ხედი მთიდან

18 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

52
(განახლებულია 15:19 18.10.2020)
გაეცანით 18 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

14-22 ოქტომბრის პერიოდი

14-22 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8, 10, 20, 30, 32, 40, 48, 50, 56, 60, 70, 74.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა იასამანი.

14-22 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს იზიდავს ფუფუნება, ცხოვრების კომფორტული პირობები, ლამაზად მოწყობილი სახლი. ხანდახან ჭეშმარიტი ფასეულობები სიყალბესა და ილუზიებში ერევათ. ისინი მუდამ უნდა მიიწევდნენ წინ, ევოლუციის გზაზე, სრულყოფილებისკენ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნენ. როგორც წესი, ამ პერიოდში დაბადებულები პუნქტუალური, გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ადამიანები არიან, აქვთ ცხოვრებისეული მიზანი. ყოველთვის არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, ხშირად სწყინთ და მოუთმენელნი არიან გარშემომყოფთა ნაკლოვანებების მიმართ.

18 ოქტომბერს დაბადებულები

18 ოქტომბერს კაშკაშა პიროვნებები იბადებიან; აქვთ ნატიფი ინტუიცია, არიან გამჭრიახი ადამიანები. ამ ადამიანებს ნებისმიერ კომპანიაში დიდი სიამოვნებით იღებენ. ისინი ყველგან კომფორტულად გრძნობენ თავს, შეუძლიათ საუბარი ნებისმიერ თემაზე, ასევე შეუძლიათ დაძაბული ვითარების განმუხტვა.

18 ოქტომბერს დაბადებულები ნიჭიერი დიპლომატები არიან. არიან დახელოვნებული ორატორები და ასევე კარგი მსმენელები. აქვთ ავანტიურისადმი მიდრეკილება. შიშის გრძნობა, პრაქტიკულად, არ გააჩნიათ.

18 ოქტომბერს ტიპური სასწორები იბადებიან - არიან თავისებური, კრიტიკული საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ, მომთხოვნი, ხანდახან - რამდენადმე ქედმაღალი. გამოირჩევიან ენერგიულობით, არიან საქმიანი და უზომოდ შრომისმოყვარე - საქმესაცა და ჰობისაც ენერგიას მთლიანად ახარჯავენ.

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>

18 ოქტომბერს დაბადებულებს აქვთ უნიკალური უნარი, ყოველი სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვიდნენ. იყენებენ რბილი მართვის ტექნიკას, თავიანთ ხიბლს, დიპლომატიას, მაგრამ თუ ეს სასურველ შედეგს არ მოიტანს, რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

ამ დღეს დაბადებულები ხელმძღვანელი პოზიციების დაკავებისკენ ისწრაფვიან. კარიერას სწრაფად იკეთებენ, რაშიც სამუშაოსადმი დამოკიდებულება, მახვილგონიერება და ანალიტიკური აზროვნება უწყობთ ხელს.

ეს ადამიანები საქმისადმი ნამდვილი ერთგულებით გამოირჩევიან და ამასვე მოითხოვენ კოლეგებისა და ხელქვეითებისგან. გუნდში ლიდერი არიან, მაგრამ იძულებას, როგორც მართვის მეთოდს ძალზე იშვიათად იყენებენ. ისინი პოულობენ შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა სტიმულის საფუძველზე იმუშაონ.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად 18 ოქტომბერს დაბადებულები უნდა მოერიდონ ზედმეტ დატვირთვებს - როგორც ფიზიკურს, ისე გონებრივს. ორივე შემთხვევაში მათში სტრესული განცდები გროვდება. ეს კი დეპრესიასა და ფსიქოსომატურ დაავადებებს იწვევს. ფიზიკური თვალსაზრისით მათი სუსტი ორგანოებია საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები და სახსრები. მათ უნდა დაიცვან კვების ბალანსი.

„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები>>

რჩევა:

თქვენ ბევრი რამ გაინტერესებთ ამ ცხოვრებაში, მაგრამ, როგორც წესი, პრიორიტეტულია ერთი სფერო. არ ღირს მთელი დროის სამუშაოსთვის დათმობას. ცოტა დრო საყვარელი საქმის, ჰობისთვისაც მოიტოვეთ.

52
ნანა ქიბროწაშვილი

„მე არ მაპატიეს ჩემი ხასიათი“ - ჩრდილებთან ბრძოლაში დაღლილი ქალის „აღსარება“

13
(განახლებულია 16:47 22.10.2020)
ალბათ გარითმულ სტრიქონები ლექსად რომ აქციო, მასავით სრულყოფილად უნდა იცხოვრო, დაამარცხო ყველა ტკივილი და სიცოცხლე ერთ დიდ სიყვარულად აქციო.

პოეტ და მხატვარ ნანა ქიბროწაშვილისთვის ეს სიყვარული ხან გობელენში ჩაიღვარა და ხან სტრიქონებში... რაც მთავარია, ის აფასებს იმას, რაც აქვს და ბედნიერია იქ, სადაც არის. ამბობს, რომ მისი ცხოვრება ცოტა მძიმე და თავგადასავლებით სავსეა, ლექსების წერა კი 40 წლის ასაკში დაიწყო. მის ერთ ლექსს ინტერნეტში მილიონზე მეტი ნახვა  აქვს.

ნიჭიერმა ახმეტელმა ქალმა, თავის ქალაქში დიდი ხანია შეძლო ყურადღების მიქცევა. 21 წელია, რაც ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მუშაობს და თავისი საქმიანობისთვის არა ერთი ჯილდო და მედალი აქვს მიღებული. დღეს ამ ქალაქის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის გამარჯვებული მენტორიცაა. ჩვენთან ინტერვიუში თავისი ცხოვრების პერიპეტიებსა და სიხარულზე, თითქმის აღსარებასავით გულახდილად საუბრობს...

ნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი

-ქალბატონო ნანა, როგორი იყო ახმეტაში გატარებული ბავშვობა, რა გიხაროდათ, რაზე წუხდით?

- დავიბადე და გავიზარდე კახეთში. ახმეტის პირველი საჯარო სკოლა  და პარალელურად მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე. რვა თვის ვიყავი როდესაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ. ბავშვებს ბევრი ლამაზი ოცნება აქვთ ხოლმე, მე კი მხოლოდ ერთი მქონდა - მალე გავზრდილიყავი, რომ მუშაობა შემძლებოდა და დედის აუტანელი ცხოვრების პირობები გამეუმჯობესებინა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ არა ნიშნების გამო, არამედ იმისთვის, რომ მამისთვის, რომელიც ყურადღებას არ მაქცევდა, ჩემი შესაძლებლობები დამემტკიცებინა. პირველი ჯილდო ახმეტაში გამართულ ცოდნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ასფალტზე ხატვაში ავიღე. მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი. მახსოვს, მესამე და მეორე ადგილზე გასულ ბავშვებს რა დიდი სიხარულით და სიამაყით შეხვდნენ მშობლები, მე პირველი ადგილი ავიღე, მაგრამ ოჯახი გვერდით არ მყავდა. დედა მუშაობდა და ვერ შეძლებდა მოსვლას. მას შემდეგ ბევრი სიგელი, ჯილდო და ქების ფურცელი დავიმსახურე, თუმცა ჩემით მშობლებს არასოდეს უამაყიათ. ასე რომ, ბავშვობა საინტერესო და წარმატებული მქონდა, ოღონდ, ოჯახს მიღმა... 

ნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი

- სკოლის შემდეგ სამხატვრო აკადემიის ბაზაზე შექმნილ დიზაინ-კოლეჯში დიზაინისა და ერგონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარეთ, მაგრამ მანამდე უკვე იცოდით გობელენების ქსოვა, ვინ გასწავლათ?

- გობელინის ქსოვა დედამ მასწავლა. ახმეტა ეთნიკურად ჭრელი რაიონია და აქ ცხოვრობდნენ ლეკები და ქისტები, რომლებიც მუშაობდნენ თექაზე, ხალიჩასა და ფარდაგებზე. დედაც მათთან ერთად მუშაობდა და თან სწავლობდა. როცა სახლში ვერ ასწრებდა ქსოვას, მე ვეხმარებოდი და უკვე 12 წლიდან საკუთარი ნამუშევრები მქონდა. როდესაც ომი დაიწყო საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რადგან ბავშვისთვის და ახალგაზრდა ქალისთვის ძნელი იყო გადარჩენა. მახსოვს ერთ დღეს, დედა მატყლის თბილ წინდებს ქსოვდა, არ გამკვირვებია, ვიფიქრე, ძველი ნაქსოვები დაშალა მეთქი. თურმე ის მატყლი ლოგინიდან საბანს გამოაცალა და იმით დაქსოვილი წინდები საკვებზე გადაცვალა. ამის მერე, საჭმელი გვქონდა, მაგრამ ლოგინი აღარ… ახლა ამას იუმორით ვიხსენებ, მაგრამ ის წლები არასოდეს მინდა განმეორდეს...

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

- ბუნებრივია, პროფესიული არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებოდათ, ასეა?

- თუმცა ხატვაში წარმატებული ვიყავი, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც თეატრალურის სარეჟისოროზე მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ ცუდი დრო იყო და  ვიფიქრე, მხატვრის პროფესია უფრო გამომადგებოდა, ვთვლიდი, რომ მხატვრობაში უფრო მეტ სათქმელს ვიტყოდი, ვიდრე რეჟისურაში, როგორც ჩანს, არ შევცდი, რადგან ბევრი კარგი რეჟისორი ფაქტიურად დღემდე სამსახურის გარეშეა დარჩენილი. როდესაც  თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩავაბარე, ალბათ მაშინ ყველაზე მეტად გამიმართლა, რადგან მოვხვდი უდიდეს  მხატვრებთან და ბუმბერაზ ხელოვანებთან, რომელთა გაკვეთილებიც დღემდე მეამაყება და მაბედნიერებს. მინდა ჩამოვთვალო ეს ადამიანები:  ქალბატონები: მანანა ძიძიკაშვილი, ლია გურასპაშვილი, ნინო ყანდარელი, ბატონები: თემურ გოცაძე, გივი ყანდარელი, თემურ თურმანიძე და სხვ. დიზაინ-კოლეჯში სწავლის დროს ამ მხატვრების შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან მქონდა ინფორმაცია და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კულტურის ინსტიტუტში ისინი ჩემი პედაგოგები გახდებოდნენ. სტუდენტობა საშინელ 90-იან წლებში მომიწია, რის გამოც თავი ვერაფერში გამოვიჩინე, ვერც გამოფენებში მონაწილეობას ვიღებდი და ვერც ნამუშევრებს ვყიდდი.

ნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი

- ამის შემდეგ, ისე მოხდა, რომ საკუთარი ნებით, ასე ვთქვათ,  „გაიციმბირეთ“ თავი…

- დიახ, ოთხი წელი რუსეთში, ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში ვიცხოვრე. ციმბირში ცხოვრობდა მამა, რომელსაც სხვა ოჯახი ჰყავდა. მამის მეორე ქორწინებიდან ორი ძმა მყავს. მთელი ბავშვობა მინდოდა, რომ მამა და მისი ოჯახი გამეცნო. ამიტომ ოთხი წელი ციმბირში გავატარე. თუმცა ნოსტალგია ისე მძაფრად შემომაწვა, რომ გადავწყვიტე საქართველოში დავბრუნებულიყავი.

პროექტ „ახალი თაობის“ სცენაზე
პროექტ „ახალი თაობის“ სცენაზე

- როგორც ჩანს, ციმბირულმა სიცივემ თქვენში შემოქმედებითი მუხტი ვერ „გაყინა“..

- რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, 2001 წელს, ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში სამხარეო ხელმძღვანელის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. სანამ ლექსების წერას დავიწყებდი, დავაარსე საბავშვო თეატრალური წრე ''ცისარტყელა”, რადგან ახლა დაცულია საავტორო უფლებები და შესაძლოა, სცენარზე, ან სპექტაკლში გამოყენებულ რაიმე მასალაზე ვინმე მომდავებოდა, გადავწყვიტე, რომ თავად დამეწერა სცენარიც, მუსიკაც და როგორც რეჟისორს, სპექტაკლიც თავად დამედგა. აი, პირველად მაშინ მივხვდი, რომ წერის ნიჭი მქონდა.

