საახალწლო საჩუქრები

წინასაახალწლო ხალხური მინიშნებები: თუ 31 დეკემბერს...

165
(განახლებულია 14:44 30.12.2020)
ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ახალი წლის ღამე ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური და იდუმალებით აღსავსე იყო; ღამე, რომელიც ადამიანებს სანუკვარი სურვილების ასრულების შანსს აძლევდა.

ეს ახლაც, 21-ე საუკუნეშიც ბევრს სჯერა. რაც, სხვათა შორის, არც ისეთი მიამიტობაა, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. საქმე ისაა, რომ ეს მინიშნებები სავსებით ლოგიკურ საფუძველს ემყარება.

ქვემოთ გაგაცნობთ იმ მინიშნებებსა და რჩევებს, რომლებიც ახალ წელთან დაკავშირებით წინაპრებისგანაც შემოგვრჩა და თანამედროვეებმაც შექმნეს.

ნათქვამია, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისე გაატარებო. ამიტომ ძველები გვირჩევენ, ყველაფერი ცუდი, მათ შორის განწყობაც, ძველ წელს გავატანოთ, რათა იღბალი და სიმდიდრე მოვიხმოთ.

კეთილდღეობის მოსახმობად კიდევ ერთი ტრადიციული და კარგად ცნობილი მინიშნება ისაა, რომ ნაძვის ხეზე ფულის ბანკნოტები უნდა დაკიდოთ, რაც მეტი, მით უკეთესი. ამბობენ, რომ შემოსავალი მოგეცემათ იმ ვალუტაში, რომლითაც ხეს მორთავთ — გაითვალისწინეთ ეს.

და კიდევ:

  • კარგად დაალაგეთ სახლი, თავიდან მოიშორეთ გაბზარული თუ გატეხილი ნივთები;
  • მიუტევეთ ყველას, ვინც რამე გაწყენინათ;
  • ეცადეთ, გაისტუმროთ ყველა ვალი — ფული იქნება ეს თუ დაპირება;
  • ახალი წლის წინა დღეს არც ფული გაასესხოთ და არც არაფერი გაანათხოვროთ, თორემ ფინანსურ გაჭირვებას ვერ აირიდებთ;
  • კარგი იქნება, თუ ნაძვის ხეზე ფულის კუპიურას ან მონეტას დაკიდებთ;
  • იყიდეთ თუნდაც ერთი ახალი სამოსი, რათა მომავალი წელი უხვი იყოს სასიამოვნო შენაძენებით;
  • მაგიდას, რომელზეც საახალწლო სუფრას შლით, ფეხებზე სათითაოდ შემოახვიეთ თოკი, რათა სახლში მშვიდობამ, ბედნიერებამ და სიყვარულმა დაისადგუროს;
  • სიმდიდრის მოსახმობად საზეიმო სუფრაზე სამჯერ დააკაკუნეთ კოვზით და თქვით: „უხვი სუფრა გაშლილია, დაე, ასე იყოს მთელი მომდევნო წელი!“
  • არავითარ შემთხვევაში არ დახარჯოთ მთელი ფული ახალი წლის წინ, რომ 1 იანვარს ცარიელი საფულით არ შეხვდეთ და ქესატობა მთელი წლით არ დაიბედოთ.

სხვა წინასაახალწლო ხალხური მინიშნები ასე გამოიყურება:

  • თუ 31 დეკემბრის დილას პირველი შემხვედრი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი იქნება, მაშინ დღესასწაული იღბალს მოგიტანთ; თუ თქვენივე სქესისა — არ წახვიდეთ სტუმრად, ვიზიტი მოსაწყენი იქნება;
  • 31 დეკემბერს ნაძვის ხის სათამაშოს გატეხვა კარგის ნიშანია — თანხის მოულოდნელ მიღებას მოასწავებს;
  • თუ ახალ წელს შამპანურის ბოკალი გაგიტყდათ — ოჯახში იკამათებთ, ხოლო თუ თეფში ან ჩვეულებრივი ჭიქა — მაშინ ელოდეთ ქორწილს;
  • თუ 31 დეკემბერს ქუჩაში უსინათლო ადამიანს შეხვდებით, სერიოზული ცვლილებებისთვის მოემზადეთ;
  • თუ სამ კატას დაინახავთ ერთად, იცოდეთ, რომ მთელი მომდევნო წლის განმავლობაში თქვენივე წინამასწრობის „მსხვერპლი“ იქნებით — ანუ ენა ყოველთვის წინ გაუსწრებს საღ აზრს;
  • თუ 31 დეკემბერს მარცხენა ფეხი გადაგიბრუნდათ, საქმეებში სერიოზული დაბრკოლებები გელით, თუ მარჯვენა — მაშინ წინააღმდეგობებს პირად ცხოვრებაში გადააწყდებით, ანუ თქვენი ინტერესების მისაღწევად ბრძოლაში ჩართვა მოგიწევთ;
  • თუ 31 დეკემბერს ტანსაცმელზე ჩიტმა დაგასკლინტათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენზე იჭორავებენ; სხვა დანარჩენ დღეებში ეს ფულის მიღებას მოასწავებს;
  • ახალი წლის ღამით სადღესასწაულო ტანსაცმლის გახევა — მგზნებარე რომანის მაუწყებელია;
  • თუ შემთხვევით ტანსაცმელი დაგისვარეს — ფულში იღბალი გელით...

ამ მინიშნებებისა და რჩევების გარდა, არსებობს ძველებური რიტუალიც, რომელიც ასევე დაგეხმარებათ, წარსულში დატოვოთ ყველა სიმძიმე და მწუხარება.

ამისათვის უნდა აიღოთ რამდენიმე სანთელი, რომელთაგან თითოეული იქნება იმის სიმბოლო, რისი გატანებაც გსურთ მიმავალი წლისთვის. დაანთეთ ეს სანთლები შუაღამის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე და სანამ ისინი ბოლომდე ჩაიწვება, რამდენჯერმე გაიმეორეთ: „დაიწვი, მწუხარებავ! დაიწვი, უფულობავ! დაიწვი ავადმყოფობავ!“

ამბობენ, რომ ეს იქნება მძლავრი სიგნალი თქვენი ქვეცნობიერისთვის, რომელიც შეუმჩნევლად გაიძულებთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ დამდეგ წელს ყველა უსიამოვნებამ გვერდი აუაროს თქვენს ოჯახს.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ ყველა სასიკეთო მინიშნების ასრულებას!
165
თემები:
ხალხური ცრურწმენები (31)
საქართველოს ზამთრის პეიზაჟები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 იანვარი

37
(განახლებულია 11:58 25.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 26 იანვარია, სამშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღევანდელი დღე ადამიანებისგან მეტ კონკრეტულობას მოითხოვს. ნებისმიერი გაურკვევლობა გაღიზიანებას გამოიწვევს. გამძაფრდება რეაქციები მიმდინარე მოვლენებზე, რაც, შესაძლოა, კონფლიქტების საფუძველი გახდეს. ამავე დროს დღეს ძალიან იოლი იქნება ღრმად მიმალულ გრძნობებზე საუბარი, ადამიანისთვის პირდაპირ თქმა, თუ რას ფიქრობთ მასზე. თუმცა, ამ შემთხვევაში სჯობს, ფარგლებს არ გასცდეთ და უკმეხად არაფერი წამოგცდეთ – ამას ურთიერთობებში ბზარის შეტანა შეუძლია.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ვერძი: დღეს თქვენთვის საქმეების მოწესრიგების დღეა. თუნდაც ეს გაწერილი არ გქონდეთ, დიდი ალბათობით, ამის აუცილებლობას შექმნილი ვითარება მოითხოვს. მოწესრიგება შეიძლება დასჭირდეს თქვენს სამუშაო ადგილს, ან საქმეებსა და გეგმებს. არ არის გამორიცხული, რომ მოწესრიგების პროცესში დავიწყებული რამ აღმოაჩინოთ, რომელიც დღემდე აქტუალური და თან – საკმაოდ ფასეული.

კურო: დღეს გარშემომყოფებთან და მათ შორის, ახლობელ ადამიანებთან დისონანსში იქნებით. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ თქვენ ირგვლივ ადამიანები ძალიან სერიოზული განწყობით დაიარებიან, ისინი კი, თავის მხრივ, უკმაყოფილო იქნებიან თქვენი უზრუნველობით. სერიოზულ კამათს ეს, დიდი ალბათობით, არ გამოიწვევს, თუმცა იმისთვის, რომ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებში ბზარი არ გაჩნდეს, ხშირად მოირგეთ „სერიოზული და ჭკვიანი“ ადამიანის სახე, თუნდაც ეს ძალზე სასაცილოდ გეჩვენებოდეთ.

ტყუპი: დღეს მზად ხართ, რომ მტკიცე და შეიძლება რადიკალური ზომებიც გადადგათ და ეს განსაკუთრებით ფინანსების სფეროს ეხება. იმის ნაცვლად, რომ ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ, ასჯერ გაჭრის განწყობაზე იქნებით. ერთი მხრივ, არის საფრთხე, რომ ფული ქარს გაატანოთ; მეორე მხრივ კი ეს საბრძოლო განწყობა ბიძგს მოგცემთ, გადადგათ ის ფინანსური ნაბიჯები, რომლებიც უკვე მომწიფებულია და დიდი ხანია, გადაწყვეტას მოითხოვს.

კირჩხიბი: დღეს კირჩხიბები კრიტიკოსების სახით მოგვევლინებით. ამასთან, თქვენი კრიტიკა ყველა ნაკლებად იქნება მიმართული საკუთარი თავისადმი, კრიტიკის ობიექტები დიდწილად გარშემომყოფები იქნებიან. თქვენი შენიშვნები ადამიანებს შეცდომების გამსოწორებას აიძულებს, თუმცა ყველაფერი მარტივადაც არ იქნება. თქვენი ბრძნული რჩევები, შესაძლოა, ყურს მიღმა გატარდეს, ხოლო კრიტიკა კი წყენის წყარო გახდეს. თქვენი გადასაწყვეტია – ღირს თუ არა კრიტიკაზე დროისა და ძალების  დახარჯვა, თან, როდესაც შედეგის იმედი ნაკლებადაა.

ლომი: დღეს დიდი ალბათობაა, რომ ირგვლივ მყოფი ადამიანები შეეცადონ, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა თქვენ მხრებზე გადმოიტანონ. ისინი იგრძნობენ, რომ დამყოლ ხასიათზე ხართ და ამის გამოყენებას ურცხვად შეეცდებიან. ამის გამოსწორება შეგიძლიათ, თუ მკაცრად დაიცავთ თქვენს პოზიციებს და აღკვეთ ამგვარ მცდელობებს. სხვაგვარად მოგიწევთ სხვისი საქმეების გაკეთება და საკუთარის გადადება.

ქალწული: მთელი დღე გარედან აკვიატებული ზეწოლა შეიძლება იგრძნოთ. შესაძლოა, ეს დროის დეფიციტი იყოს, ან ვითარება მოითხოვდეს თქვენგან სწრაფ მოქმედებებს, ასევე გარშემომყოფები გამუდმებით მოგმართავდნენ თხოვნით. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ზეწოლისგან გათავისუფლება გაგიჭირდებათ, ამიტომ, სჯობს, შეეგუოთ ასეთ მდგომარეობას. ყველაფერს აჯობებს, განმარტოვდეთ, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ და სიმშვიდეში მიხედოთ თქვენს საქმეებს.

სასწორი: დღეს იშვიათი შანსი გაქვთ, რომ რომელიმე საქმეში დიდი ნაბიჯი გადადგათ წინ. მთავარია, საჭირო მომენტი დროულად დაინახოთ, ხელიდან არ გაუშვათ და მტკიცედ, მკაფიოდ იმოქმედოთ. აქტიური და შეუპოვარი მოქმედებების წყალობით გამარჯვების დიდი შესაძლებლობა გაქვთ. გამოიყენეთ ეს დღე ახალი სიმაღლეების დასაპყრობად და კონკურენტების უკან ჩამოსატოვებლად.

მორიელი: დღეს სამართლიანობის გრძნობა გამძაფრდება თქვენში. მზად ხართ, ვინმე ან რამე საკუთარი მკერდით დაიცვათ, თუ ჩათვლით, რომ მას ჩაგრავენ და ავიწროებენ. რას იზამთ, ხანდახან ცუდი არაა სამართლიანობისთვის ბრძოლა და მოძალადისთვის ადგილის მიჩენა. თუმცა დღეს უსამართლობა შეიძლება იქაც „დაინახოთ“, სადაც ამის ნატამალიც კი არაა. ასე რომ, მეტი დაკვირვება გმართებთ, რომ განგაშის ზარი ტყუილუბრალოდ არ შემოჰკრათ.

მშვილდოსანი: დღეს, შესაძლოა, მთელი დღე ჭეშმარიტების ფუჭ ძებნაში დაკარგოთ, თან დარწმუნებული იყოთ, რომ ის „სადღაც აქვეა“. ეს ძებნა ნებისმიერ საკითხს შეიძლება უკავშირდებოდეს – ურთიერთობებს, მუშაობას, პირად ცხოვრებას. თუმცა, რაც არ უნდა მოგეჩვენოთ, რომ სამართლიანობა „ჰა და ჰა, გაიმარჯვებს“, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებაა. შეიძლება გაკვირვებულმა აღმოაჩინოთ, რომ „სუფთა სახის“ ჭეშმარიტება თითქმის უსარგებლო რამაა და თქვენ გარდა ის არავის სჭირდება.

თხის რქა: ასტროლოგები დღეს მხოლოდ პირდაპირი გზებით სიარულს გირჩევენ. საკუთარ თამაშის წამოწყების მცდელობას, ან, უფრო უარესი – რამის დამალვას ან დამახინჯებას, სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თუ საჭირო შედეგის მიღება გსურთ, ღიად, პირდაპირ და პატიოსნად უნდა იმოქმედოთ. გარშემომყოფებიც სწორედ ამ თვისებებს დააფასებენ თქვენში. მაგრამ ერთიცაა – გულწრფელობასაც თავის საზღვრები აქვს და დაიცავის ეს ფარგლები.

მერწყული: დღეს საჭირო შედეგების მისაღწევად იმის ლაპარაკი მოგიწევთ, რასაც თქვენგან ელოდებიან და არა იმის, რასაც სინამდვილეში ფიქრობთ. ხანდახან შეიძლება გაჩუმებაც უპრიანი იყოს. რას იზამთ, გულწრფელობა ზოგჯერ უადგილოა ხოლმე და მით უმეტეს – მნიშვნელოვან საუბრებში, მოლაპარაკებებში. დღეს თუ სათქმელს პირდაპირ იტყვით, შეიძლება ავნოთ საქმესაც და საკუთარ თავსაც. თუ გაჩუმდებით, მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებით.

თევზები: დღეს საქმიანობაში მტკიცედ და საბრძოლოდ ხართ განწყობილი. რატომ უნდა იწვალოთ კვანძის გახსნაზე, როცა მისი ნაჯახით გადაჭრა შეიძლება? ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ზოგიერთ საკითხში რადიკალური ზომები სწორედაც რომ ყველაზე მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგრამ ისეთ საქმეებს, რომლებიც დროსა და დელიკატურ დამოკიდებულებას საჭიროებს, სჯობს, სათოფეზეც არ გაეკაროთ. ან წინასწარ შეეგუოთ, რომ ისინი, ასეთ შემთხვევაში, სრული კრახისთვისაა განწირული.

37
ნინო კრავეიშვილი

ინდური კულტურის ფერადოვნება, ტაჯ-მაჰალის წინ შესრულებული ქართული ცეკვა ანუ ნამასტე!

231
(განახლებულია 16:13 25.01.2021)
ყველაფერი ალბათ მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ პატარა გოგომ ინდური ფილმი პირველად ნახა და მისი ფერადოვნებით ეგრევე მოიხიბლა.

იქიდან მოყოლებული, სიცოცხლის დღესასწაულივით შეგრძნება ნინო კრავეიშვილს დიდობაშიც გაყვა, ამიტომ არავის გაუკვირდა, როცა ერთ დღეს, ეს სიყვარული საქმედ აქცია. თბილისში მან ინდური კულტურის ცენტრი „ლაქშმი" დააარსა და მეგობრებთან ერთად დღემდე ენთუზიაზმზე მუშაობს. აქ ყველაფერი: ინდური სიმღერა, ცეკვა, სამზარეულო, ხელის მოხატვაც კი თვითონ შეისწავლეს. სანამ ინტერნეტი გაჩნდებოდა, საჭირო ინფორმაციას მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებიდან იგებდნენ.

დღეს ინდური კულტურის ცენტრი, სადაც ცეკვის ანსამბლიცაა, სოციალურ ქსელებშიც დარეგისტრირებულია და გამომწერი ყველგან ჰყავს. მათ ვიდეოარხს „იუთუბზე“ 250 000 -ზე მეტი გამომწერი ჰყავს და  მილიონობით ნახვა აქვს. მათ შესახებ დღეს ინდოეთშიც იციან, ბევრმა  მათგანმა საქართველოსა და ქართულ კულტურაზე პირველად სწორედ ინდური ცენტრის დახმარებით გაიგო...

ნინო კრავეიშვილი
ნინო კრავეიშვილი

- ქალბატონო ნინო, ინდურ კულტურასთან შეხება ჩვენს ქვეყანაში, ტრადიციულად ინდური ფილმებით იწყება ხოლმე, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

- ამ ქვეყანაზე იმდენად შორეული ბავშვობიდან ვარ შეყვარებული, რომ დაინტერესების წყარო, ცხადია, წიგნი ვერ გახდებოდა. ეს ყველაფერი ფილმებიდან დაიწყო. ინდური ფილმები დედაჩემს უყვარდა და კინოთეატრებში მათ სანახავად ბავშვობიდან დავყავდი. მაშინდელი შთაბეჭდილება, რომ ეს ზღაპრულად ფერადი და პოზიტიური ქვეყანაა, დიდხანს გამყვა. მოგვიანებით ცხადია, გავიგე, რომ სინამდვილეში ყველაფერი ნამდვილად არ არის ისე, როგორც ფილმებშია, თუმცა მთავარი შთაბეჭდილება არ შეცვლილა.

ნინო კრავეიშვილი ცენტრის წევრებთან და ინდოელ სტუმრებთან ერთად
ნინო კრავეიშვილი ცენტრის წევრებთან და ინდოელ სტუმრებთან ერთად

- როგორი იყო რეალობა, რომელიც მოგვიანებით აღმოაჩინეთ?

- რეალობა, რაც ინდოეთში, ვნახე, ასეთია: მიუხედავად უკიდურესი სიღარიბისა და ცხოვრების ელემენტარული პირობების არქონისა, ქუჩებში მხვდებოდნენ ადამიანები, რომელთაგანაც ნეგატივი არასოდეს მიგრძვნია. იქ ადამიანებს ყოველი გათენებული დღე უხარიათ და ელემენტარული წვრილმანები ახარებთ. ინდოეთში ფაქტობრივად, ვერ ნახავთ შავი ფერის ტანისამოსში ჩაცმულ ადამიანებს. იმ ქვეყანაში  იმდენად ადვილად იმსხვრევა ყველა კომპლექსი, იმდენად იკურნები და გრძნობ სულიერ წონასწორობას, რომ ამ ყველაფრით, შეუძლებელია არ მოიხიბლო.. ჰოდა, მეც სამუდამოდ შემეყარა ეს "სენი". დედაჩემს, ჩემს მეუღლეს და მეგობრებს ეგონათ, რომ დროთა განმავლობაში, ეს „გატაცება" გამივლიდა და მომბეზრდებოდა. თუმცა, ფაქტია, ასე არ მოხდა და ჩემი დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ უფრო მყარდება და ღრმავდება. დღესდღეობით კი ყოველდღიურ საქმიანობაშიც გადაიზარდა.

ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ მოცეკვავეებთან ერთად
ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ მოცეკვავეებთან ერთად

- სწორედ საქმიანობაზე მინდა გკითხოთ: როდის დააარსეთ ინდური კულტურის ცენტრი საქართველოში და მასში გაერთიანების რამდენი მსურველი გამოჩნდა?

- ამ ორომტრიალში ათი წლის წინ ჩავები. საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელება, რომ თბილისში შემექმნა პატარა ინდური სამყარო, მოსვენებას არ მაძლევდა. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ძალიან მიჭირს ხოლმე ფიქრისა და განსჯის გარეშე რაიმე გადაწყვეტა, ეს ნაბიჯი მგონი ერთადერთია, რაც ემოციურად გადავდგი და არასოდეს ვინანებ. თბილისს იმ დროს ინდოეთის მაშინდელი ელჩი სტუმრობდა და მზადდებოდა საღამო, რისთვისაც საკონცერტო ნომრები (ცეკვა, სიმღერა) იყო საჭირო. სასწრაფოდ შევკრიბე სოციალური ქსელებიდან ინდოეთით დაინტერესებული მეგობრის შვილები, მათი მეგობრები და ჩემს სახლში დავიწყეთ რეპეტიციები. მათ კოსტიუმებზეც თავად ვიზრუნე და დღემდე ანსამბლის ჩაუნაცვლებელი დიზაინერი ვარ. ერთადერთი, რაზეც ბევრი ვიფიქრე, ანსამბლის სახელი იყო. ინდურ ღვთაებებს მივადექი და საბოლოოდ შევჩერდი ლაქშმიზე, რაც ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ქალღმერთის სახელია და ჩავთვალე, რომ დადებითი აურის მატარებელი სახელწოდება აუცილებლად გაამართლებდა. 

ნინო კრავეიშვილი ინდოეთში
ნინო კრავეიშვილი ინდოეთში

- როგორც ჩანს, გაამართლა...

- დიახ, ამაში ჯერ კიდევ მაშინ, წარმატებით ჩატარებულმა საღამომ დაგვარწმუნა. სტიმული მოგვცა საიმისოდ, რომ საყვარელი საქმე  თამამად გაგვეგრძელებინა. სულ მალე, ხუთწევრიანი ანსამბლი თანდათან გაიზარდა. ჩვენი ინტერესების სფერო გაფართოვდა და მას სიმღერა, მეჰენდის ხელოვნება და სამზარეულოც შეემატა. თანდათან უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდა და მალევე ოფიციალურად დავაარსეთ ინდური კულტურის ცენტრი, რომელსაც „ლაქშმი" ვუწოდეთ. ამჟამად მყავს საუკეთესო გუნდი, საქმეზე უზომოდ შეყვარებული და ერთგული ადამიანებით. ვცდილობ, მათ თავად მივცე  ხოლმე პასუხისმგებლობისა და საქმის სიყვარულის მაგალითი.

ინდოეთში ვიზიტის დროს
ინდოეთში ვიზიტის დროს

- საქართველოში მყოფი ინდოელები თუ არიან თქვენს ცენტრში?

- დიახ, ჩვენს გვერდით არიან ინდოელი მეგობრებიც, რომლებიც ჩვენს საკონცერტო ნომრებშიც იღებენ მონაწილეობას. რათქმაუნდა ინდოეთით და მისი კულტურით, მითუმეტეს ინდური ცეკვით დაინტერესება, ქალბატონებსა და გოგონებს შორის უფრო მეტია. თუმცა სხვადასხვა დროს ანსამბლში ინდური ცეკვით დაინტერესებული ქართველი ვაჟებიც გვყავდა. ამჟამად ქართველ გოგონებთან ერთად ანსამბლში ინდოელი სტუდენტი ვაჟები ცეკვავენ.

ინდოეთში ყოფნის დროს
ინდოეთში ყოფნის დროს

-  ინდოეთში როდის იყავით და ვისი მიწვევით?

- ინდოეთში 2020 წლის თებერვალში გავემგზავრეთ. საქართველოში ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ინდოელი, დარპან პრაშერი, რომელიც ქართველი და ინდოელი ახალგაზრდების დაახლოებისთვის ყველაფერს აკეთებს. ასევე ცდილობს, რომ იქაურ ინდოელებსაც გააცნოს ქართული კულტურა. სწორედ მისი ძალისხმევით გაიმართა ნიუ-დელიში ქართულ-ინდური ფესტივალი. ქართული მხრიდან ის გახლდათ ორგანიზატორი და ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებადაც სწორედ მან მიგვიწვია. ეს იყო ასრულებული ოცნება თითოეული ჩვენგანისთვის. საქართველოდან 30 კაციანი ჯგუფი გავემგზავრეთ: ჩვენი კულტურის ცენტრის წევრები და ქართული ცეკვის ანსამბლის „გიორგობა" არაჩვეულებრივი ბავშვები, ქორეოგრაფ ნიკოლოზ ხერხაძესთან ერთად.

- როგორ იმოქმედა ამ ქვეყნის კულტურამ და რამდენად გაამართლა ნანახმა მოლოდინი?

- ნანახმა მართლა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ინდოეთის მიწაზე ფეხის დადგმის წუთიდან დაწყებული, ორი კვირის განმავლობაში პოზიტიური ემოციური შოკი მქონდა. ძნელია გადმოსცე ის განცდა, როდესაც თაჯ-მაჰალის წინ დგახარ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეთრი მარმარილოს მავზოლეუმი ათასობით ფოტოზე მქონდა ნანახი, მონუსხული შევცქეროდი და კარგა ხანს ფოტოს გადაღებაც ვერ მოვახერხე. ინდოეთის ღირშესანიშნაობების სრულად სანახავად ალბათ მთელი დარჩენილი ცხოვრება დამჭირდება. ბევრი რამ ვნახეთ საფუძვლიანად, ბევრიც მხოლოდ გარეგნულად დავათვალიერეთ დროის სიმცირის გამო. თუმცა მაინც მინდა გამოვყო ჰავა-მაჰალი (ქარის სასახლე) ჯაიპურში და ლოტოსის ტაძარი (ბაჰაისტური სამლოცველო სახლი) დელიში. ცალკე თემაა ფესტივალის ფარგლებში განცდილი დაუვიწყარი ემოციები, ინდოელი მაყურებლის და ფესტივალის სტუმრების დადებითი შეფასებები, ადგილობრივი პრესისა და ტელევიზიის გამოხმაურება ჩვენს საფესტივალო პროგრამაზე, რომელიც სამი დღის განმავლობაში წარმოვადგინეთ...

- რომელი დღე იყო განსაკუთრებული?

- ყოველი დღე და საათი დაუვიწყარი თავგადასავალი იყო. საოცრად ემოციური იყო ტაჯ-მაჰალის წინ შესრულებული ქართული ცეკვა და ინდოელების და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების ემოციები. ასევე არასოდეს დამავიწყდება ჯალ-მაჰალის (წყლის სასახლე) წინ ჩატარებული პატარა კონცერტი და სატელევიზიო გადაღება. როგორც იცით, ეს ულამაზესი სასახლე წყალშია აშენებული, სწორედ მის ფონზე გადაღებების დროს, ინდოელმა მაყურებელმა უზარმაზარი ალყა შემოგვარტყა. მანძილი ჩვენსა და მათ შორის იმდენად სწრაფად შემცირდა, რომ ლამის წყალში გადაგვყარეს. მათი ერთადერთი სურვილი ჩვენს მოცეკვავეებთან სელფის გადაღება იყო, თუმცა სიტუაცია თანდათან უმართავი ხდებოდა. რომ არა ჩვენი ორგანიზატორების და თანმხლები მამაკაცების მოხერხება, ალბათ იქიდან გაღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

- რომელიმე ინდურ ტრადიციას ხომ არ მისდევთ ცენტრში?

- ტრადიციების და მათი მკაცრი დაცვის მხრივ, ინდოეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი კულტურის ცენტრში მხოლოდ ქართველები ან საქართველოში მცხოვრები ადამიანები ვართ, პირად ცხოვრებაში მათ ტრადიციებს ცხადია, არ ვიცავთ. თუმცა საჩვენებლად ბევრ მათგანს ვუწევთ პოპულარიზაციას. მაგალითად, უძველეს ტრადიციულ დღესასწაულ ჰოლის (ფერების დღესასწაულს), რომელიც პირველად ბავშვობაში ვნახე დიდ ეკრანზე ინდურ ფილმში და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

- საქართველოში ჩატარებული ღონისძიებებიდან რომელს გაიხსენებთ?

- 2012 წელს, თბილისში, ინდოეთის მოყვარულ ადამიანებთან ერთად, ჰოლის ფესტივალი, სპეციალური საკონცერტო პროგრამით ავღნიშნეთ. წლების მანძილზე ვაცნობდით ასევე ქართველ მაყურებელს და დაინტერესებულ ადამიანებს ინდურ ტრადიციულ სამზარეულოს, რომელიც ასევე მრავალფეროვანია. ჩვენს საკონცერტო პროგრამებში შეტანილი გვქონდა თითოეულ პერსონაზე მენიუ, რომელშიც ინდური ტრადიციული სამზარეულოს კერძები შედიოდა. კულტურის ცენტრში გვყავს ინდური სამზარეულოს შესანიშნავი სპეციალისტი დიანა სონღულაშვილი, რომელიც არაჩვეულებრივ ინდურ კერძებს ამზადებს. 

ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ წევრებთან ერთად
ნინო კრავეიშვილი „ინდური კულტურის ცენტრის“ წევრებთან ერთად

- მათი ყოველდღიური წეს-ჩვეულებებიდან რომელს გამოყოფდით?

- ბავშვობიდან მხიბლავდა მათი მისალმება შეხვედრისას, როდესაც ისინი ხელისგულებს აერთებენ, ნიკაპამდე წევენ და მისალმების ნიშნად წარმოთქვამენ სიტყვას: ნამასტე! ასევე დალოცვის ტრადიციაც, როდესაც მშობლებს ან ასაკით უფროს ადამიანს დალოცვას სთხოვენ და პატივისცემის ნიშნად მათ ფეხზე ეხებიან. ქცევის თავისებურებები ალბათ უფრო კულტურის ნაწილია, მაგრამ აქვე გამახსენდა მათი საკვების მიღების წესი როცა ისინი მხოლოდ მარჯვენა ხელით იღებენ საკვებს, რადგან მარცხენა ხელი უსუფთაოდ ითვლება.

- ოდესმე ხომ არ გიფიქრიათ, რომ შესაძლოა, წინა ცხოვრებაში ინდოელი იყავით?

- მივადექით იმ კითხვას, რომელსაც ნაცნობები თუ უცნობები, ჩემი ამ ქვეყნისადმი სიყვარულის შესახებ როცა იგებენ, ყველგან და ყოველთვის მისვამენ. ამაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ვიცით, რომ ჩვენი რელიგია ხელახლა განსხეულებას არ აღიარებს. თუმცა გული მაინც ეწინააღმდეგება გონებას და სადღაც გულის სიღრმეში, სულ მგონია, რომ მართლაც შეიძლებოდა ასე ყოფილიყო. როდესაც ინდურ ფილმებში ვხედავდი ფილმის გმირს, რომელიც პენჯაბის მინდვრებში მოაბიჯებდა, არაერთხელ მქონია შეგრძნება, რომ იმ ადგილზე მეც ვყოფილვარ და გამივლია. შემდეგ კი საკუთარი ფიქრის თავადვე შემშინებია და დამიბლოკავს. ერთი სიტყვით, გულის სიღრმეში მგონია, რომ წინა ცხოვრებაში ნამდვილად ინდოეთში ვცხოვრობდი. იმდენად კომფორტულად და უსაფრთხოდ ვგძნობდი იქ თავს, იმდენად აუხსნელი იყო ჩემი შეგრძნებები, რომ ამ ამბავზე ინდოეთის მიწაზე ფეხის დადგმისთანავე კიდევ ერთხელ დავფიქრდი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოცნება ინდოეთში ჩავსულიყავი ასრულდა. ზუსტად ვიცი, რომ მხოლოდ ის სიყვარული კვდება, რომელზეც აღარ ოცნებობენ...

 

 

231