პეიზაჟური ბაღი

5 სექტემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

83
(განახლებულია 18:55 05.09.2020)
გაეცანით 5 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3–12 სექტემბერი

3–12 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს შრომისმოყვარეობასა და იდუმალ ხასიათს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 31,32, 40, 50.

3–12 სექტემბერის პერიოდში დაბადებულების სიმბოლოა მიხაკი.

ამ ადამიანებს სიმართლის მაძიებლების როლი არგუნა ბედმა. ისინი არასდროს მიდიან კომპრომისზე, არ არიან მოქნილები, არ აინტერესებთ, რას იფიქრებენ მათ სიტყვებზე, მთავარია, სიმართლე დაიცვან ნებისმიერ ფასად. მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ხანდახან სიმართლე მწარეა. ამიტომ სჯობს, გაითვალისწინონ გარშემომყოფების გრძნობები და თავიანთი სიმართლის დამტკიცება მიზნად არ აქციონ.

5 სექტემბერს დაბადებულები

5 სექტემბერს დაბადებულები უჩვეულოდ ძლიერი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან. სწორედ ინტუიცია კარნახობს მათ, სად და როგორ შეიძლება გამოიყენონ თავიანთი ნიჭი. შედეგად, სარგებელს ნახულობენ ამ დღეს დაბადებულებიცა და მათი ახლობლებიც. ამ რომანტიკულმა და პასიონარულმა პიროვნებებმა სხვებზე უკეთ იციან, რა სჭირდებათ ცხოვრებაში, ამიტომ თავიანთი ცხოვრებისეული მიმართულება ყოველთვის თვითონ უნდა გადაწყვიტონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეინარჩუნებენ ისინი თავიანთ საოცარ ნიჭს.

5 სექტემბერს დაბადებულები მთელი ცხოვრება თავიანთი ფანტაზიების საოცარ სამყაროსა და რეალობას შორის დაპირისპირებაში იმყოფებიან. აქვთ უჩვეულო ფანტასტიკური და რომანტიკული იდეები; ხშირად ამ პროექტებს ხორცსაც ასხამენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მიღწეული წარმატების ზედმეტად შეფასების მიდრეკილება გააჩნიათ, შედეგად, თავიანთ ოცნებებში არსებული სახე და მისი რეალური განსახიერება, შესაძლოა, მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. 

მიუხედავად ამ ნაკლისა, ამ დღეს დაბადებულებს შესწევთ უნარი, მოიფიქრონ და განახორციელონ შესანიშნავი, ზღაპრული პროექტები. ისინი საოცრად უფრთხილდებიან თავიანთ მიერ შექმნილ ზღაპრულ სამყაროს. თუმცა, ფანტაზიებისადმი ასეთი ერთგულება ხშირად პრობლემებს ქმნის რეალურ ადამიანებთან ურთიერთობებში.

მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი>>

ამ დღეს დაბადებულებს თუ სურთ, რომ ფსიქოლოგიური და სულიერი სრულყოფის გზას დაადგნენ, აუცილებლად უნდა ისწავლონ ფანტაზიის რეალობისგან გამოცალკევება. მიუხედავად ილუზორული სამყაროს შექმნის სიყვარულისა, ეს ადამიანები სულაც არ ამბობენ უარს გართობაზე, არიან სასიამოვნო და საინტერესო მეგობრები. თუნდაც სერიოზული და გონებამოკრებილი ნატურები იყვნენ, მაინც ცდილობენ უსიამოვნო სიტუაციების ჯანსაღი იუმორით განმუხტვას. როგორც წესი, არიან რბილი და ტაქტიანი ადამიანები, მაგრამ ეს – თუ საქმე სასიყვარულო ურთიერთობებს არ ეხება.

ამ დღეს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია პარტიორის გულწრფელობა გრძნობებთან დაკავშირებით. თუ რაიმე მცირეოდენიც კი შენიშნეს, გაუფრთხილებლად შეუძლიათ კავშირის გაწყვეტა. ამ ადამიანთა უმრავლესობა, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც კარგი აღზრდა და განათლება აქვს მიღებული, არ არის ანგარიშიანი; ისინი კარგი, უშუალო პიროვნებები არიან, რომლებიც გულწრფელად უკავშირდებიან იმ ადამიანებს, ვინც მათ მიმართ ნამდვილ მზრუნველობასა და მეგობრულ გრძნობებს ავლენენ.

ჯანმრთელობა

5 სექტემბერს დაბადებულებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ნებისმიერ ორგანიზმს აქვს შესაძლებლობების ზღვარი. ხშირად ეს ადამიანები ზედმეტად აფასებენ საკუთარ ძალებს, რამაც, შესაძლოა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გართულებები გამოიწვიოს. ამ მხრივ მათ მეგობრებისა და ახლობლების ყურადღება ნამდვილად არ აწყენთ. პრევენციის მიზნით მათთვის რეკომენდებულია რეგულარული ვიზიტები ექიმთან, თუნდაც წელიწადში ერთხელ, დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვება.

როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები>>

რჩევა:

ნუ იტყვით უარს წარმოსახვასა და რომანტიკულ ნაპერწკალზე, მაგრამ ეცადეთ, რეალობას არ მოწყდეთ. მთავარია, გაიგოთ თქვენი არსი და შეიყვაროთ თავი ისეთი, როგორიც ხართ.

83
ზურაბ ვადაჭკორია

ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში 

24
(განახლებულია 14:54 23.09.2020)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ პოლონეთში მცხოვრები დიზაინერის, ზურაბ ვადაჭკორიას საქმიანობასა და ცხოვრებას გაგაცნობთ.

უკვე 14 წელია პოლონეთში ცხოვრობს და ამ დროის მანძილზე ბევრის გადატანა მოუწია, თუმცა საკუთარი შრომისმოყვარეობის, ნიჭისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით პოლონელების ნდობა ადვილად დაიმსახურა. თავიდან ორიგინალური ფორმის შანდლების დამზადება დაიწყო და მისი შეძენის მსურველებიც მალე გამოუჩნდნენ.

დღეს პოლონელები უკვე საკუთარი სახლის დიზაინისა და ინტერიერის მოწყობას ანდობენ. ვარშავის უნივერსიტეტში, ერთ საპასუხისმგებლო შეკვეთას კარგად გაართვა თავი და ადგილობრივი თეატრიდან შემოთავაზებაც მიიღო. პანდემიის დღეებში, სახლში ყოფნის დროს, მან პოლონეთში ჩასულ ბევრ ქართველს გაუწოდა დახმარების ხელი, სრულიად უანგაროდ... დანარჩენს მასალიდან შეიტყობთ.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- ბატონო ზურაბ, როგორი იყო თქვენი თბილისური ცხოვრება, რას საქმიანობდით სამშობლოში?

- თბილისელი ვარ, მთაწმინდის უბანში ვცხოვრობდი. ბავშვობიდან კარგად ვხატავდი და ჩხირკედელაობა მიყვარდა. იქიდან მოყოლებული თავდაჯერებული ვარ, რადგან რასაც ხელს მოვკიდებდი, ყველაფერი კარგად გამომდიოდა. თავიდან გრიბოედოვის თეატრში ვმუშაობდი დეკორატორად, შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში თავისუფალ თეატრში სხვადასხვა სახის სამუშაოებს ვასრულებდი.  ზარმაცი არასოდეს ვყოფილვარ, შრომა ბავშვობიდანვე მიყვარს და 16 წლიდან მოყოლებული სულ ვშრომობ. ინტერესი და საქმის კეთების სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ, საქმე ისე ვერ აეწყო, როგორც მინდოდა, ამიტომ იძულებული გავხდი, ქვეყანა დამეტოვებინა და უცხოეთში ჩამოვსულიყავი.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- პოლონეთში რომელ წელს ჩახვედით და ვინ იყო ის ადამიანი, ვინც პირველმა გამოგიწოდათ დახმარების ხელი?

- ვარშავაში 2006 წლიდან ვარ, ანუ უკვე 14 წელი. ოჯახსაც აქ მოვეკიდე: მყავს პოლონელი მეუღლე და ორი ვაჟი. პირველი ადამიანი, ვინც ამ  ქვეყანაში გვერდში დამიდგა, პოლონელი პაველ ფიალკოვსკი იყო. ეს კაცი ყველაფერში მეხმარებოდა, მე ჯერ ავტომობილების ზეთების ვაჭრობაში დავსაქმდი, შემდეგ ხელნაკეთ ნივთებს მივუბრუნდი. საცდელად რკინის მასალისგან შანდლების გაკეთება დავიწყე. მათ სპეციალური ტექნიკური დანადგარების მეშვეობით ვამზადებდი. მალე დავინახე, რომ ჩემი ნახელავი ადგილობრივებს ძალიან მოსწონდათ. მათი ყიდვის მსურველი, ჩემდა გასაოცრად, ბევრი აღმოჩნდა.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

 - ვიცი, რომ სხვა სახის სამუშაოებსაც ასრულებდით, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი შეკვეთა იყო?

- ერთხელ შემთხვევით გავიცანი ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი მარეკ მილერი (Marek Miller), რომელსაც ჩემი ნახელავი ძალიან მოეწონა და წინადადება შემომთავაზა ერთი სერიოზული შეკვეთა შემესრულებინა. პოლონეთის უნივერსიტეტი, თურმე, ორი წელია ეძებდა მხატვარ-დეკორატორს, რომელიც ერთ საპასუხისმგებლო სამუშაოს კარგად გაართმევდა თავს. საქმე ისაა, რომ ვარშავის უნივერსიტეტის შენობაში ერთი ძველი, ისტორიული ნაკეთობა-თაბაშირისგან დამზადებული ორი არწივის ფიგურაა, რომლის ქვემოთაც უნდა გაკეთებულიყო წარწერა: „Między orłami“ („არწივებს შორის“)- დაფაზე კი ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებებისა და წარჩინებული სტუდენტების ფოტოები იქნებოდა გამოფენილი.

ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი

-თქვენამდე რატომ ვერ შეძლეს, ამ საქმის სირთულე რაში მდგომარეობდა?

-ადრე მცდელობა ჰქონდათ, რომ თაბაშირის მასალაზე წარწერა ლატუნისა და სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ასოებით გაეკეთებინათ, მაგრამ მცდელობა, ყოველ ჯერზე, მარცხით მთავრდებოდა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს, თითოეული ასო თაბაშირისგან დავამზადე და ასოებზე თან, არწივის ფრთები დავატანე. ასეთი წარწერა არწივის გამოსახულებას ჰარმონიულად შეერწყა, შთამბეჭდავი გამოვიდა და უნივერსიტეტში ყველას მოეწონა. მითხრეს, რომ ეს სწორედ ის არის, რაც გვინდოდაო.

ზურაბ ვადაჭკორიას თაბაშირის ასოებისგან გაკეთებული წარწერა ვარშავის უნივერსიტეტში
ზურაბ ვადაჭკორიას თაბაშირის ასოებისგან გაკეთებული წარწერა ვარშავის უნივერსიტეტში

- ამ უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა თუ იციან ამ ფაქტის შესახებ?

- არ ვიცი, მაგრამ დამპირდნენ, რომ ნამუშევარს აუცილებლად მიაწერდნენ: წარწერა მხატვრულად ქართველმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გააკეთაო. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც შენს შრომას ასეთ მაღალ შეფასებას აძლევენ.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ სხვა სერიოზული შემოთავაზებაც გაჩნდებოდა...

- ასეც იყო, ამავე პროფესორმა რეკომენდაცია გამიწია და გამაცნო პოლონეთში არსებული კერძო თეატრის- „რეპორტაჟების ლაბორატორია“ მფლობელი, რომელმაც დეკორატორად მუშაობა შემომთავაზა, მაგრამ ანაზღაურებამ არ დამაკმაყოფილა და უარი ვუთხარი, ამასთან როგორც სპეციალისტს, უფრო მეტი განვითარების სურვილი მქონდა, თეატრში კი ეს ვერ მოხერხდებოდა. მერე „ტრი-დე“ პროგრამაში მუშაობა ავითვისე, ავეჯისა და ბინების შიდა ინტერიერის დაპროექტება დავიწყე და მათ დიზაინზეც ვმუშაობდი.

ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი

- ვინ არიან თქვენი შემკვეთები?

- ჩემი შემკვეთები გამოჩეული ხალხია, მათ შორის პოლონეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები იყვნენ. პოლონეთის პარლამენტის წევრს ოფისი დავუპროექტე და მის დიზაინზეც ვიზრუნე. გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ ხარისხიანად ვმუშაობ და ამიტომ ბევრი მნიშვნელოვან შეკვეთას სწორედ მე მანდობენ, რაც ძალიან მახარებს და მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდლები
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდლები

- ყველა საქმეში პროფესიონალიზმის გარდა, პიროვნული თვისებებიც ფასდება...

 - ძალიან მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ შეკვეთის ხარისხიანად შესრულების გარდა, რაღა თქმა უნდა, აქ სპეციალისტის წესიერებასაც აქცევენ ყურადღებას. პოლონელები საიმედო პარტნიორები არიან, არ მახსენდება შემთხვევა, რომ მათ რაიმე საქმეში მოვეტყუებინე ან გავეწბილებინე, განსხვავებით ქართველებისგან, რომლებთან ურთიერთობასაც უკვე თავს ვარიდებ. ძალიან მწყინს ამას როცა ვამბობ და ეს ჩემს თავმოყვარეობაზეც მოქმედებს, მაგრამ სამწუხარო ფაქტია და ამას, ჯერჯერობით, ვერ გავექეცი...

ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- ეტყობა, ძალიან მწარე გამოცდილება გაქვთ...

-არ მინდა იმ კომპანიის დასახელება, ზოგადად ვიტყვი, რომ ვარშავაში ქართული ღვინის მწარმოებელი ერთი კომპანიიდან დამიკავშირდა პიროვნება, რომელსაც სახლი თავიდან ბოლომდე დავუპროექტე, სამუშაოს შესასრულებლად ადგილობრივი ხელოსნები ხელშეკრულებით ავიყვანე. მუშაობის დროს ერთმა მათგანმა თავისი სამუშაო ცუდად შეასრულა. მე ბოდიშის მოხდის შემდეგ მისი ხარვეზი მალევე გამოვასწორე. თუმცა იმ ადამიანმა ამ შემთხვევით ბოროტად ისარგებლა, რადგან ამის მერე არც სახლში შემიშვეს და დაპირებული თანხაც არ გადამიხადეს... იძულებული გავხდი, რომ დაქირავებული პოლონელი ხელოსნებისთვის შელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება საკუთარი ჯიბიდან გადამეხადა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ქართველებთან საქმეს აღარ დავიჭერდი...

ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- როგორც ვიცი, ეს გადაწყვეტილება ვერ შეასრულეთ, უფრო მეტიც, კოვიდის პერიოდში, როდესაც სამშენებლო სამუშაოები ყველგან და მათ შორის, პოლონეთშიც გაჩერდა, ქართველ ემიგრანტებს, თურმე, სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებოდით...

- რა ვიცი, გულმა მაინც ვერ გამიძლო... როცა სხვებთან ერთად მეც სახლში გამოვიკეტე, სოციალურ ქსელებში პოლონეთში ჩამოსული ქართველების პოსტებს ვკითხულობდი, სადაც ისინი დახმარებას ითხოვდნენ. მერე მათ ვუკავშირდებოდი, პირადად ვხვდებოდი და ვაკვალიანებდი... ამაზე ლაპარაკი ჩემი მხრიდან უხერხულია, მაგრამ რადგან მკითხეთ, გიპასუხეთ.

ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- თავად თუ გაქვთ საქართველოში საკუთარი დიზაინით დაპროექტებული ლამაზი სახლი?

- საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. როდესაც 2012 წელს თბილისში ჩამოვედი, უზენაესი სასამართლოს გვერდით, ზუბალაშვილის ქუჩაზე არსებული საკუთარი სახლი დავანგრიე და თავიდან ბოლომდე ჩემი დიზაინით დავაპროექტე და ავაშენე. ეს არის სახლი, რომელსაც ხშირად წარმოვიდგენდი ოცნებაში, ახლა ის ჩემს მშობლიურ ქალაქშია და როცა ჩამოვდივარ, იქ ყოფნით ბედნიერი ვარ... დიდი სურვილი მაქვს, რომ აქ დავრჩე, მაგრამ რეალობა სხვანაირია. სამწუხაროდ, უცხო ქვეყანაში უფრო დიდი ასპარეზია. პოლონეთში საქართველოსა და მეგობრების დიდი ნოსტალგია მაქვს, მენატრება ჩემი ქალაქი, მისი ქუჩები. ალბათ ის დროც მოვა, როცა ოჯახთან ერთად აქ სამუდამოდ დავბრუნდები და ჩემს აშენებულ სახლში ბედნიერად ვიცხოვრებ...

 

 

 

24
თემები:
ქართველები უცხოეთში
ექიმი სინჯავს ცხვირის მდგომარეობას

ცხვირის ძგიდის გამრუდება: რა შემთხვევაშია საჭირო ოპერაცია?

73
(განახლებულია 16:36 23.09.2020)
გარდა იმისა, რომ ცხვირის ძგიდის გამრუდება შეიძლება თანდაყოლილი იყოს, ეს შესაძლოა დარტყმის შედეგადაც მოხდეს, ამბობენ ექსპერტები.

ხშირად ადამიანებს, რომლებსაც გამრუდების სიმპტომები უვლინდებათ, აღარც კი ახსოვთ, როდის და რას მიარტყეს ცხვირი — ეს შეიძლება რამდენიმე წლის წინაც მომხდარიყო. საქმე ისაა, რომ ხრტილები ასაკთან ერთად უფრო მყიფე ხდება და სიმრუდეც ძლიერდება.

რა პრობლემებს ქმნის ძგიდის გამრუდება?

ძგიდე იჭერს ცხვირის კედლებს. მათი შეშუპების დროს სუნთქვა ძნელდება და ხშირად სურდო ჩნდება. ზოგჯერ ცხვირი იმდენად იჭედება, რომ ადამიანს მხოლოდ ერთ გვერდზე შეუძლია ჩაძინება. ცხვირის კედლებზე ზეწოლამ შეიძლება მისი ტკივილი გამოიწვიოს და მერე ეს ტკივილი შუბლზეც გავრცელდეს. გამრუდებული ძგიდის მქონე პაციენტები ხშირად თავის ტკივილსაც უჩივიან.

ირღვევა ჰაერის ნორმალური მოძრაობა. გამრუდებული ძგიდის მხრიდან ჰაერი ძლივს შედის ცხვირის სინუსებში — პატარა ღრუებში, რომლებიც ძვლების შიგნით მდებარეობს. თუ სინუსი არ „განიავდა“, ის შეიძლება ანთებითი გახდეს და ჰაიმორიტი გამოიწვიოს.

ცხვირის ლორწოვანი გარსი თხელდება. მუდმივი წნევა და ანთება აშრობს ლორწოვან გარსს, რაც ზრდის ცხვირიდან სისხლდენების ალბათობას და სასუნთქ გზებს უფრო დაუცველს ხდის ინფექციების მიმართ.

რთულდება სუნის გარჩევა. ადამიანი სუნს ცხვირის მცირე უბნის წყალობით გრძნობს. გამრუდებული ძგიდის მქონე ადამიანებს, მუდმივი შეშუპების გამო, ხშირად ყნოსვა უუარესდებათ.

როგორ უნდა მოიქცეთ გამრუდებული ძგიდის შემთხვევაში?

  • თუ შემთხვევით გაარკვიეთ, რომ ძგიდე მრუდეა, მაგრამ ეს არ იწვევს რაიმე სიმპტომებს და არ გირთულებთ ცხოვრებას, მაშინ სამედიცინო მანიპულაციები საჭირო არ არის;
  • თუ გაქვთ სურდო, ძილის პრობლემები, სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, რომელმაც სუნთქვის გასაადვილებლად შეიძლება მედიკამენტები დანიშნოს. ჩვეულებრივ, ეს არის მარილიანი ხსნარი და წვეთები, ან აბები შეშუპების მოსახსნელად. ექიმს ასევე შეუძლია ანტიჰისტამინური საშუალებების ან კორტიკოსტეროიდული სპრეის დანიშვნა. ეს საშუალებები ცხვირში გაჭედვას ხსნის, მაგრამ პრობლემის ძირეულ მიზეზს ვერ აგვარებს;
  • თუ ძგიდე მნიშვნელოვნად აფერხებს ცხოვრების ხარისხს, ექიმი სეპტოპლასტიკისკენ გადაგამისამართებთ. ეს არის კლასიკური ოპერაცია ძგიდის გასასწორებლად. ქირურგი ხრტილის ან ძვლის მრუდე ნაჭერს იღებს და ძგიდეც შუა ხაზზე დგება.

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ცხვირის ფორმა შეიძლება შეიცვალოს, თუ გამრუდება ძალიან ძლიერი იქნება. 

73
თემები:
სასარგებლო რჩევები
თბილისი

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება

0
(განახლებულია 15:43 23.09.2020)
კახა კალაძის განცხადებით, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik.  ავჭალის რაიონში ორ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე რეკრეაციული  სივრცის მოწყობა იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. 

მისი განცხადებით, პარკის კეთილმოწყობისთვის ავჭალის სადგურის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. სკვერის დაპროექტება თბილისის  მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობის გარგლებში იგეგმება.

 „ყველასთვის ცნობილია, რომ იმ პარკებსა და სკვერებში, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, განსაკუთრებით ზაფხულში ყველა ასაკის ადამიანების სიმრავლე იყო. ამიტომაც ჩვენ ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რათა ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შექვმნათ.  მწვანე ფერი უხდება თბილისს“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის სიტყვებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, გამონაბოლქვი კი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

0
თემები:
თბილისის მერია