- პირველი ლექსი მართლა 40 წლის ასაკში დაწერეთ?

- დიახ, ლექსების წერა 40 წლის ასაკში დავიწყე და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე, ჩემი რომელიმე ლექსი პოპულარული გახდებოდა და ვინმე პოეტს მიწოდებდა. ყველას გაუკვირდა ჩემი პოეტური ნიჭი, რადგან ხელოვნების თითქმის ყველა დარგიდან მიცნობდა ხალხი, გარდა პოეზიისა. ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც ცხოვრება ავაწყე, კარგ სამსახურში მუშაობა დავიწყე და თავს ბედნიერად ვთვლიდი. ახალი წლის წინა დღე იყო, სამსახურში საახალწლო კონცერტს ვამზადებდი და სახლში ცოტა გვიან მომიწია მისვლა. როდესაც მივედი, დედა გარდაცვლილი დამხვდა. 61 წლის ასაკში უჯანმრთელესი ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა, იმხელა შოკი მივიღე, რომ არ მეგონა თუ გადავრჩებოდი, დედის სიკვდილი ყველასთვის ძნელია, მაგრამ მე მის მეტი არავინ მყავდა და მისი სახით უკანასკნელი გულშემატკივარი დავკარგე. საშინელი დეპრესია დამეწყო, წამლების გარეშე ვეღარ ვიძინებდი და ვხვდებოდი, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ მიშველიდა. მოკლედ, ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა და უფალს ვთხოვდი, რაიმე მენახა, რაზეც ყურადღებას გადავიტანდი...

პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად
პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად

- ასეთ დროს მხსნელად თეატრი, ანუ ისევ ხელოვნება მოგევლინათ...

- დიახ, უფლის ნებით, დავაარსე თეატრალური წრე, სადაც ბევრი მოსწავლე მოვიდა. თქვენ რომ მკითხეთ, პირველი ლექსი სწორედ იმ სპექტაკლისთვის დავწერე და მას მერე მუზა სულ მწყალობდა. თუმცა ამას არავის ვუმხელდი, რადგან ფილოლოგი არ ვარ და ვიცოდი, ლექსებში გრამატიკული შეცდომები მექნებოდა. როდესაც ჩემმა მეგობრებმა მოისმინეს ძალიან მოეწონათ და მთხოვეს, რომ გამომექვეყნებინა. თუმცა უარზე ვიყავი რადგან არ მინდოდა ხალხის ყურადღება მიმექცია. ერთ დღესაც, ადგილობრივ გაზეთიდან ''ბახტრიონი'' დამიკავშირდნენ და მთხოვეს, რომ  ჩემი ლექსები მიმეტანა. მათ ჩემი ყველაზე ცნობილი ლექსი ''ქართველო შეჩერდი'' გამოაქვეყნეს და მახსოვს ხალხის რეაქცია, უამრავი ადამიანი აფრიალებდა ამ გაზეთს და გაკვირვებული კითხულობდნენ. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ისეთი დავწერე, რამაც ხალხი ააღელვა. ამის შემდეგ ჩემმა მეგობარმა, ანა ბაგაურმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს თანხა გამომიგზავნა და მთხოვა, კრებული გამომეცა. ჩემი პირველი წიგნი სწორედ მეგობრის დახმარებით შეიქმნა. აქვე ისიც მინდა ავღნიშნო, რომ პირველად ხალხმა მალხაზ მელქუაშვილის წყალობით გამიცნო, მისი დაჟინებული თხოვნით ავტვირთე ჩემი ლექსის ვიდეოები და შედეგით გაოცებული დავრჩი. ყველაზე დიდი ჯილდო უფლისგან ხალხის სიყვარულია, ეს ისაა, რაც ყოველთვის მაკლდა-სითბო და სიყვარული...

 - ბევრი ჯილდო გაქვთ მიღებული, მათგან რომელია თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- ჩემი მუშაობის პერიოდში, მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის მართლა ბევრი ჯილდო და სიგელი მაქვს მიღებული, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება და პოპულარობა მომიტანა ახმეტაში დაარსებულმა და შემდეგ უკვე საქართველოს მასშტაბით ჩატარებულმა მუსიკალურმა პროექტმა “ახალმა თაობამ”, რომლის პირველი სეზონის გამარჯვებული მენტორი ვარ. უკვე მესამე სეზონია, რაც ამ პროექტში აქტიურად ვარ ჩართული და გამარჯვებას მომავალშიც ვაპირებ.

- ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და მაინტერესებს არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, რომ იქ გეცხოვრათ?

- მოგზაურობა მართლა ძალიან მიყვარს, ყველა მოგზაურობა საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იყო. დღემდე ვინახულე  შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი, იაპონია, გერმანია, რუსეთი, თურქეთი, ლიეტუა, ლატვია, აზერბაიჯანი, ავსტრია, შვეიცარია, ყაზახეთი… როდესაც სადმე დიდ ქვეყანაში ვარ ხოლმე, იქიდან ვგრძნობ, თურმე რა ბედნიერად ვცხოვრობ საქართველოში... მიხარია, რომ სუფთა ჰაერს ვსუნთქავ, ვარ მშვიდ და ჩემთვის სასიამოვნო გარემოში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა საკვებია. დღეს უკვე ნამდვილად ვიცი, რომ ყველაზე მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველაზე მაგარ პატარა ქალაქში, რომელსაც ახმეტა ჰქვია. ამ ქალაქის უდიდესმა სიყვარულმა დამაწერინა ლექსი “ჩემო ახმეტა''. ვფიქრობ, რომ ადამიანს ყველგან შეუძლია ღირსეულად იცხოვროს. მე ბევჯერ მქონდა შანსი სხვა ქვეყანაში მეცხოვრა ფინანსურად უზრუნველყოფილს ან თუნდაც თბილისში გამეგრძელებინა წარმატებული მოღვაწეობა, მაგრამ მინდოდა, რომ ჩემს ქალაქს რამეში გამოვდგომოდი და მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება ახმეტისთვის გამომეყენებინა.

- „ახმეტელი ქალი ვიყო ახ, ნეტავი, მეო“-ეს სიტყვები ხალხურია, რითია სანატრელი ახმეტელი ქალობა?

-ახმეტელი ქალობა ჩემთვის ბედნიერებაა, რადგან ახმეტის ხალხი  მაღალი ზნეობით, თვითშეგნებით, ზრდილობით, ურთიერთპატივისცემით, სტუმართმოყვარეობით და ყველა იმ ღირსებით გამოირჩევა, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს. ახმეტელი ქალი რომ ვარ, ამიტომ შევძელი ბევრჯერ წაქცეული წამოვმდგარიყავი და ამაყად გამეგრძელებინა ცხოვრება. ამ სიტყვების ავტორი, ალბათ, იმ სულიერ და ფიზიკურ ძალას გულისხმობდა, რისი გადატანაც მხოლოდ აქაურ მანდილოსნებს შეგვიძლია…

 

13
საკვები

რატომ არ შეიძლება კომპიუტერთან ჭამა და რა ზიანს აყენებს ის ორგანიზმს

43
(განახლებულია 16:11 22.10.2020)
ტექნოლოგიური მიღწევები ძალიან კარგია, თუმცა ისიც ვიცით, რომ მედალს ორი მხარე აქვს. ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება კომპიუტერის ეკრანთან გატარებული დროის პირდაპირპროპორციულია.

ძნელია ოქროს შუალედის პოვნა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ კომპიუტერთან ჩვენი ურთიერთობა დავაბალანსოთ.

თანამედროვე ცხოვრებაში, როცა მუშაობის დროს ან უბრალოდ გართობისას, ადამიანი დღე-ღამის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს,  მისთვის კომპიუტერთან საკვების მიღებაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ხოლმე. დღეს კომპიუტერთან ჭამა ბევრისთვის დამახასიათებელი მავნე ჩვევაა, რომელსაც არც ისე კარგი შედეგები მოჰყვება.

ბევრი თანამშრომელი შესვენებაზე გასვლის ნაცვლად ოფისში, სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერთან ჭამას ამჯობინებს. დავიწყოთ იმით, თუ რატომ არ არის სამუშაო მაგიდაზე საკვების მიღება მიზანშეწონილი.

ოფისის მაგიდაზე, სადაც მუშაობთ უამრავი ბაქტერია და მიკრობი იყრის თავს. არანაკლები ბაქტერია გროვდება კლავიატურაზე. ამ ტერიტორიზე საკვების მიღების შეთხვევაში აღნიშნული ბაქტერიები ძალიან მარტივად მოხვდება თქვენს ორგანიზმში. რაც დამეთანხმებით, კარგს არაფერს მოგიტანთ.

საბოლოო ჯამში ეს სერიოზულ ანთებებს აძლევს დასაბამს, იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, მათ შორის სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ასე რომ, საკვები ჰიგიენისა და ყველა სხვა წესის დაცვით მიირთვით, რათა არ ავნოთ ორგანიზმს.

კომპიუტერთან ჭამა ადამიანის ტვინს დასვენების საშუალებას არ აძლევს. ადამიანები, რომლებიც კომპიუტერთან ჭამენ, ძირითადად ეკრანს არ წყდებიან და ყურადღება საქმისკენ აქვთ მიმართული. არადა შუადღის შესვენება სწორედ ტვინის დროებით დასასვენებლად და საკვებად არის გათვალისწინებული.

როდესაც ადამიანი საკვების მისაღებად ლანჩზე, ან სულაც სამზარეულოში  გადის, მაშინ ის მთლიანად საკვებზე ახდენს კონცენტრირებას. ასეთ დროს კუჭი საკვებს საჭირო რაოდენობით იღებს და  უკეთ ინელებს. როდესაც ჭამის დროს რაიმე სხვა საქმით ხართ დაკავებული, თვალს არ აშორებთ კომპიუტერის ეკრანს ამან შესაძლოა თქვენი კუჭი დააზიანოს.

ტელევიზიამ, ინტერნეტმა, კომპიუტერმა ადამიანები „მჯდომარე“ ცხოვრებას მიაჩვია. გარდა იმისა, რომ ცოტას მოძრაობენ,  კვებაც მოუწესრიგებელი აქვთ. კომპიუტერთან კვების დროს მივირთმევთ გაუთვითცნობიერებლად, ამ დროს შესაძლოა ვერ ვიგრძნოთ და იმაზე გაცილებით მეტი საკვები მვიღოთ ვიდრე საჭიროა. ამასთან, როცა კონცენტრირებული არ ხართ საკვებზე და თქვენი გონება ეკრანისკენაა მომართული, ვერ გრძნობთ საკვების გემოს, სუნს, რისი შედეგიც არის გასტრიტი. როცა ამას სისტემატიური სახე ეძლევა, ორგანიზმს ექმნება ჭარბი წონის პრობლემა, რაც ასევე იწვევს დიაბეტს და სხვა გართულებებს.

კვლევების თანახმად, ყოველ მესამე პაციენტს, რომელიც დღეში 10 საათს ატარებს კომპიუტერთან, დიაბეტი ტიპი 2 აღენიშნება.

ასე, რომ თუ თქვენ დიდი დროს ატარებთ კომპიუტერის ეკრანთან და საკვებსაც ეკრანის წინ მიირთმევთ, სასწრაფოდ დაივიწყეთ ეს მავნე ჩვევა.

ალბათ რთულია ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა დროის სიმცირის თუ სხვა მიზეზების გამო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შუძლებელია შედეგის მიღება. მთავარია, შეეცადოთ, დაგეგმოთ, იყოთ თანმიმდევრულები.

და ბოლოს, თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი და კომპიუტერი იმდენად მძლავრადაა შემოჭრილი, რომ ძირითადი სამუშაო მაინც მჯდომარეა. თუ თქვენი დღის რეჟიმი  უმოძრაოა, მაშინ გირჩევთ:

·შესვენების დროს არავითარ შემთვევაში არ მიირთვათ კომპიუტერთან, აუცილებლად გადით ლანჩზე.

· მიიღეთ დღეში ორი ლიტრი წყალი, რაც დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

· იმოძრავეთ ბევრი, ფეხით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

· მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. ცნობილია, რომ ადამიანი, რომელსაც საშუალოდ რვა საათი არ სძინავს ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გაცილებით მეტ არაჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს.

· გააკონტროლეთ კვების რაციონი და ორგანიზმი ცილებით მდიდარი პროდუქტებით გაანებივრეთ.

43
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
სპეცოპერაცია ზუგდიდში

კვარაცხელია: თავდამსხმელი იყო აგრესიული, საუბრობდა ქართულად და მეგრულად

0
(განახლებულია 17:53 22.10.2020)
გუშინ  შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე.  შეიარაღებულმა პირმა 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარითა და იარაღით ბანკში შეიჭრა, დაახლოებით 35-40 წლამდეა, განაცხადა ჟურნალისტებთან ყოფილმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ.

კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია, რომელიც შეიარაღებულმა პირმა ოთხშაბათს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისას მძევლად აიყვანა. 

მისი თქმით, შეიარაღებულ პირს მთელი ამ ხნის მანძილზე ნიღაბი არ მოუხსნია, ამიტომაც მისი სახე არავის დაუნახავს, თუმცა ხმით მისი ამოცნობა შეიძლება შეძლოს.

„მისი ხმა შეიძლება მივამსგავსო, მაგრამ ამოცნობა ნამდვილად არ შემიძლია. ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა", – განაცხადა კვარაცხელიამ.

მან ჟურნალისტებთან დეტალურად ისაუბრა ბანკში განვითარებული მოვლენების შესახებ.

„ბანკში ახალი პლასტიკური ბარათის ასაღებად მივედი, ავიღე ნომერი და რიგში ჩავდექი. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. თავდამსხმელისგან საფრთხე რეალური იყო. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ გარეთ ცოცხალი გამოვსულიყავით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

„იყვნენ სამნი, აქედან ორნი - „ფეიკ მძევალი“ - ნიკა გვარამია თავდასხმის დეტალებს ასაჯაროებს>>>

მისი თქმით, თავიდან გასროლა ქუჩიდან გაიგონა, შემდეგ კი ბანკში შეიარაღებული პირი შევარდა, რომელმაც ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

„ჩემი თვალით დავინახე ეს ყველაფერი და მივხვდი რაც გვემუქრებოდა. შემდეგ ამ ადამიანმა ორჯერ გაისროლა იმ პირის მიმართულებით, ვინც გარედან ვიდეოს გვიღებდა. შემდეგ მან დაგვავალა დაგვერეკა 112-ში, ერთს კი „ტვ პირველში და გვაიძულებდა მხოლოდ ის ვეთქვა, რასაც თავად გვეუბნებოდა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

როგორც ყოფილი მძევალი იხსენებს, გამტაცებელი თავიდან აგრესიული იყო და ეტყობოდა, რომ იარაღთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება ჰქონდა.

„თავიდან აგრესიული იყო იმდენად,  რაც ხალხის შესაშინებლად და მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყო აუცილებელი. მაგრამ იმ 7 საათის განმავლობაში, რაც ჩვენ იქ გავატარეთ, იგი დამშვიდდა. ზოგიერთმა ხუმრობაც დაიწყო. ჩვენ ვცდილობდით მასთან ურთიერთობის დამყარებას... მას შემდეგ, რაც მან ფული აიღო, ორმა მძევალმა თავად გამოთქვა მზადყოფნა მასთან ერთად წასვლაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი მძევლებად ქალების წაყვანას დააპირებდა, მესამე კი მან თავად აირჩია“, – განაცხადა კვარაცხელიამ. 

მისი თქმით,  ჩანთა, რომელიც თავდამსხმელს მიუტანეს, მან მძევლების თვალწინ გახსნა, სადაც ხუთი შეკვრა იყო. თუმცა, რა იყო ჩანთაში, დაზუსტებით ამის თქმა არ შეუძლია.

ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით,  თავდამსხმელს სამართალდამცველებთან მძევლის ტელეფონით ჰქონდა კომუნიკაცია. მან სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ავთანდილ გალდავას მძევლების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა.

გუშინ  შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე.  შეიარაღებულმა პირმა 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.  ბოროტმოქმედი  ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

 

მძევლების აყვანის გახმაურებული შემთხვევები საქართველოში>>>

მძევლები გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა