სავსე მთვარე

სავსემთვარეობა 31 ოქტომბერს, ანუ უჩვეულო „ცისფერი მთვარე“

1138
(განახლებულია 13:48 31.10.2020)
წელიწადში, როგორც წესი, 12 სავსემთვარეობაა. მაგრამ 2020 წლის ოქტომბერი უჩვეულოდ გამონაკლისი თვეა – 2 ოქტომბერს უკვე იყო ერთი სავსემთვარეობა და მეორე 31 ოქტომბერსაა. სწორედ ასეთ შემთხვევას, როდესაც ერთ თვეში ორი სავსემთვარეობაა, ეწოდება „ცისფერი მთვარე“.

„ცისფერი მთვარე“ საშუალოდ 2,4 წელიწადში ერთხელ დგება. ბოლოს ის 2018 წელს იყო, შემდეგი უკვე 2023 წლის აგვისტოში იქნება – 1 და 31 აგვისტოს.

„ცისფერი მთვარე“ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ციური სხეული ფერს შეიცვლის – ასე უწოდებენ თვეში მეორე სავსემთვარეობას და რადგან ეს შედარებით იშვიათი მოვლენაა, მისი ხატოვანი დასახელება ინგლისური გამოთქმიდან მოდის: Once in a Blue Moon, რაც ნიშნავს რამის ძალიან იშვიათად, ას წელიწადში ერთხელ გაკეთებას.

ოქტომბრის სავსემთვარეობა კიდევ იმით არის საინტერესო, რომ ის მისტიკურ დღესასწაულს – ჰელოუინს ემთხვევა.

რა სიურპრიზებს გვიმზადებს ოქტომბრის მეორე სავსემთვარეობა, რას უნდა ველოდოთ, როგორ მოვემზადოთ, რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა ამ დღეს – გაეცანით ასტროლოგების რჩევებს.

სავსემთვარეობა 31 ოქტომბერს თბილისის დროით 18:52 საათზე დადგება. სავსე მთვარე კუროს თანავარსკვლავედში განთავსდება. ეს შესანიშნავი ნიშანია მათთვის, ვისაც ცდუნებების აბლაბუდაში მოხვედრის ეშინია.

რით იქნება გამორჩეული 31 ოქტომბრის სავსემთვარეობა

სავსე მთვარეს ამ დღეს თითქმის მთელი დედამიწის მოსახლეობა დაინახავს – ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთში, მთელ ევროპასა და აზიის უმეტეს ნაწილში, ასევე დასავლეთ ავსტრალიაში. ბოლოს სავსე მთვარის დანახვის ასეთი „სინქრონულობა“ მთელ პლანეტაზე 1944 წელს მოხდა. როგორც NASA–ში აღნიშნავენ, ლამაზ, დიდ და ნათელ მთვარეს ადამიანები დაინახავენ არა მხოლოდ 31 ოქტომბერს, არამედ კიდევ ორ მომდევნო დღეს.

მოკლედ, 2020 წელს სრული „კომპლექტისთვის“ (კორონავირუსის პანდემია და სხვა უამრავი პრობლემა და კრიზისი) სავსემთვარეობა ჰელოუინის დღეს ემთხვევა. ასეთი რამ 1955 წელს მოხდა. ამჟამად ეს არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროსთვის, მაგრამ ძველს კელტებს, ვისი დღესასწაულიც „სამაინი“ დაედო თანამედროვე ჰელოუინს საფუძვლად, უსაზღვროდსწამდათ სავსე მთვარის ძალისა და მისი გავლენისა ადამიანსა და მის ბედზე. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ყველა წმინდანის დღის წინა დღეს დედამიწაზე გადმოდიოდნენ ბოროტი სულები. კელტები მათ განდევნას ყველანაირად ცდილობდნენ, პირველ რიგში, სინათლით – ანთებდნენ ჭრაქს სახლების ფანჯრებში. სავსე მთვარის ენერგეტიკა ზრდის ბოროტი სულების აგრესიულობას, ამიტომ ისინი ჯიუტად ცდილობდნენ ადამიანის საცხოვრებელთან მიახლოებას.

რა საშიშროება იმალება 31 ოქტომბრის სავსემთავრეობაში

ისევე, როგორც ნებისმიერი სავსემთვარეობის დღეს, 31 ოქტომბერს ემოციებისა და გრძნობების გამძაფრებაა მოსალოდნელი. თავისთავად შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტები, ჩხუბი. ადამიანებს დაავიწყდებათ თავიანთი დათქმული პირობა, ასევე:

იზრდება დანაშაულის, ავარიების, პირადი უთანხმოებების რიცხვი;

ემოციური და ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანები იგრძნობენ სისუსტეს, ან პირიქით – მომატებ ატიურობას.

სავსემთვარეობის დღეს იზრდება ავადმყოფობის შეტევები, მატულობს არტერიული წნევა.

ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანები უფრო აგრესიული ხდებიან.

რისი გაკეთება არ შეიძლება 31 ოქტომბერს

ნებისმიერი სავსემთვარეობის დღეს არ შეიძლება ახალი საქმეებისა და პროექტების დაწყება, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერა, ასევე:

ალკოჰოლის მიღება, ურთიერთობების გამორკვევა, ჩხუბი;

შორეული მგზავრობა;

პროვოკაციებზე აყოლა – ეს ცუდად აისახება თქვენზე და თქვენს შინაგან მდგომარეობაზე;

უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობები;

ქირურგიული ოპერაციების ჩატარება – ნებისმიერი პროცედურა, თუნდაც კოსმეტიკური, შესაძლოა, ძალზე უარყოფითად აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე და გართულებები გამოიწვიოს.

რისი გაკეთება შეიძლება 31 ოქტომბერს

სავსემთვარეობის დღეს იზრდება ნებისმიერი გეგმის ჩავარდნის ალბათობა, ამიტომ ამ დღეს აჩქარება არ ღირს.

რეკომენდებულია მოდუნება, დროის მხიარულად გატარება ახლობელ ადამიანებთან. ასევე:

მოსალოდნელია სიზარმაცის მოძალება – ნუ გაუწევთ მას წინააღმდეგობას;

უყურეთ ფილმს, წაიკითხეთ წიგნი, ან თქვენს ჰობის დაუთმეთ დრო;

გათავისუფლდით წყენებისგან, განეწყვეთ დადებითად. დაე, მთვარის ენერგიამ თქვენი ცხოვრება სითბოთი და პოზიტივით აავსოს.

