ჯიხვი

თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

4995
(განახლებულია 10:56 22.12.2020)
თხის რქა პრაქტიკული და ცხოვრებისეული ადამიანია, რომელიც მოჩვენებითი ილუზიებით არ ცხოვრობს, ყველაფერს თავის სახელს უწოდებს. ის მიზანმიმართულია, მკაცრი ანალიტიკოსი, რომელსაც შეუძლია, ემოციები გონებას უზადოდ დაუქვემდებაროს

თხის რქის ნიშნით იბადებიან 22 დეკემბერი - 20 იანვრის პერიოდში.

თხის რქა - Capricornus - ზოდიაქოს თანავარსკვლავედი, რომელსაც სატურნი მართავს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებზე ამბობენ, რომ მათი მისწრაფებები და ვნებები გამოუსწორებლად მოწესრიგებულია - საქმე ისაა, რომ თხის რქის ტემპერამენტი მელანქოლიურია, ხასიათი - თავშეკავებული, ხოლო მისი ბუნების ერთერთი ძირითადი დამახასიათებელია პრაქტიკულობა. გარეგნული „სიცივე“ და უემოციურობა, დასკვნებსა და ჯანსაღ აზრზე დაყრდნობა მათ საშუალებას აძლევს ყოველთვის აკონტროლონ ვითარება და იმოქმედონ გონივრულად.

თხის რქები, საკუთარი „ცივსისხლიანობისა“ და შედეგზე ორიენტირებულობის გამო, ხშირად ხდებიან წარმატებული ბიზნესმენები. მათი მთავარი თვისებებია მოთმინება, მისწრაფება სამართლიანობისადმი, სიმკაცრე, რაციონალობა და გულმოდგინება.

თხის რქებს არ უყვართ საკუთარი პირადი ცხოვრების დემონსტრირება, ხოლო თავისი რეპუტაციის ჩამოყალიბებისას ფსონს დებენ არა ექსტრავაგანტურობაზე ან საკუთარი ინდივიდუალობის წარმოჩენაზე, არამედ კორექტულ ქცევასა და ელეგანტურ ფორმალიზმზე. მათი მთავარი მოტივი ტანსაცმლისა და გარეგნობის მიმართ - პროფესიული ამბიციებია.

თხის რქა დედამიწის ნიშანია, პრაქტიკული და ცხოვრებისეული ადამიანი, რომელიც მოჩვენებითი ილუზიებით არ ცხოვრობს, ყველაფერს თავის სახელს უწოდებს და ამასვე მოითხოვს სხვებისგანაც. ის ძალზე მიზანმიმართული ადამიანია, მკაცრი ანალიტიკოსი, რომელსაც შეუძლია, ემოციები გონებას უზადოდ დაუქვემდებაროს. მიზნისკენ თხის რქა მიემართება ზომიერად, იყენებს ტაქტიკურ დასკვნებსა და სტრატეგიას. ცბიერებას, ინტრიგებსა და შარმს ძალზე იშვიათად იყენებს - ამ ნიშნის ქალებიც კი მიიჩნევენ, რომ ეს მათ ღირსებას არ შეეფერება.

2021 წლის ჰოროსკოპი: თხის რქა – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

თხის რქების ხასიათის გარეგნული გამოვლენაა სიმშვიდე, სიტყვაძუნწობა, განცალკევებულობა, ამავე დროს, არ ფრენენ ღრუბლებში, მაგრამ გამოირჩევიან ძლიერი ხასიათითა და ამბიციურობით. თხის რქას არ უყვარს გახსნილად, ღიად მოქცევა, ცდილობს არ დაუშვას უხერხული ვითარებები - მათ მდორე ცხოვრებაში ადგილი არა აქვს ცეცხლოვან ვნებებსა და ღია კონფლიქტებს. სწორედ ამიტომ თხის რქას ძალიან ცოტა ახლო მეგობარი ჰყავს, მაგრამ ასევე, პრაქტიკულად, არ ჰყავს აშკარა მტერი - ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ სჩვევიათ გარშემომყოფთათვის თავისი სულიერი განცდების გაზიარება ისევე, როგორც საკუთარი ნეგატივის ღიად გამოხატვა.

