მთვარის ფაზები

მთვარის კალენდარი: 13 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

637
(განახლებულია 12:37 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

13 აგვისტო, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

ტყუპის დღეები კარგია კონტაქტებისა და ურთიერთობებისთვის, გაცნობისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. ხელსაყრელი დროა ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავებისთვის, სრწფად გასაკეთებელი საქმეებისთვის.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან.

რეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული საქმიანობა, მიმდინარე საქმეების განხილვა და რთული საკითხების განხილვის გადადება, დაგეგმილის რეალიზება, საბუღალტრო ოპერაციები, ბიზნეს–საქმიანობა, მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება, აქტიურობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით: მშენებლობის საძირკვლის ჩაყრა, რემონტის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა, გამოფენების, კონცერტების მოწყობა, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება.

არარეკომენდებული აჩქარება, საფუძვლიანი მიზეზის გარეშე ხელმძღვანელობისთვის მიმართვა, კონტრაქტების გაფორმება.

კარგი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არასასურველი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. კარგი დღეა გადარგვის, გასხვლის, შეწამვლის, მოსავლის აღებისთვის.

ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება–გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.

637
პატარა ბავშვის კვების პროცესი

შეიძლება თუ არა ჩვილის საკვების შენახვა, როცა დედა ახალი სადილის მომზადებას ვერ ასწრებს

19
(განახლებულია 17:50 23.09.2020)
ასეც ხდება ხოლმე - დილაუთენია ადგები, პატარას აჭმევ და სამსახურში წასვლამდე სამზარეულოში ფუსფუსს იწყებ. ჩვილს სადილი ხომ უნდა დაუტოვო, რომ მომვლელმა შუადღეს კარგად დაანაყროს შენს დაბრუნდებამდე.

დატვირთული დღის განრიგი გაქვს, ამიტომ ფიქრობ, რამდენ ხანს და როგორ შეინახო საკვები მაცივარში, ყოველ ცისმარე დღეს პატარას სადილი რომ არ უკეთო. ამ საკითხზე პედიატრი და ბლოგერი თამარ ობგაიძე დედებს საინტერესო რჩევებს უზიარებს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

გაინტერესებს როგორ უნდა მოიქცე მაშინ, თუ ყოველდღე ახალი სადილის მომზადებას ვერ ასწრებ? რა თქმა უნდა პირველ რიგში უპირატესობა  უშუალოდ კვების წინ მომზადებულ საკვებს ენიჭება, რომელსაც მაშინვე აჭმევ პატარას. ახალი მომზადებული საკვები ხომ გაცილებით გემრიელიცაა და უსაფრთხოც.

მზა სადილი გაყინვის გარეშე მხოლოდ იმ დღეს ან მაქსიმუმ შემდეგ დღეს შეგიძლია გამოიყენო. აშშ წამლისა და სურსათის სააგენტო გვირჩევს, შენახვის მხოლოდ ამ მოკლე ვადას, რადგან ბაქტერიები სწრაფად იზრდება. ამიტომ შენახვისას ტემპერატურა +4-4,5 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს.

თუ კვებისას პატარა არ ამთავრებს სრულ ულუფას, დატოვებული საკვები მაცივარში აღარ შეინახო. ის აუცილებლად უნდა გადააგდო, რათა გამორიცხო ბაქტერიული დაბინძურება.

მოსამზადებლად ყოველთვის დეტალურად უნდა შეარჩიო ახალი, დაუზიანებელი პროდუქტი და კარგად გარეცხო. ამისათვის მხოლოდ წყლის გადავლებას ნუ ენდობი, ხილ-ბოსტნეულის გასასუფთავებლად სჯობს სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ჯაგრისი გამოიყენო.

საკვების მომზდების წინ კიდევ ერთხელ გარეცხე საჭრელი დაფები, რომელიც არ უნდა იყოს ფოროვანი. ამ ფორებში ადვილად იბუდებენ და იმალებიან ბაქტერიები.

თუ საკვების შენახვა გადაწყვიტე, მომზადებული პროდუქტები დაბლენდერების შემდეგ მოათავსე წინასწარ საპნით კარგად გარეცხილ ყინულის მოსამზადებელ ჭურჭელში, რაც საშუალებას მოგცემს საკვები კუბებად გაყინო და საჭიროებისას ის ულუფა აიღო, რამდენიც გჭირდება.

ჭურჭელს გადააფარე პოლიეთილენის თხელი გარსი, რომელიც საკვები პროდუქტებისათვისაა განკუთვნილი, შემდეგ კი ფოლგა შემოახვიე და საყინულეში მოათავსე.

როგორც კი საკვების ულუფები გაიყინება, გადმოიღე პლასტმასის სუფთა ჭურჭელში ან პაკეტში და შეინახე საყინულეში -17 -18 გრადუსზე. პაკეტს აუცილებლად დაურთე გაყინვის თარიღის ამსახველი სტიკერი.

ამ წესით გაყინული პიურე მაქსიმუმ 2 თვე შეგიძლია შეინახო.

და, ბოლოს, საკვების შესანახად ყოველთვის გამოიყენე მაღალი ხარისხის პლასტმასის ნაწარმი, რომელიც არ შეიცავს ბისფენოლს. მავნე პლასტმასის აღმნიშვნელად გამოიყენება ციფრი 7, რაც დატანილი უნდა იყოს პლასტამსის ჭურჭელის ძირზე.

ჯანმრთელობას გისურვებ!

19
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ზურაბ ვადაჭკორია

ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში

81
(განახლებულია 19:14 23.09.2020)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ პოლონეთში მცხოვრები დიზაინერის ზურაბ ვადაჭკორიას საქმიანობასა და ცხოვრებას გაგაცნობთ.

უკვე 14 წელია პოლონეთში ცხოვრობს და ამ დროის მანძილზე ბევრის გადატანა მოუწია, თუმცა საკუთარი შრომისმოყვარეობის, ნიჭისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით პოლონელების ნდობა ადვილად დაიმსახურა. თავიდან ორიგინალური ფორმის შანდლების დამზადება დაიწყო და მისი შეძენის მსურველებიც მალე გამოუჩნდნენ.

დღეს პოლონელები უკვე საკუთარი სახლის დიზაინსა და ინტერიერის მოწყობას ანდობენ. ვარშავის უნივერსიტეტში ერთ საპასუხისმგებლო შეკვეთას კარგად გაართვა თავი და ადგილობრივი თეატრიდან შემოთავაზებაც მიიღო. პანდემიის დღეებში, სახლში ყოფნის დროს მან პოლონეთში ჩასულ ბევრ ქართველს გაუწოდა დახმარების ხელი, სრულიად უანგაროდ... დანარჩენს მასალიდან შეიტყობთ.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- ბატონო ზურაბ, როგორი იყო თქვენი თბილისური ცხოვრება, რას საქმიანობდით სამშობლოში?

- თბილისელი ვარ, მთაწმინდის უბანში ვცხოვრობდი. ბავშვობიდან კარგად ვხატავდი და ჩხირკედელაობა მიყვარდა. იქიდან მოყოლებული თავდაჯერებული ვარ, რადგან რასაც ხელს მოვკიდებდი, ყველაფერი კარგად გამომდიოდა. თავიდან გრიბოედოვის თეატრში ვმუშაობდი დეკორატორად, შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში „თავისუფალ თეატრში“ სხვადასხვა სახის სამუშაოებს ვასრულებდი. ზარმაცი არასოდეს ვყოფილვარ, შრომა ბავშვობიდანვე მიყვარს და 16 წლიდან მოყოლებული სულ ვშრომობ. ინტერესი და საქმის კეთების სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, საქმე ისე ვერ აეწყო, როგორც მინდოდა, ამიტომ იძულებული გავხდი ქვეყანა დამეტოვებინა და უცხოეთში ჩამოვსულიყავი.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- პოლონეთში რომელ წელს ჩახვედით და ვინ იყო ის ადამიანი, ვინც პირველმა გამოგიწოდათ დახმარების ხელი?

- ვარშავაში 2006 წლიდან ვარ, ანუ უკვე 14 წელი. ოჯახსაც აქ მოვეკიდე: მყავს პოლონელი მეუღლე და ორი ვაჟი. პირველი ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში გვერდში დამიდგა, პოლონელი პაველ ფიალკოვსკი იყო. ეს კაცი ყველაფერში მეხმარებოდა, მე ჯერ ავტომობილების ზეთების ვაჭრობაში დავსაქმდი, შემდეგ ხელნაკეთ ნივთებს მივუბრუნდი. საცდელად რკინის მასალისგან შანდლების გაკეთება დავიწყე. მათ სპეციალური ტექნიკური დანადგარების მეშვეობით ვამზადებდი. მალე დავინახე, რომ ჩემი ნახელავი ადგილობრივებს ძალიან მოსწონდათ. მათი ყიდვის მსურველი, ჩემდა გასაოცრად, ბევრი აღმოჩნდა.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- ვიცი, რომ სხვა სახის სამუშაოებსაც ასრულებდით, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი შეკვეთა იყო?

- ერთხელ შემთხვევით გავიცანი ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი მარეკ მილერი (Marek Miller), რომელსაც ჩემი ნახელავი ძალიან მოეწონა და წინადადება შემომთავაზა ერთი სერიოზული შეკვეთა შემესრულებინა. პოლონეთის უნივერსიტეტი, თურმე, ორი წელია ეძებდა მხატვარ-დეკორატორს, რომელიც ერთ საპასუხისმგებლო სამუშაოს კარგად გაართმევდა თავს. საქმე ისაა, რომ ვარშავის უნივერსიტეტის შენობაში ერთი ძველი, ისტორიული ნაკეთობა – თაბაშირისგან დამზადებული ორი არწივის ფიგურაა, რომელთა ქვემოთ უნდა გაკეთებულიყო წარწერა Między orłami („არწივებს შორის“), დაფაზე კი ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებებისა და წარჩინებული სტუდენტების ფოტოები იქნებოდა გამოფენილი.

ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი

- თქვენამდე რატომ ვერ შეძლეს, ამ საქმის სირთულე რაში მდგომარეობდა?

- ადრე მცდელობა ჰქონდათ, რომ თაბაშირის მასალაზე წარწერა თითბერისა და სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ასოებით გაეკეთებინათ, მაგრამ მცდელობა ყოველ ჯერზე მარცხით მთავრდებოდა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს თითოეული ასო თაბაშირისგან დავამზადე და თან ასოებზეც არწივის ფრთები დავატანე. ასეთი წარწერა არწივის გამოსახულებას ჰარმონიულად შეერწყა, შთამბეჭდავი გამოვიდა და უნივერსიტეტში ყველას მოეწონა. მითხრეს, ეს სწორედ ის არის, რაც გვინდოდაო.

ზურაბ ვადაჭკორიას თაბაშირის ასოებისგან გაკეთებული წარწერა ვარშავის უნივერსიტეტში
ზურაბ ვადაჭკორიას თაბაშირის ასოებისგან გაკეთებული წარწერა ვარშავის უნივერსიტეტში

- ამ უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა თუ იციან ამ ფაქტის შესახებ?

- არ ვიცი, მაგრამ დამპირდნენ, ნამუშევარს აუცილებლად მიაწერდნენ, რომ წარწერა მხატვრულად ქართველმა ზურაბ ვადაჭკორიამ გააკეთა. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც შენს შრომას ასეთ მაღალ შეფასებას აძლევენ.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ სხვა სერიოზული შემოთავაზებაც გაჩნდებოდა...

- ასეც იყო, ამავე პროფესორმა რეკომენდაცია გამიწია და გამაცნო პოლონეთში არსებული კერძო თეატრის „რეპორტაჟების ლაბორატორიის“ მფლობელი, რომელმაც დეკორატორად მუშაობა შემომთავაზა. მაგრამ ანაზღაურებამ არ დამაკმაყოფილა და უარი ვუთხარი. თან როგორც სპეციალისტს, უფრო მეტი განვითარების სურვილი მქონდა, თეატრში კი ეს ვერ მოხერხდებოდა. მერე 3D პროგრამაში მუშაობა ავითვისე, ავეჯისა და ბინების შიდა ინტერიერის დაპროექტება დავიწყე და მათ დიზაინზეც ვმუშაობდი.

ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი

- ვინ არიან თქვენი შემკვეთები?

- ჩემი შემკვეთები გამოჩეული ხალხია, მათ შორის პოლონეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები იყვნენ. პოლონეთის პარლამენტის წევრს ოფისი დავუპროექტე და მის დიზაინზეც ვიზრუნე. გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ ხარისხიანად ვმუშაობ და ამიტომ ბევრ მნიშვნელოვან შეკვეთას სწორედ მე მანდობენ, რაც ძალიან მახარებს და მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდლები
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდლები

- ყველა საქმეში, პროფესიონალიზმის გარდა, პიროვნული თვისებებიც ფასდება...

- ძალიან მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ შეკვეთის ხარისხიანად შესრულების გარდა, რაღა თქმა უნდა, აქ სპეციალისტის წესიერებასაც აქცევენ ყურადღებას. პოლონელები საიმედო პარტნიორები არიან, არ მახსენდება შემთხვევა, რომ მათ რაიმე საქმეში მოვეტყუებინე ან გავეწბილებინე, განსხვავებით ქართველებისგან, რომლებთან ურთიერთობასაც უკვე თავს ვარიდებ. ძალიან მწყინს, ამას როცა ვამბობ, და ეს ჩემს თავმოყვარეობაზეც მოქმედებს, მაგრამ სამწუხარო ფაქტია და ამას ჯერჯერობით ვერ გავექეცი...

ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- ეტყობა, ძალიან მწარე გამოცდილება გაქვთ...

- არ მინდა იმ კომპანიის დასახელება, ზოგადად ვიტყვი, რომ ვარშავაში ქართული ღვინის მწარმოებელი ერთი კომპანიიდან დამიკავშირდა პიროვნება, რომელსაც სახლი თავიდან ბოლომდე დავუპროექტე, სამუშაოს შესასრულებლად ადგილობრივი ხელოსნები ხელშეკრულებით ავიყვანე. მუშაობის დროს ერთმა მათგანმა თავისი სამუშაო ცუდად შეასრულა. მე ბოდიშის მოხდის შემდეგ მისი ხარვეზი მალევე გამოვასწორე. თუმცა იმ ადამიანმა ამ შემთხვევით ბოროტად ისარგებლა, რადგან ამის მერე არც სახლში შემიშვეს და დაპირებული თანხაც არ გადამიხადეს... იძულებული გავხდი, რომ დაქირავებული პოლონელი ხელოსნებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება საკუთარი ჯიბიდან გადამეხადა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ქართველებთან საქმეს აღარ დავიჭერდი...

ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- როგორც ვიცი, ეს გადაწყვეტილება ვერ შეასრულეთ, უფრო მეტიც, კოვიდის პერიოდში, როდესაც სამშენებლო სამუშაოები ყველგან და, მათ შორის, პოლონეთშიც გაჩერდა, ქართველ ემიგრანტებს, თურმე, სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებოდით...

- რა ვიცი, გულმა მაინც ვერ გამიძლო... როცა სხვებთან ერთად მეც სახლში გამოვიკეტე, სოციალურ ქსელებში პოლონეთში ჩამოსული ქართველების პოსტებს ვკითხულობდი, სადაც ისინი დახმარებას ითხოვდნენ. მერე მათ ვუკავშირდებოდი, პირადად ვხვდებოდი და ვაკვალიანებდი... ამაზე ლაპარაკი ჩემი მხრიდან უხერხულია, მაგრამ რადგან მკითხეთ, გიპასუხეთ.

ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- თავად თუ გაქვთ საქართველოში საკუთარი დიზაინით დაპროექტებული ლამაზი სახლი?

- საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. როდესაც 2012 წელს თბილისში ჩამოვედი, უზენაესი სასამართლოს გვერდით, ზუბალაშვილების ქუჩაზე არსებული საკუთარი სახლი დავანგრიე და თავიდან ბოლომდე ჩემი დიზაინით დავაპროექტე და ავაშენე. ეს არის სახლი, რომელსაც ხშირად წარმოვიდგენდი ოცნებაში, ახლა ის ჩემს მშობლიურ ქალაქშია და როცა ჩამოვდივარ, იქ ყოფნით ბედნიერი ვარ... დიდი სურვილი მაქვს, რომ აქ დავრჩე, მაგრამ რეალობა სხვანაირია. სამწუხაროდ, უცხო ქვეყანაში უფრო დიდი ასპარეზია. პოლონეთში საქართველოსა და მეგობრების დიდი ნოსტალგია მაქვს, მენატრება ჩემი ქალაქი, მისი ქუჩები. ალბათ ის დროც მოვა, როცა ოჯახთან ერთად აქ სამუდამოდ დავბრუნდები და ჩემ აშენებულ სახლში ბედნიერად ვიცხოვრებ...

 

81
თემები:
ქართველები უცხოეთში
გაზის საკომპრესორო სადგური

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია EBRD–ისგან 217 მილიონ ევროს მიიღებს

0
(განახლებულია 18:01 23.09.2020)
სესხის ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას ითვალისწინებს

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას (GOGC) ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის 217 მილიონი ევრო გამოუყო, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

GOGC–ს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას ითვალისწინებს, რომლებიც კორპორაციამ  2016 წელს 5 წლის ვადით განათავსა და გრაფიკის მიხედვით იგი სრულად 2021 წლის აპრილში უნდა დაფარულიყო.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის განცხადებით, ეს  სასესხო ხელშეკრულება კორპორაციის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს მის საფინანსო დანახარჯებს.

„მიღებული სესხის პირობები გაცილებით უკეთესია, ვიდრე პანდემიამდე რეფინანსირების პროცესის განხორციელების შემთხვევაში გვექნებოდა. საპროცენტო განაკვეთი ორჯერ ნაკლებია. გარდა ამისა, სესხის ვადა 10 წელს შეადგენს მაშინ, როდესაც ევროობლიგაციები 5–წლიანი იქნებოდა. ამდენად,  COVID 19-ით გამოწვეული გლობალური სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წარმატებით გაართვა თავი ევროობლიგაციების რეფინანსირების უზრუნველყოფის პროცესს, რაც დაგვეხმარება უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ დაგეგმილი პროექტები“, - აღნიშნა გიორგი ბახტაძემ.

კომპანიის ცნობით, საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ მსხვილ საინვესტიციო ბანკებთან თანამშრომლობით 2016 წლის ევროობლიგაციების რეფინანსირების პროცესის ორგანიზებასა და წარმართვაზე მუშაობა  წლის დასაწყისიდან აქტიურად დაიწყო. მომზადებულ იქნა პოტენციური ინვესტორებისათვის განკუთვნილი შესაბამისი საინფორმაციო პროსპექტი.

რატომ არის აქტუალური და როდის აშენდება საქართველოში გაზსაცავი>>

COVID 19-ის გავრცელების და ფინანსურ ბაზრებზე მისი უარყოფითი გავლენის გამო, რამაც ტრანზაქციის განხორციელება მისაღები პირობებით შეუძლებელი გახადა, კორპორაციამ, საინვესტიციო ბანკებთან შეთანხმებით, 2016 წლის ევროობლიგაციების გამოსყიდვაზე 2020 წლის აპრილში ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ახალი ევროობლიგაციების განთავსების გზით, უარი თქვა და რეფინანსირების ალტერნატიულ საშუალებებს მიმართა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან აქტიური მუშაობის შედეგად,  ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიმდინარე წლის  სექტემბერში 10–წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც 2016 წლის ევროობლიგაციებიდან გამომდინარე სასესხო ვალდებულების ხელსაყრელი პირობებით დაფარვის საშუალებას იძლევა.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის საქმეში. ამასთან, კორპორაცია არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნავთობის და გაზის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პროექტებში და აქვს ეროვნული ნავთობის კომპანიის სტატუსი. კორპორაცია პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებებში წარმოადგენს სახელმწოფო ინტერესს.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში ოპერირების დაწყების მომენტიდან ბანკმა დაახლოებით 250 ფინანსურ, კორპორაციულ და ენერგეტიკულ პროექტში 3,8 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა