ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 21 დეკემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

730
(განახლებულია 10:04 21.12.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 21 დეკემბერი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. მზარდი მთვარე თევზების  ნიშანშია.

როდესაც მთვარე თევზების ნიშანშია, მატულობს რომანტიკული განწყობა და ადამიანებს დასვენებისა და შემოქმედების სურვილი უჩნდება.

ძლიერდება სენტიმენტალობა, ემოციურობა, მგრძნობელობა, ინტუიცია. შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. კარგი დღეა იურიდიული პრობლემების მოგვარებისთვის.

თუ სიყვარული ამ დღეს გეწვიათ, მან, შესაძლოა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბოს. ამ გრძნობის შესანარჩუნებლად კი საჭიროა არა მხოლოდ ემოციები, არამედ სიფხიზლე, რეალობა, ძალა, პატიოსნება, გულწრფელობა და პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის მიმართ. პასუხისმგებლობის გრძნობა ერთმანეთის მიმართ კავშირს განამტკიცებს. ინტუიცია არ დაგაღალატებთ.

რეკომენდებულია კრეატიულობა ძველი პროექტების განხორცილებისას, მცირე ფინანსური საკითხების გადაჭრა, ახალი პარტნიორების ძებნა, უფრო ინდივიდუალური მუშაობა, ვიდრე გუნდური.

არარეკომენდებულია საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებით შეფასება, გადატვირთვა სამუშაოზე.

არახელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მთვარე თევზების ნიშანში არახელსაყრელი დროა თმის შეჭრისთვის, შეღებვისთვის, ასევე მანიკურისთვის – ფრჩხილების გაკეთებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

მებაღეობა: თევზები ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია. ხელსაყრელი დროა ოთახისა და აივნის ყვავილების მორწყვის, გაზონის გაკრეჭისთვის, ყვავილებისთვის სასუქის მიცემისთვის. არახელსაყრელია ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების დარგვა, გასხვლა.

730
გიორგი მანდარია გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად

ლოგიკური აზროვნება გამარჯვებისთვის ქართველი მოზარდები მსოფლიოში უძლიერესთა შორის

172
(განახლებულია 22:44 26.01.2021)
დიდი ხანია მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ქართველი მოზარდები ყველა სფეროში აღწევენ წარმატებას. ამჯერად ვისაუბრებთ ინფორმატიკის ოლიმპიადებზე, საიდანაც, არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოდან წარგზავნილს მედალი არ ჩამოეტანოს.

საქართველოში ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადა, ისევე, როგორც მსოფლიო ოლიმპიადა, 1989 წლიდან იმართება. ოლიმპიადის ჩატარება განათლების სამინისტროს ინფორმატიკის მთავარმა ცენტრმა დაიწყო და ბატონი გიორგი მანდარია მასში პირველივე დღიდანაა ჩართული. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, რომელშიც ოთხი ძლიერი მოსწავლეა, ის 1990 წლიდან ხელმძღვანელობს. იმ წელს მეშვიდე გიმნაზიის მოსწავლემ გიორგი დათუაშვილმა, რომელიც საბჭოთა ნაკრებში მოხვდა, ინფორმატიკის მეორე მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო.

იქიდან მოყოლებული ჩვენი ყველა გამარჯვება ბატონი გიორგისა და მისი გუნდის სახელს უკავშირდება. ყოფილი ოლიმპიელები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას დიდ ცხოვრებაშიც იყენებენ. ამის დასტურია ის, რომ ბევრი მათგანი როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში ცნობილ წამყვან კომპანიებში მუშაობს, ან თავად არიან კომპანიის მფლობელები.

გიორგი მანდარია
გიორგი მანდარია

- ბატონო გიორგი, როგორია ჩვენი ქვეყნის წარმატების სტატისტიკა?

- საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებში 1996 წლიდან მონაწილეობს. 2000 წელს პირველი მედალი მოვიპოვეთ და ამის შემდეგ მედლების გარეშე აღარ დავბრუნებულვართ. პირველი ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს 2010 წელს ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ცოტნე ტაბიძემ მოუტანა. მეორე ოქროს მედალი 2014 წელს თბილისელი მოსწავლის ნიკოლოზ სვანიძის სახელთანაა დაკავშირებული (კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური 199-ე საჯარო სკოლა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“). ევროპის ოლიმპიადებში 2015 წლიდან ჩავერთეთ. ამ წლების მანძილზე არაერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული. საბოლოო ჯამში მსოფლიოს და ევროპის ოლიმპიადებზე აღებული გვაქვს 14 ოქროს, 12 ვერცხლისა და 50 ბრინჯაოს მედალი.

გიორგი მანდარია
გიორგი მანდარია

- ასე რომ, მედლის გარეშე ფაქტობრივად არც ერთი ოლიმპიადიდან არ დავბრუნებულვართ?

- დიახ, სწორედ ასეა. ქართველი მოსწავლეები 2017 წელს ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადისა და სრულიად ევროპის პირველი ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონები გახდნენ. 2018 წელს იაპონიის მსოფლიო ოლიმპიადაზე ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ და საქართველო 87 მონაწილე ქვეყნიდან მსოფლიოს რვა უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა. 2019 წელს მსოფლიო ოლიმპიადაზე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს, სრულიად ევროპის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიადზე კი ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი დავიმსახურეთ. გასულ წელს რაც შეეხება, მსოფლიო ოლიმპიადაზე ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. ჩვენი ქვეყანა კი 87-დან ისევ მსოფლიოს რვა უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა.

გიორგი მანდარია
გიორგი მანდარია

- შარშან საქართველომ ონლაინ უმასპინძლა ევროპის ოლიმპიადას...

- დიახ, 2020 წელს საქართველომ ევროპის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიადას ონლაინ რეჟიმში უმასპინძლა, რაც საკმაოდ რთული იყო. თუმცა იმას, რომ ოლიმპიადა მაღალ დონეზე ჩავატარეთ, საერთაშორისო კომიტეტის წევრების, მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელების, თვით ოლიმპიადის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი სამადლობელი წერილები ადასტურებს. ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყვეს. ხოლო სამეცნიერო-თემატური უზრუნველყოფა, ჩვენთან ერთად, ყოფილი ოლიმპიელებით დაკომპლექტებულმა სამეცნიერო-ტექნიკურმა კომიტეტმა მოახდინა. ქართველი მოსწავლეები ამჯერადაც წარმატებით გამოვიდნენ. ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. მომავალ წელს, პანდემიის პრობლემის მოხსნის შემთხვევაში, ევროპის მეხუთე ახალგაზრდულ ოლიმპიადას ისევ საქართველო უმასპინძლებს.

გიორგი მანდარია ინფორმატიკის ოლიმპიადაზე მონაწილეებთან ერთად
გიორგი მანდარია ინფორმატიკის ოლიმპიადაზე მონაწილეებთან ერთად

- თუ შეიძლება, რომ მკითხველს გამორჩეული მოსწავლეები გავაცნოთ...

- მოგახსენებთ. 2018 წელს ჩვენი ორი ოქროსმედალოსნიდან (ორივე კომაროვი, სასწავლო ცენტრი „მზიური“) ნიკოლოზ ბირკაძე 340 მონაწილიდან მსოფლიოს უძლიერეს ოთხეულში შევიდა, ხოლო გიორგი კლდიაშვილი მსოფლიოს 16 უძლიერეს მოსწავლეს შორის მოხვდა. საქართველო 87 მონაწილე ქვეყნიდან რვა უძლიერეს ქვეყანას შორის დასახელდა. წლევანდელი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი ლუკა მოსიაშვილი ევროპის უძლიერეს მოსწავლეთა ოთხეულში შევიდა. გარდა ამისა, გიორგი კლდიაშვილი (დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილი მოსწავლე, სასწავლო ცენტრი „მზიური“) 2017 წელს ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. საქართველო კი მონაწილე ქვეყნების უძლიერეს სამეულში შევიდა. ნიკოლოზ ბირკაძემ საქართველოს ოლიმპიადების ისტორიაში თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა. ის პირველია, ვინც 15 წლის ასაკში მათემატიკისა და ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებზე ვერცხლის მედლები მოიპოვა. მანამდე გიორგი კლდიაშვილს ჰქონდა მეცხრე კლასში ორივე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები მოპოვებული. გარდა ამისა, ნიკოლოზი 2017 წელს ევროპის პირველი ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. საბოლოოდ კი ის ბოლო ოთხი წლის მანძილზე მოპოვებული სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადების ყველა დროის უძლიერეს ოცეულში შევიდა.

გიორგი მანდარია მოსწავლეებთან ერთად
გიორგი მანდარია მოსწავლეებთან ერთად

- ამ სფეროში ბევრი ინიციატივა თქვენ სახელთანაა დაკავშირებული, მათგან მნიშვნელოვანი გაგვაცანით...

- ჩემ თანამოაზრეებთან ერთად 2008 წელს დავაფუძნე „საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“, რომლის გამგეობის თავმჯომარეც გახლავართ. ეს ასოციაცია 2015 წლიდან  განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულ ოლიმპიადებს საკუთარი ხარჯებით ატარებს. 2017 წელს დავაფუძნე ინფორმატიკის ოლიმპიადა OLYINFO, რომელსაც წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვატარებ. ის განკუთვნილია იმ მოსწავლეების გამოსავლენად, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური მომზადება, არ იციან დაპროგრამება და ალგორითმები, მაგრამ გამოირჩევიან ლოგიკური აზროვნებით, რაც ამ სფეროში უცილებელია. ასევე, 2015 წელს დავაფუძნე საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის ოლიმპიადა, რომელსაც ყოველი წლის თებერვლის ბოლოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვატარებ უნივერსიტეტის ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით.

მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად
მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად

- რითია გამოწვეული ის, რომ ოლიმპიადებზე ძირითადად საქართველოს ორი ქალაქის მოსწავლეები გამოდიან?

- დიახ, გეოგრაფიული არეალი, რომელსაც ვწვდებით, საკმაოდ ვიწროა, პრაქტიკულად, მარტო თბილისითა და ქუთაისით შემოიფარგლება. ეს ძირითადად ამ საგნის კვალიფიციური პედაგოგების სიმწირითაა გამოწვეული და იმითაც აიხსენება, რომ დღეს ჩვენს სკოლებში ინფორმატიკა არ ისწავლება. არადა, ეს საჭირო საგანი ალგორითმული აზროვნების ჩამოყალიბებასა და დაპროგრამების ელემენტების სწავლებას ითვალისწინებს. მეორე მხრივ, საქართველოს რეგიონებში ნიჭიერი ბავშვების დიდი პოტენციალია, რომელთა საინფორმაციო ტექნოლოგიებთან ზიარება და ამ სფეროთი დაინტერესება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ძალიან დიდია კომაროვის სკოლის, ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლების, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრ „მზიურის“ როლი, სადაც ბავშვები პატარა ასაკიდან იწყებენ მეცადინეობას და სკოლის დამთავრებამდე აგრძელებენ.

დაჯილდოების ცერემონია
დაჯილდოების ცერემონია

- ამ სკოლების გარდა ქართველი მოსწავლეების მომზადებაში ვინ იღებს მონაწილეობას და ვინ აფინანსებს ოლიმპიადებზე მათ გამგზავრებას?

- საქართველოს ეროვნული ნაკრების მომზადებას და მსოფლიო თუ სხვა საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოსწავლეების გამგზავრებას განათლების სამინისტრო აფინანსებს. რაც შეეხება მათ მომზადებას, არ შემიძლია არ ვახსენო რამდენიმე პედაგოგი, რომელთა უანგარო და მრავალწლიანი თავდადებული შრომის შედეგია სწორედ ის წარმატებები, რომლითაც ასე ვამაყობთ. ჩვენ ერთად შევძელით არცთუ ისე დიდი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნა.  შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გუნდი ქვეყანას მაღალი დონის ცოდნით აღჭურვილ მომავალ თაობას უზრდის. მინდა ეს პედაგოგები ჩამოგითვალოთ: თბილისიდან – ზაზა გამეზარდაშვილი, გურამ ქოთოლაშვილი და პაატა ჯავახიშვილი, ქუთაისიდან – ვახტანგ შეკიშვილი და მალხაზ ჯინჯიხაძე. ასევე ის ყოფილი ოლიმპიელები, რომლებიც თავის ცოდნას უზიარებენ მომავალ თაობას. საბედნიეროდ, ისინი უკვე არცთუ ისე ცოტა არიან და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ბევრი წარმატებული ყოფილი ოლიმპიელი ფინანსურადაც გვეხმარება.

დაჯილდოების ცერემონია
დაჯილდოების ცერემონია

- სწორედ მათ შესახებ მინდა გკითხოთ, დღეს სად სწავლობენ ან რას საქმიანობენ წარმატებული ოლიმპიელები?

- ოლიმპიადებზე მიღებული ცოდნა-გამოცდილება დიდ ცხოვრებაშიც წარმატების საწინდარი ხდება ხოლმე, რაც განსაკუთრებით მახარებს. ჩვენი ოლიმპიელები დღეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. ხოლო ვინც დაამთავრა სწავლა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში ისეთ წამყვან კომპანიებში მუშაობენ, როგორიცაა Google, Facebook, Quora, Dropbox, Vmware და სხვ. ზოგიც საკუთარი კომპანიის მფლობელია. იმედია, თუ მომავალში ხელშეწყობა იქნება, საერთაშორისო ინტელექტუალურ ასპარეზზე საქართველო კიდევ არაერთხელ იტყვის თავის სიტყვას.

 

172
ექიმი ბავშვს სინჯავს

თირკმელკენჭოვანი დაავადება პატარა ბავშვებში: როგორ ამოვიცნოთ იშვიათი დაავადება

46
(განახლებულია 22:15 26.01.2021)
იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრს თირკმელკენჭოვანი დაავადება აწუხებს, პედიატრმა აუცილებლად უნდა იცოდეს ამის შესახებ.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც ბავშვებს თირკმლებში კენჭები უჩნდებათ, მაგრამ ამას გვიან ადგენენ ხოლმე, წერს პედიატრთა ასოციაცია (BVKJ).

სპეციალისტების თქმით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამ დროს სიმპტომები უმეტესწილად არასპეციფიკურია: პატარა ბავშვებში მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და პირღებინება, ხოლო შედარებით მოზრდილებში — ტკივილები ზურგისა და გვერდის არეებში, რაც, როგორც წესი, არ არის თირკმელებში კენჭების არსებობის სიმპტომები.

გამომწვევი მიზეზები

პედიატრთა ასოციაციის მონაცემებით, თირკმელკენჭოვანი დაავადება — ნეფროლიტიაზი ძირითადად ამ დაავადებისადმი მიდრეკილ ბავშვებში იჩენს თავს. ასე რომ, თუ ოჯახის რომელიმე წევრს ეს პრობლემა აქვს, პედიატრმა აუცილებლად უნდა იცოდეს ამის შესახებ.

სტატისტიკური მონაცემებით, რისკის ჯგუფში ძირითადად ახალშობილობის ასაკიდან 11 წლამდე ასაკის ბიჭები შედიან.

სპეციალისტების თქმით, თირკმელკენჭოვანი დაავადება ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს:

  • ორგანიზმში მჟავა–ტუტოვანმა დისბალანსმა;
  • არასაკმარისი რაოდენობით წყლის სმამ;
  • მოზარდობის პერიოდში ჰორმონალურმა დარღვევებმა;
  • ურინას მახასიათებლის შეცვლამ;
  • ორგანიზმში კალციუმის, ვიტამინ В-ს ჭარბმა რაოდენობამ;
  • А–ვიტამინის ნაკლებობამ.

გარდა ამისა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნაწლავების ანთებითი დაავადებები თუ შარდსადენი გზების ინფექციები (უფრო ხშირად) ასევე შეიძლება გახდეს თირკმლებში კენჭების წარმოქმნის ხელშემწყობი.

სიმპტომები

როგორ შეიძლება დავადგინოთ, რომ პატარას თირკმლის ტკივილი აწუხებს:

  • ბავშვი, ცდილობს რა, თავი დააღწიოს ტკივილს, გამუდმებით წრიალებს საწოლში და გვერდს იცვლის, შფოთავს;
  • სხეულის ტემპერატურა აწეული აქვს;
  • შარდში შეინიშნება სისხლი;
  • ტკივილი თავს იჩენს არა მარტო წელის, არამედ საზარდულის არეში, მუცელსა და სასქესო ორგანოში;
  • ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს ვეგეტატიური დარღვევებიც გულისრევის, პირღებინების, ძლიერი ოფლდენის სახით.

გახსოვდეთ: 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშებში თირკმელკენჭოვანი დაავადებით გამოწვეული ტკივილები შეიძლება არც აღინიშნებოდეს, ან ძალიან სუსტად იყოს გამოხატული.

მკურნალობა

ექიმები თირკმელკენჭოვანი დაავადების მკურნალობისას თავდაპირველად ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ კენჭი თავისით „გაქრეს“, რისთვისაც ბავშვს დიდი რაოდენობით სითხის მიღებას უნიშნავენ.

აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება სამკურნალო პრეპარატები.

თუ მეთოდები არასაკმარისი გამოდგა, მაშინ კენჭს ულტრაბგერითი ზემოქმედებით ან ქირურგიული ოპერაციის გზით აშორებენ.

რეციდივის პროფილაქტიკა

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს თირკმელკენჭოვანი დაავადება დაუდასტურდა, ექიმები რეციდივის (გამეორება) თავიდან ასარიდებლად პატარის კვებისას შემდეგი რეკომენდაციების დაცვას გვირჩევენ:

ბალანსირებულად კვებეთ ბავშვი ხშირად და მცირე ულუფებით;

უარი თქვით მარილსა და ცხარე სანელებლებზე;

გააძლიერეთ სითხის მიღების რეჟიმი — საჭირო ნორმა დაადგინეთ ექიმთან.

გახსოვდეთ: თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია და ამას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს!
46
თემები:
ექიმი გირჩევთ
აქცია კომენდანტის საათის დროს

თბილისში კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

33
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დედაქალაქში საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, ზამთრის კურორტებისა და ბაზრობების გახსნას ითხოვენ

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. თბილისში პარლამენტის შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორია „მოძრაობა საქართველოსთვის“. მოძრაობის წევრებმა საღამოს საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთი აქცია დაანონსეს. მათი განცხადებით, ოთხშაბათს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია ქუთაისში გაიმართება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსული აქციის მონაწილეები ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან – სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

33