მამაკაცი - თხის რქა - დიპლომატი და ჯენტლმენია, ურთიერთობებში სასიამოვნო, ფლობს ეტიკეტის ხელოვნებას, არის თავდაჯერებული და სიტყვაძუნწი. ის არ საუბრობს ხმამაღლა და მაღალფარდოვანი სიტყვებით, არ ავსებს ქათინაურებით და დიდხანს აკვირდება ქალს, რომელიც მოეწონა - აკვირდება თავისთვის ახლობელ ნიშნებს, ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ გარეგნობას, არამედ ქალის თავშეკავების უნარს. ურთიერთობებში მამაკაცი თხის რქა მფარველისა და დამცველის როლს ირჩევს. უმეტესად ისინი საიმედონი არიან, იშვიათად უცრუებენ იმედს, მაგრამ ასევე იშვიათად აწყობენ ლამაზ სიურპრიზებსა და სერენადებს აივნის ქვეშ.

სამუშაოს სფეროში თხის რქა მამაკაცი უპირატესობას ანიჭებს პოზიტიური იმიჯის შექმნას, ყოველთვის აგებს პასუხს თავისი სიტყვის გამო და ირჩევს რესპექტაბელურ პროფესიებს - იურისტი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი.

ქალი - თხის რქა - ძლიერი სქესის წარმომადგენლებთან შედარებით უფრო ეროტიკული და სიყვარულისადმი მიდრეკილია. მას ისე, როგორც სხვა არავის, შეუძლია ნამდვილი ლედივით დაიჭიროს თავი - ის მკაცრია ზოგადი ქცევის წესების დაცვაში და ერთი შეხედვით ცივი და მიუწვდომელი, მკაცრი და საიდუმლოებით მოცული ჩანს, მაგრამ მასში იშვიათი ვნებების ვულკანი იმალება. მისი შარმი იდუმალი და არაერთგვაროვანია და პირველ რიგში, ის მიმართულია იმისკენ, რომ მამაკაცმა მოიპოვოს ის, დიდი ძალისხმევა გამოიჩინოს. ამ ნიშნის ერთ-ერთი ტიპური წარმომადგენელია მარლენ დიტრიხი - თავშეკავებული, ცივი, მაგრამ კაშკაშა და ქარიზმატული. ის ანდამატივით მოქმედებდა მამაკაცებზე, იპყრობდა მათ თავისი სიბრძნით და არა კეკლუცობით.

სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე>>

ქალი თხის რქა იმდენად თავშეკავებულია, რომ ხანდახან ჭირს გაგება, რაზეა განაწყენებული - მისი დამოუკიდებელი ნატურა მხოლოდ ნიღაბია და ხშირად მალავს წყენას, იცავს რა ქცევის წესებს. სიყვარულში ქალი თხის რქების ერთ-ერთი პრობლემაა ხაზგასმული კეთილი, სათნო სახე, რაც მრავალ მამაკაცს აფრთხობს, რომლებსაც ხანდახან მინიმალური წახალისება და კეკლუცობა მაინც სჭირდებათ.

ქალი თხის რქები იშვიათად ატარებენ ექსპერიმენტებს მოდის სფეროში, უპირატესობას ანიჭებენ კლასიკას - მათი სტილი ყოველთვის თავშეკავებულია და ხშირად პრაქტიკულ, მაგრამ ელეგანტურ სტილს ირჩევენ.
სამუშაოს მხრივ ქალი თხის რქები ხშირად პროფესიონალიზმში მამაკაცებს ეჯიბრებიან - ისინი დიდ კარიერულ სიმაღლეებს აღწევენ და უდავო ავტორიტეტით სარგებლობენ.

თხის რქების შეთავსება სხვა ნიშნებთან

ცხოვრების ყველა სფეროში თხის რქის იდეალური პარტნიორია კურო. მათი ურთიერთობების მტკიცე ფუნდამენტია პრაქტიკულობა და სტაბილურობა. ასევე კარგი ურთიერთობები აქვთ ქალწულებთან - ამ ნიშნების წარმომადგენლებს აახლოებთ უბრალო ჯანსაღი ცხოვრების, გემრიელი კერძებისა და სასიამოვნო სექსისკენ სწრაფვა. ჰარმონიულია თხის რქის ურთიერთობა სასწორებთან და ასევე თავისივე ნიშნის წარმომადგენლებთან.

თანაბარ ურთიერთობებში არიან თევზებთან და კირჩხიბებთან. ურთიერთობებს ვერანაირად ააწყობენ მერწყულებთან და ლომებთან: ამ ნიშნების წარმომადგენლები სხვადასხვა სტიქიისა და ტემპერამენტის ადამიანები არიან.

თხის რქის აბსოლუტური ანტიპოდია ტყუპი, რომელთანაც მას არანაირი შეხების წერტილი არა აქვს. ასევე თხის რქისთვის ძალზე რთული ნიშანია ვერძი, რომლის უსაზღვრო ენერგია გაწონასწორებული და სტაბილური თხის რქის, პირდაპირი მნიშვნელობით, დემორალიზებას ახდენს.

ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით>>

თხის რქის ნიშნით დაიბადნენ გამოჩენილი ადამიანები

არისტოტელე, მოლიერი, მონტესკიე, ედგარ ალან პო, ციცერონი, ჟანა დ'არკი, ნიუტონი, მარლენ დიტრიხი, ელვის პრესლი, ჯენის ჯოპლინი, არისტოტელ ონასისი, მაო ძედუნი, ანრი მატისი, ენტონი ჰოპკინსი, შადე, მელ გიბსონი, ნიკოლას კეიჯი, ვანესა პარადი, ადრიანო ჩელენტანო, კეიტ მოსი, მუჰამედ ალი, სიენა მილერი კარლოს კასტანედა და სხვა.

4995
ანზორ თამარაშვილი

უნიკალური ლექსიკონის ავტორი ქართველი, რომელმაც ნოტების მექანიკური საბეჭდი მანქანა შექმნა

8
(განახლებულია 14:53 28.01.2021)
 შესაძლოა ყველამ არ იცოდეს, რომ საქართველოში გამოიცა „მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რომელსაც ანალოგი არ აქვს. მისი ავტორი მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და პედაგოგი ანზორ თამარაშვილია.

ბატონი ანზორი რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატია და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.  მისი ბიოგრაფია შეტანილია წიგნში „საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები მეოცე საუკუნის ბოლო ათწელულში“, რომელიც 2002 წელს გამოვიდა. ერთი სიტყვით, ბატონი ანზორი თავისი დიდი წინაპრის, მიხეილ თამარაშვილის ღირსეული შთამომავალია.

იზა ვეფხვაძე და ანზორ თამარაშვილი
იზა ვეფხვაძე და ანზორ თამარაშვილი

ამ უნიკალურ წიგნში მისი ათი წლის შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვართ, რომ „მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“ არა მხოლოდ მუსიკოსების სამაგიდო წიგნი გახდება, არამედ ყველა განათლებული ადამიანის ინტერესსაც გამოიწვევს.

ანზორ თამარაშვილი
ანზორ თამარაშვილი

  - ბატონო ანზორ, იმისთვის, რომ მკითხველს სრულად გავაცნოთ თქვენი პიროვნება, გაიხსენეთ ის გზა, რომელიც პროფესიონალურ საქმიანობამდე განვლეთ ...

- მუსიკასთან შეხება ბავშვობიდან მაქვს, კარგი ხმა მქონდა და სიმღერა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მოგვიანებით წარმატებით გამოვდიოდი სხვადასხვა კონცერტებზე. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე მუსიკას გავყოლოდი.1965 წელს ვინაიდან ვოკალური განყოფილება არ იყო, თბილისის მხატვრული თვითშემოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე ჩავაბარე. თუმცა იქ ვოკალის გაკვეთილებსაც  გავდიოდით. შემდეგ დავამთავრე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელი. მოგვიანებით კი თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათცოდნეობის ფაკულტეტი. რადგან საოპერო ხმა მქონდა, ამიტომ კლასიკური მუსიკით ვიყავი გატაცებული. სწავლის პერიოდში გამოვდიოდი აკადემიურ კონცერტებზე, სადაც რომანსებს და სხვადასხვა ოპერებიდან ნაწყვეტებს ვასრულებდი.

ანზორ თამარაშვილი სცენაზე
ანზორ თამარაშვილი სცენაზე

- თბილისის ოპერის დასში როგორ მოხვდით?

- ჩვენთან თბილისის ოპერის დირიჟორი, ბატონი რევაზ ხურცილავა ასწავლიდა. როცა ის ჩემი მონაწილეობით ერთ-ერთ კონცერტს დაესწრო, მითხრა, რომ შენი ხმა ჯანსუღ კახიძეს უნდა მოვასმენინოო. როცა ჯანსუღმა მომისმინა, ოპერის თეატრში იმ დღესვე ჩამრიცხეს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო ყველაზე გამორჩეული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ურთიერთობა მქონდა ცნობილ მომღერლებთან, რეჟისორებსა და კომპოზიტორებთან, რომლებისგანაც ბევრი ვისწავლე. 1967 -1978 წლებში მონაწილეობა მივიღე მოსკოვში  გამართულ ქართული კულტურისა და ხელოვნების დეკადაში.

ანზორ თამარაშვილი უცხოეთში კოლეგებთან ერთად
ანზორ თამარაშვილი უცხოეთში კოლეგებთან ერთად

- სამხედრო სამსახურის შემდეგ, თქვენ საცხოვრებლად გადახვედით მესხეთში, სადაც ადგილობრივი ფოლკლორის აღდგენაზე დაიწყეთ მუშაობა...

- დიახ, ჯარის შემდეგ მუშაობა გავაგრძელე სამცხე-ჯავახეთში, სადაც საგუნდო ხელოვნების განვითარების საქმეში გარკვეული წვლილი შევიტანე. წლების მანძილზე ვმუშაობდი მესხური სასიმღერო ფოლკლორის აღდგენა-გამომზეურების საკითხებზე. აქტიურად ვმონაწილეობდი ექსპედიციებში და ამავე დროს ბევრ საგუნდო კოლექტივს ვხელმძღვანელობდი. 1985 წელს ჩემი ხელმძღვანელობით დაიდგა კომპოზიტორ შოთა ჯოჯუას ერთმოქმედებიანი საბავშვო ოპერა „დათვის წვეულება“.  შემდგომ წლებში ახალციხის უნივერსიტეტში მუსიკალურ აღზრდას ვასწავლიდი. ახალციხის სამუსიკო სასწავლებელში ჯერ სასწავლო ნაწილის გამგე, შემდეგ დირექტორი ვიყავი. ვკითხულობდი ლექციებს საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე.

ანზორ თამარაშვილი და ვაჟა აზარაშვილი
ანზორ თამარაშვილი და ვაჟა აზარაშვილი

- სრულყოფილ ლექსიკონამდე თქვენ მისი მოკლე ვერსია გამოეცით, ამ წიგნზე მუშაობის დაწყების წინაპირობა რა გახდა?

 -ერთერთ სახელმწიფო გამოცდის დროს, კომისიის თავმჯდომარემ მითხრა: მართალია, ქართულ ენაზე ლიტერატურა არ გვაქვს, მაგრამ იქნებ, მოახერხოთ, რომ მოსწავლეს ამა თუ იმ ნაწარმოების ავტორზე მოკლე ინფორმაცია მაინც მიაწოდოთო. სწორედ იმ დღიდან დავიწყე ამ თემაზე ფიქრი და მუშაობა. 1999 წელს გამოვეცი მოკლე მუსიკალური ლექსიკონი, რომელიც არ იყო სრულყოფილი. ახალ წიგნზე მუშაობისთვის საჭირო იყო გამოცდილი რედაქტორის ნახვა. ცნობილი მეცნიერის, რეზო ბარამიძის დახმარებით გავიცანი მუსიკისმცოდნე, ბატონი გულბათ ტორაძე, რომელთანაც ცხრა წელი ვიმუშავე. როცა კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა, 2005 წელს, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, კრებულის მეორე ვერსია გამოვიდა. ათი წლის მუშაობის შემდეგ კი ლექსიკონის უკვე მესამე, შევსებული და შესწორებული ვერსია გამოვეცით.

ანზორ თამარაშვილის წიგნი
ანზორ თამარაშვილის წიგნი

- ლექსიკონის სრულყოფილი ვერსია რითია გამორჩეული?

