WoodTiness-ის სუვენირი - თოვლის ბაბუა

რა დატვირთვა აქვს ბავშვის ცხოვრებაში თოვლის ბაბუას და უნდა სჯეროდეთ თუ არა მისი არსებობა

310
(განახლებულია 00:10 31.12.2020)
ახალი წელი ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია და მოგეხსენებათ ამ დღეს განსაკუთრებით ბავშვები ელიან. მთავარი მიზეზი, ცხადია თოვლის ბაბუა და საჩუქრებია.

მსოფლიოში ბავშვების დიდ ნაწილს სჯერა თოვლის ბაბუისა თუ სანტა კლაუსის არსებობა. კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდათ თოვლის ბაბუის არსებობის, მიდრეკილი არიან თანაგრძნობისა და ქველმოქმედებისკენ. თუმცა ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვისთვის ტყუილის თქმა, რომ თოვლის ბაბუა არსებობს, დიდი დანაშაულია. უნდა სჯეროდეს თუ არა ბავშვს სანტა კლაუსის არსებობის, ამის შესახებ მოზარდთა და ბავშვთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე გვესაუბრება.

მარიამ შოვნაძე
მარიამ შოვნაძე

- რატომ მოსწონთ ბავშვებს პიტერ პენი, კარლსონი, კონკია, ფერიები, თოვლის ბაბუა და ა.შ?

- იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჯადოსნურია. მათთვის ჯადოსნური სამყარო რეალური სამყაროს შემადგენელი ნაწილია. ბავშვებს უჭირთ განასხვავონ, გამიჯნონ რეალური და ჯადოსნური, გამოგონილი სამყარო. ხშირად გვინახავს ანიმაციური ფილმების ყურების შემდეგ ბავშვები მათთვის საყვარელი გმირის როლს როგორ ირგებენ, მათი ლექსიკით როგორ საუბრობენ, ზუსტად იმავე ტანსაცმელს ითხოვენ. მაგალითად, იღებენ ფანქარს და მას ჯადოსნური ჯოხის ფუნქციას ანიჭებენ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სჯერათ, რომ ჯადოსნური სამყარო რეალურია. ლოგიკური კითხვა იქნება თუ დაგვაინტერესებს, რატომ უნდა სჯეროდეთ ბავშვებს ჯადოსნური სამყაროსი. ეს რწმენა კი აძლიერებს ფანტაზიის უნარს, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი სფეროს განვითარებას.

– რა დატვირთვა აქვს ბავშვის ცხოვრებაში თოვლის ბაბუას, უნდა სჯეროდეთ თუ არა პატარებს მისი არსებობა?

— როგორც კი დეკემბერი დგება, ბავშვები მაშინვე იწყებენ წერილების წერას, რომ მთელი წელი კარგად იქცეოდნენ, ან არ იქცეოდნენ, მაგრამ იქნებ მაინც მიიღონ საჩუქარი თოვლის ბაბუასგან ან სანტასგან. ისინი ძალიან ბევრს საუბრობენ კეთილ მოხუცზე, რომელიც ცხოვრობს ლაპლანდიაში, იცის მთელი მსოფლიოს ბავშვების სურვილები, ის ყველას სახლში საკვამურიდან აღწევს, უყვარს რძე და ორცხობილები, საჩუქრებს კი ნაძვის ხესთან ან ბალიშთან ტოვებს. ხშირად ბავშვები ამბობენ: მე კარგად მოვიქცევი, კარგად ვისწავლი, არ დამეზარება სკოლაში წასვლა და ასე შემდეგ, რადგან სანტას ეს აუცილებლად ეცოდინება და ზუსტად იმას მაჩუქებს, რაც მე მინდა. ფაქტია, რომ სანტა ძირითადად დადებით როლს ასრულებს. სასურველი ქცევის მისაღწევად მშობლები ხშირად უმეორებენ შვილებს, მაგალითად, თუ ყოველდღე კონკრეტულ საათზე დაიძინებს, ბეჯითად იმეცადინებს, სანტა ამას აუცილებლად გაითვალისწინებს ახალ წელს. 5 წლამდე ბავშვების 83% თვლის, რომ სანტა ან თოვლის ბაბუა არსებობს და ისინი ყოველ ახალ წელს ელოდებიან.

მშობლები ხშირად გრძნობენ თავს დამნაშავედ, რადგან თვლიან, რომ ბავშვებისთვის სანტა თოვლის ბაბუის შესახებ ისტორიების მოყოლა არის ტყუილი. ტყუილი, რომელიც ბავშვს წყვეტს რეალურ სამყაროს და ფანტაზიებში აცხოვრებს. მშობლები, რომლებსაც ეს მოსაზრება აქვთ, ფიქრობენ, რომ ასეთი ტყუილის შემდეგ ბავშვები განიცდიან ძლიერ იმედგაცრუებას. ამ შეხედულებას განაპირობებს საკმაოდ მყარი არგუმენტები: ძლიერი ფრუსტრაცია, როდესაც ბავშვები იღებენ ინფორმაციას სხვა ბავშვებისგან არასწორი ფორმით და აცნობიერებენ, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. ხშირად ის მშობლები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სანტას ისტორიას და არ უყვებიან საკუთარ შვილებს, ამბობენ, რომ მათ ძლიერი იმედგაცრუება განიცადეს, როცა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ საჩუქრებს თოვლის ბაბუა კი არა, მათი მშობლები ჩუქნიდნენ და მას შემდეგ დღესასწაული აღარ ყოფილა ისეთი ჯადოსნური, როგორც ადრე. ასევე ფიქრობენ, რომ თოვლის ბაბუას შესახებ ტყუილი, შესაძლოა, გახდეს მშობლების მიმართ ბავშვების უნდობლობის საფუძველი.

- არსებობს მოსაზრება, რომ თოვლის ბაბუას მითი მშობლებისთვის უფროა, ვიდრე მათი შვილებისთვის...

- მშობლები თოვლის ბაბუას როლის მორგებით ბრუნდებიან საკუთარ ბავშვობაში, საუკეთესო ადგილზე და დროში. ძირითადად ის მშობლები იზიარებენ თოვის ბაბუას მითს, რომელთაც ბავშვობაში სასიამოვნოდ ახსოვთ ეს ეტაპი და სიმართლეც მსუბუქად მიაწოდეს გარემოდან. თოვლის ბაბუას მითი ბავშვთა ქცევას განსაზღვრავს. ეს ერთგვარი მოტივატორია, მოიქცნენ კარგად და წლის ბოლოს მიიღონ ჯილდო. ხშირად ამბობენ, რომ სანტა ან თოვლის ბაბუა არ არის ტყუილი, ეს არის წარმოსახვითი თამაში, რომელიც ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებს.

– ბავშვობაში განცდილი ბედნიერება როგორ აისახება ადამიანის მომავალ ცხოვრებაზე?

— მშობლები, რომლებიც ბავშვობაში სიხარულით ხვდებოდნენ ახალ წელს, წერდნენ სურვილებს, ელოდებოდნენ თოვლის ბაბუას და შემდეგ რეალობაც მსუბუქად მიიღეს გარემოდან, საკუთარ შვილებსაც სწორედ ისეთივე ჯადოსნურ სამყაროს სთავაზობენ. ბავშვობაში განცდილი ეს ბედნიერება ხელს უწყობს ემპათიურობას, დიდი შანსია, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, თვითონაც გახდეს შემდეგ სხვა ადამიანის სანტა და გაუჩნდეს სურვილი, გააბედნიეროს, იზრუნოს მასზე.

– რას ურჩევდით მშობლებს, როდესაც შვილებს შეეპარებათ ეჭვი თოვლის ბაბუის არსებობაში, რა უთხრან ამ დროს და როგორ მოიქცნენ?

— ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის მიუხედავად, რთულია ერთმნიშვნელოვნად განვსაზღვროთ, უნდა სჯეროდეთ თუ არა ბავშვებს თოვლის ბაბუის. გასათვალისწინებელია რა ფორმით უყვება მშობელი თოვლის ბაბუის მითს, სურვილების დაწერის პროცესი როგორ მიმდინარეობს და ა.შ. რამდენიმე რჩევა მექნება მშობლებთან, პირველი — მშობლებმა რჩევა მისცენ საკუთარ შვილებს თოვლის ბაბუას დაუწერონ ისეთი სურვილები, რომელთა ასრულებასაც თვითონ შეძლებენ. მაგალითად, თუ დაწერს ბავშვი ლეკვს ან მობილურ ტელეფონს და მშობელი ვერ შეძლებს ასრულებას, ამ შემთხვევაში ფრუსტრაცია უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ის, როცა სხვა გარეშე პირი ეტყვის, რომ სანტა არ არსებობს. მეორე რჩევა, როდესაც უკვე თქვენს შვილებს შეეპარებათ ეჭვი თოვლის ბაბუის არსებობაში, უთხარით, რომ არ არის აუცილებელი ის ლაპლანდიაში ცხოვრობდეს და საკვამურიდან ძვრებოდეს ჩვენ სახლში, ის შეიძლება ჩვენი ოჯახის წევრი ან მეგობარი იყოს და სურდეს ჩვენი გაბედნიერება.

 

310
თემები:
სასარგებლო რჩევები (449)
ექიმი და სმენადაქვეითებული პაციენტი

ამწვავებს ამინდის ცვალებადობა: ექიმმა დაასახელა დაავადებები

49
(განახლებულია 17:34 27.01.2021)
ირკვევა, რომ ამინდის ცვლილებაზე ფაქტობრივად ყველა ადამიანის ორგანიზმი რეაგირებს, თუმცა გარკვეული დაავადებების მქონეებს გართულებები ეწყებათ

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. არსებობს გარკვეული დაავადებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადამიანებმა ამინდის ტემპერატურული ცვლილების დროს შესაძლოა თავი ცუდად იგრძნონ, აცხადებს თერაპევტი ლუდმილა ლაპა.

„რისკ-ჯგუფებია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები, ინფარქტ– და ასევე ინსულტ–გადატანილები, ბრონქული ასთმით, ქრონიკული ბრონქიტით, ტონზილიტით, რინიტით დაავადებულები. ყველა ეს დაავადება მწვავდება სწორედ მაშინ, როცა ამინდი იცვლება“, — თქვა ლაპამ.

მისი განმარტებით, ასეთი რამ — რეაქცია ამინდის ცვლილებაზე — ფაქტობრივად ყველა ადამიანში ხდება, თუმცა ჯანმრთელებში ეს პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ხოლო ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს სხვადასხვა გართულებები უვითარდებათ.

როგორც ლუდმილა ლაპა აცხადებს, დაავადებები ადამიანის სიხლძარღვთა სისტემის ტემპერატურის ცვალებადობაზე რეაქციის გამო მწვავდება. ასეთ დროს აუცილებელია, მიმართოთ ექიმს, რათა დანიშნულება მიიღოთ და გარკვეული თერაპიული კურსი ჩაიტაროთ. 

 

49
თემები:
ექიმი გირჩევთ
ტესტი სისხლში შაქრის შემცველობაზე

მეორე ტიპის დიაბეტის დამარცხება თავადაც შეგიძლიათ: ექიმები მარტივ გზას ასახელებენ

47
(განახლებულია 16:41 27.01.2021)
კვლევამ, რომელშიც ათასზე მეტი კაცი მონაწილოებდა, დაადგინა, რომ მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებს უკვე ექვსი თვის შემდეგ შეუძლიათ, მესამედით გაზარდონ რემისიის შანსი

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული ადამიანები, რომლებიც თორმეტი კვირის განმავლობაში იცავენ დაბალნახშირწყლოვან დიეტას, თითქმის მესამედით ზრდიან რემისიის ალბათობას, წერს Diabetes.co.uk ტეხასის A&M უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, სამეცნიერო კვლევაში 1357-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ უმეტესობას, 47-დან 67 წლამდე ასაკში, ჭარბი წონა ან გაცხიმოვნება აწუხებდა. კვლევის მონაწილეებმა დაბალნახშირწყლოვანი დიეტა 12 კვირის განმავლობაში დაიცვეს. პაციენტებმა უარი თქვეს სახამებლის ნახშირწყლებზე, რომლებიც მაკარონსა და კარტოფილში შედის.

ექვსი თვისა და ერთი წლის თავზე სპეციალისტებმა მათი მდგომარეობა ხელახლა შეაფასეს და დაადგინეს, რომ სხვა დიეტების მიმდევრებთან შედარებით, მათ, ვინც დაბალნახშირწყლოვან დიეტას იცავს, ექვსი თვის შემდეგ დაავადების სიმპტომების შემსუბუქების ბევრად მეტი შანსი აქვთ.  

სამეცნიერო ექსპერიმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მომავალში კვლავ ჩაატარებენ არაერთ კველვას, რათა დიაბეტის რემისიაზე დაბალნახშირწყლოვანი დიეტის დადებითი გავლენაში საბოლოოდ დარწმუნდნენ.

დაბალნახშირწლოვანი დიეტის შვიდი დღის მენიუს ერთ-ერთი ვარიანტი ასე გამოიყურება:

პირველი დღე

საუზმე: ომლეტი ორი კვერცხითა და რძით, ჩაი უშაქროდ;

სადილი: საქონლის ან ხბოს ხორცის ნაჭერი, ჩაშუშული ბადრიჯანი ქინძით;

სამხარი: ჭიქა უცხიმო იოგურტი დანამატების გარეშე, სალათის ფოთოლი;

ვახშამი: მთელმარცვლოვანი ფქვილისგან მომზადებული სპაგეტი ოდნავ მოუხარშავი ქათმის მკერდით.

მეორე დღე

საუზმე: მწვანე ფანტია წიწიბურა ყველით;

სადილი: ორთქლზე მომზადებული თეთრი თევზი, კიტრის, ხახვის, ბულგარული წიწაკისა და პომიდვრის სალათი;

სამხარი: უცხიმო კეფირი, მუჭა არაქისი მარილისა და გლაზურის გარეშე;

ვახშამი: უცხიმო ხაჭო, ფორთოხალი.

მესამე დღე

საუზმე: ხაჭოს ორცხობილა, ყავა;

სადილი: ყავისფერი ბრინჯი ქათმის მკერდით;

სამხარი: ჭიქა უცხიმო იოგურტი დანამატების გარეშე;

ვახშამი: მოთუშული მწვანე ლობიო, მოხარშული კვერცხი.

მეოთხე დღე

საუზმე: წიწიბურა რძით, ჩაი;

სადილი: ქათმის ბულიონი მწვანილითა და ხორცის ნაჭრით;

სამხარი: მუჭა გარგრის ჩირი;

ვახშამი: ყველთან ერთად გამომცხვარი ბადრიჯანი.

მეხუთე დღე

საუზმე: ხაჭოს ორცხობილა, ყავა;

სადილი: ძროხის ბულიონი, გამომცხვარი ბროკოლი, საქონლის ხორცის ნაჭერი;

სამხარი: პომიდვრის წვენი, ყველის ნაჭერი;

ვახშამი: ფორთოხალი, პეკინური ლობიოსა და მწვანილის სალათი.

მეექვსე დღე

საუზმე: მწვანე წიწიბურა რძით;

სადილი: ქათმის ბულიონი მწვანილითა და ხორცის ნაჭრით;

სამხარი: გამომცხვარი ბადრიჯანი;

ვახშამი: ჩაშუშული კომბოსტო პომიდვრით.

მეშვიდე დღე

საუზმე: ომლეტი ორი კვერცხითა და რძით, ჩაი უშაქროდ;

სადილი: მოხარშული წითელი თევზი ან თევზის ბულიონი, კიტრისა და პომიდვრის სალათი;

სამხარი: გრეიფრუტი, 3 ცალი შავი ქლიავის ჩირი;

ვახშამი: უცხიმო კეფირი, ვაშლი.

47
კომპიუტერის მომხმარებელი

ქართველმა პროგრამისტებმა როლური ონლაინ-თამაში The Way of Wrath შექმნეს

0
The Way of Wrath - საქართველოში პირველი მასშტაბური კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს ახალი როლური კომპიუტერული თამაში The Way of Wrath - ის Kickstarter-ის ვებგვერდზე 1 თებერვალს გამოვა.

Kickstarter - ეს არის ონლაინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოსაზიდად შემოქმედებითი, მეცნიერული და საწარმოო პროექტების სარეალიზაციოდ, კრაუდფანტინგის, ანუ ნებაყოფლობითი შემოწირულობების სქემით. Kickstarter-ი აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს - მაგალითად, დამოუკიდებელი კინემატოგრაფის ფილმების, კომიქსების, ვიდეოთამაშების, მუსიკის შექმნას და სხვ.

Kickstarter-ის კამპანია ერთ თვეს გაგრძელდება, თანხების შეგროვების ხარჯზე თამაში უფრო დემოკრატიულ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ გაყიდვები Kickstarter-ზე შეწყდება და ფინალური თამაშის გამოსვლისთანავე The Way of Wrath იქნება ხელმისაწვდომი Steam-ზე, GOG-ზე და სხვა ონლაინ-რესურსებზე.

The Way of Wrath - საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით. ეს კომპლექსური თამაშია - მასში ბრძოლების გარდა შესაძლებელია თევზის ჭერა, ნადირობა, მეგობრებთან ერთად მინი-თამაშების გამართვა და სხვ.

თამაშის სიუჟეტით, მოქმედება ხდება ძველ დროში - ბრინჯაოს ხანაში. ტომი სახელად ტეინ-ტეინ იმპერიასთან ათწლიან ომს გადაურჩა, გაიჭედა ნანგრევებში და მასობრივ შემოტევას ელოდება. აქ ყველა არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც თამაშის თანაავტორი, არტ-დირექტორი და პირველი ქართული 3D-მულტფილმ „ჯინოს“ შემქმნელი დათო კიკნაველიძე ამბობს, თამაში იქნება ხელმისაწვდომი პერსონალურ კომპიუტერებზე, PlayStation, Nintendo, Xbox მოწყობილობებზე. თამაშის ისტორიისა და ლექსიკის გათვალისწინებით, მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა 18+.

0