სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 6 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

497
(განახლებულია 11:05 06.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

6 სექტემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

ამ დღეს არასასურველია ფულის გასესხება და ვალის აღება, შეთანხმებების დადება. კარგი დღეა საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, სახლიდან ძველი და უსარგებლო ნივთების გატანისთვის.

მუშაობისთვის ნეიტრალური დღეა.

კუროს დღეები ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ამ დროს ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელნი ხდებიან. ასეთ პერიოდში, როგორც წესი, ყალიბდება მტკიცე, ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობები. ეს კავშირი დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, მხარდაჭერაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, მაგრამ ნაკლებია მასში ცეცხლი და მგზნებარება.

რეკომენდებულია მშვიდი მუშაობა, მარტივი ფინანსური საკითხების გადაჭრა, მნიშვნელოვანი საქმეების გადადება, ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართებით ყურადღებით ყოფნა, მოქნილობა ადამიანებთან ურთიერთობებში, ნიუანსებისთვის ყურადღების მიქცევა, სამუშაოს გულდასმით შესრულება, ინდივიდუალური მუშაობა.

არარეკომენდებულია რთულ პროექტებზე შეჭიდება, მოლაპარაკებების წარმოება, სხვის ნებაზე აყოლით რამეზე დათანხმება, ზედმეტი აქტიურობა, დინების წინააღმდეგ ცურვა.

თუ აუცილებელია არ არის, სჯობს, მგზავრობისგან თავი შეიკავოთ.

თმის შეჭრა, შეღებვა: კუროს დღეს კარგია სალონში წასვლა, თმის შეჭრა: ის შემდეგ კარგად იზრდება, სიმტკიცეს ინარჩუნებს, ბოლოები არ იყოფა. ხელსაყრელი დღეა სახის მასაჟისა და გაწმენდისთვის, მაგრამ არარეკომენდებულია სახის ნიღბის გაკეთება.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი დღეა. შეიძლება ნებისმიერი მცენარის დარგვა, მათთვის ფორმის მიცემა, მავნებლებთან ბრძოლა, მოსავლის აღება.

497
სალომე ხოტივარი

მხატვარ-ილუსტრატორის „ცენზორები“ და სამი სახლი, როგორც სიმბოლური კავშირი ბავშვობასთან

279
(განახლებულია 21:25 21.09.2020)
ნიჭიერი მხატვარ-ილუსტრატორის სალომე ხოტივარის დღევანდელი საქმიანობა დასტურია იმისა, რომ ნიჭი თუ გაქვს, ადრეულ წლებში მიღებული ნათელი შთაბეჭდილებები ერთ დღეს აუცილებლად იქცევა ხელოვნებად – პერსონაჟებად, რომელთაც ქვეყნად ყველაზე მკაცრი შემფასებელი – ბავშვები ჰყავს.

ილუსტრატორობაზე თავიდანვე ოცნებობდა. მისი პირველი სერიოზული შეკვეთა გამომცემლობა „ელფის“ 200 გვერდისგან შემდგარი „ქრესტომათია" იყო. წლების მანძილზე საბავშვო დიზაინერი იყო ჟურნალში „საბავშვო კარუსელი". არაერთი საინტერესო საბავშვო პერსონაჟი შექმნა და დახატა. სამომავლოდ ბევრი საინტერესო იდეა და პროექტი აქვს.

სალომე ხოტივარი
სალომე ხოტივარი

- სალომე, იყო საბავშვო ილუსტრატორი, ალბათ გაცილებით რთულია, რადგან ამისთვის მარტო ნიჭი არ არის საკმარისი, ასეა?

- დიახ, ასეა. პირველ რიგში, საბავშვო ილუსტრატორი ვერ გახდები, თუ არ გიყვარს ბავშვები, მათთან ურთიერთობა და თამაშიც კი. რაც მთავარია, გულწრფელად უნდა შეგეძლოს მათი მოსმენა, ბავშვების მსგავსად გაიგო და იაზროვნო, რომ სწორედ ისე აღიქვა სამყარო, როგორც ისინი აღიქვამენ.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- ანუ დღეს აკეთებთ საქმეს, რომელიც გიყვართ...

- დიახ, აკადემიაში ჩაბარებაც სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ დავუფლებოდი პროფესიას, რომელიც ბავშვობიდან მიზიდავდა, ანუ საბავშვო ილუსტრატორობას. ჩემი ამჟამინდელი ოცნების ასრულებაში დიდი როლი დედის გარდა ბებიამ და ბაბუამ ითამაშეს. ბებო, ლიანა ციცქიშვილი ხშირად მიყვებოდა მის მიერ გამოგონილ ზღაპრებს, რომლის სიუჟეტები არასოდეს მეორდებოდა. ჩემი ფანტაზია იმ ზღაპრებით დღემდე საზრდოობს...

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- თქვენი საყვარელი ბავშვობისდროინდელი პერსონაჟი რომელი იყო?

- ეს იყო ასტრიდ ლინდგრენის პეპი გრძელი წინდა, სხვათა შორის, ბავშვობაში მეც წითური და ოდნავ ჭორფლიანი ვიყავი. კიდევ „დაჩის ზღაპრები“ და ძმები გრიმებიც ძალიან მიყვარდა. წიგნებში ილუსტრაციებს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებოდი. დედა თბილისში მუშაობდა. მისი გავლენაა, რომ წიგნები მიყვარდა, ჟურნალ „დილის“ თითქმის ყველა გამოშვება მქონდა. დედამ მიმიყვანა პირველად ზესტაფონში არსებულ გალერეაში, მას სხვა სახელი არ ჰქონდა, ყველა გალერეას ეძახდა. ჩემი პირველი პედაგოგი ქალბატონი ირინა ნებიერიძეა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- პირველი სამუშაო გამოცდილება სად მიიღეთ?

- ბევრი წელი ვმუშაობდი გრაფიკულ დიზაინერად, მაგრამ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო. ერთ დღესაც, რვა წლის მუშაობის შემდეგ, სამუშაო ადგილი დავტოვე იმის გამო, რომ მეკეთებინა მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ნამდვილად მიყვარს. საკმაოდ ბევრი წელი საბავშვო დიზაინერიც ვიყავი ჟურნალში “საბავშვო კარუსელი", რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L“ უშვებს, თუმცა მივხდი, რომ ჩემი ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ილუსტრატორობაა.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- რომელია პირველი საბავშვო წიგნი თქვენი ილუსტრაციებით?

- ჩემი პირველი ილუსტრირებული წიგნი გამომცემლობა „ელფმა" გამოსცა, რედაქტორი თინა დიდებულიძე გახლდათ. ეს იყო პირველი გამომცემლობა, რომელმაც საკმაოდ დიდი წიგნი, 200 გვერდისგან შემდგარი “ქრესტომათია" ჩამაბარა. ჩემთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე და ამ პროფესიაში გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- ბავშვებზე თუ ტესტავთ თქვენს ნამუშევრებს?

- ბავშვების აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, ჩემი ნახატები მათი განხილვის გარეშე მთავარ დამკვეთამდე არასოდეს მიდის. ბავშვების შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისიც, თუ რას ფიქრობენ ჩემზე. ერთხელ სხვისგან გავიგე, თუ რა აზრის არიან ჩემზე: „სალომე, დედაჩემის დაქალი, ძალიან მკაცრია, მაგრამ სამართლიანიო“. მართლაც ასეა: რამდენადაც კარგად ვარ ბავშვებთან, იმდენად არ მიყვარს ხოლმე, თუ რაიმე ზღვარს გადადიან. მე ექვსი ნათლული მყავს, ახლა მეშვიდეს ველოდები. სხვებსაც აღუნიშნავთ, რომ ბავშვებთან ურთიერთობა კარგად გამომდის. ჩემი ნათლულებიდან ბევრი გაიზარდა და დღეს თინეიჯერები არიან, პატარებს კი აინტერესებთ, რასაც ვაკეთებ.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- კონკრეტული ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

- მინდა ერთი გოგონა ვახსენო. წელს ზღვაზე ვიყავი მასთან ერთად და ამ გოგოს საქციელი და სიტყვები შოკში მაგდებდა. როდესაც ვმუშაობდი ჩეხოვის „კაშტანკაზე“, რომელიც „პალიტრა L“-ის გამომცემლობის შეკვეთაა, ის გოგონა სახლში მყავდა და, შეიძლება ითქვას, მისი „მითითებებით“ შევქმენი ეს გმირი, რომელიც გაახმოვანა კიდეც.

სალომე ხოტივარი
სალომე ხოტივარი

- ხშირად ილუსტრატორები ანიმაციაში გადადიან, თქვენ თუ გაგჩენიათ მსგავსი სურვილი?

- ჩემთვის როგორც ილუსტრირება, ასევე ანიმაციაზე მუშაობა ძალიან საინტერესოა. სულ ახლახან ჩავერთე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტში, რომელზეც ღიად ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ...

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- როგორ ფიქრობთ, რა მოჰყვება ადამიანს ბავშვობიდან და თქვენ შემთხვევაში რა არის ასეთი?

- ჩემ შემთხვევაში ასეთი გულწრფელობა და ბუნების სიყვარულია, იმერეთის სიყვარული. ჩემი როგორც მხატვარ-ილუსტრატორის გამოძერწვა სწორედ იქ და მაშინ დაიწყო. ამის მიზეზი ბავშვობაა, სადაც ადამიანი იზრდება და საიდანაც სულიერ საზრდოს იღებს. მე უკვე 20 წელზე მეტია, რაც აღარ მყავს ბებო, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა და უმისობას ძლივს მივეჩვიე. სიცოცხლეში სულ მთხოვდა ხოლმე, რომ მისთვის დიდი ნახატი დამეხატა. პანდემიის დროს იმერეთში ვიყავი ჩასული და გვიან, მაგრამ მაინც შევუსრულე ბებოს თხოვნა – დავხატე სამი პატარა სახლი, რაც სიმბოლურად ნიშნავს, რომ ჩვენ სამნი ვართ: მე, დედა და ბებო...

279
ბროკოლი

ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო და მისი სასარგებლო თვისებები

138
(განახლებულია 17:49 21.09.2020)
ბროკოლი ეფექტურია კიბოს, დიაბეტის, შეკრულობისა და სხვა დაავადებების დროს, მაგრამ მისი მომზადებისა და მიღების დროს გასათვალისწინებელია რეკომენდაციები, რათა ამ ძალზე სასარგებლო პროდუქტისგან უკუშედეგები არ მივიღოთ.

ბროკოლი (ლათ.Brassica oleracea ან Brassica sylvestris) კომბოსტოსებრთა ოჯახის ერთწლიანი ბოსტნეული მცენარეა. იტალიური სიტყვა broccoli ითარგმნება, როგორც კომბოსტოს აყვავებული ყლორტი.

ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო იტალიაში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა. ის დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცნობი იყო. მცენარის შესახებ პირველი ცნობები საფრანგეთში მე-16 საუკუნით თარიღდება, აშშ-ში კი ბროკოლი მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში „გაიცნეს“.

ბროკოლის კალორიულობა და შემადგენლობა

ბროკოლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 28 კკალორიაა. მოხარშულში – 35 კკალორია. გაყინულის – 23 კკალორია.

ბროკოლი შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ნაცარს, წყალს. ვიტამინებს: А (კომბოსტოს სახეობებს შორის ამ ვიტამინის შემცველობით „რეკორდსმენია“), С, В1, В2, В5, В6, РР, Е, К; უჯრედისს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, მანგანუმს, გოგირდს, ფოლიუმის მჟავას, ბეტა-კაროტინს.

ბროკოლი კალციუმის შემადგენლობით ტოლს არ უდებს რძეს – 100 გრამ მოხარშულ კომბოსტოში არის 180 მილიგრამი კალციუმი მაშინ, როცა 100 გრამ რძეში მისი რაოდენობა 120 მილიგრამია; შეიცავს რკინის დღიური ნორმის 10%-ს (ნორმაა 18 მილიგრამი, ბროკოლი შეიცავს 1,8 მილიგრამს); შეიცავს С ვიტამინის თითქმის 100% დღიურ ნორმას – 89,2 მილიგრამი, დღიური ნორმაა 90 მილიგრამი დღეში.

ბროკოლის სასარგებლო თვისებები

ბროკოლი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნერვული აშლილობები, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, პოდაგრა.

ბროკოლი კიბოს წინააღმდეგ

ბროკოლიდან გამოყვეს ანეტოლ-ტრიტიონი, რომელიც ამცირებს სწორი ნაწლავისა და მკერდის კიბოს დაავადებების შემთხვევებს.

იმის შესახებ, რომ ბროკოლი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა კიბოს წინააღმდეგ, ცნობილი არცთუ დიდი ხნის წინ გახდა. ჯონს ჰოპკინსის კოლეჯის მედიკოსების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მცენარე შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერება სულფორაფანს, რომელიც კლავს კუჭის ზოგიერთი სახეობის წყლულის გამომწვევ ბაქტერიებს, აბრკოლებს კუჭის კიბოს განვითარებას.

არაქისი, იგივე მიწის თხილი – სასარგებლო და მავნე თვისებები>>

უფრო მეტიც, სულფორაფანი იმ ბაქტერიებსაც ანადგურებს, რომლებიც ანტიბიოტიკებს არ ემორჩილება. ახლა მეცნიერები ცდილობენ ამ ქიმიურ ნივთიერებაზე დაყრდნობით პრეპარატი შექმნან, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ოპტიმალურად შეითვისებს.

ბროკოლის სხვა სასარგებლო თვისებები

ბროკოლს აქვს არა მხოლოდ კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ ასევე ხელს უწყობს სისხლის შედედებას, ეფექტურია ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ, არის დამამშვიდებელი, გამხსნელი და ნაღვლმდენი საშუალება.

ბროკოლი ამცირებს ინფარქტებისა და ინსულტების რისკს. აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აფერხებს ქოლესტერინის დაგროვებას ორგანიზმში.

ბროკოლის სისტემატური გამოყენება აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ნაადრევ სიბერეს, მას ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე ლითონების მარილები.

ბროკოლი მდიდარია უჯრედისით (ნედლი პროდუქტის 100 გრამზე 2,6 გრამი). ის წმენდს ნაწლავებს, აწესრიგებს მის მუშაობას. აქვს გამხსენლი ეფექტი და მისი რეგულარული მიღებით შესაძლებელია ქრონიკული შეკრულობისგან გათავისუფლება.

კომბოსტოს ეს სახეობა ასევე ასტიმულირებს ნაღვლის გამოდევნას, აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას.

ბროკოლი აწესრიგებს სისხლში შაქრის შემცველობას. ის შეუცვლელი პროდუქტია პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. მის შემცველობაში არსებული სულფორაფანი, რომელიც წარმატებით ებრძვის კიბოს, ასევე ასტაბილურებს შაქრის დონეს.

ვიტამინი В1 არეგულირებს ნერვული სისტემის საქმიანობას. ამ ვიტამინის უკმარისობა კი აუარესებს ნერვული სისტემის, გულის, სისხლძარღვებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. ამიტომ ბროკოლი აუცილებელია იმ ადამიანების რაციონში, ვისაც აქვს ნერვული აშლილობები, არიან ზედმეტად გაღიზიანებული და აქვთ ცუდი მეხსიერება.

ბროკოლი შესანიშნავი პროდუქტია დასუსტებული ადამიანებისთვის, ორსულებისთვის, ბავშვებისა და ასაკოვანი ხალხისთვის.

აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები:

ბროკოლის მიღება შეიძლება ნედლი, მოხარშული, ორთქლზე დამზადებული და შემწვარი სახით. მას ასევე იყენებენ, როგორც ერთ-ერთ ინგრედიენტს სუპებში, სოუსებში, ომლეტებში, ბოსტნეულის გარნირებში.

ბროკოლი აუცილებლად კარგად უნდა გაირეცხოს წყლის ჭავლით, რადგან მასში, შესაძლოა, მწერები იყვნენ დაბუდებული.

არ არის რეკომენდებული ბროკოლის დამზადება მიკროტალღურ ღუმელში, გაყინულის გალღობა და შემდეგ ისევ გაყინვა, თბილ ადგილზე შენახვა.

საკვებად იყენებენ როგორც ყვავილედს, ისე ღეროს. ღერო უნდა გათალოთ კანისგან და კანგაცლილი შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ სუპში ან სხვა კერძში.

ბოლოკი – სასარგებლო, დიეტური და შემადგენლობით მდიდარი სამკურნალო მცენარე>>

ბროკოლის მოხარშვის წესი: ბროკოლი ჩაუშვით მდუღარე, მარილიან წყალში და ხარშეთ 5-7 წუთი. თუ გაყინული იყო, ხარშვის დრო 10-12 წუთამდე გაზარდეთ. მოხარშვის მერე გადაავლეთ ცივი წყალი, რადგან მასზე მაღალი ტემპერატურა კვლავ განაგრძობს გავლენას.

ორთქლზე მომზადებისას გასათვალისწინებელია, თუ როგორ მდგომარეობაში გინდათ მისი მიღება – თუ ხრაშუნა გსურთ, ორთქლზე მოამზადეთ 5-7 წუთი, თუ ისეთი, პირში რომ დნებოდეს – 12-15 წუთი.

შეგიძლიათ ასევე ბროკოლის ბლანშირება, ღუმელში გამოცხობა და ნედლი სახით მიღება (სხვადასხვა სალათში).

ბროკოლს აქვს უკუჩვენებებიც

გაითვალისწინეთ: მისი მიღება ნედლი ან შემწვარი სახით არ შეიძლება კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებისას, გასტრიტისა და წყლულის დროს.

როდესაც ექიმის მიერ დანიშნული გაქვთ დიეტა, რომელიც უხეში უჯრედისის მიღებას გამორიცხავს.

იდეალური ქინოა – ჯანმრთელობის საწინდარი>>

ინდივიდუალური აუტანლობის დროს.

ბროკოლის შეწვისას გამოიყოფა კანცეროგენები და ორგანიზმში გროვდება, ამიტომ რჩევაა – არ შეწვათ ის ბევრი რაოდენობის ცხიმში და მაღალ ცეცხლზე.

138
თემები:
სასარგებლო რჩევები
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერი

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

0
(განახლებულია 23:06 21.09.2020)
საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საარჩევნო პროცესის გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნობა და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

„თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არჩევნები და კორონავირუსი: საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება >>

ადრე ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ გლობალური პანდემია კვლავ უკონტროლოა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ არსებული საერთაშორისო ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს თავისი დამკვირვებლები საქართველოში.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020