- წიგნი 408 გვერდიანია და მასში შესული თემებიდან გამოვყოფდი „ქართულ მუსიკას“, სადაც ქართული მუსიკის შესახებ თითქმის ყველა საჭირო ფაქტია თავმოყრილი. საბოლოოდ ლექსიკონში ისეთი თემებიც მაქვს შეტანილი, რომელიც არა მხოლოდ პროფესიონალი მუსიკოსებისთვის იქნება საინტერესო, არამედ მათთვისაც, ვისაც უბრალოდ უყვარს მუსიკა.

ანზორ თამარაშვიალი ქალიშვილთან ერთად ოპერაში
ანზორ თამარაშვიალი ქალიშვილთან ერთად ოპერაში

- შეგიძლიათ ჩვენი მკითხველისთვის ლექსიკონში შესული საინტერესო და არც ისე ცნობილი ფაქტები გაიხსენოთ?

- გავიხსენებ ფაქტს, რომელიც კაპელ-მაისტერს, ვასილ თამარაშვილს ეხება. ის გახლდათ ფალიაშვილის მოსწავლე, რომელმაც ხალხური ორკესტრი ჩამოაყალიბა. მან 30 წელი მოანდომა ნოტების მექანიკური საბეჭდი მანქანის შექმნას. ნოტების პირველი ნიმუში 1936 წელს დაიბეჭდა. ის პროექტი მოსკოვის მანქანათმშენებლობის სამინისტრომ მოიწონა. ეს ამბავი 1941 წელს ხდებოდა, მოგეხსენებათ, მაშინ დაიწყო ომი და სამწუხაროდ ყველაფერი განადგურდა. კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ, რომელიც დღეს უკვე ცნობილია. ადრე ყველამ იცოდა, რომ ბოროდინი რუსი კომპოზიტორი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ეროვნებით ქართველის, პროფესიით ქიმიკოსის, ლუკა გედევანიშვილის (ლუკა გედეონოვის) შვილი ყოფილა. არადა, მანამდე, თავადის მსახურის, პორფირი ბოროდინის შვილად იყო დაწერილი. კომპოზიტორი სინამდვილეში ქართველი იყო, ეს ფაქტი დღეს რუსების მიერაც აღიარებულია.

ოპერის წინ შეხვედრაზე
ოპერის წინ შეხვედრაზე

- თქვენ პოლიტიკაშიც იყავით და ცნობილია, რომ არა ერთი ეროვნული მნიშვნელობის კანონს დაუჭირეთ მხარი...

- პოლიტიკაში კულტურის სასიკეთოდ მოვედი და თამამად ვიტყვი, როგორი სუფთა ხელებით მივედი, ისეთივე სუფთა ხელებით წამოვედი იქიდან. 1973 წელს არჩეული ვიყავი ახალციხის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. მოგვიანებით ახალციხის საკრებულოს წევრად, ხოლო 1999-2004 საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი. განათლებისა და კულტურის კომიტეტში ყოფნის დროს ყოველთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტებს ვუჭერდი მხარს. სხვათა შორის, რომ არა პოლიტიკაში ჩემი ყოფნა, ეს წიგნიც არ დაიბეჭდებოდა, რადგან როცა საჭირო ინფორმაციას ვაგროვებდი, ყველა ბიბლიოთეკასა და დაწესებულებაში ხელი ადვილად მიმიწვდებოდა.

ანზორ თამარშვილი ოპერაში
ანზორ თამარშვილი ოპერაში

- თქვენ იტალიაში, მიხეილ თამარაშვილის იუბილეზე იყავით მიწვეული, რას გაიხსენებთ იმ მოგზაურობიდან?

- საერთოდ ჩემი დიდი წინაპრებით ძალიან ვამაყობ და ეს ბევრ რამეს მავალებს. სხვათა შორის, მიხეილს თავისი ოჯახი და ახლობლები ყურადღების გარეშე არასოდეს დატოვებია. ჩვენთვის დიდი პატივი იყო როდესაც მისი გარდაცვალებიდან 100 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იტალიაში მიგვიწვიეს. ძალიანა საინტერესო შეხვედრები გვქონდა კარდინალებთან, ვატიკანის ბიბლიოთეკაში, სადაც მიხეილ თამარაშვილი წლების მანძილზე მოღვაწეობდა. სანტა მარინელაში იმ ტრიბუნაზე მომიწია გამოსვლა, სადაც თავის დროზე მიხეილი გამოდიოდა. შეხვედრებზე ჟღერდა სპეციალურად მომზადებული ქართული საგალობლები. ეს იყო ხუთდღიანი ზეიმი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება...

