ტფილისის არტისტული საზოგადოების შენობა, რომელიც 1901 წელს აშენდა და სადაც ამჟამად შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრია განთავსებული

დღეს ვერა, ხვალ მოგილოცავთ!

68
(განახლებულია 11:07 15.01.2018)
საბა მეტრეველი
14 იანვარს საქართველოში ქართული თეატრის დღეს აღნიშნავენ...

ქართულ თეატრს თავისი არსებობის განმავლობაში ისტორიული მისია და ფუნქცია ეკისრებოდა. მეფე ერეკლეს დროინდელი თეატრი 1795 წლის კრწანისის ომმა შეიწირა — ნაგებობაცა და თავად მსახიობებიც: „ფიცხელ ომში რომ იბრძოდა მაჩაბელი“. რომანტიზმის ეპოქაში ჩვენ თეატრი აღარ გვქონია. მის მაგივრობას სალონური ცხოვრება ავსებდა. სწორედ ამ პერიოდში გრიგოლ ორბელიანი წერდა: „პირველი სალხინო ადგილი არს თეატრი, რომელიცა გამოაჩენს ხარისხსა ერის განათლებისასა და აქვს დიდი ძლიერება ზნეობასა ზედა, რამეთუ თეატრი არს ცხოვრებისა ჩვენისა წარმოდგენა… თეატრი არის პირველი განმწმენდელი ზნეობისა ჩვენისა ყოველთა სიბილწეთაგან. მუნ ვხედავთ ყოველთა ჩვენთა ნაკლულოვანებათა“.

ილიასა და აკაკის თაობას ცარისტული რუსეთის კოლონიალური პოლიტიკის ფონზე ქართული თეატრის მნიშვნელობა განუზომლად დიდად მიაჩნდა. ამ მხრივ ნიშანდობლივია 1881 წლით დათარიღებული ილიას წერილი ილია ოქრომჭედლიშვილისადმი: „ხომ იცი, თეატრი რა დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისათვის. მაგის მეტი ნაციონალობის ნიშანწყალი ჯერჯერობით ჩვენ არა გვაქვს-რა! ეგ ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს". ილიამ კარგად იცოდა, რომ თეატრი ხშირ შემთხვევაში მარტო ხელოვნების მსახური არ იყო. ადგილი, დრო და გარემოება მას ზოგჯერ სხვა სამსახურსაც „კისრად სდებს და ამ მხრით თეატრი დაუფასებელი რამ არის და ჩვენ არ ვიცით სხვა მისებრ უებარი საშუალება, რომელიც ეგრე გამარჯვებულად, სასწრაფოდ და პირდაპირ მოქმედებდეს ადამიანის უკეთესთა გრძნობათა გამოფხიზლებასა და მოძრაობაზედ. სცენა ხალხის მწვრთნელი, ხალხის გამზრდელი უნდა იყოს, სულისა და გულის ამამაღლებელი". ილიას სცენა მიაჩნდა სკოლად, რომელიც სურათებით ელაპარაკება კაცის ქცევასა და გონებას., წერდა კიდეც: „სცენა იგივე შკოლაა, რომელიც ცხოველის სურათებით ელაპარაკება კაცის გულსა და ჭკუას."

ილიასთვის თეატრი იყო ადგილი, რომელიც „უკეთეს მხარეს ადამიანისას ფეხს აადგმევინებს… თუ ეს ძვირფასი თვისება, როგორც ხალხის წვრთნა და ზრდა, სცენას ჩამოვაცილეთ, იგი მიკიტანხანად გადაიქცევა და მაშინ სჯობს წარწყმდეს, ვიდრე სუფევდეს“.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მოთხოვნები, რომლებიც 60-იანელთა თაობას ჰქონდა ქართული თეატრის მიმართ: „ჩვენ სცენას ორ ღვაწლს ვთხოვთ: პირველი, რომ მართლა განმწმენდელი იყოს ჩვენის ცხოვრებისა, ჩვენის ჭკუისა და გულის განმანათლებელი და მწვრთნელი და მეორე – იგი უნდა იქნას იმ ადგილად, სადაც ჩვენი ენა ფეხზედ უნდა წამოდგეს მთელის თავის მშვენებითა და სიმდიდრით“.

თეატრის მოყვარული ყველა ადამიანი რაღაც თავისას ხედავს თეატრალურ ხელოვნებაში, თავისებურად აღიქვამს და განიცდის ხელოვნების ამ დარგს. აკაკი წერეთლისათვის თეატრის მისია, მისი როლი და ადგილი ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში განუზომლად დიდი და შეუცვლელი იყო: „მხოლოდ ერთადერთი ასპარეზი დაგვრჩენია — თეატრი, საიდანაც შეგვიძლია გავიგონოთ ჩვენი დედა-ენა: ის ენა, რომელზედაც მუსიკობდა რუსთაველი, ბრძანებლობდნენ თამარები, რომელზედაც ჰქადაგებდნენ ნინოები და რომელზედაც წამებულნი სიმდაბლით ღმერთს ადიდებდნენ ქეთევანები და მათი მსგავსები! ჩვენ, ამ თეატრის წყალობით, შეგვიძლიან გავიხსენოთ ჩვენი წარსული, დავინახოთ აწმყო და წარმოვადგინოთ მომავალი“.

თეატრის კულტუროლოგიური მნიშვნელობა, ჩვენი ქვეყნის ავბედობის გამო, ეროვნულ მისიასთან იყო გადაჯაჭვული — ერის ზნეობის ამაღლება, ქართული ენის სიწმინდის დაცვა, ერის გამოფხიზლება, პატრიოტული სულის აღზევება — ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდებოდა ქართულ თეატრს, ამიტომაც, ზოგადი გამამთლიანებელი განსაზღვრებაც გამოიმუშავეს — „თეატრი ისევ შკოლაა ხალხისათვის!" 

ქართულ ვიკიპედიაში, თითქმის ყველა ტიპის სპეციალურ ლიტერატურაში შავით თეთრზე წერენ: თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სცენისმოყვარეთა ძალებით, გ. ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით 1850 წლის 2 (14) იანვარს წარმოადგინეს მისივე პიესა "გაყრა". ეს თარიღი მიჩნეულია ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე. რა თქმა უნდა, არაფერი გვეთქმის ამ თარიღთან მიმართებით, ოღონდ ძველი სტილით 2 იანვარი ახლით 15 იანვარს მოდის. 

დღეს 14 იანვარია, ანუ ძველი სტილით 1 იანვარი. ამიტომაც ვზეიმობთ ძველით ახალ წელს! ძველსა და ახლა სტილს შორის სხვაობა 1918 წლიდან 13 დღეა. ვისაც ეს არ ახსოვს, მოვაგონებ: ავადსახსენებელი „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია“ 25 ოქტომბერს მოხდა, რომელსაც 7 ნოემბერს ვზეიმობდით (+13 დღე); 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო — შობა ახალი სტლით 7 იანვარია (+13 დღე), მიხეილ ჯავახიშვილი მთავარანგელოზობას დაიბადა, მიქაელისა და გაბრიელის ხსენების დღეს, მიხეილიც ამიტომ დამარქვესო, — წერდა თავად. მთავარნგელოზობა ძველი სსტილით 8 ნოემბერს, ახლით კი  — 21 ნოემბერსაა (+13 დღე)… რა გამოუანგარიშებელი სჭირს ქართულ თეატრს, რატომ იგდებს თავს ასეთ უხერხულში — სრულიად წარმოუდგენელია. მისი მესვეურები დღესაც, 14 იანვარს, აღნიშნავენ ძველი სტილით 2 იანვარს — მართლა სასაცილოა, მაგრამ უკვე მეტირება! არავინ იცის, როდემდე გასტანს ეს მასკარადი!

დღეს 1 (14) იანვარს (ძველით) ახალ წელს გილოცავთ, ხვალ კი 2 (15) იანვარს ქართული  პროფესიული თეატრის აღდგენის დღეს მოგილოცავთ, მეგობრებო!

 

68