სინდია ბილი საქართველოში

მოგზაურობა დედამიწის გარშემო და ერთწლიანი პაუზა საქართველოში

521
(განახლებულია 17:08 12.09.2017)
ბელგიელმა სინდია ბილმა ავტოსტოპით 50-ზე მეტი ქვეყანა მოიარა, ახლა კი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გადაწყვიტა და თავის მარშრუტში მისთვის უცნობი პატარა ქვეყანა - საქართველო ჩართო.

"Sputnik-საქართველოს" რუბრიკა "უცხოელის თვალით დანახული საქართველო" წარმოგიდგენთ სინდია ბილს და საქართველოს როლს მის მოგზაურობაში, რომელიც ირლანდიაში დაიწყო და ალასკაზე უნდა დასრულდეს.

მსოფლიოს გარშემო

ძალიან დიდი ხანია ვმოგზაურობ. მარტო, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან — ავტოსტოპით, ფეხით, თვითმფრინავით. ჩემი ცხოვრება არ წარიმართა ტრადიციულად — სწავლა, სამსახური, ოჯახი. ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო ინტერნეტ-გაკვეთილებია, ინტერნეტის მეშვეობით ინგლისურ ენას ვასწავლი. ჩემთვის ეს მოსახერხებელია, რადგან საშუალებას მაძლევს, ერთ ადგილს არ მივეჯაჭვო.

გარკვეულ მომენტში გავაცნობიერე, რომ მზად ვარ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისთვის. არ მინდოდა მარტოს მეხეტიალა და ჩემი აზრები ასევე მოგზაურობის მოყვარულ მეგობარს გავუზიარე.

"მშვენიერი იდეაა!" — მაშინვე დამთანხმდა ის.

Синдия Билл в Грузии
фото из личного архива Синдии Билл
სინდია ბილი საქართველოში

მოგზაურობის საწყისი წერტილი ირლანდია გახდა, სადაც მაშინ ვცხოვრობდით. მარშრუტი გადიოდა ევროპაზე — საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, ბულგარეთი, შემდეგ თურქეთისა და საქართველოს გავლით მცირე აზია, შემდეგ კასპიის ზღვის გავლით — ყაზახეთი, ჩინეთი და იაპონია. საბოლოო პუნქტი — ალასკა.

გადავწყვიტეთ, თვითმფრინავით არ გვესარგებლა, ეს კი ნიშნავს, რომ ვმგზავრობთ ან ავტობუსებით, ან ავტოსტოპით. ავტოსტოპით გადაადგილება საკმაოდ იაფი და მოსახერხებელია, მისი საშუალებით მთელი მსოფლიოს მოვლა რეალურად შესაძლებელია. იქ კი, სადაც ზღვა შეგვხვდება, გემით გადაცურვა გადავწყვიტეთ. შევკარით ბარგი და გზას შევუდექით. ასე დაიწყო ჩვენი მრავალწლიანი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო.

Синдия Билл в Грузии
фото из личного архива Синдии Билл
სინდია ბილი საქართველოში

მთელი წელი საქართველოში

ევროპის ქვეყნების შემდეგ საქართველოში ჩამოვედით — დაახლოებით ერთი წლის წინ. სულ არ ვგეგმავდით აქ დარჩენას ამდენი ხნით. რამ მიგვიზიდა ამ პატარა ქვეყანაში? პირველ რიგში, უზომოდ ლამაზმა ბუნებამ.

თუმცა, ბუნება თავისთავად კარგია, მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ქვეყანაში იმყოფები, ყველგან არის რაღაც ლამაზი. ალბათ, ამას მიზეზს ვერ უწოდებ, თუ რატომ დარჩი უცხო ქვეყანაში ამდენი ხნით, თან, როცა მოგზაურობ.

უნდა მოგვეძებნა შუალედური პუნქტი, სადაც ვიზრუნებდით საარსებო თანხაზე, საქართველოს შემდეგ დიდი გზა გველოდება ჩინეთისკენ ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის გავლით. ჩემი პარტნიორი კანადის მოქალაქეა, ეს კი ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში უვიზოდ ის სამ თვეზე მეტხანს ვერ დაჰყოფს.

როცა გავიგეთ, რომ საქართველოს ძალიან მსუბუქი მიგრაციული პოლიტიკა აქვს, მაშინვე გადავწყვიტეთ დარჩენა. ბონუსი — აქ საკმაოდ იაფია ცხოვრება — ეს სასიხარულოა, როდესაც ასეთ ხანგრძლივ მოგზაურობაში ხარ. საქართველომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხანგრძლივ მოგზაურობაში და მნიშვნელოვანი შუალედური პუნქტი გახდა ევროპიდან აზიაში და შემდეგ ამერიკამდე მოგზაურობაში.

Синдия Билл в Грузии
фото из личного архива Синдии Билл
სინდია ბილი საქართველოში

უცნობი ქვეყანა

სანამ საქართველოში ჩამოვიდოდით, თურქეთში ვიყავით. უნდა ვაღიარო, რომ არაფერი ვიცოდით ამ პატარა მეზობელი ქვეყნის შესახებ. როცა რუკას ვათვალიერებდით, გვესმოდა, რომ ამ ქვეყანაზე უნდა გაგვევლო. მაშინ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ რამდენიმე თვეში უბრალოდ ბედნიერი ვიქნებოდით, სწორედ ამ ქვეყნით რომ გავაგრძელეთ მარშრუტი.

ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს აღმოჩენა — ესაა ქვეყანა დიდი ისტორიითა და უძველესი კულტურით, ძალიან თვითმყოფადი. მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მიცხოვრია იქ და არც კი შემიძლია, რომელიმეს შევადარო. სტუმართმოყვარეობისა და მეგობრობის ასეთი კულტურა არსად მინახავს. მგონია, რომ აქ ასეთი წესია: სტუმარი შენი მეფეა. სხვაგვარად ვერ ვხსნი…

ერთი-ორი სიტყვა მინდა ბუნებაზეც ვთქვა — ესაა ჩემი ვნება, სიყვარული, რაც ცხოვრების გზაზე მიბიძგებს. ახალი ადგილები, თვალწარმტაცი ხედები, საოცარი ლანდშაფტები — ეს ისაა, რაც მოგზაურობას მაიძულებს. და სწორედ საქართველოში იმდენად მრავალფეროვანი ბუნებაა, რომ ეს ერთი წელიც კი არ მეყო მის სანახავად. ეს მთის ნაკადულები გამჭვირვალე ცისფერი წყლით, მაღალი მთების ხეობები, მთების თოვლიანი მწვერვალები, ხშირი ტყე…

Синдия Билл в Грузии
фото из личного архива Синдии Билл
სინდია ბილი საქართველოში

 

დედამიწის სამოთხე — არა

საქართველო ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ სამოთხეს ვერ ვუწოდებ. პირველ რიგში, მე, როგორც ევროპულად აღზრდილ ადამიანს, აქ არ მყოფნის აწყობილი სოციალური პოლიტიკა. როგორც მე მგონია, სახელმწიფო მოხუცებზე, პრაქტიკულად, არ ზრუნავს, პენსიები ძალზე მცირეა — ეს არასწორია, ადამიანებმა ხომ იმუშავეს მრავალი წელი, მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, სიბერეს ღირსეულად შეხვდნენ.

წარმოშობით ბელგიიდან ვარ. ჩვენთან არის სპეციალური სამსახურები, რომლებიც მოხუცებს ეხმარებიან. მაგალითად, შეგიძლია მხოლოდ დარეკო ტელეფონზე და ითხოვო წამლები, მოხალისეები მას სახლში მოგიტანენ, ასევე დაგეხმარებიან სახლის დალაგებაში, მოგიტანენ პროდუქტებს და მოგიმზადებენ საჭმელს. ეს ერთჯერადი დახმარება არ არის, მუდმივად ასეა — რაღაც სასწრაფო დახმარების მაგვარი.

მხარდაჭერა არა აქვთ ასევე შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს. ქალაქები და, მით უმეტეს, სოფლები არ არის ადაპტირებული უსინათლოებისა და სმენადაქვეითებულთათვის… ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანებს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს, ისინიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და მათაც აქვთ სრულფასოვანი სოციალური ცხოვრების უფლება.

დროსთან დამოკიდებულებაც ქართველებს არაერთგვაროვანი აქვთ. მიჩვეული ვარ პუნქტუალობას, აქ კი სრულ ქაოსთან მომიწია შეჯახება. დილის 10 საათზე დანიშნული შეხვედრა შეიძლება გადაგიტანონ დღის 2 საათზე, მერე საღამოს 6-ზე, ხოლო შვიდის ნახევარზე საერთოდ გააუქმონ — ეს ჩემთვის უჩვეულო და მიუღებელია.

არის კიდევ მრავალი სხვადასხვა მომენტი და ნიუანსი, რომლებიც საქართველოს სასარგებლოდ არ მეტყველებს, თუმცა, ალბათ, მეტს არაფერს ვიტყვი, რადგან ეს მაღიზიანებს პირადად და არა მთლიანობაში. მე მაინც სტუმარი ვარ, ამ ქვეყანამ კი ძალიან თბილად მიმიღო.

Синдия Билл в Грузии
фото из личного архива Синдии Билл
სინდია ბილი საქართველოში

მოძრაობა წინ — ცხოვრება

მას შემდეგ, რაც ამდენი ქვეყანა შემოვიარე, ვნახე, როგორ ცხოვრობენ ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ვისწავლე, რომ ცხოვრებას მოთმინებით უნდა მოეკიდო. თითოეული ქვეყანა უნიკალურია, როგორც მისი კულტურა, ადამიანები, ბუნება… ამითაა საინტერესო ეს სამყარო — თავისი მრავალფეროვნებით.

გერმანია პუნქტუალობის ქვეყანაა, საქართველო — მისი საწინააღმდეგო, ამით იტალიასა და ესპანეთს ჰგავს. ირლანდია წვიმიანია, საქართველო — მზიანი. პოლონეთში მყუდრო, პატარა კარგად მოწყობილი სოფლებია, საქართველოში ცოტა თუ აქცევს ყურადღებას სახლის გარეგნულ იერს. ინგლისელები ურთიერთობებში ცივი არიან, ხოლო ქართველები ყოველთვის მზად არიან, სახლში სუფრასთან მიგიპატიჟონ

სამყარო მრავალფეროვანია. გზა აზერბაიჯანისკენ მაქვს. საქართველოში ავტოსტოპით მოგზაურობა ძალიან მომწონს, აქ ყოველთვის მზად არიან, ადამიანს დაეხმარონ გზაზე. ვფიქრობ, საზღვრამდე უპრობლემოდ მივალ. იქ კი… ვინ იცის, რა გველოდება იქ…

 

521
თემები:
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (79)
წყვილი კამათის დროს

იჩხუბეთ, მაგრამ... ანუ როგორ ავირიდოთ თავიდან სერიოზული კონფლიქტი ოჯახში

22
(განახლებულია 20:11 09.08.2020)
ყველაზე მოსიყვარულე და ერთგულ წყვილებშიც ხდება კონფლიქტი. ამას რომ უსიამოვნო შედეგები არ მოჰყვეს, საჭიროა ჩხუბი, ოღონდ წესების დაცვით!

ცნობილი ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი გვთავაზობს ჩხუბის წესებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია პარტნიორებს შორის, თუ გვინდა, რომ ურთიერთობები საბოლოოდ არ დაინგრეს.

ზოგადად, ჩხუბის „ანატომია" რთული საკითხია, რადგან თავის საწყისშივე ჩხუბი ემოციების გადმოფრქვევას გულისხმობს, ხოლო „ჩხუბის წესები" — რომ ადამიანი აკონტროლებს თავის მრისხანებას და მას „ამოხეთქვის" უფლებას არ აძლევს, რაც, მთლიანობაში, ცუდია.

ზოგადად ჩხუბი კარგი რამეა გარკვეული თვალსაზრისით. ადამიანი კონფლიქტის დროს „აფრქვევს" ნეგატიურ ემოციებს: მრისხანებას, წყენას, ბოღმას. ფსიქიკისთვის ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე საკუთარ თავში დაიგროვო უსიამოვნო გრძნობები, რადგან ადრე თუ გვიან ეს გრძნობები რიგითი კონფლიქტისას ამოხეთქს და შეიძლება ისეთი სკანდალი მოხდეს, რომ მისი შედეგების წარმოდგენაც კი ძნელია.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, არის გარკვეული პრინციპები, თუ გინდათ, რომ ეს უსიამოვნო ეპიზოდი მეხსიერებას შემორჩეს როგორც უმნიშვნელო მოვლენა და არა ჩხუბი, რომელიც კისერზე მძიმე ქვასავით დაგაწვებათ.

საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება>>

წესი პირველი: იჩხუბეთ ხშირად. ეს, მართალია, ხუმრობაა, მაგრამ მასში დიდი სიმართლის მარცვალია. რაც უფრო მალე ამოთქვამთ უკმაყოფილებას ან წყენას, მით უფრო იოლი, ხანმოკლე და „მსუბუქი" იქნება ჩხუბიც.

წესი მეორე: ერთი მიზეზი — ერთი ჩხუბი. ერთ მიზეზს ნუ მიუმატებთ კონფლიქტებსა და წყენებს წარსულიდან, მეგობრების მაგალითებს და, მით უფრო, ნუ გააკეთებთ შორს მიმავალ დასკვნებს (მშვენიერი მაგალითია — დღეს სიგარეტს ეწევა და ხვალ „ბო…ბას" დაიწყებს).

წესი მესამე: აბსოლუტური ტაბუ ადევს ანალოგიების გავლებას „ბრალდებულის" მშობლებთან, ან, უფრო უარესი — ჩხუბის მიზეზში მათ დადანაშაულებას. ასევე უფრო დიდი ტაბუ ადევს ბავშვებს — ორი მოზრდილის ჩხუბში მხოლოდ ორი მოზრდილი მონაწილეობს. თქვენს კონფლიქტში სხვა პერსონაჟები ვირტუალურადაც კი არ უნდა ჩართოთ.

წესი მეოთხე: არის ორი აკრძალული ფრაზა, რომელთა წარმოთქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება — „შენ ყოველთვის" და „შენ არასდროს". ასე ვთქვათ, გლობალური და ყოვლისმომცველი ბრალდება დაპირისპირებასა და აგრესიას წარმოშობს, თუნდაც თქვენი ოპონენტი უკვე მზად იყოს ბოდიშის მოსახდელად. „ყოველთვის" და „არასდროს" ნიშნავს, რომ ლოკალური კონფლიქტის საზღვრებიდან გახვედით და მთლიანობაში პარტნიორით უკმაყოფილო ხართ, მას არამზადად და უვარგისად მიიჩნევთ. აქ ყველა აღშფოთდება, არ შეიძლება იყოს კომპრომისი, რადგან არავინ იტყვის: „კი, მართალი ხარ, ცუდი ვარ, ყოველთვის მტყუანი ვარ, შენ კი — მართალი".

ორი გზა განშორების შემდეგ: მდგომარეობიდან გამოსვლა თუ თვითგვემა>>

წესი მეხუთე: ჩხუბის დაძაბულობის შესამცირებლად გააკრიტიკეთ საქციელი ან მოქმედება და არა ადამიანი. მაგალითად: „მაცოფებს, როცა შემოსასვლელში ტალახიანი ფეხსაცმელი დევს" და არა: „ისევ დასვარე შენი ტალახიანი ფეხსაცმლით შემოსასვლელი!"

წესი მეექვსე (პირველი თავისი არსით): ყველა ადამიანს სჭირდება განმარტოება. ჩხუბის უმრავლესობას თავიდან ავიცილებდით, ადამიანი რაღაც დროით მარტო რომ დარჩეს სიმშვიდესა და სიჩუმეში. გარკვეული პერიოდის შემდეგ პრობლემას უკვე არა ჩხუბით, არამედ წყნარი საუბრით მოვაგვარებდით. უფრო მეტიც, გამორიცხული არაა, რომ თავად პრობლემა მოგვარდეს, როგორც კი გავაცნობიერებთ, რომ საქმე ტალახიან ფეხსაცმელში კი არაა, არამედ, უბრალოდ, დასვენება, გამოძინება, მოდუნება გვჭირდება. ძალიან ხშირად ადამიანები ჩხუბობენ არა რაიმე მიზეზით, არამედ იმის გამო, რომ დაღლილი, არაქათგამოცლილი არიან, ეს კი ძლიერ გაღიზიანებას იწვევს.

რატომ არ თხოვდება ქალი?>>

ჩვეულებრივ, „შესვენება" ადამიანს 3-4 თვეში ერთხელ სჭირდება. საჭირო არაა ქვეყნის დასალიერში წასვლა. შეიძლება მეგობართან და მშობლებთან სტუმრობა, სეირნობა, კინოში მარტო წასვლა. არა სახლის დალაგება, მაღაზიებში სიარული პროდუქტებზე, არამედ განტვირთვა, მოდუნება და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.

წესი მეშვიდე: იყვირეთ. სერიოზულად ვამბობ, მიეცით გრძნობებს თავისუფლება, ასე ჩხუბი მალე ჩაცხრება. ბევრჯერ გვსმენია, რომ ყვირილი არ შეიძლება, რადგან ეს კონფლიქტს გააღრმავებს. არაფერი მსგავსი — სჯობს, ყველაფერი ხმამაღლა ამოთქვათ, მთელი ძალით, ვიდრე ჩუმად „ისისინოთ" და ამით პარტნიორი მეტად გამოიყვანოთ წყობიდან. ამასთან, თუ ყვირით, თქვენი ოპონენტი ხედავს, რომ თქვენ ცუდად ხართ და თუ მას უყვარხართ, ის დაგაწყნარებთ და თქვენკენ გადმოდგამს ნაბიჯს. ეს სჯობს, ვიდრე ბოიკოტი გამოაცხადოთ და გაიბუტოთ.

  • და, ბოლო წესი: მიიყვანეთ საქმე ბოლომდე. თუ კონფლიქტი უკვე აღმოცენდა, ორივემ რაღაცნაირად უნდა დაასრულოთ ის. ის აღიარებს, რომ არასწორი იყო, თქვენ აღიარებთ, რომ თქვენი პრეტენზიები უსაფუძვლოა, აირჩიეთ კომპრომისი, ერთ-ერთმა უნდა დათმოს — სულ ერთია, რომელი და როგორ, მაგრამ ჩხუბს წერტილი უნდა დაესვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შენელებული მოქმედების ბომბი გახდება და ადრე თუ გვიან აფეთქდება.
22
თემები:
სასარგებლო რჩევები
მამა და შვილი პლაჟზე

შვილები ძირითადად მშობლების თვალწინ იხრჩობიან: უბედურების ნიშნები და რჩევები

103
(განახლებულია 15:29 09.08.2020)
ექსპერტები მშობლებს რეკომენდაციებს აძლევენ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება ზღვაზე (ან სხვა ნებისმიერ წყალსაცავზე) დასვენებისას, რათა უბედურება თავიდან აიცილონ.

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის სტატისტიკის თანახმად, ათი დამხრჩვალი ბავშვიდან ერთი პირდაპირ მშობლების თვალწინ არის დაღუპული, რომლებიც ვერ მიხვდნენ, რომ შვილი უბედურებაში იყო ჩავარდნილი.

ექსპერტები მშობლებს რეკომენდაციებს აძლევენ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება ზღვაზე (ან სხვა ნებისმიერ წყალსაცავზე) დასვენებისას, რათა უბედურება თავიდან აიცილონ.

რჩევებს ისინი ერთი ამერიკული ოჯახის ისტორიაზე დაყრდნობით იძლევიან, რომელსაც აქვე გთავაზობთ. 

103
თემები:
სასარგებლო რჩევები
ჭავჭავაძეების სასახლე წინანდალში

წინანდალში კლასიკური მუსიკის ფესტივალი მაინც გაიმართება

0
(განახლებულია 19:26 09.08.2020)
პანდემიის გამო ორგანიზატორებმა ფესტივალი 2021 წლისთვის გადადეს. ახლა კი, ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალი მაინც გაიმართება

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. კლასიკური მუსიკის ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი Tsinandali Festival 17–20 სექტემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

უფრო ადრე ორგანიზატორებმა კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი 2021 წლისთვის გადადეს, თუმცა ახლა, ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით, ღონისძიება გაიმართება.

ოთხი დღის განმავლობაში ფესტივალზე მსმენელის წინაშე წარდგებიან არგენტინელი პიანისტი მარტა არგერიხი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, ქართული სიმფონიური ორკესტრი, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და სხვა მუსიკოსები.

წინანდლის ფესტივალი სახელმწიფო და კერძო სექტორის – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კომპანია Silk Road Group-ის ერთობლივი ინიციატივაა. მემორანდუმი მათი თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის იანვარში გაფორმდა.

Tsinandali Festival-ის დამფუძნებლები გახდნენ შვეიცარიის ვერბიეში (Verbier) ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრემი, მისი თანამოაზრე, ისრაელის ფილარმონიის ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი და ქართველი ბიზნესმენი და ფილანტროპი გიორგი რამიშვილი.

ფესტივალის გენერალური დირექტორია ცნობილი რეჟისორი დავით საყვარელიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – ჯანანდრეა ნოზედა.

ფესტივალის ჩასატარებლად წინანდალში 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზი, 60-ნომრიანი სასტუმრო, ღია ამფითეატრი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზები და მულტიფუნქციური სივრცეები აშენდა. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა საერთაშორისო მუსიკალური აკადემია, რომელთანაც ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ორკესტრი 60 მუსიკოსის შემადგენლობით.

0
თემები:
საქართველო და კულტურა