ჟურნალისტი იცვლის პროფესიას - მოხუცთა პანსიონატში

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: როცა მოხუცებზე ზრუნავ...

377
(განახლებულია 12:39 09.02.2018)
რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას" Sputnik საქართველოს ჟურნალისტი ჯემალ ღამბაშიძე ერთი დღით მოხუცთა პანსიონატს ეწვია და მზრუნველის ამპლუა მოირგო

თბილისში, მეტროს სადგურ „ისნიდან" დაახლოებით ხუთი წუთის სავალზე ხანდაზმულთა პანსიონატია. სანამ „ბასილიადაში" შეფარებულ ხანდაზმულებს მოვინახულებდი, მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, როგორ უნდა დამემსხვრია ქართული სტერეოტიპი და მომერგო ქართველი მამაკაცისთვის უჩვეულო პროფესია — მომვლელი მოხუცთა პანსიონატში.

სირთულეები უკვე პანსიონატის ეზოდან დაიწყო — „ლორა", ალბათ პანსიონატის მკვიდრთა ახლო მეგობარი, ყეფით გამომენთო და გვარიანად შემაშინა.

როგორც კი კარი შევაღე, დერეფნის ბოლოდან სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი გამომეგება — რუსუდან ბერიძე ამ დაწესებულების დირექტორია. მისგან გავიგე, რომ შენობა, სადაც ახლა ბენეფიციარები ცხოვრობენ, მანამდე მისი საცხოვრებელი სახლი ყოფილა და ის ოთხი წლის წინ სპეციალურად ამჟამინდელი ბინადრებისთვის შესაფერისად მოუწყვია. პანსიონატი 24 ბენეფიციარზეა გათვლილი, ამჟამად აქ 23 ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს – 17 ქალი და 6 მამაკაცი. მოხუცებზე ზრუნვას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

Журналист меняет профессию - дом престарелых
© Sputnik / Denis Aslanov
მოხუცების ნდობა რომ მოიპოვო მათთვის საინტერესო თემებზე უნდა ესაუბრო

დერეფნიდან პანსიონატის მთავარ ოთახში გადავინაცვლეთ. დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან ერთად მთავარი საკითხები გავიარეთ, მათგან რჩევა-დარიგებებიც მივიღე, უნიფორმა მოვირგე და საქმეს შევუდექი.

ჩემი ფუნქციების ჩამონათვალი ასეთია: სამჯერადი კვება; ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი; სანიტარულ–ჰიგიენური საკითხების მოგვარება; კულტურულ–გამაჯანსაღებელი ღონისძებების მოწყობა და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა.

Журналист меняет профессию - дом престарелых
© Sputnik / Denis Aslanov
პანსიონატში მოხუცები სხვადასხვა მიზეზის გამო ხვდებიან

„მუშაობა" ბენეფიციარების გაცნობით დავიწყე. ახალ თანამშრომლად ჩამთვალეს და თავდაპირველად ეჭვის თვალითაც მიყურებდნენ. მათი ნდობის მოპოვებას საკმაო დრო დასჭირდა. აღმოვაჩინე, რომ კომუნიკაციის მთავარი ფორმა მათთვის საინტერესო თემებზე საუბარი იყო. საინტერესო ისტორიები მათგანაც მოვისმინე. მოხუცებს შორის ზოგი პროფესორი აღმოჩნდა, ზოგი – ომის ვეტერანი, მედიცინის მუშაკი და ა.შ. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ არავინ იცის ცხოვრება ვის რა გზით წაიყვანს…

Журналист меняет профессию - дом престарелых
© Sputnik / Denis Aslanov
მოხუცთა პანსიონატში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მისმა ბინადრებმა თავი ოჯახურ გარემოში იგრძნონ

პანსიონატში მყოფი ბენეფიციარების უმრავლესობა აქ სხვადასხვა მიზეზით ხვდება — ზოგს ეკონომიკური მდგომარეობა არ უწყობს ხელს, ზოგი საკუთარ ოჯახს ვერ ეწყობა ან  მარტოობასთან გამკლავება უჭირს და გამოსავალს სხვა მოხუცებთან ურთიერთობაში ეძებს…

ლარისა ბებო „წითელ ჯვარში" 30 წელი მსახურობდა, ალბათ მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ თავადაც დასჭირდებოდა დახმარება… ამბობს, რომ სიკეთე არ იკარგება…

Журналист меняет профессию - дом престарелых
© Sputnik / Denis Aslanov
პანსიონატის უხუცესი მკვიდრი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია

პანსიონატის უხუცესი მკვიდრი 95 წლის ლორა ბებო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საკუთარ თავზე ბევრს ვერ საუბრობს…

83 წლის ციალა ბებო წარმოშობით გურიიდანაა. მას მეორე ნახევარი არასოდეს ჰყოლია და ახლა საკუთარ თავზე მაინც გურული იუმორით ლაპარაკობს: ამაყი ვიყავი, წუნია!  ბოლოს, უკან რომ მოვიხედე, საკმაო დრო გასულა და უკვე მძღოლებს ვთხოვდი ცოლად მოვეყვანე, მაგრამ…

Журналист меняет профессию - дом престарелых
© Sputnik / Denis Aslanov
მზრუნველის მოვალეობაში ყოველდღიურად მოხუცთა ოთახების დალაგებავ შედის

ამასობაში ორი საათიც მოახლოვდა. სამზარეულოში მომუშავე მზარეულებთან გადავინაცვლე და სუფრის გაშლაში დავეხმარე. სადილის გადანაწილება დავიწყეთ…

მზრუნველებისთვისაც დადგა შესვენების დრო. სამზარეულოში თანამშრომლებთან ერთად ვისადილე. საუბრის მთავარი თემა აქაც ბენეფიციარები იყო. მიყვებოდნენ ამ სივრცეში როგორ ზრუნავდა ყველა ერთმანეთზე. საუბარს სევდიანი მოგონებებიც ახლდა — ერთ-ერთმა მათგანმა ოთხი წლის განმავლობაში გარდაცვლილ 11 ბენეფიციარზე მიამბო. ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ მზრუნველისთვის ყველაზე რთულია ის ეტაპი, როცა ეჩვევი მოხუცს, პატარა ბავშვივით ზრუნავ, იზიარებ მის სიხარულსა და ტკივილს და უცებ – აღარ არის…

Журналист меняет профессию - дом престарелых
© Sputnik / Denis Aslanov
მოხუცები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მზრუნველთა მიმართ

ბოლოს, თურმე, მაკო ბებო გარდაცვლილა, რომელსაც მზრუნველები დიდი სიყვარულით იხსენებენ… მოხუცები იმდენად უყვართ, იმდენი ამაგი აქვთ, რომ მათი გარდაცვალების შემდეგაც ბენეფიციარების ოჯახის წევრებს არ კარგავენ და კომუნიკაცია ხშირად აქვთ… რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ ამ შესვენების დროს მაკო ბებოს შვილმა დარეკა და ყველა თანამშრომელი დიდი სიყვარულით მოიკითხა.

პანსიონატის მესვეურები ცდილობენ მოხუცებს ოჯახური გარემო შეუქმნან. „ბასილიადას" სამლოცველოც აქვს. მოხუცები მარხულობენ და მათთან მოძღვარიც დადის.

Журналист меняет профессию - дом престарелых
© Sputnik / Denis Aslanov
პანსიონატის სამლოცველო

კიდევ ერთი რამ, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო — ყველა მოხუცის ოთახში ოჯახის წევრების ფოტოები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

რა შემიძლია გითხრათ პროფესიაზე, რომელიც ერთი დღით მოვირგე? მგონია, რომ რთული, საპასუხისმგებლო და დაუფასებელია, რასაც შეუსაბამო ანაზღაურებაც ემატება. მივხვდი, რომ ამ პროფესიაში მთავარი – ძლიერი ფსიქიკაა. მათთან ურთიერთობამ მაჩვენა, რომ ყველაფერი სიყვარულით და გულით უნდა აკეთო.

© Sputnik / STRINGER
Sputnik საქართველოს ჟურნალისტი ჯემალ ღამბაშიძე ერთი დღით მოხუცთა პანსიონატს ეწვია და მზრუნველის ამპლუა მოირგო

რვა საათი მოვიდა და ჩემი მორიგეობაც დასრულდა. თანამშრომლებთან ერთად ოთახში შევედი, ახალგაცნობილ მოხუცებს დავემშვიდობე. გამოსვლისას უკვე ნაცნობმა ხმამ გამაჩერა. შემოვბრუნდი და დავინახე, რომ ერთ-ერთი თანამრომელი ნაჩქარევად მიახლოვდებოდა, ფურცელი გამომიწოდა, სადაც ვაჟა პაპასგან მოძღვნილი ლექსი ეწერა:

„ახლოვდება გაზაფხული,

მას მოჰყვება ვარდი, ია.

ყველას სიკეთეს გისურვებთ,

თქვენი ვაჟა ძაძამია“.

პანსიონატის დატოვების შემდეგ ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. ერთ დღეში მიღებული გამოცდილება ალბათ ძალიან ბევრი საკითხის სწორად გადაწყვეტაში დამეხმარება. შევიძინე ახალი მეგობრები, ოჯახური გარემო და მათთვის მიცემულ პირობასაც აუცილებლად შევასრულებ – ხშირად მოვინახულებ მათ. 9 თებერვალს კი ლექსის ავტორს იუბილეზე ვეწვევი აუცილებლად და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას თითოეულ მათგანს…

377
თემები:
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას (14)