რა გავლენას მოახდენს „ცისფერი მთვარე“ ზოდიაქოს ნიშნებზე

  • ვერძი: მძიმე იქნება სასიყვარულო იმედგაცრუების გადატანა. იმოქმედეთ თავშეკავებულად, ნუ აჰყვებით მაცდურ წინადადებებს, მოერიდეთ შემთხვევით ნაცნობობას, სარისკო საქმეებს. მოულოდნელმა ცნობამ, შესაძლოა, გეგმებში კორექტივების შეტანა გაიძულოთ.
  • კურო: მძიმე დღეა. როგორც ჩანს, ურთიერთობები და საქმიანი კონტაქტები კმაყოფილებას არ მოგიტანთ. მოსალოდნელია გაზრდილი ემოციურობა. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ მზად უნდა იყოთ კონკურენტებთან გარკვეული დაპირისპირებებისთვის და გირჩევენ, უაზრო და სულელურ საქციელს მოერიდოთ.
  • ტყუპი: ხელსაყრელი დღეა. არ არის გამორიცხული, რომ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეძლოთ, მაგრამ არ ღირს ახალი საქმეების წამოწყება, შეიძლება მხოლოდ დაგეგმვა. განსაკუთრებით წარმატებული იქნება სხვადასხვა სახის გუნდური მუშაობა.
  • კირჩხიბი: დროა, დაგროვებულ საქმეებს მიხედოთ. სასიცოცხლო ტონუსი ჩვეულებრივთან შედარებით ცოტა დაქვეითებული იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, დაიცვათ თქვენი შეხედულებები, ინტერესები და არავის გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. შესაძლოა მოახერხოთ მოვლენების თქვენ სასარგებლოდ შემობრუბნება.
  • ლომი: მოულოდნელი ცნობები გამო, შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ძალიან დიდი ალბათობაა ახალი ნაცნობობის, მაგრამ ახალი სასიყვარულო გამარჯვებებისკენ სვლის დროს აჩქარება არ ივარგებს – არაა გამორიცხული, რომ სასურველს რეალობად აღიქვამთ. ეცადეთ, თავშეკავებით იმოქმედოთ.
  • ქალწული: კრიტიკული დღეა. არ ღირს არავისთან კონფლიქტში ჩაბმა. შეიკავეთ თავი და დაზოგეთ სასიცოცხლო ძალები, მას უაზრო წვრილმანებზე ნუ დახარჯავთ. რამე პრობლემების გადაჭრის ალბათობა ძალიან მცირეა. უსიამოვნებებია მოსალოდნელი სასიყვარულო ასპარეზზეც, რომელთა გადალახვა გაგიჭირდებათ. თანდათანობით თქვენი თავდაჯერებულობა შეირყევა და შესაძლოა, იგრძნოთ, რომ არავის სჭირდებით. არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა. ეს დროებითია.
  • სასწორი: ასტროლოგები მოგიწოდებენ, ფრთხილად იყოთ მნიშვნელოვანი და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებაში. საქმიანმა წინადადებებმა, მაცდურმა დაპირებებმა თუ იოლი ფულის შოვნის პერსპექტივებმა დიდი ფინანსური დანაკარგები შეიძლება გამოიწვიოს. ნუ ენდობით პარტნიორებსა და სხვების რჩევებს – ენდეთ მხოლოდ თქვენს ინტუიციასა და ჯანსაღ აზრს.
  • მორიელი: ენერგეტიკული ზრდა თქვენს შრომისუნარიანობაზე აისახება. არის ალბათობა, რომ საკუთარი გეგმების რეალიზებაში ხელმძღვანელობის მხარდაჭერა მიიღოთ. არ ღირს მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის სამომავლოდ გადადება. შესაძლოა, წინ პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელოდებათ. დიდი ალბათობაა, რომ სასიამოვნო სიახლე გაიგოთ.
  • მშვილდოსანი: ხელსაყრელი დღეა. ნებისმიერ საქმეს პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით მოეკიდეთ. შეძლებთ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას. განსაკუთრებით შედეგიანი იქნება გუნდური მუშაობა.
  • თხის რქა: რთული დღეა. რამე სახის პრობლემის გადაჭრის ალბათობა ძალზე მცირეა. გაფანტულობა, მსჯელობისას ზედაპირულობა, გარკვეული „ქარაფშუტობა“ ურთიერთობებში – ამან, შესაძლოა გარშემომყოფების თვალში თქვენი ავტორიტეტი შეარყიოს. მოსალოდნელია მცირე კონფლიქტები ირგვლივ მყოფ ადამიანებთან.
  • მერწყული: ამ დღეს ძალიან კარგი იქნება თქვენთვის სულიერ პრობლემებზე დაფიქრება, განმარტოება. ნებისმიერ კონტაქტს უარყოფითი შედეგების გამოწვევა შეუძლია. არარეკომენდებულია აჩქარება მსჯელობისას, რამე საკითხის განხილვისას, შეცდომების დაშვება მოქმედებების დროს. საღამოს ძალიან წაგადგებათ სუფთა ჰაერზე გასეირნება.
  • თევზები: მოულოდნელ სიახლეებს თქვენს გეგმებსა და ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა შეუძლია. საქმის კეთება ძალიან გაგიჭირდებათ. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ თავი შეიკავოთ დაუფიქრებელი მოქმედებებისა და სიტყვებისგან. დიდია დანაკარგის ალბათობა. საკუთარი თავი ყველაფერში გააკონტროლეთ.
1138
ანა ზოიძე

„ამბავი შიშზე და მარტოობაზე“– აბასთუმანში მიტოვებული სახლი და ბათუმელი თინეიჯერის პროტესტი

287
(განახლებულია 21:45 23.11.2020)
„მარტოობაც შიშია და იმიტომ შეიქმნა, რომ ადამიანებს თავის დროზე მარტო დარჩენის შეეშინდათ“ – ეს ფრაზა მწერლობის გზაზე მდგარი 19 წლის ანა ზოიძის მომავალი წიგნიდანაა.

ჩვენი პერიოდული რუბრიკა „თინეიჯერის“ დღევანდელი სტუმარიც სწორედ ანაა. ის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ტელერადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. მომავალი წიგნისთვის მან ამ ასაკის გოგოსთვის უჩვეულო თემა შეარჩია – სულიერად დაავადებული ჯარისკაცის სამყარო და მისი შინაგანი განცდები.

რამდენად დარჩება იგი არჩეული გზის ერთგული, ამას დრო გვიჩვენებს, მთავარია, რომ ანას უკვე აწუხებს კითხვები, რაზეც პასუხები ალბათ ერთ მშვენიერ დღეს მის ცხოვრებას ბევრად საინტერესოს გახდის...

