ლამაზი ქალი

დაბადების დღე და მისი გავლენა ქალის ხასიათზე

403
(განახლებულია 17:33 13.01.2021)
როგორც ასტროლოგები აცხადებენ, ადამიანის ხასიათზე ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ მისი დაბადების წელი, თვე და რიცხვი, არამედ ისიც, კვირის რომელ დღეს დაიბადა ის.

როგორი ხასიათით გამოირჩევიან ქალები თავიანთი დაბადების დღის მიხედვით – ამის მიხედვით ქალის შესახებ ბევრი რამის გაგება შეიძლება.

როგორი სიყვარული შეუძლიათ ქალებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ორშაბათი: ორშაბათს დაბადებული ქალი ნაზია, მეოცნებე და მგრძნობიარე, შეუძლია სხვა ადამიანთან შეგუება, დათმობაზე წასვლა. უჭირს მარტო ცხოვრება. აქვს მოთხოვნილება, რომ თავისი სითბო და გრძნობები სხვას გაუზიაროს. ნამდვილ ქალად მაშინ იქცევა, როდესაც დედა ხდება. ცდილობს ჰარმონიულად იცხოვროს გარე სამყაროსთან და გულის ძახილს მიჰყვება.

სამშაბათი: სამშაბათს დაბადებული ქალი გულუხვია და სიყვარულში მგზნებარე. ის მამაკაცს აცდუნებს ინტელექტით, იუმორის გრძნობით, თავისუფლებისადმი აშკარად გამოხატული მისწრაფებით. ყველაზე მეტად თავისუფლება უყვარს და მხოლოდ ერთი რამის ეშინია – მონოტონურობისა გრძნობებში, რომელსაც ენთუზიაზმის ჩახშობა შეუძლია. მისთვის სიყვარული ერთგვარი თამაში უნდა იყოს, სხვანაირი სიყვარული არ სჭირდება.

ოთხშაბათი: ოთხშაბათს დაბადებული ქალი მოსიყვარულეა, მგრძნობიარე და ნაზი, თუმცა ამას მორცხვობისა და თავშეკავებულობის ნიღბის ქვეშ მალავს. სასიყვარულო ურთიერთობებში საიმედოობა, გულწრფელობა, მუდმივობა სჭირდება. სწორედ ამიტომ არ ენდობა ერთი ნახვით შეყვარებას – ვნებას, რომელიც უცბად იფეთქებს და მალევე ჩაქრება. მისთვის მიმზიდველია არა გარეგნული სილამაზე, არამედ წესიერება და წრფელი გრძნობები.

როგორი მამაკაცი შეეფერება ქალს დაბადების თვის მიხედვით>>

ხუთშაბათი: ხუთშაბათს დაბადებული ქალი აღფრთოვანებული და მოუთმენელია სიყვარულში. იმის თქმა, რომ ძალზე სენტიმენტალური, ილუზიებისა და ოცნებების ნისლშია ჩაძირული, არ შეიძლება. უყვარს თავისუფლება და თავგადასავლები, ცხოვრება, რომელსაც მუდმივად გამოცდილებით გაამდიდრებს. მამაკაცებს იზიდავს ბუნებრივი მომხიბვლელობით, უშუალობით და ვერ იტანს, როდესაც მის რამეზე ან ვინმეზე „მიჯაჭვას“ ცდილობენ.

პარასკევი: პარასკევს დაბადებული ქალი ბუნებით რომანტიკული და მეოცნებეა. მასზე დიდ გავლენას ახდენს სილამაზე და ყველაფერი, რაც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ჰარმონიას. ის მამაკაცს აცდუნებს სინაზით, ზემგრძნობიარობით. სამაგიეროდ სურს, რომ ის დაამშვიდონ, მასზე იზრუნონ, დაიცვან. ემოციური მარტოობა აშინებს და აბსოლუტურ სულიერ წონასწორობას მხოლოდ ოჯახში ან/და ბავშვებთან პოულობს.

შაბათი: შაბათს დაბადებული ქალი იდუმალებთ მოცულია, რადგან უჭირს თავისი გრძნობების გამოხატვა. არის ორიგინალური, დამოუკიდებელი. როდესაც მამაკაცის მოხიბვლას ცდილობს, ჩვეულებრივ ქალურ ხერხებს მიმართავს. მისთვის ცდუნება, პირველ რიგში, ინტელექტუალური უნდა იყოს. სიტყვა „მიყვარხარ“ მისთვის ადვილად წარმოსათქმელი არაა. შესაძლოა, გულცივი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ძალზე ემოციურია და მასში გრძნობები მაჭარივით დუღს.

ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში>>

კვირა: კვირას დაბადებული ქალი იმპულსური და ნებისყოფიანია. მას ვნება ამოძრავებს. ან უყვარს, ან – არა, მესამე მისთვის არ არსებობს. მოქმედებს ბუნებრივად. მისთვის აუცილებელია, რომ პარტნიორით იამაყოს, რადგან მას თავად ირჩევს. უჭირს დათმობაზე წასვლა, საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა. უპირატესობას მორჩილ მამაკაცებს ანიჭებს. წყვილში წამყვანი ძალაა.

403
ნინო კრავეიშვილი

ინდური კულტურის ფერადოვნება, ტაჯ-მაჰალის წინ შესრულებული ქართული ცეკვა ანუ ნამასტე!

184
(განახლებულია 16:13 25.01.2021)
ყველაფერი ალბათ მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ პატარა გოგომ ინდური ფილმი პირველად ნახა და მისი ფერადოვნებით ეგრევე მოიხიბლა.

იქიდან მოყოლებული, სიცოცხლის დღესასწაულივით შეგრძნება ნინო კრავეიშვილს დიდობაშიც გაყვა, ამიტომ არავის გაუკვირდა, როცა ერთ დღეს, ეს სიყვარული საქმედ აქცია. თბილისში მან ინდური კულტურის ცენტრი „ლაქშმი" დააარსა და მეგობრებთან ერთად დღემდე ენთუზიაზმზე მუშაობს. აქ ყველაფერი: ინდური სიმღერა, ცეკვა, სამზარეულო, ხელის მოხატვაც კი თვითონ შეისწავლეს. სანამ ინტერნეტი გაჩნდებოდა, საჭირო ინფორმაციას მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებიდან იგებდნენ.

დღეს ინდური კულტურის ცენტრი, სადაც ცეკვის ანსამბლიცაა, სოციალურ ქსელებშიც დარეგისტრირებულია და გამომწერი ყველგან ჰყავს. მათ ვიდეოარხს „იუთუბზე“ 250 000 -ზე მეტი გამომწერი ჰყავს და  მილიონობით ნახვა აქვს. მათ შესახებ დღეს ინდოეთშიც იციან, ბევრმა  მათგანმა საქართველოსა და ქართულ კულტურაზე პირველად სწორედ ინდური ცენტრის დახმარებით გაიგო...

ნინო კრავეიშვილი
ნინო კრავეიშვილი

- ქალბატონო ნინო, ინდურ კულტურასთან შეხება ჩვენს ქვეყანაში, ტრადიციულად ინდური ფილმებით იწყება ხოლმე, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

- ამ ქვეყანაზე იმდენად შორეული ბავშვობიდან ვარ შეყვარებული, რომ დაინტერესების წყარო, ცხადია, წიგნი ვერ გახდებოდა. ეს ყველაფერი ფილმებიდან დაიწყო. ინდური ფილმები დედაჩემს უყვარდა და კინოთეატრებში მათ სანახავად ბავშვობიდან დავყავდი. მაშინდელი შთაბეჭდილება, რომ ეს ზღაპრულად ფერადი და პოზიტიური ქვეყანაა, დიდხანს გამყვა. მოგვიანებით ცხადია, გავიგე, რომ სინამდვილეში ყველაფერი ნამდვილად არ არის ისე, როგორც ფილმებშია, თუმცა მთავარი შთაბეჭდილება არ შეცვლილა.

ნინო კრავეიშვილი ცენტრის წევრებთან და ინდოელ სტუმრებთან ერთად
ნინო კრავეიშვილი ცენტრის წევრებთან და ინდოელ სტუმრებთან ერთად

- როგორი იყო რეალობა, რომელიც მოგვიანებით აღმოაჩინეთ?

- რეალობა, რაც ინდოეთში, ვნახე, ასეთია: მიუხედავად უკიდურესი სიღარიბისა და ცხოვრების ელემენტარული პირობების არქონისა, ქუჩებში მხვდებოდნენ ადამიანები, რომელთაგანაც ნეგატივი არასოდეს მიგრძვნია. იქ ადამიანებს ყოველი გათენებული დღე უხარიათ და ელემენტარული წვრილმანები ახარებთ. ინდოეთში ფაქტობრივად, ვერ ნახავთ შავი ფერის ტანისამოსში ჩაცმულ ადამიანებს. იმ ქვეყანაში  იმდენად ადვილად იმსხვრევა ყველა კომპლექსი, იმდენად იკურნები და გრძნობ სულიერ წონასწორობას, რომ ამ ყველაფრით, შეუძლებელია არ მოიხიბლო.. ჰოდა, მეც სამუდამოდ შემეყარა ეს "სენი". დედაჩემს, ჩემს მეუღლეს და მეგობრებს ეგონათ, რომ დროთა განმავლობაში, ეს „გატაცება" გამივლიდა და მომბეზრდებოდა. თუმცა, ფაქტია, ასე არ მოხდა და ჩემი დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ უფრო მყარდება და ღრმავდება. დღესდღეობით კი ყოველდღიურ საქმიანობაშიც გადაიზარდა.

ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ მოცეკვავეებთან ერთად
ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ მოცეკვავეებთან ერთად

- სწორედ საქმიანობაზე მინდა გკითხოთ: როდის დააარსეთ ინდური კულტურის ცენტრი საქართველოში და მასში გაერთიანების რამდენი მსურველი გამოჩნდა?

- ამ ორომტრიალში ათი წლის წინ ჩავები. საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელება, რომ თბილისში შემექმნა პატარა ინდური სამყარო, მოსვენებას არ მაძლევდა. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ძალიან მიჭირს ხოლმე ფიქრისა და განსჯის გარეშე რაიმე გადაწყვეტა, ეს ნაბიჯი მგონი ერთადერთია, რაც ემოციურად გადავდგი და არასოდეს ვინანებ. თბილისს იმ დროს ინდოეთის მაშინდელი ელჩი სტუმრობდა და მზადდებოდა საღამო, რისთვისაც საკონცერტო ნომრები (ცეკვა, სიმღერა) იყო საჭირო. სასწრაფოდ შევკრიბე სოციალური ქსელებიდან ინდოეთით დაინტერესებული მეგობრის შვილები, მათი მეგობრები და ჩემს სახლში დავიწყეთ რეპეტიციები. მათ კოსტიუმებზეც თავად ვიზრუნე და დღემდე ანსამბლის ჩაუნაცვლებელი დიზაინერი ვარ. ერთადერთი, რაზეც ბევრი ვიფიქრე, ანსამბლის სახელი იყო. ინდურ ღვთაებებს მივადექი და საბოლოოდ შევჩერდი ლაქშმიზე, რაც ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ქალღმერთის სახელია და ჩავთვალე, რომ დადებითი აურის მატარებელი სახელწოდება აუცილებლად გაამართლებდა. 

ნინო კრავეიშვილი ინდოეთში
ნინო კრავეიშვილი ინდოეთში

- როგორც ჩანს, გაამართლა...

- დიახ, ამაში ჯერ კიდევ მაშინ, წარმატებით ჩატარებულმა საღამომ დაგვარწმუნა. სტიმული მოგვცა საიმისოდ, რომ საყვარელი საქმე  თამამად გაგვეგრძელებინა. სულ მალე, ხუთწევრიანი ანსამბლი თანდათან გაიზარდა. ჩვენი ინტერესების სფერო გაფართოვდა და მას სიმღერა, მეჰენდის ხელოვნება და სამზარეულოც შეემატა. თანდათან უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდა და მალევე ოფიციალურად დავაარსეთ ინდური კულტურის ცენტრი, რომელსაც „ლაქშმი" ვუწოდეთ. ამჟამად მყავს საუკეთესო გუნდი, საქმეზე უზომოდ შეყვარებული და ერთგული ადამიანებით. ვცდილობ, მათ თავად მივცე  ხოლმე პასუხისმგებლობისა და საქმის სიყვარულის მაგალითი.

ინდოეთში ვიზიტის დროს
ინდოეთში ვიზიტის დროს

- საქართველოში მყოფი ინდოელები თუ არიან თქვენს ცენტრში?

- დიახ, ჩვენს გვერდით არიან ინდოელი მეგობრებიც, რომლებიც ჩვენს საკონცერტო ნომრებშიც იღებენ მონაწილეობას. რათქმაუნდა ინდოეთით და მისი კულტურით, მითუმეტეს ინდური ცეკვით დაინტერესება, ქალბატონებსა და გოგონებს შორის უფრო მეტია. თუმცა სხვადასხვა დროს ანსამბლში ინდური ცეკვით დაინტერესებული ქართველი ვაჟებიც გვყავდა. ამჟამად ქართველ გოგონებთან ერთად ანსამბლში ინდოელი სტუდენტი ვაჟები ცეკვავენ.

ინდოეთში ყოფნის დროს
ინდოეთში ყოფნის დროს

-  ინდოეთში როდის იყავით და ვისი მიწვევით?

- ინდოეთში 2020 წლის თებერვალში გავემგზავრეთ. საქართველოში ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ინდოელი, დარპან პრაშერი, რომელიც ქართველი და ინდოელი ახალგაზრდების დაახლოებისთვის ყველაფერს აკეთებს. ასევე ცდილობს, რომ იქაურ ინდოელებსაც გააცნოს ქართული კულტურა. სწორედ მისი ძალისხმევით გაიმართა ნიუ-დელიში ქართულ-ინდური ფესტივალი. ქართული მხრიდან ის გახლდათ ორგანიზატორი და ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებადაც სწორედ მან მიგვიწვია. ეს იყო ასრულებული ოცნება თითოეული ჩვენგანისთვის. საქართველოდან 30 კაციანი ჯგუფი გავემგზავრეთ: ჩვენი კულტურის ცენტრის წევრები და ქართული ცეკვის ანსამბლის „გიორგობა" არაჩვეულებრივი ბავშვები, ქორეოგრაფ ნიკოლოზ ხერხაძესთან ერთად.

- როგორ იმოქმედა ამ ქვეყნის კულტურამ და რამდენად გაამართლა ნანახმა მოლოდინი?

- ნანახმა მართლა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ინდოეთის მიწაზე ფეხის დადგმის წუთიდან დაწყებული, ორი კვირის განმავლობაში პოზიტიური ემოციური შოკი მქონდა. ძნელია გადმოსცე ის განცდა, როდესაც თაჯ-მაჰალის წინ დგახარ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეთრი მარმარილოს მავზოლეუმი ათასობით ფოტოზე მქონდა ნანახი, მონუსხული შევცქეროდი და კარგა ხანს ფოტოს გადაღებაც ვერ მოვახერხე. ინდოეთის ღირშესანიშნაობების სრულად სანახავად ალბათ მთელი დარჩენილი ცხოვრება დამჭირდება. ბევრი რამ ვნახეთ საფუძვლიანად, ბევრიც მხოლოდ გარეგნულად დავათვალიერეთ დროის სიმცირის გამო. თუმცა მაინც მინდა გამოვყო ჰავა-მაჰალი (ქარის სასახლე) ჯაიპურში და ლოტოსის ტაძარი (ბაჰაისტური სამლოცველო სახლი) დელიში. ცალკე თემაა ფესტივალის ფარგლებში განცდილი დაუვიწყარი ემოციები, ინდოელი მაყურებლის და ფესტივალის სტუმრების დადებითი შეფასებები, ადგილობრივი პრესისა და ტელევიზიის გამოხმაურება ჩვენს საფესტივალო პროგრამაზე, რომელიც სამი დღის განმავლობაში წარმოვადგინეთ...

- რომელი დღე იყო განსაკუთრებული?

- ყოველი დღე და საათი დაუვიწყარი თავგადასავალი იყო. საოცრად ემოციური იყო ტაჯ-მაჰალის წინ შესრულებული ქართული ცეკვა და ინდოელების და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების ემოციები. ასევე არასოდეს დამავიწყდება ჯალ-მაჰალის (წყლის სასახლე) წინ ჩატარებული პატარა კონცერტი და სატელევიზიო გადაღება. როგორც იცით, ეს ულამაზესი სასახლე წყალშია აშენებული, სწორედ მის ფონზე გადაღებების დროს, ინდოელმა მაყურებელმა უზარმაზარი ალყა შემოგვარტყა. მანძილი ჩვენსა და მათ შორის იმდენად სწრაფად შემცირდა, რომ ლამის წყალში გადაგვყარეს. მათი ერთადერთი სურვილი ჩვენს მოცეკვავეებთან სელფის გადაღება იყო, თუმცა სიტუაცია თანდათან უმართავი ხდებოდა. რომ არა ჩვენი ორგანიზატორების და თანმხლები მამაკაცების მოხერხება, ალბათ იქიდან გაღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

- რომელიმე ინდურ ტრადიციას ხომ არ მისდევთ ცენტრში?

- ტრადიციების და მათი მკაცრი დაცვის მხრივ, ინდოეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი კულტურის ცენტრში მხოლოდ ქართველები ან საქართველოში მცხოვრები ადამიანები ვართ, პირად ცხოვრებაში მათ ტრადიციებს ცხადია, არ ვიცავთ. თუმცა საჩვენებლად ბევრ მათგანს ვუწევთ პოპულარიზაციას. მაგალითად, უძველეს ტრადიციულ დღესასწაულ ჰოლის (ფერების დღესასწაულს), რომელიც პირველად ბავშვობაში ვნახე დიდ ეკრანზე ინდურ ფილმში და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

- საქართველოში ჩატარებული ღონისძიებებიდან რომელს გაიხსენებთ?

- 2012 წელს, თბილისში, ინდოეთის მოყვარულ ადამიანებთან ერთად, ჰოლის ფესტივალი, სპეციალური საკონცერტო პროგრამით ავღნიშნეთ. წლების მანძილზე ვაცნობდით ასევე ქართველ მაყურებელს და დაინტერესებულ ადამიანებს ინდურ ტრადიციულ სამზარეულოს, რომელიც ასევე მრავალფეროვანია. ჩვენს საკონცერტო პროგრამებში შეტანილი გვქონდა თითოეულ პერსონაზე მენიუ, რომელშიც ინდური ტრადიციული სამზარეულოს კერძები შედიოდა. კულტურის ცენტრში გვყავს ინდური სამზარეულოს შესანიშნავი სპეციალისტი დიანა სონღულაშვილი, რომელიც არაჩვეულებრივ ინდურ კერძებს ამზადებს. 

ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ წევრებთან ერთად
ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ წევრებთან ერთად

- მათი ყოველდღიური წეს-ჩვეულებებიდან რომელს გამოყოფდით?

- ბავშვობიდან მხიბლავდა მათი მისალმება შეხვედრისას, როდესაც ისინი ხელისგულებს აერთებენ, ნიკაპამდე წევენ და მისალმების ნიშნად წარმოთქვამენ სიტყვას: ნამასტე! ასევე დალოცვის ტრადიციაც, როდესაც მშობლებს ან ასაკით უფროს ადამიანს დალოცვას სთხოვენ და პატივისცემის ნიშნად მათ ფეხზე ეხებიან. ქცევის თავისებურებები ალბათ უფრო კულტურის ნაწილია, მაგრამ აქვე გამახსენდა მათი საკვების მიღების წესი როცა ისინი მხოლოდ მარჯვენა ხელით იღებენ საკვებს, რადგან მარცხენა ხელი უსუფთაოდ ითვლება.

- ოდესმე ხომ არ გიფიქრიათ, რომ შესაძლოა, წინა ცხოვრებაში ინდოელი იყავით?

- მივადექით იმ კითხვას, რომელსაც ნაცნობები თუ უცნობები, ჩემი ამ ქვეყნისადმი სიყვარულის შესახებ როცა იგებენ, ყველგან და ყოველთვის მისვამენ. ამაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ვიცით, რომ ჩვენი რელიგია ხელახლა განსხეულებას არ აღიარებს. თუმცა გული მაინც ეწინააღმდეგება გონებას და სადღაც გულის სიღრმეში, სულ მგონია, რომ მართლაც შეიძლებოდა ასე ყოფილიყო. როდესაც ინდურ ფილმებში ვხედავდი ფილმის გმირს, რომელიც პენჯაბის მინდვრებში მოაბიჯებდა, არაერთხელ მქონია შეგრძნება, რომ იმ ადგილზე მეც ვყოფილვარ და გამივლია. შემდეგ კი საკუთარი ფიქრის თავადვე შემშინებია და დამიბლოკავს. ერთი სიტყვით, გულის სიღრმეში მგონია, რომ წინა ცხოვრებაში ნამდვილად ინდოეთში ვცხოვრობდი. იმდენად კომფორტულად და უსაფრთხოდ ვგძნობდი იქ თავს, იმდენად აუხსნელი იყო ჩემი შეგრძნებები, რომ ამ ამბავზე ინდოეთის მიწაზე ფეხის დადგმისთანავე კიდევ ერთხელ დავფიქრდი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოცნება ინდოეთში ჩავსულიყავი ასრულდა. ზუსტად ვიცი, რომ მხოლოდ ის სიყვარული კვდება, რომელზეც აღარ ოცნებობენ...

 

 

184
ბიჭუნა სტომატოლოგთან

უშედეგო და ზოგჯერ საშიშიც: კბილების მკურნალობა ხალხური მეთოდებით - ექიმი გირჩევთ

67
(განახლებულია 15:50 25.01.2021)
უმაღლესი კატეგორიის სტომატოლოგმა კბილების მკურნალობის ხუთი ყველაზე პოპულარული ხალხური მეთოდი განიხილა და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები განმარტა

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. კბილების მკურნალობის ხალხური საშუალებები საკმაოდ მრავალფეროვანია. ინტერნეტში უამრავი რეცეპტი არსებობს, რომელთაგან ბევრი ექიმ-სტომატოლოგებში ნამდვილ შოკსა და შეძრწუნებას იწვევს.

„ხალხური საშუალებები კბილების სამკურნალოდ— უკვე ეს ერთი ფრაზაც კი უჩქარებს სტომატოლოგს გულს. პაციენტებს თვითმკურნალობის მცდელობა კი არ დაეხმარება, არამედ, უარეს შემთხვევაში, სამწუხარო შედეგებსაც გამოიწვევს“, — ამბობს უმაღლესი კატეგორიის სტომატოლოგი  ნატალია კადკალოვა.

სპეციალისტმა ცალ–ცალკე განიხილა კბილების მკურნალობის ყველაზე პოპულარული ხალხური მეთოდები და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები განმარტა.

სოდის გამოვლება

ადამიანები სოდას ხშირად ივლებენ პირის ღრუში ანთებითი პროცესების დროს. მაგრამ კადკალოვას თქმით, ასეთი ექსპერიმენტები არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ საშიშიცაა.

„იმის გასაგებად, თუ რამდენად საშიშია სოდის გამოვლება, საკმარისია წარმოიდგინოთ, როგორ მოქმედებს სოდა ცომზე. პირის ღრუს ანთებითი ქსოვილები ანალოგიურად რეაგირებს სოდაზე. შეშუპება იზრდება და ჩვენ არ ვიცით, ეს ყველაფერი რით დამთავრდება. თუმცა შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ კარგით არაფრით“, — ამბობს უმაღლესი კატეგორიის სტომატოლოგი.

ნიორი ტკივილის გასაყუჩებლად

კიდევ ერთი გავრცელებული რეცეპტია ნივრის მტკივნეულ კბილზე დადება. არსებობს მოსაზრება, რომ მასში შემავალი ფიტონციდები სასიკეთოდ მოქმედებს ანთების უბანზე და იცავს ტკივილისგან.

სტომატოლოგის თქმით, ეს ვარიანტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ნერვის ანთება ჩააქროს კი არა, პირიქით, ნიორს შეუძლია კიდევ უფრო გააუარესოს ვითარება.

„მკურნალობის“ ამ ვარიანტს შეუძლია კიდევ ერთი გართულება — ლორწოვანი გარსის დამწვრობა გამოიწვიოს, რომელსაც ხშირად ვხვდები პრაქტიკაში. ნერვის ანთება შეუქცევადი პროცესია და ამაში დახმარება მხოლოდ სტომატოლოგს შეუძლია. ის  დაზიანებულ ქსოვილს მოაცილებს და არხს ინფექციისგან გამორეცხავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანთება უფრო შორს წავა და სამკურნალო გახდება არა მარტო კბილი, არამედ ნივრით გამოწვეული დამწვრობაც“, —განმარტავს სპეციალისტი.

სპირტის ან არაყის საფენები

ზოგი ადამიანი კბილის ტკივილის გასაყუჩებლად და მოსარჩენად ძლიერი ალკოჰოლით — სპირტით ან არყით გაჟღენთილ საფენებს იყენებს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც იგივეა მოსალოდნელი, რაც ნივრით მკურნალობის დროს: არანაირი შვება — მხოლოდ ლორწოვანი გარსის დამწვრობა.

მცენარეული ნახარშების გამოვლება

კიდევ ერთი პოპულარული ვარიანტია პირის ღრუს გამორეცხვა მცენარეების ნახარშით. მაგალითად, გვირილას ნახარშით, რომელიც, ტრადიციულად, ძალზე ეფექტურ ანთების საწინააღმდეგო საშუალებად მიაჩნიათ.

ბალახეული ნახარშების სამკურნალო თვისებები ასობით წლის წინ იყო ცნობილი, ამიტომ ექიმებს მათ საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“.

„არაფერი მაქვს საწინააღმდეგო პირის ღრუს სხვადასხვა მცენარეული  ხსნარებით გამოვლებისა. მაგრამ ამით შეიძლება არაფერი შეიცვალოს და ანთებითმა პროცესმა განვითარება განაგრძოს“, — ამბობს ნატალია კადკალოვა.

ეს კი იმის გამო, რომ ნაყენი ვერ აღწევს კბილის ნადების ქვეშ მიმდინარე ანთებაზე, ანუ დაზიანებულ ქსოვილამდე. თუმცა სხვა საქმეა, როდესაც მცენარეულ ნაყენს პროფესიონალური გაწმენდის შემდეგ ივლებთ — ამის შედეგად მორჩენის პროცესი ჩქარდება.

კბილების გათეთრება ლიმონით

ადამიანების დიდ ნაწილს სურს, გაითეთროს კბილები ექიმის გვერდის ავლით — იაფად ან სულაც უფასოდ. საამისოდ ხშირად იყენებენ სხვადასხვა რეცეპტურას: დაწყებული ლიმონით, დამთავრებული გაქტიურებული ნახშირით.

„მიმაჩნია, რომ ლიმონის პროცედურა ყველაზე ჰუმანურია კვერცხის ნაჭუჭით, გააქტიურებული ნახშირითა და სხვა აბრაზიებით გაწმენდასთან შედარებით, რომლებიც კბილებს კაწრავს. ლიმონის შემთხვევაში შედეგი უმნიშვნელო იქნება, მაგრამ თავს მაინც არ ავნებთ“, — განმარტა ექიმმა.

67
თემები:
ექიმი გირჩევთ
ვაქცინა Спутник V

ინდოეთმა რუსული ვაქცინის გამოცდის მეორე ეტაპი დაასრულა

6
რუსეთში ინდოეთის ელჩის სიტყვებით, ცდების პირველი ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე ეტაპი

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ  V“ ინდოეთში ცდების მესამე ეტაპის შემდეგ დარეგისტრირდება, იუწყება РИА Новости მოსკოვში ინდოეთის ელჩის, ვენკატეშ ვარმას სიტყვებზე დაყრდნობით.

„ინდოეთისა და რუსეთის თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის, ვაქცინების მიმართულებით, პანდემიის პირობებში ძალიან კარგ დონეზეა, მიმდინარეობს რეგულარული კონტაქტები პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდსა და ინდურ კომპანიებს შორის“, - განაცხადა მან.

ვარმას თქმით, „სპუტნიკ  V“-ს გამოცდის ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე.

„როგორც კი ის დასრულდება, ჩატარდება რეგისტრაცია და დაიწყება მისი წარმოება ინდოეთში სარეალიზაციოდ. ვფიქრობ, ეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოხდება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

„როგორც კი ცდების მესამე ფაზა დასრულდება და ის ნებართვას მიიღებს, ჩვენ ვხედავთ ვაქცინის წარმოების შესაძლებლობას, ინდოეთისთვის, რუსეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის ინდოეთის სიმძლავრეების გამოყენების გზით... ჩვენთან ვაქცინების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი სიმძლავრეებია განთავსებული - მსოფლიო წარმოების დაახლოებით 60 პროცენტი“, - აღნიშნა ელჩმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატ „სპუტნიკ V"-ს უპირატესობად სპეციალისტები მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას ასახელებენ. „სპუტნიკV"-ს ეფექტურობა 90%-ს აღემატება, დაავადების მძიმე შემთხვევებში ვაქცინა სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

6