სახლი, სადაც ცხოვრობდა გალაქტიონ ტაბიძე

ძვირფასო, სული მევსება თოვლით...

1430
(განახლებულია 13:36 17.11.2020)
სტატია, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ოთხი წლის წინ დაიწერა ჩვენი რედაქციისათვის აწ უკვე გარდაცვლილი საოცრად ნიჭიერი ქალბატონის ლელა ანჯაფარიძის მიერ...

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს პირველად უნდა დავიტრაბახო: ამ დილით, სავარაუდოდ, თითქმის ყველა თქვენგანზე უფრო პრივილიგირებული ვარ, რადგან გუშინ ვიყავი იმ ბუმბერაზი კაცის სახლ-მუზეუმში (მის სასაცილომდე ძველ, შავ, ტრაპეციის ფორმის ტელეფონსაც კი მორიდებით შევახე ხელი), ვისი დაბადების დღეც არის დღეს, და ვინც ყველას გვიყვარს გულში. როცა პატარა ვიყავი, სიტყვას „მიყვარხარ“ „გულში“ რომ ვამატებდი, ნიშნავდა, რომ მიყვარდა უსაშველოდ. დღესაც, როცა „გავიზარდე“, ვამატებ ხოლმე, გრამატიკის ყველა კანონის დარღვევით…

ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ გალაკტიონ ტაბიძე – დიდი გალაკტიონი, ან, უბრალოდ, ჩვენი გალა, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1891 წლის 17 ნოემბერს.

ჩვენი მესაიდუმლე, ჩვენი სიამაყე, ჩვენი ღირსება, ნიჭი და გემოვნება! ჩვენი, ანუ ქართული, ქართული, ანუ – მთელი სამყაროსი… 

რადგან ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია შეიგრძნოს და წარმოთქვას:

„ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული…“

ან 

„ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,

ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი“…

რადგან ადამიანისთვის, რომელსაც ძლიერ უყვარს „იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა“ და თანაც „ათრობს მაისის თვალები“, რომელმაც იცის, რას ნიშნავს „დაბინდულ ქლიავის ფერი“, რომლისთვისაც „ქარი ქრის“ სამჯერ, რომელსაც გულის წკიპამდე უყვარს თავისი მერი, რომელიც რითმავს „სილაში ვარდს“ „სილაჟვარდესთან“… 

გალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერები
ეროვნული არქივი
გალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერები

არ არსებობს საზღვრები – ის გენიოსია და ეკუთვნის, ალბათ, კოსმოსს…

მე არც ფილოლოგი ვარ, არც ლიტერატურული კრიტიკოსი და საერთოდ, ალბათ, უფლებაც არ მაქვს გალაკტიონზე საუბრის. ეს უბრალოდ ემოციის ამოხეთქვა იყო იმის შემდეგ, რაც შესანიშნავმა ქალბატონმა, გალაკტიონის მუზეუმის დირექტორმა ნატო გაბისონიამ პატარა ექსკურსია მომიწყო მარჯანიშვილის ქუჩის N4 სახლის მეორე სართულზე განთავსებულ გემრიელ და მყუდრო ბინაში, სადაც 1935-1959 წლებში ცხოვრობდა გალაკტიონ ტაბიძე.

პირველ რიგში საშინლად შემრცხვა, რომ ეს ადგილი მხოლოდ ასეთ სოლიდურ ასაკში მოვინახულე. როგორ შეიძლებოდა უამრავი წლის განმავლობაში არ გამჩენოდა სურვილი, გადამებიჯებინა იმ ზღურბლზე, რომლის იქითაც დააბიჯებდა დიდი გალაკტიონი? მენახა მისი წიგნების კარადა, საწერი მაგიდა და, ბოლოს და ბოლოს, შემესუნთქა „იმ“ ჰაერში გაბნეული ერთი ლამაზი რითმა მაინც…

მით უმეტეს, რომ ბავშვობაში უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე ვცხოვრობდი და სწორედ ამ სახლის წინ, რომელზეც გაკრული იყო მემორიალური დაფა, ყოველ დილით ვჯდებოდი წიწილისფერ ტროლეიბუსში, რომელიც პირველი საშუალო სკოლისკენ მიმაქანებდა.

სხვათა შორის, ჩემი უკრაინელი დედიკოც სიამაყით ჰყვებოდა, რომ ერთხელ ტროლეიბუსში მას ადგილი დაუთმო თავად გალაკტიონმა, სავარაუდოდ, ისიც სწორედ ამ გაჩერებაზე ჩასკუპდა ტროლეიბუსში.

გალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერები
ეროვნული არქივი
გალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერები

ყველას ჩვენი გალაკტიონი გვყავს, ყველა ჩვენებურად ვართ მასთან დაკავშირებული. მაგალითად, მე სკოლის ოქროს მედალს სწორედ მას უნდა ვუმადლოდე, რადგან გამოსაშვებ გამოცდაზე ხელი ჩავიქნიე ორ საპროგრამო, კარგად მომზადებულ თემაზე და ავირჩიე თავისუფალი თემა — „რატომ მიყვარს გალაკტიონი“. თანაც გავბედე და მასზე ლექსი დავწერე. ქვევით ნაჩქარევად მივაწერე „საკუთარი“ და სასწრაფოდ დავტოვე აუდიტორია. საოცრად გამიკვირდა, მაგრამ „ფრიადიც“ მივიღე და მედალიც. ალბათ გალაკტიონი დამეხმარა, თორემ, აბა, რა ლექსი უნდა შემექმნა, რომ მედლის მისაღებად საჭირო ოთხივე ინსტანციაში „ფრიადი“ დაეწერათ?

მერე კიდევ ერთი საინტერესო “შეხვედრა“ მქონდა გალაკტიონთან: მესამე კურსზე საშინელ ავარიაში მოვხვდი და მიჯაჭვული ვიყავი საწოლს. ერთხელ გამომეღვიძა ღამით, ფანჯარაში ანათებდა ულამაზესი მთვარე, ყველას ეძინა. პირველი, რაც გამახსენდა, იყო „ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე“… გადმოვძვერი საწოლიდან, მოვძებნე კალამი და ქაღალდის ნაგლეჯი და მთვარის შუქზე რუსულ ენაზე ვთარგმნე „მე და ღამე“. რა თქმა უნდა, ისე არ ვთარგმნე, როგორც საჭიროა, მაგრამ ეს ჩემ ცხოვრებაში პირველი თარგმანი იყო და საუნივერსიტეტო კონკურსში მეორე ადგილიც მივიღე. ბუნებრივია, ისევ გალაკტიონი დამეხმარა – ალბათ, ისიც მიხვდა, რომ ძალიან მიყვარდა…

და კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონება: ყოველ ზაფხულს დავდიოდით დასასვენებლად სოხუმში. როგორც წესი, 28 აგვისტოს, მარიამობაზე ყველა ვიკრიბებოდით ტყეში და ჩვენი თამადა, შესანიშნავი გურამ საღარაძე კითხულობდა გალაკტიონის „დედაო ღვთისავ, მზეო მარიამს“… ისე კითხულობდა, რომ დღემდე არ შემიძლია ამ ლექსის მოსმენა სხვისი შესრულებით.

უამრავი რამ მაქვს წაკითხული გალაკტიონ ტაბიძეზე. მისი ლექსები დღემდე მავსებს და მაოცებს. მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს გალაკტიონის ერთი ლექსი: 

„ის მიდიოდა ქუჩაში ერთი…

მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი“…

რაშია, იცით, საქმე და რა არის ყველაზე მტკივნეული?

გალაკტიონი მართლა „ერთი“ მიდიოდა და, სინამდვილეში, სულში მართლაც იყო „ლირი, ყველასგან მიტოვებული“, და, რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ ის იყო მიუკარებელი, ამპარტავანი ან ამბიციური… ის, უბრალოდ, თავის ნიჭსა და გენიაში იყო აბსოლუტურად დაუცველი… 

რადგან, სამწუხაროდ, კაცობრიობამ ჯერჯერობით ვერ ისწავლა ასეთი ადამიანების დაფასება, და იმის გაცნობიერება, რომ მათი ღალატი და მათი შური არ შეიძლება…

ხომ არ შეიძლება შეგშურდეს, მაგალითად, მზის, ან უღალატო კაცს, რომელსაც „სული ევსება თოვლით“…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და გალაკტიონით გაჟღენთილ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

1430
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 28 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

25
(განახლებულია 12:14 27.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

28 ნოემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია.

კუროს დღეს კარგია, როცა საქმეს საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია მასში არტისტიზმის შეტანა.

რეკომენდებულია კორექტივების შეთანა ბიზნესში, გავლენის სფეროების გაფართოება, შეთანხმებებზე ხელმოწერა, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, სამუშაოზე თანამშრომლების აყვანა, ცოდნის დონის ამაღლება, მუშაობა გუნდურად, მატერიალური საკითხებით დაკავება, მტკიცე მოქმედებები.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეების წამოწყება, უსაქმურობა.
ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის შეჭრისთვის – თმა კარგად გაიზრდება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეიძლება თმის შეღებვაც. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს კარგია მცენარეების დარგვა–გადარგვა, მიწაში არსებულ მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ზამთრის მარაგის გაკეთება და მოსავლის აღება.

25
რაჭა

28 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

9
(განახლებულია 12:00 27.11.2020)
გაეცანით 28 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

28 ნოემბერს დაბადებულები

28 ნოემბერს დაბადებულები პირველაღმომჩენები არიან. ეძებენ ფეხდაუდგმელ მიწებს, ახალ ტექნოლოგიებს, ახალ იდეებსა და მათი გადაწყვეტის გზებს; სწყურიათ ახალი შეგრძნებები. ძალიან ბევრს გაიღებენ, რომ წამოიძახონ „ევრიკა!“. მათ ხშირად შერეკილებს უწოდებენ - ამ სიტყვის კარგი გაგებით. კბილს უსინჯავენ ისეთ რამეს, რასაც სხვა ვერასდროს გაბედავს.

ამ ადამიანების ძლიერი მხარეა საკუთარი პრინციპებისა და იდეალების ერთგულება. მათ მოსაზრებებს ვერავინ ვერასდროს იყიდის. ამ ადამიანებს არაორდინარულს ხდის სამართლიანობა, ოპტიმიზმი, იუმორის გრძნობა.

28 ნოემბერს დაბადებული მშვილდოსნები ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევიან. მათში შერწყმულია ფილოსოფიური გონება და სპორტული ჟინი, ძლიერი სული და მგრძნობიარობა, მეოცნებეობა და ამბიციურობა. ასეთი „კოქტეილი“ პოტენციური წარმატებული ადამიანის სავიზიტო ბარათია. ამ ადამიანებს წაგება არ სჩვევიათ, ყოველთვის ბოლომდე მიდიან, ძალებს რაციონალურად ხარჯავენ, პოულობენ ამოცანების ოპტიმალურ გადაწყვეტას და სიტუაციიდან მარტივ გამოსავალს.

ამ დღეს დაბადებულები ჭკვიანი, გონიერი, შესამჩნევი პიროვნებები არიან, იზიდავენ ადამიანებს, უყვართ საზოგადოებაში ყოფნა, მაგრამ მარტოობის წინააღმდეგიც არ არიან. ამით მათი წინააღმდეგობრივი ხასიათი არ სრულდება. მთლიანობაში ადამიანი-სიურპრიზი არიან.

საქმიანობის არჩევისას პრიორიტეტული სფერო, შესაძლოა, რამდენიმე ჰქონდეთ. ხშირად ირჩევენ ბიოლოგიასთან, ბოტანიკასთან, ზოოლოგიასთან, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ სფეროებს; მათთვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან ახლოს ყოფნა.

ჯანმრთელობა

28 ნოემბერს დაბადებულები ხშირად ავადდებიან ბრონქებით. უნდა მოერიდონ გაციებებს, სიგარეტის მოწევას, რადგან ფილტვის პათოლოგიების განვითარების რისკი დიდია. მათთვის აუცილებელია დიეტის დაცვა.

რჩევა:

წინააღმდეგობრივი თვისებები თქვენს პიროვნებას ფიტავს. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ზედმეტ დაძაბულობას უნდა მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია დასვენება და თან - არა მხოლოდ შვებულების დროს.

9
კომპანია აეროფლოტის სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში

რუსეთმა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან შესაძლოა პანდემიის შემდეგ აღადგინოს

0
(განახლებულია 01:17 28.11.2020)
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ეს გზავნილი, ქართული მხარის ვერსიით, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის გრიგორი კარასინის ვიდეოკონფერენციის დროს ითქვა.

„სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აბაშიძის განცხადებით, ამ თემის პოლიტიზება არასწორია.

გარდა ამისა, მხარეები ასვე შეეხნენ საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებულ შეთანხმებას. ამ მიმართულებით აღინიშნა პროგრესი და მხარეებმა განაცხადეს, რომ ექსპერტების დონეზე მზად არიან, ხელი შეუწყონ შეთანხმების იმპლემენტაციას და სამუშაო ჯგუფების საქმიანობას.

რუსული მხარის თხოვნით აბაშიძემ ასევე ისაუბრა რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შესახებ და აღნიშნა მისი როლი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. მან განაცხადა, რომ ლაბორატორია ხელსაყრელი ეპიდემიოლოგიური პირობების დროს მზად იქნება უცხოელი ექსპერტების მისაღებად, რომელთა შორის რუსი ექსპერტებიც იქნებიან.

ამას გარდა, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ 2021 წელს სასაზღვრო პუნქტი ყაზბეგი–ლარსის რეკონსტრუქცია ჩატარდება რუსული მხრიდან, რაც სატრანსპორტო მიმოსვლას გააუმჯობესებს.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

რუსული მხარის ინფორმაციით, გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შემდეგი შეხვედრა პრაღაში 2021 წლის პირველ კვარტალში პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაიმართება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს.

0
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები