მეხსიერებაში „გაცოცხლებული“ ქართული და უცხო ჟღერადობის სიტყვა, რომელმაც პატარა გოგო აატირა

© photo: courtesy of Nino Kantariaნინო ქანთარია
ნინო ქანთარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„აშკარად ვგრძნობდი, რომ უცხო მიწაზე ბედნიერი არ ვიყავი” – ეს ოცი წლის ნინო ქანთარიას სიტყვებია, ის რუსეთში დაიბადა და ბავშვობის ნაწილი იქ გაატარა.

ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში დაბრუნებულმა მშობლიური ენა შეისწავლა, თანაც ისე კარგად, რომ მალე ლექსების ქართულად წერა დაიწყო.

დღეს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. საქართველოს შემოქმედებით წრეებში ნინოს უკვე იცნობენ და პოეზიის საღამოებზეც ხშირად იწვევენ...

© photo: courtesy of Nino Kantariaნინო ქანთარია
მეხსიერებაში „გაცოცხლებული“ ქართული და უცხო ჟღერადობის სიტყვა, რომელმაც პატარა გოგო აატირა - Sputnik საქართველო
ნინო ქანთარია

- ნინო, გაიხსენეთ, როგორ გრძნობდით თქვენს სულიერ კავშირს ქვეყანასთან, რომელიც თქვენი ისტორიული სამშობლოა?  

- მე რუსეთში დავიბადე და ბავშვობის რაღაც ნაწილი იქ გავატარე. მეექვსე კლასში ვიყავი, როცა აქ ჩამოვედი. სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, რატომღაც ყოველთვის ვგრძნობდი – რაღაც მაკლდა... მართალია, არ მაწვიმდა, არ მშიოდა და არც მწყუროდა, მაგრამ აშკარად ვგრძნობდი, რომ უცხო მიწაზე ბედნიერი არ ვიყავი. აქ ჩამოსვლამდეც ვიცოდი, რომ საქართველო მსოფლიოში ულამაზესი ქვეყანაა. საკუთარ თავს ყოველთვის ვხატავდი ლამაზ სიზმრებში და ძალიან ბედნიერს. ახლა ვცხოვრობ სამეგრელოში, წალენჯიხის რაონის ქალაქ ჯვარში. თავისუფალ დროს ვწერ ლექსებს, ანუ ჩემი ნაფიქრალი ფურცელზე გადამაქვს. აქ რომ ჩამოვედი, ქართული საერთოდ არ ვიცოდი, ამიტომ თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ძალიან მოვინდომე და ვისწავლე. საუბრის დროს ბევრ გრამატიკულ შეცდომას ახლაც ვუშვებ.

© photo: courtesy of Nino Kantariaნინო ქანთარია
მეხსიერებაში „გაცოცხლებული“ ქართული და უცხო ჟღერადობის სიტყვა, რომელმაც პატარა გოგო აატირა - Sputnik საქართველო
ნინო ქანთარია

- ლექსების ქართულად წერა რამდენ ხანში დაიწყეთ?

- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ლექსის წერის სურვილი ჩემ სულში თავიდანვე იყო, ოღონდ ჩაკეტილი. როცა ქართული ვისწავლე, სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ მომინდა დამეწერა. სტიმული ჩემმა მშობლიურმა ენამ მომცა, მომინდა, რომ ჩემი სულის ამოძახილი ფურცლებზე გამეცოცხლებინა. ლექსი უფრო ხშირად სევდიანი განწყობის დროს მეწერება. სევდა ჩემი მეგზურია, ის ხომ ადამიანის სულის ნაწილია, მაგრამ რატომღაც ჩემი ხშირი სტუმარიც გახდა.

© photo: courtesy of Nino Kantariaნინო ქანთარია
მეხსიერებაში „გაცოცხლებული“ ქართული და უცხო ჟღერადობის სიტყვა, რომელმაც პატარა გოგო აატირა - Sputnik საქართველო
ნინო ქანთარია

- როგორ გახსენდებათ საქართველოსთან პირველი შეხება?

- საქართველოში ჩამოსვლისთანავე გრძნობების ქარტეხილში აღმოვჩნდი. პირველი დღე არასოდეს დამავიწყდება, მით უფრო, ისეთი რამ მოხდა, რაც დღემდე ვერ ამომიხსნია. მახსოვს, რომ ჩვენ წინ გაჩერდა დიდი გემი, რომელზეც ქართული სიმღერა ისმოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემმა გონებამ იმ სიმღერიდან ჩემთვის უცხო მნიშვნელობის და ჟღერადობის ერთი სიტყვა „დაიჭირა“. ეს იყო სიტყვა "დავბრუნდი"... მაშინ მართლა არ ვიცოდი ამ სიტყვის მნიშვნელობა, არ ვიცი რატომ, მაგრამ უცებ ავტირდი... ეს ამბავი დღემდე ვერ ავხსენი. ეტყობა, ჩემ გენეტიკურ კოდში მართლა იყო რაღაც ქართული, რომელიც იმ მომენტში უცებ გააქტიურდა...

© photo: courtesy of Nino Kantariaნინო ქანთარია
მეხსიერებაში „გაცოცხლებული“ ქართული და უცხო ჟღერადობის სიტყვა, რომელმაც პატარა გოგო აატირა - Sputnik საქართველო
ნინო ქანთარია

- პოეზიის საღამოებს ესწრებით ხშირად, საკუთარი თუ გქონდათ?

- დიახ, ვესწრები სალონურ საღამოებს, რომლებსაც ქუთაისში ბატონი თემურ ძიძიგური და ქალბატონი ირმა ქურასბედიანი ატარებენ. ორი დიდი, სულიერად ძლიერი ადამიანი, რომლებაც არაერთხელ მომცეს საშუალება ასეთ საღამოებზე გამოვსულვიყავი და ჩემი ლექსები გამეზიარებინა მსმენელისთვის. ჩემი პოეზიის საღამო არ მქონია, მაგრამ იმედი მაქვს, ამ ოცნებასაც, ერთხელ იქნება, ავისრულებ. მინდა ვახსენო ჩემი სამყაროს ნაწილი, საოცარი ადამიანი, ფილოლოგი ია სულაბერიძე, რომელიც მუდამ ჩემ გვერდითაა. სულ მისწორებს ლექსებს, მაძლევს რჩევებს, მარიგებს, მესაუბრება პოეზიაზე. მისი პოეტური სულიდან გამომდინარე სწორედ მას ვუმადლი ჩემს არაერთ ბედნიერ დღეს. ბევრჯერ მოუცია სტიმული და ძალა იმისთვის, რომ ლექსი თავდაჯერებულად და სიმამაცით მეთქვა…

© photo: courtesy of Nino Kantariaნინო ქანთარია
მეხსიერებაში „გაცოცხლებული“ ქართული და უცხო ჟღერადობის სიტყვა, რომელმაც პატარა გოგო აატირა - Sputnik საქართველო
ნინო ქანთარია

- თქვენ მიერ დაწერილი „ყველაზე სათქვენო“ სტრიქონები რომელია?

- მაქციეს ზურგი,

მესროლეს ტყვია,

ახლა კი უკვირთ,

არაფრად თვლიან.

სულ არ მატყვია

ჭრილობა სულზე,

ახლა ნატყვიარს

შორიდან ვუმზერ.

ზღვა ისევ ღელავს,

ჩავუშვი ღუზა,

ვერ ვუგებ ყველას,

მაფიქრებს მუზა.

დუმილი ამხელს,

სული კვლავ გოდებს,

ქარი კი არხევს

ნელ-ნელა ფოთლებს.

არ მიკვირს, რატომ?

ტვირთი აქვს პოეტს,

დარდი მას მარტო

არასდროს ტოვებს...

© photo: courtesy of Nino Kantariaერეკლე საღლიანთან ერთად
მეხსიერებაში „გაცოცხლებული“ ქართული და უცხო ჟღერადობის სიტყვა, რომელმაც პატარა გოგო აატირა - Sputnik საქართველო
ერეკლე საღლიანთან ერთად

- ახლა ოცი წლის ხართ, ყველაზე მეტად რა მოგწონთ თქვენს თანატოლებში?

- ჩემ თაობაში მომწონს ის, რომ სულიერად თავისუფლები არიან და შეუძლიათ სრულად შეიგრძნონ ცხოვრების ხალისი. ცუდი ისაა, რომ ვგრძნობ, დღეს ბევრი რამაა გაუფასურებული და უმეტესობას მივიწყებული აქვს ადათ-წესები, რაც წინაპრებისგან შემოგვრჩა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ სიახლე ყოველთვის კარგია, მაგრამ ამ შეცვლაში კარგი არ უნდა დაიკარგოს.

© photo: courtesy of Nino Kantariaნინო ქანთარია
მეხსიერებაში „გაცოცხლებული“ ქართული და უცხო ჟღერადობის სიტყვა, რომელმაც პატარა გოგო აატირა - Sputnik საქართველო
ნინო ქანთარია

- სამშობლო რა არის თქვენთვის?

- როცა აქ ჩამოვედი, ბევრს დავდიოდი და ყველგან, მაოცებდა აქაური ლამაზი ბუნება, მედიდური მთები და ხალხი. სამშობლო ჩემი სულის ნაწილია, წინაპრების სისხლით დაცული სალოცავია და ძალიან მიყვარს.

- როგორია თქვენს ოცნებაში არსებული სამშობლო?

- ჩემ ოცნებებში საქართველოს უკვე დაბრუნებული აქვს დაკარგული მიწები და ფეხზე ისევ მყარად დგას. ჩემი ოცნების საქართველოდან არავინ ტოვებს თავის მშობლიურ, თბილ კერას და ემიგრაციაშიც არავინ მიდის, რადგან იქ ამის საჭიროება უკვე აღარ არის...

 

ყველა ახალი ამბავი
0