ანა ზოიძე
ანა ზოიძე

- ანა, ჟურნალისტის პროფესია პირველ რიგში ალბთ იმიტომ აირჩიე, რომ წერა გიყვარს, ყველაფერი დღიურების წერით ხომ არ დაიწყო?

- დიახ, ბავშვობაში დღიურს ვწერდი, თუმცა ჩემი ნაწერების აფიშირება არასდროს მიყვარდა, ალბათ ეგოიზმი მძლევდა. რაც შეეხება ჟურნალისტიკას, ვფიქრობ, ეს სფერო ჩემთან ყველაზე ახლოსაა თავისი მრავალფეროვანი და ზოგჯერ ინტრიგებით სავსე ისტორიებით. თითოეული რესპონდენტი, ანუ ცალკეული ადამიანი ჩემთვის წიგნია. ამ წიგნის იმდენ ფურცელს ვკითხულობ, რამდენსაც თავად მიშლის, ზოგს ეპილოგამდე მივყავარ, ზოგსაც არა. ეს პროცესი იმდენად საინტერესოა ჩემთვის, რომ ფსიქოლოგია უკვე პრიორიტეტულად იქცა.

ანა ზოიძე
ანა ზოიძე

- მოდი, უფრო უკეთ რომ გაიგოს მკითხველმა რაზეა ეს ამბავი, მცირე ამონარიდი გაგვაცანი...

- დიახ, ერთ ასეთ ამონარიდს გაგაცნობთ: „საუკუნის მიწურულს, იმ ზამთარში, სადაც თოვლი თოვდა და სიტყვები ორთქლად იქცეოდა გაყინულ ჰაერში, გზაზე სამი კაცი მიდიოდა. ეს არ არის ამბავი სიკვდილზე, სიყვარულზე ან სიცარიელეზე (ჩვენი ცხოვრება ხომ ძირითადად ეს სამი ეტაპია: დაბადება, შეყვარება და სიკვდილი). ეს ამბავი არც მტრობასა და მეგობრობაზეა, არც, მით უმეტეს, ტკივილზე და მონატრებაზე. ეს არის ამბავი შიშზე. რადგან როცა ეს სამი კაცი ზამთრის გაყინულ საუკუნეში გზაზე მიდიოდა, უეცრად დაღამდა“...

ანა ზოიძე
ანა ზოიძე

- მოკლედ, წიგნს წერ ჯარისკაცზე, რომელიც შიზოფრენიითაა ავად, რატომ შეარჩიე ასეთი თემა?

- დიახ, წიგნი შიზოფრენიით დაავადებულ ჯარისკაცზეა. მინდა ჩემი მონათხრობი დრამატურგიული იყოს განსხვავებულ პერსონაჟზე, რაც ამბავს უფრო ეფექტურს გახდის. წიგნში ემოციურადაა მოთხრობილი ისეთი საკითხები, რაზეც ამ ეპოქაში ნაკლებად საუბრობენ, რადგან ჩვენს რეალობაში ყველაფერი გაუფასურებულია. მსურს დავაბრუნო ძველი ღირებულებები და პროტესტი გამოვთქვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შინაგანად მაწუხებს. ხელოვნება ჩემთვის საკუთარი თავის ძიებასთან ასოცირდება. როგორც ჩემი წიგნის მთავარი პერსონაჟი, მეც გზააბნეული და დაკარგული ვარ.

ანა ზოიძე
ანა ზოიძე

- ადგილი, სადაც თავს კარგად გრძნობ, რომელია?

 - აბასთუმანი არის ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. სწორედ ამ კურორტზე აღმოვაჩინე მიტოვებული სახლი, რომლის ხსენებაზეც მოსახლეობას ჟრუანტელი უვლის შიშისგან, რამაც უფრო გამიღვივა ჩემი ინტერესი. იქ შესულმა აღმოვაჩინე ბიბლიოთეკა და გავიკითხე ამ სახლის პატრონზე. ეს ადამიანი ყოფილა შიზოფრენიით დაავადებული და მას თურმე მარტოობა მოსწონდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ კაცის არც სახელი ვიცი და არც გვარი, თავისი ბიბლიოთეკით ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ის გარემო დაუვიწყარ კადრად აქცია.

ანა ზოიძე
ანა ზოიძე

- საკუთარი თავის ძიება ამ ასაკში ბუნებრივი ამბავია, როგორ ფიქრობ, 19 წელი რისთვისაა ცოტა და რისთვის ბევრი?

- 19 წელი იმისთვისაა ცოტა, რომ სიცოცხლე შეიგრძნო და მაქსიმუმს მიაღწიო. იპოვო საკუთარი თავი და ამ დროს ყველაფერი აღიქვა, ეს ცნობიერსა და არაცნობიერზეა დამოკიდებული. ზოგმა შეიძლება 19 წლის ასაკში დატოვოს კვალი, ზოგსაც შეიძლება ბევრი დასამთავრებელი საქმე დარჩეს.

- შენს თაობაში რა მოგწონს და რა არა?

- ჩემს თაობაში მომწონს თავისუფლებისადმი დამოკიდებულება, სიახლისა და „სიგიჟეებისადმი” სწრაფვა და სწორი არჩევანი. რაც შეეხება არმოწონებას, მგონია, რომ თინეიჯერების უმრავლესობას შინაგანი ჰარმონია არ აქვს და სიმშვიდე აკლიათ.

ანა ზოიძე
ანა ზოიძე

- რომელია შენი საყვარელი მწერალი?

- ფავორიტი მწერალი არ მყავს, თუმცა ჟანრობრივი თვალსაზრისით კლასიკა მიზიდავს. ამ ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, მომწონს დოსტოევსკი, უაილდი, ჰიუგო, დიუმა და დანტე.

- ყველაზე სასურველი რესპონდენტი ვინ არის შენთვის, ვისგან აიღებდი ინტერვიუს?

- სამწუხაროდ, მწერალი ჯემალ ქარჩხაძე გარდაცვლილია, მაგრამ შესაძლებლობა რომ მქონოდა, ალბათ მისგან ავიღებდი ინტერვიუს. წარმომიდგენია, რა საინტერესო საუბარი გამოგვივიდოდა...

ანა ზოიძე
ანა ზოიძე

- გაიხსენე ამბავი, რომელმაც შენი ცხოვრება გარკვეულად შეცვალა...

- ასეთი ერთი ამბავი მახსენდება – დღე, რომელმაც შემმატა თავდაჯერებულობა, სითამამე და გამბედაობა. როცა ჩემმა დამ აღმოაჩინა ჩემი ნაწერი და აჩვენა მწერალს, რომელმაც ასეთი რამ მითხრა – მწერალთა კავშირში 800 ადამიანი ვართ გაერთიანებული, აქედან 40 საინტერესოდ და შთამბეჭდავად წერს. რაც შეეხება დანარჩენს, მათ ნაწერს შენი ჩანაწერები მირჩევნია, ნიჭიერი ხარო...

ანა ზოიძე
ანა ზოიძე

- როგორ ფიქრობ, რითია საინტერესო რეალური “პერსონაჟი” ანკა ზოიძე?

- როგორც ასეთი, ანკა ზოიძე კონკრეტული პერსონაჟი არ არის, ის ბევრია, ცვალებადი, თავისუფალი და ღრმა. საერთოდ, არ მხიბლავს ხოლმე საკუთარი თავზე საუბარი, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი რამ: ვიღაცისთვის კარგი ხარ, ვიღაცისთვის ცუდი... ადამიანი მონეტასავითაა, მასში სიკეთეც და ბოროტებაც ერთ დონეზეა, დაბალანსებულია.

- საუბრის ბოლო ფრაზად რას დაუტოვებ მკითხველს?

- მკითხველს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, გიორგობა, უფალი გფარავდეთ ყველას. რომ არა პანდემია, ალბათ სულის სიმშვიდის მოსაპოვებლად და იმისთვის, რომ ჩემი წიგნი ბოლომდე დამეწერა, ტაძარში წავიდოდი...

 

287
კორონავირუსი

როგორ მოვემზადოთ კორონავირუსთან შესახვედრად: ექიმის რჩევა

81
(განახლებულია 20:09 23.11.2020)
ევგენი კომაროვსკის თქმით, ახლა ექიმები უკვე არა თავად კორონავირუსს, არამედ მის რთულ ფორმას უფრთხიან.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ახლა ექიმებს უკვე არა თავად COVID-19-ის, არამედ მისი მძიმე ფორმებისა ეშინიათ, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი და საკუთარ Youtube-არხზე აქვეყნებს ვიდეოს, თუ როგორ უნდა ავარიდოთ გართულებებს თავი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში და, ზოგადად, როგორ უნდა მოვამზადოთ ორგანიზმი კორონავირუსთან შესახვედრად.

„დაავადდებით თუ არა, ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: შემხვედრი ვირუსის რაოდენობასა და <…> იმაზე, რა მდგომარეობაში იქნება თქვენი ორგანიზმი შეხვედრის მომენტში“, — ამბობს კომაროვსკი.

მისი თქმით, კორონავირუსის პროფილაქტიკის პოპულარული საშუალებები რეალურად კი არ გვიცავს მისგან, არამედ უბრალოდ გართულებების თავიდან აცილებაში გვეხმარება.

„ბევრი თანამედროვე პროტოკოლი ურჩევს ადამიანებს, არ დაუშვან ვიტამინ D-ს, C-სა და თუთიის დეფიციტი ორგანიზმში, <…> ეს ყველაფერი უნდა მიიღოთ იმისთვის, რომ დაავადება უფრო რთულ ფორმაში არ გადავიდეს“, — ამბობს ექიმი.

რაც შეეხება აღნიშნული ვიტამინებისა და თუთიის დოზებს, კომაროვსკის განმარტებით, ისინი აუცილებლად ექიმმა უნდა განსაზღვროს.

გარდა ამისა, უმაღლესი კატეგორიის პედიატრი გვასწავლის, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს დიდი დოზით ვირუსებისგან დაცვაში. მისი თქმით, ამისათვის აუცილებელია მოვერიდოთ ლორწოვანების გამოშრობას.

„უნდა ისუნთქოთ სუფთა, გრილი ჰაერი. ტენიანობის ნორმა 40-60%-ია. მნიშვნელოვანია, არ განიცდიდეთ სითხის ნაკლებობას, უნდა სვათ ნორმალურად. თუ შეგიძლიათ დაიტენიანეთ სასუნთქი გზები მარილის ხსნარებით“, — თქვა ექიმმა.

ამასთან, კომაროვსკის რჩევაა, ჯერ ჰიგრომეტრი (ჰაერის ტენიანობის მზომი) და ჰაერის დამატენიანებელი შევიძინოთ, ვიტამინების მიღებაზე კი მერე ვიფიქროთ.

 

81
თემები:
სასარგებლო რჩევები
სანდრა გადელია

სანდრა გადელია საბავშვო ევროვიზიაზე მეშვიდე ნომრად წარდგება

0
სანდრა გადელია კონკურსზე წარადგენს გიორგი კუხიანიძის სიმღერას „შენ მარტო არ ხარ“ და, როგორც ყველა მონაწილე, სამშობლოდან იმღერებს

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი „საბავშვო ევროვიზია-2020-ზე“ სანდრა გადელია კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა, აღნიშნულია ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე.

როგორი იქნება ევროვიზიის საიმიჯო კლიპი – ვიდეო >>

მე-18 საერთაშორისო კონკურსის - „საბავშვო ევროვიზია-2020-ის“ ფინალი მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო 29 ნოემბერს პოლონეთში ვიდეოხიდის ფორმატით გაიმართება. საორგანიზაციო ჯგუფი და წამყვანები ღონისძიებას ვარშავის სტუდიიდან გაუძღვებიან, ყოველი მონაწილე კი სიმღერას თავის სამშობლოში შეასრულებს.

კონკურსის სამართლიანობისა და ყველა არტისტის ღირსეული წარდგენისთვის, ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) წევრები ყველა მოედანზე სცენის ანალოგიურ გეგმარებას და ტექნიკურ განათებას გამოიყენებენ.

კონკურსანტი საქართველოდან შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის.

მე-18 საერთაშორისო ფესტივალის სლოგანია Move the world! („აამოძრავე მსოფლიო“). ფინალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები 12 ქვეყნიდან: საქართველოდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, საფრანგეთიდან, ყაზახეთიდან, მალტიდან, ნიდერლანდებიდან, სერბეთიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან.

2019 წელს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გამართულ  „საბავშვო ევროვიზია 2019“-ზე საქართველო წარადგინა 13 წლის გიორგი როსტიაშვილმა სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს“ (We need love) და კონკურსში მე-14 ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული პოლონელი ვიკი გაბორი გახდა.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სამჯერ (2008, 2011 და 2016 წლებში) გახდა.

0
თემები:
საქართველო და კულტურა