ანზორ თამარაშვილი და ვატიკანის ბიბლიოთეკებისა და არქივების საბჭოს პრეფექტი კარდინალი რაფაელე ფარინა
ანზორ თამარაშვილი და ვატიკანის ბიბლიოთეკებისა და არქივების საბჭოს პრეფექტი კარდინალი რაფაელე ფარინა

- თქვენი ბიოგრაფია შესულია 2001 წელს გამოცემულ წიგნში „ვინ ვინაა საქართველოში“, თავად რას იტყვით: ვინ არის ანზორ თამარაშვილი?

- დინჯი, წყნარი, გაწონასწორებული კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება ხელოვნებას შეალია და რომლისთვისაც მუსიკა მთავარი სულიერი საზრდოა...

 

8
პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში

თუ კორონავირუსი გადაიტანეთ: ექიმები ასახელებენ „ღრმა შეცდომას“, რომელსაც ხშირად ვაწყდებით

104
(განახლებულია 13:32 28.01.2021)
ექიმები კორონავირუს-გადატანილ პაციენტებს „ღრმა“ შეცდომაზე მიუთითებენ და აუცილბლად გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს აძლევენ

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. პაციენტებმა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, არ უნდა იჩქარონ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა და ასევე ვაქცინაციის ჩატარება, აცხადებენ ექიმები.

იმუნოლოგი ილია კუკინი სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ზოგი დაავადება–გადატანილი ყველა ღონეს ხმარობს, რომ სწრაფად დაუბრუნდეს ავადმყოფობამდელ ფიზიკურ მდგომარეობას.

„ეს უკიდურესად საშიშია და მიუღებელი. ვირუსის შემდეგ თქვენი იმუნიტეტი ჯერ კიდევ სუსტია, თქვენი ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ასეთ დატვირთვებს გაუძლოს. <...> ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა შეცდომა“, — აღნიშნა ექიმმა.

ამასთან სპეციალისტი აზუსტებს, რომ ფიზიკურმა გადატვირთვამ შეიძლება პოსტკოვიდური გართულებები და ხელახალი დაავადებაც კი გამოიწვიოს.

ექიმის თქმით, COVID-19-ის დროს ჯანმრთელი უჯრედები ენერგიის მომატებულ რაოდენობას ხარჯავს, ამიტომ აუცილებელია, რომ ორგანიზმს აღსადგენად დრო მივცეთ.

ინფექციოლოგი ნიკოლაი მალიშევი კი აცხადებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებისთანავე საჭირო არ არის.

სპეციალისტის აზრით, ამ კატეგორიის ადამიანებს ვაქცინაცია დაავადებიდან 6-9 თვის შემდეგ უნდა ჩაუტარდეთ.

სამეცნიერო კვლევების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ანტისხეულების დონე ორგანიზმში თანდათან იკლებს, ეს სულაც არ ნიშნავს უჯრედული იმუნიტეტის ან უჯრედული მეხსიერების სრულ დაკარგვას. ამ პერიოდში ხელახალი ინფიცირება საკმაოდ იშვიათია.

ამასთან ექიმები კორონავირუს–გადატანილებს ურჩევენ, რაციონში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები შეიტანონ, რომლებიც გვხვდება, მაგალითად, მწვანე ჩაიში ან ციტრუსებში.

104
თემები:
ექიმი გირჩევთ
ეპიდემია საქართველოში

COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთში

0
(განახლებულია 15:23 28.01.2021)
ბოლო დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 203 პაციენტი. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 54 ადამიანი.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 78 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 202 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 19-ის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობს 70 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 34 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 41 ინფიცირებულია მოთავსებული – ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 22 კოვიდ-ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 20 ინფიცირებულია მოთავსებული. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ კი 15 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 723-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 256.287-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 



0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები