ადამიანის სილუეტი

ადამიანის ბიოველზე ძალადობა: გათვალვა, ჯადო, წყევლა გავლენის ძალა, თავდაცვის ხერხები

2293
(განახლებულია 11:25 23.06.2020)
შეიძლება, ბევრს არ სჯერა ჯადოსი თუ წყევლის, მაგრამ არიან პიროვნებები, რომლებსაც ამის სჯერათ და ადამიანებს ზიანს აყენებენ. ნამდვილად არსებობს მრავალი ენერგეტიკული საშუალება იმისა, რომ სხვა ადამინს ზიანი მიადგეს

გათვალვას, ჯადოსა და წყევლას ერთმანეთის მსგავსი მოქმედება აქვს, თუმცა, მათ შორის საგრძნობი განსხვავებაა.

ნეგატიური ზემოქმედებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ჭეშმარიტი რწმენა, ეკლესიაში სიარული და ლოცვაა, ასევე, ბიოველის გამტკიცება, მედიტაციური პრაქტიკები და სხვ.

როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები>>

გათვალვა

გათვალვას, შავი მაგიის თვალსაზრისით, ადამიანზე ყველაზე უწყინარ ზემოქმედებას შეიძლება ვუწოდოთ. გათვალვა შემთხვევითიც შეიძლება იყოს, თუ უადგილო დროს უადგილო ადგილას აღმოჩნდით, და სპეციალურიც, რომელიც თქვენი ბიოველის დანგრევისკენაა მიმართული.

ადამიანის აურა
ადამიანის აურა

როგორც წესი, გათვალვა გაუფორმებელი ნეგატიური ზემოქმედებაა, რომელსაც შური უდევს საფუძვლად. გათვალვა ახლობელ ადამიანსაც შეუძლია, თუ გულში უსიამოვნო სიტყვებს წარმოთქვამს, რომელთა ენერგეტიკას თქვენს ბუნებრივ დაცვაში ბზარის შემოტანა შეუძლია. ასეთ ზემოქმედებას საგრძნობი ზიანი არ მოაქვს და როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება.

იშვიათად ადამიანს საკუთარი თავის გათვალვაც შეუძლია, თუ გაუფრთხილებლად დაარღვევს დროის ბუნებრვ მსვლელობას. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ნაადრევი სიხარული რამე მოსალოდნელი დიდი გარიგების გამო, რომელიც იმის გამო შეიძლება ჩაიშალოს, რომ ძალზე ძლიერი ენერგეტიკული იმპულსი გაგზავნეთ.

გათვალვა ძლიერიც შეიძლება იყოს და ის მრავალი წლის განმავლობაში გდევდეთ თან. ის არცთუ იშვიათად სუსტ ჯადოშიც გადაიზრდება ხოლმე, რომელთან გამკლავებაც სახლის პირობებშიც შეიძლება.

საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამორიცხეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობები, გამოიყენეთ ქმედითი თილისმები.

დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ჯადო

ჯადოს პრაქტიკოსი მაგები უწოდებენ ნეგატიურ პროგრამას, რომელიც ადამიანის ენერგეტიკულ ველში ძალადობის გზით აღწევს და ნეგატიურად მოქმედებს მის საქმიანობაზე. ჯადოს წამყვანი ძალა უკვე არა შური, არამედ სიძულვილი და ნეგატიური გზავნილია.

ჯადოსგან ადამიანი შეიძლება დაზარალდეს სიყვარულის სფეროშიც, ფულთან დაკავშირებითაც და ჯანმრთელობის მხრივაც.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ბოროტების მიყენება სურს ადამიანს, რომელიც ჯადოს ზემოქმედების ინსტუმენტად იყენებს. ჯადო კეტავს ადამიანის ბედნიერებაზე პასუხისმგებელ ენერგეტიკულ არხებს და არ აძლევს მას სრულფასოვნად ცხოვრების საშუალებას. ჯადოს მოხსნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, როგორც კი ადამიანი იგრძნობს, რომ რაღაც წესრიგში არაა. სხვაგვარად შეიძლება შეიქმნას საფრთხე არა მხოლოდ კეთლდღეობის მხრივ, არამედ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის თვალსაზრსითაც კი.

როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

წყევლა

წყევლა ადამიანზე ყველაზე დამანგრევლად მოქმედებს. წყევლა მემკვიდრეობითაც კი გადაეცემა, მოიცავს საგვარეულო პროგრამას, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანზე,, არამედ მის ნათესავებზეც: შვილებზე, შვილიშვილებზე და შვილთაშვილებზეც კი. წყევლა შეიძლება გაიგზავნოს გაუცნობიერებლად, ხშირად ძლიერი ნეგატიური ემოციების ფონზე. თუმცა წყევლა ზემოქმედების ყველაზე რთული სახეობაა, რომელთან გამკლავება ხშირად მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ.

დაწყევლილია თუ არა ადამიანი, ამის დადგენა ირიბი ნიშნებით შეიძლება: ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, ცხოვრებაში შავი პერიოდის დადგომა, მუდმივი უიღბლობა, დაღლილობა და სრულფასოვანი ცხოვრების, სიხარულის, ცხოვრებით ტკბობის სურვილის უქონლობა.

წყევლის მოხსნა საკმაოდ რთულია. თუ მორწმუნე ხართ, მიმართეთ ეკლესიას, ილოცეთ, აკურთხეთ სახლი, წაიკითხეთ სპეციალური ლოცვები და ა.შ. თუ ათეისტი ხართ, მაშინ დაგეხმარებათ აფირმაციები, მედიტაცია, სპორტი, ჰობი. ეცადეთ პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოთ. პრინციპში, თუ არ გჯერათ ამ ყოველივესი, ეს, ერთი მხრივ, მოსახერხებელიცაა, რადგან თქვენ მუშაობთ საკუთარ თავზე და ძლიერდებით.

2293
ქეთევან ქარჩავა

როგორ აქციო ჰობი შემოსავლის წყაროდ: ხავერდის დახვეწილი ჩანთები ქეთევან ქარჩავასგან

313
(განახლებულია 20:02 10.07.2020)
ბევრ ადამიანს აქვს ჰობი, რომელიც ხელსაქმეს უკავშირდება. ზოგს ქარგვა იზიდავს, ზოგს ქსოვა, ზოგს კერვა. ბევრი ახერხებს თავისი გატაცება შემოსავლის წყაროდ აქციოს.

ქეთევან ქარჩავა პროფესიით ისტორიკოსია, თუმცა პროფესიით არასოდეს უმუშავია. ყოველთვის სურდა საკუთარი საქმე ჰქონოდა. გზა, რომლიც ქალბატონმა ქეთევანმა დიასახლისობიდან დღემდე გაიარა, არ იყო მარტივი. დღეს უკვე საკუთარი ბიზნესი აქვს. ხავერდისგან ულამაზეს ჩანთებს ქმნის, რომელსაც თავისივე ხელით დიდი რუდუნებით ქარგავს.

ქეთევან ქარჩავა
photo: courtesy of Ketevan Karchava
ქეთევან ქარჩავა

- პროფესიით ისტორიკოსი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია, ვიყავი უბრალოდ დიასახლისი. ვერ ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვიყავი, რადგან მუდმივად ვცდილობდი შემევსო ის დანაკლისი, რასაც პროფესიულად ვერ რეალიზება იწვევდა. კითხვა მიყვარდა ბავშვობიდან და ბევრს ვკითხულობდი, ვეძებდი სხვადასხვა გატაცებებს, მებაღეობაც კი ვცადე სახლის პირობებში. კერვა, ხატვა, თექაზე მუშაობა, თუმცა ეს გატაცებები ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა ყველა მათგანმა გარკვეული კვალი დატოვა ჩემი გემოვნებისა და თვითრწმენის ჩამოყალიბებაში.

შვილების გაზრდის მერე უფრო მწვავედ ვიგრძენი, რომ რაღაც მჭირდებოდა, რაც ჩემს, როგორც დიასახლისის ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდიდა. ამავე დროს საკუთარ თავს დავუმტკიცებდი, რომ ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია შენი ცხოვრება გახადო უფრო საინტერესო და ნაყოფიერი.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ვინ იყო ადამიანი, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში სტიმულს და მოტივაციას გაძლევდათ, გვერდით გედგათ და ყველაზე მეტად გამხნევებდათ?

- მთელი ამ თვითძიების პროცესს ჩემი მეუღლე, ძალიან წარმატებული იურისტი, ინტერესით, ცოტა იუმორით, მაგრამ საკმაოდ გაგებით ეკიდებოდა, რაც არ იყო მარტივი ამ გადმოსახედიდან. ჩემი ინტერესები და გატაცებები ელვის სისწრაფით იცვლებოდა, რაც საკმაო დისკომფორტს იწვევდა ოჯახში. ჩემი მეუღლეა ის ადამიანი, რომელიც დღემდე მხარს უჭერს ყველა ჩემს წამოწყებას და იდეას. ინსპირაციის წყარო კი ჩემი ქალიშვილია, რომელსაც ბავშობიდან დღემდე ნებით თუ ძალით ვარგებ ჩემ მიერ შექმნილ სამოსს თუ აქსესუარებს.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

- დაახლოებით 2015 წელს შევქმენი ონლაინ-გვერდი „ფეისბუქზე“. მაშინ ვმუშაობდი თექაზე, ფაქტიურად ამ დროიდან გარდაიქმნა ჰობი საქმიანობად. მიმიწვიეს რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაზე საქართველოში და საზღვარგარეთ, ინტერვიუ მთხოვა რამდენიმე ტელეარხმა, გაიყიდა ბევრი ნამუშევარი, შემომთავაზეს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრობა.  ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, როგორც თვითნასწავლ შემოქმედზე. ასევე მინდა ვთქვა, ყველაზე მასტიმულირებელი იყო ადამიანების აღტაცება ჩემი ნამუშევრებით. გარკვეული დროის მერე თექის ჩანთაზე ამოქარგვა დავიწყე, ქარგვამ ძალიან გამიტაცა. შემდეგ ქსოვილზე ვცადე და დღემდე მხოლოდ ქარგვით და კერვით ვარ დაკავებული. გასაკუთრებით ხავერდზე მომწონს ქარგვა, რადგან თვითონ ეს ქსოვილი განსაკუთრებულად ლამაზი და შესახებად სასიამოვნოა.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ხავერდზე მუშაობა რთული არ არის?

- მასზე საკმაოდ რთულია მუშაობა და ესკიზის გადატანა, ამიტომ პირდაპირ ვქარგავ და არასოდეს ვიცი რა იქნება საბოლოო შედეგი, ასე უფრო საინტერესოა ჩემთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, ბებიას უყვარდა ქარგვა. მახსოვს, ბავშვობაში ძალიან ლამაზი საზეიმო კაბა მომიქარგა, მამიდაც ქარგავდა და კერავს დღემდე, მეც ალბათ მათგან გამომყვა ხელსაქმის სიყვარული.

ხელნაკეთი ჩანთა
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთა

- როგორ ფიქრობთ, რით არის თქვენი ჩანთები გამორჩეული, როგორ დაიპყარით ამდენი ქალბატონის გული?

- ჩემი ჩანთები ვინტაჟური სტილისაა. ასე მგონია, მე-19 საუკუნის ვიქტორიანული სული ცოცხლდება მათში. აქ ალბათ გავლენას ახდენს ჩემი სიყვარული ისტორიისადმი. ასევე მიყვარს ბუნება, ყვავილები, ყველაფერი, რაც ცოცხალია და სუნთქავს. ვფიქრობ, რაც იზიდავს ქალბატონებს ჩემ მიერ შექმნილ აქსესუარებში, არის ცოტაოდენი რომანტიზმი, ფერთა გამა, ყვავილების სილამაზე და, რა თქმა უნდა, ხარისხი.

ასევე მინდა ვთქვა, ყველა ნივთი იქმნება დიდი სიყვარულით და გულმოდგინებით, ყველა მათგანი გამორჩეულია ინდივიდუალიზმით, რადგან არ კეთდება შაბლონით. მე მათში ვქარგავ ჩემი სულის ნაწილს და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ყველა ჩემ მიერ შექმნილი აქსესუარი ჰყვება ამბავს. ხანდახან მიჭირს კიდევაც მათთან განშორება.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ყველაზე დიდი მოთხოვნა როგორი სტილის ჩანთებზეა?

- ვერ გეტყვით, რადგან რასაც ვაკეთებ, თითქმის ყველაფერი იყიდება. ხანდახან რომელიღაც მოდელის გამეორებას მთხოვენ, თუმცა იდენტურის გაკეთება შეუძლებელია. ძირითადად მენდობიან და მაძლევენ შემოქმედებით თავისუფლებას. ასეთი დამკვეთების მიმართ საოცრად კეთილგანწყობილი ვხდები და ნამუშევარიც შესაბამისი გამოდის.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ჩანთების გარდა სხვა აქსესუარებასაც ამზადებთ?

- დიახ, ჩანთების გარდა ამ ეტაპზე ვაკეთებ მოქარგულ გულსაკიდებს, საყელოებს, თმის რკალებს, ყაბალახებს და შარფებს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- წინასწარ ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა მომხმარებელს ვპირდები საინტერესო და ხარისხიან ნამუშევრებს. ზოგადად, გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ. ცვლილებები არ მაშინებს. ამ ეტაპზე ვმუშაობ ინტერნეტ–გაყიდვების გაზრდაზე და ამიტომაც ვგეგმავ სოციალურ ქსელებში მეტად გააქტიურებას. ასევე ჩემი სამომავლო გეგმაა უცხოეთის ბაზარზე ნამუშევრების გატანა.

313
ღობე ეზოს გარშემო

როდის შეუძლია მეზობელს თქვენი მიწის ნაკვეთის გამოყენება იცოდეთ თქვენი უფლებები

265
(განახლებულია 18:56 10.07.2020)
იცოდით, რომ საქართველოს კანონმდებლობა თქვენს მეზობელს უფლებას აძლევს – თქვენი მიწის ნაკვეთით ისარგებლოს?

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით აგიხსნათ შემთხვევები, თუ როდის ანიჭებს კანონმდებლობა თქვენს მეზობელს თქვენი ნაკვეთის გამოყენების უფლებას, ან რა შემთხვევაში ვერ ისარგებლებს ის აღნიშნული უფლებით.

სამეზობლო სამართალს „სამოქალაქო კოდექსი“ არეგულირებს და თუ ადამიანი ვერ ახერხებს მეზობელთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარებას, იძულებული ხდება კანონს მიმართოს.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. კანონი, პირველ რიგში, მეზობლებს ავალდებულებს, რომ პატივი სცენ ერთმანეთს, მეორე რიგში კი თმენისკენ მოუწოდებს.

მართალია, კანონი უძრავი ქონების მესაკუთრეებს გვაძლევს შესაძლებლობას – ჩვენი შეხედულებისამებრ ვფლობდეთ, ვსარგებლობდეთ და განკარგავდეთ ჩვენს უძრავ ქონებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მიწის ნაკვეთს, საკუთრებით შეუზღუდავი სარგებლობა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და ზიანს აყენებს მას.

ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა გარკვეულწილად ითვალისწინებს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესს და ადგენს მის მიერ აუცილებელი გზის მოთხოვნის შესაძლებლობას.

არის შემთხვევები, როცა მიწის ნაკვეთს არ გააჩნია კომუნიკაციებთან მისასვლელი გზა, როგორიცაა საავტომობილო გზა, წყალმომარაგების ქსელი და ა.შ. ამ შემთხვევაში ასეთი ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს აუცილებელი გზა იმ ნაკვეთის მესაკუთრისგან, რომლის ნაკვეთიც უერთდება აღნიშნულ კომუნიკაციებს.

მოდით, უფრო მარტივად ავხსნათ, როდის აძლევს კანონი უფლებას მეზობელს თქვენი მიწის ნაკვეთით ისარგებლოს:

თუ მის ნაკვეთს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ

1. საჯარო გზას უკავშირდება მხოლოდ თქვენი მიწის ნაკვეთის მეშვეობით;

2. ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან მიერთებისათვის კომუნიკაციებმა აუცილებლად თქვენი მიწის ნაკვეთი უნდა გაიაროს.

ამ ორ შემთხვევაში არ გაქვთ უფლება, მეზობელს აუკრძალოთ თქვენი მიწის ნაკვეთით ამგვარი სარგებლობის უფლება და მას შეუძლია მოგთხოვოთ, რომ ითმინოთ თქვენი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

თუ მეზობლის ნაკვეთამდე მისასვლელი გზა ან გაყვანილობა თქვენს ნაკვეთზე გადის, თქვენ უნდა მოგცენ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

გაითვალისწინეთ, თუ აუცილებელი გზა (მიწის ნაკვეთთან სხვა ალტერნატიული მისასვლელი) ან გაყვანილობა უკვე არსებობდა და იგი მეზობლმა თვითნებურად გააუქმა, მაშინ თმენის ვალდებულება აღარ წარმოიშობა და მეზობელიც თქვენი ნაკვეთის ხარჯზე ვეღარ მოითხოვს აუცილებელ გზას. აქვე გაგაფრთხილებთ, რომ თვითნებური მოქმედება წარმოადგენს შეფასების საგანს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მისი არსებობა/არარსებობა.

თუ თქვენ უარს აცხადებთ, ითმინოთ თქვენ მიერ აუცილებელი გზის გადაცემა, მეზობელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აუცილებელი გზის დადგენა. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს აუცილებელი კავშირი სხვადასხვა ობიექტებთან, განმცხადებელს/მოსარჩელეს ეკისრება.

თუმცა, ვიდრე მეზობელს გაანაწყენებდეთ, გაიხსენეთ, რომ ცუდი მეზობელიც კი კარგ ნათესავს სჯობია და ხშირად ადამიანი გაჭირვების დროს მეზობლების იმედად რჩება.

 

265
თემები:
სასარგებლო რჩევები
პროკურატურის შენობა

მოკლული ფეხბურთელის ოჯახი ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს

0
(განახლებულია 22:53 10.07.2020)
პროკურატურის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა - ახალგაზრდა წყალში დაიხრჩო

თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. გიორგი შაქარაშვილი მოკლეს, შემდეგ კი მდინარე არაგვში გადააგდეს - ეს ცალსახად დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით, განაცხადა დაღუპული ფეხბურთელის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ პარასკევს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. 

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ  მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. იგი  მეგობრის წვეულების შემდეგ დაიკარგა, სადაც სტუმრებს შორის მასობრივი კონფლიქტი მოხდა. საქმემ   საზოგადოებაში თავიდანვე რეზონანსი გამოიწვია – მომხდარ ფაქტთან მაღალჩინოსნების მეგობრების შესაძლო კავშირის შესახებ გავრცელებული ხმების გამო.

 „საქართველოსპროკურატურამ უკვე გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, ამ დასკვნას ოჯახი დიდიხანია ველოდით,  ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი გამოძიებაში. სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა დაგვედასტურებინა ჩვენი პოზიცია, რამდენად რეალური იყო ოჯახის ვერსია გიორგის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, გიორგის სიცოცხლეშივე მიაყენეს დაახლოებით 12 ფიზიკური დაზიანება, რაც ადასტურებს იმას, რომ მის მიმართ გამოიყენეს ფიზიკური ძალადობა, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს. 

 „გამორიცხულია, რომ ეს დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, მიადგეს ადამიანს თუნდაც იმ ფერდობზე დაგორებით, თუნდაც სირბილის, წაქცევის დროს, ეს არის წარმოუდგენელი. დაზიანებები მიყენებულია სახის არეში, ტანზე, ხელების მიდამოებში და ყველგან“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 

მისი თქმით, დღეიდან ოჯახს კატეგორიული პოზიცია ექნება - ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის.

 „პროკურატურის მიერ შემოთავაზებული კვალიფიკაცია, სისხლის სამართლის საქმის სწორი კვალიფიკაციაა.  თუმცა, ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას  სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით. შესაბამისად ველოდებით, როდის იქნება კონკრეტული ბრალდებები წარდგენილი გამოძიების ფარგლებში და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის განზრახ მკვლელობის გამო“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

საქართველოს პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე გადააკვალიფიცირა – „დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა“.

საქმის დეტალები

პროკურატურის განცხადებით, 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების უშუალო მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობის შედეგად.

ამასთან, შაქარაშვილის სხეულზე ექსპერტიზის დროს აღმოჩნდა მრავლობითი ტრავმები, მიყენებული მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, სიცოცხლისდროინდელი  დაზიანებები თავის არესა და სხეულზე. 

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიური გამოძიება გრძელდება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

საქმის სირთულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს თბილისის ფეხბურთის კლუბ „საბურთალოს“ აკადემიის აღსაზრდელი 19 წლის გიორგი შაქარაშვილი მეგობართან ერთად იმყოფებოდა მცხეთაში, მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე, სადაც მოხდა ჩხუბი. მოგვიანებით საქმის გარჩევა გაგრძელდა თბილისისკენ მომავალ ავტომაგისტრალზე, სადაც კონფლიქტის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა თბილისიდან „დამხმარე ძალა“ გამოიძახა. 

მოწმეთა მტკიცებით, გიორგიმ ჩხუბის ადგილი დატოვა და მდინარისკენ გაიქცა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება. რამდენიმე დღეში იგი გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე 17 პირი ძალადობისა და თავისუფლების მართლსაწინააღმდეგო აღკვეთის ბრალდებითაა დაკავებული. წინასასამართლო მოსმენა  31 ივლისს გაიმართება.

გამოძიება ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა. აღნიშნულ მუხლებს უკვე დაემატა 109-ე მუხლი - განზრახ ჯგუფური მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

0