ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ტაქსი! გააჩერე!..

© Sputnik / Levan AvlabreliРубрика: Журналист меняет профессию - таксист
Рубрика: Журналист меняет профессию - таксист - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტი შოთა ნოზაძე ერთი დღით ტაქსის მძღოლი გახდა თბილისის ქუჩებში და ის მოგვიყვება, თუ რას ნიშნავს იყო ტაქსის მძღოლი.

ჟურნალისტიკის ოთხწლიანი სწავლის დიპლომი თაროზე შემოვდე, ფარეხიდან ავტომობილი გამოვიყვანე და ყვითელი ტაქსის ტრაფარეტი დავადე… შუქნიშანზე მწვანე სიგნალი აინთო და სიტუაციას „თვრამეტიანი ქანჩივით“ მოვერგე.

,

გაასწარი! გაასწარი! ყველა ტაქსის მძღოლს გაასწარი, თუ გინდა, რომ კლიენტი არ დაკარგო, თუ გინდა, რომ მგზავრმა შენ აგიწიოს ხელი და ხუთი გაჩერებული ტაქსიდან აგირჩიოს… და თუ ამ დროს მოძრაობის წესებს დაარღვევ, მაინც ვერავის გააკვირვებ ამ ქალაქში, შენ ხომ ტაქსი ხარ — გზის მეფე და შენი სამსახურის უფროსიც…

© Sputnik / Levan Avlabreliგაასწარი, თუ გინდა, რომ კლიენტი არ დაკარგო!
Рубрика: Журналист меняет профессию - таксист - Sputnik საქართველო
გაასწარი, თუ გინდა, რომ კლიენტი არ დაკარგო!

არაოფიციალური სტატისტიკით, დედაქალაქში ყოველ 14 მგზავრზე ერთი ტაქსი მოდის. ეს საკმაოდ უცნაური მაჩვენებელია. ამგვარი კონკურენციის გამო ტაქსისტების ისედაც მცირე შემოსავალი თვალსა და ხელს შუა კიდევ მცირდება.

ზოგიერთ მათგანს დღეში 15-18 ლარის მოგება რჩება, რაც ამ ადამიანების მთელი დღის შრომის საფასურია. თვის ბოლოს კი გაცვეთილი ნაწილების შეცვლა იმდენივე თანხა უჯდებათ, რაც 30 დღეში გამოიმუშავეს. ასეთია რეალობა, რომელშიც თბილისში დღეს ტაქსის მძღოლებს უწევთ მუშაობა…

 

რვასაათიანი მუშაობის შემდეგ ჩემ დღიურ გასამრჯელოდ 14 ლარი დავითვალე. სულ ოთხი მგზავრი მყავდა. მგზავრობის ღირებულებაზე ვერშეთანხმებული სამი მგზავრი ჩემ წინ მიმავალ ტაქსისგან უარით გამოსტუმრებული გახლდათ, ერთი კი მეგობარი აღმოჩნდა, რომელსაც მეგობრული სოლიდარობით, რა თქმა უნდა, ფასდაკლებით მოვემსახურე. ტრადიციულად „ის ლარიანი“ ხურდისთვის ვერც მე ვიპოვე.

© Sputnik / Levan Avlabreliსულ ოთხი მგზავრი მყავდა
Рубрика: Журналист меняет профессию - таксист - Sputnik საქართველო
სულ ოთხი მგზავრი მყავდა

აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის ეკონომისტებმა გაარკვიეს, რომ თურმე ქალი ტაქსის მძღოლები 7%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები. მიზეზი კი ისაა, რომ ქალები ღამის განმავლობაში მუშაობას ერიდებიან, ასევე ფრთხილობენ, არ ჩქარობენ მანქანის მართვისას და ნაკლებად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ რომელიმე უბანში მგზავრებისგან დაღლილ, დაკარგულ, ქალაქში სამუშაოდ მორიგ გადმოცხოვრებულ „შენიანს“ წააწყდებით. პროფესიული სოლიდარობა გავალდებულებს გზა უჩვენო და „ბერმუდის სამკუთხედიდან“ ტრასამდე გაიყვანო… გონიერმა და მონდომებულმა ტაქსის მძღოლებმა, რომლებმაც გზები არ იციან, კერძო კომპანიებთან დადეს ხელშეკრულება, პლანშეტური კომპიუტერი საქარე მინასთან დაამაგრეს და ქალაქის რუკის პროგრამა დააინსტალირეს.

კომპანიების ნაწილი მგზავრობის ღირებულებას მანძილის მიხედვით ითვლის. აქაც არ დაიბნენ მძღოლები და მგზავრებისთვის, რომლებმაც ქალაქის ქუჩები მათსავით არ იციან, ქართული ანდაზა ცოტათი გადააკეთეს: „შორი გზა მოვიაროთ და შინ მდიდარი მივიდეთ“.

© Sputnik / Levan Avlabreliტაქსის მძღოლობა ძალიან დამღლელი საქმიანობაა
Рубрика: Журналист меняет профессию - таксист - Sputnik საქართველო
ტაქსის მძღოლობა ძალიან დამღლელი საქმიანობაა

სამაგიეროდ, გზას თუ გააგრძელებთ, მუშაობის დროს დიდი ალბათობით შეგხვდებათ „წინგადამწიეები" და „გამაჩოჩეები". ამჯერად ნასვამი ან უხელფასო მოქალაქეების სოლიდარობა გვავალდებულებს კეთილი ნებით დავეხმაროთ. მათ ადვილად იცნობთ: ჩასვლისას ახასიათებთ უჩვეულოდ მეტი მადლობა და გზის დალოცვა.

კეთილი სურვილები იქით იყოს და ტაქსის მძღოლობა, ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე დამღლელი, მაგრამ ამავდროულად საინტერესო და მრავალფეროვანი საქმიანობაა. თბილისს ალბათ ორჯერ შემოვუარე, მგზავრებისგან ათასგვარი ტყუილ-მართალი ისტორია მოვისმინე, გავიგე რას ფიქრობს ცისანა ბებო პენსიებზე და შვილიშვილებზე; ნიტას ოცნებაა ჰყავდეს შვილი; მარიამი ანიმატორია და უყვარს თავისი სამსახური; გიორგის რომ საზღვარგარეთ უნდა წასვლა იცოდით?..

საღამოს ერთი დარბაისელი თბილისელი ქალბატონი, ცისანა ბებო დამემგზავრა. ქალაქის ცენტრში ერთ ცნობილ ქუჩაზე სურდა მიყვანა. სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, გამომცდელი ღიმილით მკითხა, თუ ვიცოდი გზა დანიშნულების ადგილამდე. მე ცოტა გულმოსულად, მაგრამ თავაზიანი ღიმილით ვუპასუხე — ქალბატონო, რა შემატყვეთ ასეთი, ვაკემდე გზას რომ ვერ ვაგნებდე?! ალბათ ჩემი ასაკის გამო გაუჩნდა ეს კითხვა (სინამდვილეში კი მიჩვეული არ არის, მძღოლებმა რომ თბილისის ქუჩები იციან). ქალბატონი დაბრძანდა და გაბაასების რეჟიმში გადავიდა. უფრო მონოლოგი გამოუვიდა, რადგან ერთი–ორჯერ თუ მოვახერხე საუბარში ჩართვა. ტკბილი ბებო იყო…

ამ ისტორიებში გართულმა, ჯერ არ ვიცი გაუცნობიერებელი დარღვევით ჩადენილ რამდენ საგზაო ჯარიმას მომიტანენ სახლში…

პრობლემის მიუხედავად, მძღოლები საქმიანობას თავს ვერ ანებებენ, რადგან სხვა შემოსავალი არ მოეპოვებათ და ფიქრობენ, რომ არც დასაქმების პერსპექტივა აქვთ.

© Sputnik / Levan Avlabreli„ბირჟაზე“ გროვდება ტაქსის სხვა მძღოლების, თქვენი, ჩემი და სხვისი ცხოვრების ტყუილ-მართალი ისტორიები, მოგონებები, სურვილები თუ განცდები.
Рубрика: Журналист меняет профессию - таксист - Sputnik საქართველო
„ბირჟაზე“ გროვდება ტაქსის სხვა მძღოლების, თქვენი, ჩემი და სხვისი ცხოვრების ტყუილ-მართალი ისტორიები, მოგონებები, სურვილები თუ განცდები.

პიკის საათებში, ქალაქში „საცობების“ დროს გამოცდილი ტაქსის მძღოლები მუშაობას „ბირჟაზე“ დასვენებას ამჯობინებენ და კარტის თამაშით იქცევენ თავს. განიხილავენ „გამორჩეულ“ მგზავრებს, მთავრობის კანონპროექტებს, უმუშევრობას, საჭირბოროტო ამბებსა და მსოფლიო სიახლეებს.

„ბირჟაზე“ გროვდება ტაქსის სხვა მძღოლების, თქვენი, ჩემი და სხვისი ცხოვრების ტყუილ-მართალი ისტორიები, მოგონებები, სურვილები თუ განცდები.

ამ ისტორიების ბეღელში მწვანე ფერის „ოპელის“ ტაქსის მძღოლმა თავისი და უამრავი სხვა მძღოლის ცხოვრებაზე საუბარი ერთკუპლეტიანი ლექსით დაასრულა:

ექვს-ექვსი წელი ვსდიე ლექტორებს,

ახლა სამსახურს ვერსად იპოვი,

შემრჩა „ოპელის" მწვანე ტაქსი და

მოგონებები ორი დიპლომით…

ყველა ახალი ამბავი
0