაძვის ხეები. დღეს ნაძვის ხის იმდენი სახის მოსართავი, დეკორაცია, სათამაშო თუ აქსესუარია, რომ არჩევანმა შეიძლება თავბრუც კი დაგვახვიოს.

ყველა ჩვენგანი საკუთარი გემოვნებით ვრთავთ ნაძვის ხეს, ჩვენ თვითონ ვირჩევთ დიდი ნაძვის ხე გვინდა თუ შედარებით პატარა, ხელოვნური თუ ბუნებრივი, სათამაშოებით გადატვირთული თუ სადა და მოკრძალებული. აღმოჩნდა, რომ ნაძვის ხეს, თურმე, ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის პიროვნებაზე.

მოკლედ, შეხედეთ თქვენ მიერ გაფორმებულ ნაძვის ხეს და ჩვენი სახალისო ტესტი გეტყვით, როგორი ხართ თქვენ: მშვიდი თუ მოკრძალებული, ან იქნებ ყველაზე კომუნიკაბელური ხართ? მოდით, გავარკვიოთ.

ვარსკვლავები ხელისგულზე
© CC0 / Pixabay
ვარსკვლავები ხელისგულზე

1. მოკრძალებული ნაძვის ხე

თუ თქვენი ნაძვის ხე ორი ან, მაქსიმუმ, სამი ფერის სათამაშოთია მორთული, ნათურებისა და დამატებითი აქსესუარების გარეშე, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ კონსერვატიული ადამიანი ხართ, საკუთარ თავში დარწმუნებული და ზუსტად იცით რა გჭირდებათ. თქვენთვის ადვილი არ არის თქვენი კომფორტის ზონის დატოვება და უჩვეულო ან ახალი თავგადასავლების მოსინჯვა.

თქვენ საიმედო ადამიანი ხართ და მუდამ მზად ხართ სხვების მხარდასაჭერად. მოგწონთ წესები და ყოველთვის ცდილობთ დაიცვათ ისინი. ასევე მოგწონთ, როდესაც თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ გარკვეული და დაგეგმილია. შეიძლება გაგიჟდეთ, როცა რამე მოულოდნელად ხდება.

© Sputnik / Seyran Baroyan
ჭაჭის ბოთლებისგან აწყობილი ნაძვის ხე ბათუმში

2. „უნიკალური“ ნაძვის ხე

თუ გირჩევნიათ, რომ თქვენი ნაძვის ხე იყოს ნებისმიერი სხვა ფერის, გარდა მწვანისა, ეს ნიშნავს, რომ მოგწონთ ხალხისგან გამორჩევა და საკუთარი გზით წასვლა. არ გეშინიათ ხმაურის და ხშირად არღვევთ წესებს. თქვენ გაბედული ადამიანი ხართ, ასევე თვითგამოხატვა და პირადი სივრცე ბევრს ნიშნავს თქვენთვის.

ყოველთვის გახსნილი ხართ ნებისმიერი სიახლისთვის და მზად ხართ ექსპერიმენტებისთვის. სირთულეები თითქმის არასდროს გაშინებთ და შეგიძლიათ გაუმკლავდეთ მათ.

3. ნაძვის ხე „ყველა სათამაშო, რაც მაქვს“

თუ ნაძვის ხეზე ყველა იმ სათამაშოს დაკიდებთ, რომელიც სახლში გაქვთ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ არათანმიმდევრული ადამიანი ხართ. ხშირად ცვლით გეგმებს, რადგან შეიძლება თქვენთვის რთული იყოს არჩევანის გაკეთება და მხოლოდ ერთზე შეჩერება. ამავე დროს მარტივად პოულობთ კომპრომისებს და ცდილობთ ყველას გახარებას.

ბევრი ფიქრის მერე იღებთ გრძელვადიან გადაწყვეტილებებს, ყველაფერს კარგად აწონ-დაწონით. ცდილობთ წინასწარ გაიგოთ ნებისმიერი სიტუაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები. თქვენს გარემოცვაში სხვადასხვა სამყაროს ხალხია და თქვენ არაჩვეულებრივი უნარი გაქვთ, თითოეულ მათგანთან შესანიშნავი ურთიერთობა გქონდეთ.

© Sputnik / Seyran Baroyan
ბათუმის მთავარ ნაძვის ხეზე განათებები ჩაირთო

4. რაც შეიძლება მეტად განათებული ნაძვის ხე

საახალწლო განათებების მიმართ თქვენი სიყვარული შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ კაშკაშა, დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. სარგებლობთ თქვენი ინდივიდუალურობით და ცდილობთ ყურადღების ცენტრში იყოთ. სხვების მოსაზრებები თქვენთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, პირადი გამოცდილება კი თქვენი მთავარი მრჩეველი და ცოდნის ერთადერთი წყაროა.

ცდილობთ გაამრავალფეროვნოთ თქვენი ცხოვრება და ხშირად იღებთ წვეულებებსა და შეხვედრებზე მოსაწვევებსაც. თქვენ არ ხართ სახლის ადამიანი, პირიქით, საოცრად კომუნიკაბელური ხართ და გიყვართ დროის ტარება ხმაურიან კამპანიებში. მარტივად იძენთ ახალ მეგობრებს, რადგან თქვენთვის ძალიან ადვილია სხვებთან ურთიერთობა.

ეკო ნაძვის ხე
ეკო ნაძვის ხე

5. ნაძვის ხე „ყველაფერს ერთმანეთში შევურევ“

თუ თქვენს ნაძვის ხეზე უამრავი სათამაშო და ასევე უამრავი განათებაა, მაშინ თქვენ მეოცნებე ხართ და არაპროგნოზირებულად მოქმედებთ. თქვენ ღია ხართ ყველა შესაძლებლობისთვის, რასაც სიცოცხლე გთავაზობთ. მრავალი საქმიანობისა და იდეების გამო ზოგჯერ ბოლომდე არ ასრულებთ ერთ რამეს და უკვე მეორეს იწყებთ.

თქვენ ყოველთვის ნახავთ გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან. გაქვთ ხალხთან ურთიერთობის ნიჭი, რაც გეხმარებათ მათი ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვებაში. მათ იციან, რომ ნებისმიერ საკითხზე შეუძლიათ მოგმართონ და რთულ სიტუაციაში მარტო არ დატოვებთ.

კედლის ნაძვის ხე
კედლის ნაძვის ხე

6. ნაძვის ხე „ზომას რა მნიშვნელობა აქვს“

თუ თქვენ პაწაწინა ნაძვის ხე გაქვთ, მაგიდაზე ან ფანჯრის რაფაზე რომ ეტევა, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად არ მოგწონთ სიურპრიზები და ცხოვრების წესის ცვლილებები. ხართ მოკრძალებული და მშვიდი, არ ცდილობთ ზედმეტი ყურადღება მიიპყროთ, რადგან ეს არ გჭირდებათ.

აფასებთ იმას, რაც გაქვთ და არ ცდილობთ ხალხზე შთაბეჭდილების მოხდენას. ფიქრობთ, რომ ადამიანი უნდა იყოს ინდივიდუალური და ნამდვილი, ყოველგვარი ყალბი გალამაზების გარეშე და ცდილობთ დაიცვათ ეს წესი. ყოველთვის იცით, რა გინდათ ცხოვრებისგან.

 

52
საქართველოს ზამთრის პეიზაჟები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 იანვარი

109
(განახლებულია 11:58 25.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 26 იანვარია, სამშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღევანდელი დღე ადამიანებისგან მეტ კონკრეტულობას მოითხოვს. ნებისმიერი გაურკვევლობა გაღიზიანებას გამოიწვევს. გამძაფრდება რეაქციები მიმდინარე მოვლენებზე, რაც, შესაძლოა, კონფლიქტების საფუძველი გახდეს. ამავე დროს დღეს ძალიან იოლი იქნება ღრმად მიმალულ გრძნობებზე საუბარი, ადამიანისთვის პირდაპირ თქმა, თუ რას ფიქრობთ მასზე. თუმცა, ამ შემთხვევაში სჯობს, ფარგლებს არ გასცდეთ და უკმეხად არაფერი წამოგცდეთ – ამას ურთიერთობებში ბზარის შეტანა შეუძლია.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ვერძი: დღეს თქვენთვის საქმეების მოწესრიგების დღეა. თუნდაც ეს გაწერილი არ გქონდეთ, დიდი ალბათობით, ამის აუცილებლობას შექმნილი ვითარება მოითხოვს. მოწესრიგება შეიძლება დასჭირდეს თქვენს სამუშაო ადგილს, ან საქმეებსა და გეგმებს. არ არის გამორიცხული, რომ მოწესრიგების პროცესში დავიწყებული რამ აღმოაჩინოთ, რომელიც დღემდე აქტუალური და თან – საკმაოდ ფასეული.

კურო: დღეს გარშემომყოფებთან და მათ შორის, ახლობელ ადამიანებთან დისონანსში იქნებით. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ თქვენ ირგვლივ ადამიანები ძალიან სერიოზული განწყობით დაიარებიან, ისინი კი, თავის მხრივ, უკმაყოფილო იქნებიან თქვენი უზრუნველობით. სერიოზულ კამათს ეს, დიდი ალბათობით, არ გამოიწვევს, თუმცა იმისთვის, რომ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებში ბზარი არ გაჩნდეს, ხშირად მოირგეთ „სერიოზული და ჭკვიანი“ ადამიანის სახე, თუნდაც ეს ძალზე სასაცილოდ გეჩვენებოდეთ.

ტყუპი: დღეს მზად ხართ, რომ მტკიცე და შეიძლება რადიკალური ზომებიც გადადგათ და ეს განსაკუთრებით ფინანსების სფეროს ეხება. იმის ნაცვლად, რომ ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ, ასჯერ გაჭრის განწყობაზე იქნებით. ერთი მხრივ, არის საფრთხე, რომ ფული ქარს გაატანოთ; მეორე მხრივ კი ეს საბრძოლო განწყობა ბიძგს მოგცემთ, გადადგათ ის ფინანსური ნაბიჯები, რომლებიც უკვე მომწიფებულია და დიდი ხანია, გადაწყვეტას მოითხოვს.

კირჩხიბი: დღეს კირჩხიბები კრიტიკოსების სახით მოგვევლინებით. ამასთან, თქვენი კრიტიკა ყველა ნაკლებად იქნება მიმართული საკუთარი თავისადმი, კრიტიკის ობიექტები დიდწილად გარშემომყოფები იქნებიან. თქვენი შენიშვნები ადამიანებს შეცდომების გამსოწორებას აიძულებს, თუმცა ყველაფერი მარტივადაც არ იქნება. თქვენი ბრძნული რჩევები, შესაძლოა, ყურს მიღმა გატარდეს, ხოლო კრიტიკა კი წყენის წყარო გახდეს. თქვენი გადასაწყვეტია – ღირს თუ არა კრიტიკაზე დროისა და ძალების  დახარჯვა, თან, როდესაც შედეგის იმედი ნაკლებადაა.

ლომი: დღეს დიდი ალბათობაა, რომ ირგვლივ მყოფი ადამიანები შეეცადონ, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა თქვენ მხრებზე გადმოიტანონ. ისინი იგრძნობენ, რომ დამყოლ ხასიათზე ხართ და ამის გამოყენებას ურცხვად შეეცდებიან. ამის გამოსწორება შეგიძლიათ, თუ მკაცრად დაიცავთ თქვენს პოზიციებს და აღკვეთ ამგვარ მცდელობებს. სხვაგვარად მოგიწევთ სხვისი საქმეების გაკეთება და საკუთარის გადადება.

ქალწული: მთელი დღე გარედან აკვიატებული ზეწოლა შეიძლება იგრძნოთ. შესაძლოა, ეს დროის დეფიციტი იყოს, ან ვითარება მოითხოვდეს თქვენგან სწრაფ მოქმედებებს, ასევე გარშემომყოფები გამუდმებით მოგმართავდნენ თხოვნით. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ზეწოლისგან გათავისუფლება გაგიჭირდებათ, ამიტომ, სჯობს, შეეგუოთ ასეთ მდგომარეობას. ყველაფერს აჯობებს, განმარტოვდეთ, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ და სიმშვიდეში მიხედოთ თქვენს საქმეებს.

სასწორი: დღეს იშვიათი შანსი გაქვთ, რომ რომელიმე საქმეში დიდი ნაბიჯი გადადგათ წინ. მთავარია, საჭირო მომენტი დროულად დაინახოთ, ხელიდან არ გაუშვათ და მტკიცედ, მკაფიოდ იმოქმედოთ. აქტიური და შეუპოვარი მოქმედებების წყალობით გამარჯვების დიდი შესაძლებლობა გაქვთ. გამოიყენეთ ეს დღე ახალი სიმაღლეების დასაპყრობად და კონკურენტების უკან ჩამოსატოვებლად.

მორიელი: დღეს სამართლიანობის გრძნობა გამძაფრდება თქვენში. მზად ხართ, ვინმე ან რამე საკუთარი მკერდით დაიცვათ, თუ ჩათვლით, რომ მას ჩაგრავენ და ავიწროებენ. რას იზამთ, ხანდახან ცუდი არაა სამართლიანობისთვის ბრძოლა და მოძალადისთვის ადგილის მიჩენა. თუმცა დღეს უსამართლობა შეიძლება იქაც „დაინახოთ“, სადაც ამის ნატამალიც კი არაა. ასე რომ, მეტი დაკვირვება გმართებთ, რომ განგაშის ზარი ტყუილუბრალოდ არ შემოჰკრათ.

მშვილდოსანი: დღეს, შესაძლოა, მთელი დღე ჭეშმარიტების ფუჭ ძებნაში დაკარგოთ, თან დარწმუნებული იყოთ, რომ ის „სადღაც აქვეა“. ეს ძებნა ნებისმიერ საკითხს შეიძლება უკავშირდებოდეს – ურთიერთობებს, მუშაობას, პირად ცხოვრებას. თუმცა, რაც არ უნდა მოგეჩვენოთ, რომ სამართლიანობა „ჰა და ჰა, გაიმარჯვებს“, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებაა. შეიძლება გაკვირვებულმა აღმოაჩინოთ, რომ „სუფთა სახის“ ჭეშმარიტება თითქმის უსარგებლო რამაა და თქვენ გარდა ის არავის სჭირდება.

თხის რქა: ასტროლოგები დღეს მხოლოდ პირდაპირი გზებით სიარულს გირჩევენ. საკუთარ თამაშის წამოწყების მცდელობას, ან, უფრო უარესი – რამის დამალვას ან დამახინჯებას, სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თუ საჭირო შედეგის მიღება გსურთ, ღიად, პირდაპირ და პატიოსნად უნდა იმოქმედოთ. გარშემომყოფებიც სწორედ ამ თვისებებს დააფასებენ თქვენში. მაგრამ ერთიცაა – გულწრფელობასაც თავის საზღვრები აქვს და დაიცავის ეს ფარგლები.

მერწყული: დღეს საჭირო შედეგების მისაღწევად იმის ლაპარაკი მოგიწევთ, რასაც თქვენგან ელოდებიან და არა იმის, რასაც სინამდვილეში ფიქრობთ. ხანდახან შეიძლება გაჩუმებაც უპრიანი იყოს. რას იზამთ, გულწრფელობა ზოგჯერ უადგილოა ხოლმე და მით უმეტეს – მნიშვნელოვან საუბრებში, მოლაპარაკებებში. დღეს თუ სათქმელს პირდაპირ იტყვით, შეიძლება ავნოთ საქმესაც და საკუთარ თავსაც. თუ გაჩუმდებით, მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებით.

თევზები: დღეს საქმიანობაში მტკიცედ და საბრძოლოდ ხართ განწყობილი. რატომ უნდა იწვალოთ კვანძის გახსნაზე, როცა მისი ნაჯახით გადაჭრა შეიძლება? ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ზოგიერთ საკითხში რადიკალური ზომები სწორედაც რომ ყველაზე მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგრამ ისეთ საქმეებს, რომლებიც დროსა და დელიკატურ დამოკიდებულებას საჭიროებს, სჯობს, სათოფეზეც არ გაეკაროთ. ან წინასწარ შეეგუოთ, რომ ისინი, ასეთ შემთხვევაში, სრული კრახისთვისაა განწირული.

109
ნინო კრავეიშვილი

ინდური კულტურის ფერადოვნება, ტაჯ-მაჰალის წინ შესრულებული ქართული ცეკვა ანუ ნამასტე!

251
(განახლებულია 16:13 25.01.2021)
ყველაფერი ალბათ მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ პატარა გოგომ ინდური ფილმი პირველად ნახა და მისი ფერადოვნებით ეგრევე მოიხიბლა.

იქიდან მოყოლებული, სიცოცხლის დღესასწაულივით შეგრძნება ნინო კრავეიშვილს დიდობაშიც გაყვა, ამიტომ არავის გაუკვირდა, როცა ერთ დღეს, ეს სიყვარული საქმედ აქცია. თბილისში მან ინდური კულტურის ცენტრი „ლაქშმი" დააარსა და მეგობრებთან ერთად დღემდე ენთუზიაზმზე მუშაობს. აქ ყველაფერი: ინდური სიმღერა, ცეკვა, სამზარეულო, ხელის მოხატვაც კი თვითონ შეისწავლეს. სანამ ინტერნეტი გაჩნდებოდა, საჭირო ინფორმაციას მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებიდან იგებდნენ.

დღეს ინდური კულტურის ცენტრი, სადაც ცეკვის ანსამბლიცაა, სოციალურ ქსელებშიც დარეგისტრირებულია და გამომწერი ყველგან ჰყავს. მათ ვიდეოარხს „იუთუბზე“ 250 000 -ზე მეტი გამომწერი ჰყავს და  მილიონობით ნახვა აქვს. მათ შესახებ დღეს ინდოეთშიც იციან, ბევრმა  მათგანმა საქართველოსა და ქართულ კულტურაზე პირველად სწორედ ინდური ცენტრის დახმარებით გაიგო...

ნინო კრავეიშვილი
ნინო კრავეიშვილი

- ქალბატონო ნინო, ინდურ კულტურასთან შეხება ჩვენს ქვეყანაში, ტრადიციულად ინდური ფილმებით იწყება ხოლმე, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

- ამ ქვეყანაზე იმდენად შორეული ბავშვობიდან ვარ შეყვარებული, რომ დაინტერესების წყარო, ცხადია, წიგნი ვერ გახდებოდა. ეს ყველაფერი ფილმებიდან დაიწყო. ინდური ფილმები დედაჩემს უყვარდა და კინოთეატრებში მათ სანახავად ბავშვობიდან დავყავდი. მაშინდელი შთაბეჭდილება, რომ ეს ზღაპრულად ფერადი და პოზიტიური ქვეყანაა, დიდხანს გამყვა. მოგვიანებით ცხადია, გავიგე, რომ სინამდვილეში ყველაფერი ნამდვილად არ არის ისე, როგორც ფილმებშია, თუმცა მთავარი შთაბეჭდილება არ შეცვლილა.

ნინო კრავეიშვილი ცენტრის წევრებთან და ინდოელ სტუმრებთან ერთად
ნინო კრავეიშვილი ცენტრის წევრებთან და ინდოელ სტუმრებთან ერთად

- როგორი იყო რეალობა, რომელიც მოგვიანებით აღმოაჩინეთ?

- რეალობა, რაც ინდოეთში, ვნახე, ასეთია: მიუხედავად უკიდურესი სიღარიბისა და ცხოვრების ელემენტარული პირობების არქონისა, ქუჩებში მხვდებოდნენ ადამიანები, რომელთაგანაც ნეგატივი არასოდეს მიგრძვნია. იქ ადამიანებს ყოველი გათენებული დღე უხარიათ და ელემენტარული წვრილმანები ახარებთ. ინდოეთში ფაქტობრივად, ვერ ნახავთ შავი ფერის ტანისამოსში ჩაცმულ ადამიანებს. იმ ქვეყანაში  იმდენად ადვილად იმსხვრევა ყველა კომპლექსი, იმდენად იკურნები და გრძნობ სულიერ წონასწორობას, რომ ამ ყველაფრით, შეუძლებელია არ მოიხიბლო.. ჰოდა, მეც სამუდამოდ შემეყარა ეს "სენი". დედაჩემს, ჩემს მეუღლეს და მეგობრებს ეგონათ, რომ დროთა განმავლობაში, ეს „გატაცება" გამივლიდა და მომბეზრდებოდა. თუმცა, ფაქტია, ასე არ მოხდა და ჩემი დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ უფრო მყარდება და ღრმავდება. დღესდღეობით კი ყოველდღიურ საქმიანობაშიც გადაიზარდა.

ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ მოცეკვავეებთან ერთად
ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ მოცეკვავეებთან ერთად

- სწორედ საქმიანობაზე მინდა გკითხოთ: როდის დააარსეთ ინდური კულტურის ცენტრი საქართველოში და მასში გაერთიანების რამდენი მსურველი გამოჩნდა?

- ამ ორომტრიალში ათი წლის წინ ჩავები. საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელება, რომ თბილისში შემექმნა პატარა ინდური სამყარო, მოსვენებას არ მაძლევდა. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ძალიან მიჭირს ხოლმე ფიქრისა და განსჯის გარეშე რაიმე გადაწყვეტა, ეს ნაბიჯი მგონი ერთადერთია, რაც ემოციურად გადავდგი და არასოდეს ვინანებ. თბილისს იმ დროს ინდოეთის მაშინდელი ელჩი სტუმრობდა და მზადდებოდა საღამო, რისთვისაც საკონცერტო ნომრები (ცეკვა, სიმღერა) იყო საჭირო. სასწრაფოდ შევკრიბე სოციალური ქსელებიდან ინდოეთით დაინტერესებული მეგობრის შვილები, მათი მეგობრები და ჩემს სახლში დავიწყეთ რეპეტიციები. მათ კოსტიუმებზეც თავად ვიზრუნე და დღემდე ანსამბლის ჩაუნაცვლებელი დიზაინერი ვარ. ერთადერთი, რაზეც ბევრი ვიფიქრე, ანსამბლის სახელი იყო. ინდურ ღვთაებებს მივადექი და საბოლოოდ შევჩერდი ლაქშმიზე, რაც ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ქალღმერთის სახელია და ჩავთვალე, რომ დადებითი აურის მატარებელი სახელწოდება აუცილებლად გაამართლებდა. 

ნინო კრავეიშვილი ინდოეთში
ნინო კრავეიშვილი ინდოეთში

- როგორც ჩანს, გაამართლა...

- დიახ, ამაში ჯერ კიდევ მაშინ, წარმატებით ჩატარებულმა საღამომ დაგვარწმუნა. სტიმული მოგვცა საიმისოდ, რომ საყვარელი საქმე  თამამად გაგვეგრძელებინა. სულ მალე, ხუთწევრიანი ანსამბლი თანდათან გაიზარდა. ჩვენი ინტერესების სფერო გაფართოვდა და მას სიმღერა, მეჰენდის ხელოვნება და სამზარეულოც შეემატა. თანდათან უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდა და მალევე ოფიციალურად დავაარსეთ ინდური კულტურის ცენტრი, რომელსაც „ლაქშმი" ვუწოდეთ. ამჟამად მყავს საუკეთესო გუნდი, საქმეზე უზომოდ შეყვარებული და ერთგული ადამიანებით. ვცდილობ, მათ თავად მივცე  ხოლმე პასუხისმგებლობისა და საქმის სიყვარულის მაგალითი.

ინდოეთში ვიზიტის დროს
ინდოეთში ვიზიტის დროს

- საქართველოში მყოფი ინდოელები თუ არიან თქვენს ცენტრში?

- დიახ, ჩვენს გვერდით არიან ინდოელი მეგობრებიც, რომლებიც ჩვენს საკონცერტო ნომრებშიც იღებენ მონაწილეობას. რათქმაუნდა ინდოეთით და მისი კულტურით, მითუმეტეს ინდური ცეკვით დაინტერესება, ქალბატონებსა და გოგონებს შორის უფრო მეტია. თუმცა სხვადასხვა დროს ანსამბლში ინდური ცეკვით დაინტერესებული ქართველი ვაჟებიც გვყავდა. ამჟამად ქართველ გოგონებთან ერთად ანსამბლში ინდოელი სტუდენტი ვაჟები ცეკვავენ.

ინდოეთში ყოფნის დროს
ინდოეთში ყოფნის დროს

-  ინდოეთში როდის იყავით და ვისი მიწვევით?

- ინდოეთში 2020 წლის თებერვალში გავემგზავრეთ. საქართველოში ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ინდოელი, დარპან პრაშერი, რომელიც ქართველი და ინდოელი ახალგაზრდების დაახლოებისთვის ყველაფერს აკეთებს. ასევე ცდილობს, რომ იქაურ ინდოელებსაც გააცნოს ქართული კულტურა. სწორედ მისი ძალისხმევით გაიმართა ნიუ-დელიში ქართულ-ინდური ფესტივალი. ქართული მხრიდან ის გახლდათ ორგანიზატორი და ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებადაც სწორედ მან მიგვიწვია. ეს იყო ასრულებული ოცნება თითოეული ჩვენგანისთვის. საქართველოდან 30 კაციანი ჯგუფი გავემგზავრეთ: ჩვენი კულტურის ცენტრის წევრები და ქართული ცეკვის ანსამბლის „გიორგობა" არაჩვეულებრივი ბავშვები, ქორეოგრაფ ნიკოლოზ ხერხაძესთან ერთად.

- როგორ იმოქმედა ამ ქვეყნის კულტურამ და რამდენად გაამართლა ნანახმა მოლოდინი?

- ნანახმა მართლა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ინდოეთის მიწაზე ფეხის დადგმის წუთიდან დაწყებული, ორი კვირის განმავლობაში პოზიტიური ემოციური შოკი მქონდა. ძნელია გადმოსცე ის განცდა, როდესაც თაჯ-მაჰალის წინ დგახარ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეთრი მარმარილოს მავზოლეუმი ათასობით ფოტოზე მქონდა ნანახი, მონუსხული შევცქეროდი და კარგა ხანს ფოტოს გადაღებაც ვერ მოვახერხე. ინდოეთის ღირშესანიშნაობების სრულად სანახავად ალბათ მთელი დარჩენილი ცხოვრება დამჭირდება. ბევრი რამ ვნახეთ საფუძვლიანად, ბევრიც მხოლოდ გარეგნულად დავათვალიერეთ დროის სიმცირის გამო. თუმცა მაინც მინდა გამოვყო ჰავა-მაჰალი (ქარის სასახლე) ჯაიპურში და ლოტოსის ტაძარი (ბაჰაისტური სამლოცველო სახლი) დელიში. ცალკე თემაა ფესტივალის ფარგლებში განცდილი დაუვიწყარი ემოციები, ინდოელი მაყურებლის და ფესტივალის სტუმრების დადებითი შეფასებები, ადგილობრივი პრესისა და ტელევიზიის გამოხმაურება ჩვენს საფესტივალო პროგრამაზე, რომელიც სამი დღის განმავლობაში წარმოვადგინეთ...

- რომელი დღე იყო განსაკუთრებული?

- ყოველი დღე და საათი დაუვიწყარი თავგადასავალი იყო. საოცრად ემოციური იყო ტაჯ-მაჰალის წინ შესრულებული ქართული ცეკვა და ინდოელების და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების ემოციები. ასევე არასოდეს დამავიწყდება ჯალ-მაჰალის (წყლის სასახლე) წინ ჩატარებული პატარა კონცერტი და სატელევიზიო გადაღება. როგორც იცით, ეს ულამაზესი სასახლე წყალშია აშენებული, სწორედ მის ფონზე გადაღებების დროს, ინდოელმა მაყურებელმა უზარმაზარი ალყა შემოგვარტყა. მანძილი ჩვენსა და მათ შორის იმდენად სწრაფად შემცირდა, რომ ლამის წყალში გადაგვყარეს. მათი ერთადერთი სურვილი ჩვენს მოცეკვავეებთან სელფის გადაღება იყო, თუმცა სიტუაცია თანდათან უმართავი ხდებოდა. რომ არა ჩვენი ორგანიზატორების და თანმხლები მამაკაცების მოხერხება, ალბათ იქიდან გაღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

- რომელიმე ინდურ ტრადიციას ხომ არ მისდევთ ცენტრში?

- ტრადიციების და მათი მკაცრი დაცვის მხრივ, ინდოეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი კულტურის ცენტრში მხოლოდ ქართველები ან საქართველოში მცხოვრები ადამიანები ვართ, პირად ცხოვრებაში მათ ტრადიციებს ცხადია, არ ვიცავთ. თუმცა საჩვენებლად ბევრ მათგანს ვუწევთ პოპულარიზაციას. მაგალითად, უძველეს ტრადიციულ დღესასწაულ ჰოლის (ფერების დღესასწაულს), რომელიც პირველად ბავშვობაში ვნახე დიდ ეკრანზე ინდურ ფილმში და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

- საქართველოში ჩატარებული ღონისძიებებიდან რომელს გაიხსენებთ?

- 2012 წელს, თბილისში, ინდოეთის მოყვარულ ადამიანებთან ერთად, ჰოლის ფესტივალი, სპეციალური საკონცერტო პროგრამით ავღნიშნეთ. წლების მანძილზე ვაცნობდით ასევე ქართველ მაყურებელს და დაინტერესებულ ადამიანებს ინდურ ტრადიციულ სამზარეულოს, რომელიც ასევე მრავალფეროვანია. ჩვენს საკონცერტო პროგრამებში შეტანილი გვქონდა თითოეულ პერსონაზე მენიუ, რომელშიც ინდური ტრადიციული სამზარეულოს კერძები შედიოდა. კულტურის ცენტრში გვყავს ინდური სამზარეულოს შესანიშნავი სპეციალისტი დიანა სონღულაშვილი, რომელიც არაჩვეულებრივ ინდურ კერძებს ამზადებს. 

ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ წევრებთან ერთად
ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ წევრებთან ერთად

- მათი ყოველდღიური წეს-ჩვეულებებიდან რომელს გამოყოფდით?

- ბავშვობიდან მხიბლავდა მათი მისალმება შეხვედრისას, როდესაც ისინი ხელისგულებს აერთებენ, ნიკაპამდე წევენ და მისალმების ნიშნად წარმოთქვამენ სიტყვას: ნამასტე! ასევე დალოცვის ტრადიციაც, როდესაც მშობლებს ან ასაკით უფროს ადამიანს დალოცვას სთხოვენ და პატივისცემის ნიშნად მათ ფეხზე ეხებიან. ქცევის თავისებურებები ალბათ უფრო კულტურის ნაწილია, მაგრამ აქვე გამახსენდა მათი საკვების მიღების წესი როცა ისინი მხოლოდ მარჯვენა ხელით იღებენ საკვებს, რადგან მარცხენა ხელი უსუფთაოდ ითვლება.

- ოდესმე ხომ არ გიფიქრიათ, რომ შესაძლოა, წინა ცხოვრებაში ინდოელი იყავით?

- მივადექით იმ კითხვას, რომელსაც ნაცნობები თუ უცნობები, ჩემი ამ ქვეყნისადმი სიყვარულის შესახებ როცა იგებენ, ყველგან და ყოველთვის მისვამენ. ამაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ვიცით, რომ ჩვენი რელიგია ხელახლა განსხეულებას არ აღიარებს. თუმცა გული მაინც ეწინააღმდეგება გონებას და სადღაც გულის სიღრმეში, სულ მგონია, რომ მართლაც შეიძლებოდა ასე ყოფილიყო. როდესაც ინდურ ფილმებში ვხედავდი ფილმის გმირს, რომელიც პენჯაბის მინდვრებში მოაბიჯებდა, არაერთხელ მქონია შეგრძნება, რომ იმ ადგილზე მეც ვყოფილვარ და გამივლია. შემდეგ კი საკუთარი ფიქრის თავადვე შემშინებია და დამიბლოკავს. ერთი სიტყვით, გულის სიღრმეში მგონია, რომ წინა ცხოვრებაში ნამდვილად ინდოეთში ვცხოვრობდი. იმდენად კომფორტულად და უსაფრთხოდ ვგძნობდი იქ თავს, იმდენად აუხსნელი იყო ჩემი შეგრძნებები, რომ ამ ამბავზე ინდოეთის მიწაზე ფეხის დადგმისთანავე კიდევ ერთხელ დავფიქრდი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოცნება ინდოეთში ჩავსულიყავი ასრულდა. ზუსტად ვიცი, რომ მხოლოდ ის სიყვარული კვდება, რომელზეც აღარ ოცნებობენ...

 

 

251
დროშები ოცნების ოფისთან

NDI-სა და „ქართული ოცნების“ ომი დასრულდა - კვლევითმა ორგანიზაციამ მისი წარმატება აღიარა

0
(განახლებულია 20:32 25.01.2021)
ხელისუფლებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის მრავალწლიანი დავა, როგორც ჩანს, დასრულდა. გუშინ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლებას იმდენად კარგი შედეგები აქვს, რომ ვეჭვობ, რომელიმე სახელისუფლებო პოლიტიკოსმა NDI გააკრიტიკოს.

არადა, ეს ტრადიციად იყო დამკვიდრებული ბოლო წლების საქართველოში. ახლა კი, NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50% დადებითად ფასებს, 38% - ცუდად, გიორგი გახარიას გამოკითხულთა 46% დადებითად აფასებს, 17% - ცუდად.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება". 5%-ის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება სხვა პარტიებს ("პატრიოტთა ალიანსი"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "გირჩი"; "ევროპული საქართველო"; "ლელო"; "ლეიბორისტული პარტია") ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არც ერთი პარტია არ დაასახელა.

როგორც ირკვევა, ბოლო ერთ წელიწადში შემცირებულია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც მათ პოზიციასთან ახლოს მდგომ პარტიად ოპოზიციურ ძალას ასახელებდა. კერძოდ, NDI-ის მიერ 2020 წლის იანვარში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, იგივე შეკითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე ნაწილდებოდა: მოსახლეობის 19% თვლიდა, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგარი პარტია „ქართული ოცნება“ იყო, 14%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურდა, ხოლო მოსახლეობის 13%-ისთვის ყველაზე ახლოს მდგარი პარტია „ნაციონალურ მოძრაობა” იყო.

„ნაციონალური მოძრაობის‘‘  რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, - ამბობს მამუკა მდინარაძე. თუმცა არც პარლამენტის ნდობაა ისტორიულ მაქსიმუმზე ამ კვლევის მიხედვით. საქმე ისაა, რომ მთავრობის ნდობის ზრდის პარალელურად პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის რეიტინგი მეტად შემცირებულია. მის საქმიანობას კარგად მხოლოდ გამოკითხულთა 15% მიიჩნევს, 80% კი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, თუკი პარლამენტის საქმიანობაში ოპოზიცია ჩაერთვებოდა.

თუმცა ამ კვლევას ეჭვის თვალით უყურებს მთავარი ოპოზიციური არხის მთავარი წამყვანი ნიკა გვარამია: „NDI-ს სატელეფონო კვლევები არაფერს გვაჩვენებს, გარდა იმისა, როგორი შეშინებულია ხალხი უზურპატორი რეჟიმით. ყველაზე მძიმე პერიოდში - ოცნების ყველაზე მაღალი რეიტინგი - ეს რომ სტატისტიკური, ლოგიკური და პოლიტიკური აბსურდია, ამას ვინც ვერ ხვდება, სერიოზული პრობლემები აქვს, ან მკაფიო მიზანმიმართულობა“, - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქსტატუსში.

თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ალბათ სჯობს გაანალიზონ, რამ გამოიწვია მათი რეიტინგის ასეთი კატასტროფული დაცემა ანდა NDI-ს შედეგები არ აღიარონ, როგორც ამას ადრე „ქართული ოცნება“ აკეთებდა.

კიდევ ერთი საინტერესო შეფასება კვლევის შედეგებს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მისცა. ის ფიქრობს, რომ მთავრობას გახარია ქაჩავს.

„ჩემის აზრით, კვლევის შედეგები კანონზომიერია. ოპოზიცია არ წარმოადგენს არანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს იმ პრობლემებთან დაკავშირებით... მაშინ, როდესაც მთავრობა რაღაცას მაინც ფაფხურობს ამ პრობლემებთან დაკავშირებით. კერძოდ გახარია, რომელიც "ჭაობის კაბინეტს" მთლიანად ქაჩავს. ის ობიექტურად ყველა ოპოზიციურ ლიდერზე ბევრად უფრო ადექვატურად გამოიყურება. ასევე კანონზომიერია პარლამენტის გაკოტრება, ანუ სრული უფუნქციობა და დელეგიტიმაცია“, - წერს ხუხაშვილი.

საერთო ჯამში, ეს კვლევა ბევრ რამეზეა, კორონაზე, ნატოზე, ჩვენს წარმოდგენებსა და ღირებულებებზე. ირკვევა, რომ ნატოში 80%-ს უნდა, ამასთან იმავე გამოკითხულთა 41% ვაქცინას არ გაიკეთებს...

შიშის ფაქტორი ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ყოველთვის არსებობს, მაგრამ არც ამით თავის დაიმედებაა კარგი. ავტორიტეტული ძალა, რომელიც მას ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს, ამ კვლევებშიც არ ჩანს, ხოლო მომავალში რა იქნება, ეს ძნელი სათქმელია.

 ოპოზიციას ახლა ახალი, გაუსვრელი ძალა და დიდი ფინანსები სჭირდება, რომ თავისი სიტყვა თქვას და ეს კვლევის გარეშეც კარგად ჩანს.

 

 

 

0