ფიროსმანის ჟირაფიდან გუმილიოვის ჟირაფამდე...

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშიჟირაფები
ჟირაფები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ სტუმართმოყვარე და „მრავალტანჯულ“ აივანზე ამობრძანდება, თუ ამოირბენს, თუ ტლანქად ამოვა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, უცნაური და საინტერესო არსება მთელი დედამიწის ზურგზე. ის ხმელეთზე მობინადრე ცხოველებში ყველაზე მაღალია. ამბობენ, რომ ოკეანეებში უფრო გრძელი ვეშაპები დაცურავენ, მაგრამ ისინი ხომ გრძელები არიან, ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი — მაღალია, თანაც რამსიმაღლე… ზოგჯერ 6-მეტრიანიც კი.

მაგრამ ჩვენთან ამობრძანებით მას არავითარი პრობლემა არ შეექმნება, რადგან ამოვიყვან პარალელური ქუჩით — ძალიან თხელი ფეხები აქვს და უსწორმასწორო ზედაპირზე, ანუ  ქვაფენილზე სიარული უჭირს. ეზოს ჭიშკარს თაღი არა აქვს და ნებისმიერი სიმაღლის სტუმარს შემოუშვებს. რაც შეეხება თავად აივანს, აივანია და თუგინდ უსასრულოდ მაღალიც იყო, დიდი-დიდი, ცოტა ღრუბელს თუ გაკრავ შუბლს.

დღევანდელ ჩვენს სტუმარს შემორჩა არაბული სახელი — ჟირაფი (ზარაფა, ზურაფა, ზირააფა), რაც ნიშნავს „კარგად ჩაცმულს“. არადა, ჟირაფები მართლაც კარგად ჩაცმულები არიან და მათი მოხატულობა ისეთივე ინდივიდულაურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები, არასდროს არ მეორდება.

დღეს კი ჟირაფი იმის გამო გვესტუმრა, რომ 21 ივნისი ჟირაფების მსოფლიო დღეა. სხვათა შორის, 21 ივნისი შემთხვევით არ არის შერჩეული – ამ დროს ან ყველაზე ხანგრძლივი დღე ან ყველაზე ხანგრძელი ღამე დგება — დედამიწის ნახევარსფეროს გააჩნია…

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად უნიკალური ცხოველია ჟირაფი.

მაგალითად, იმის გამო, რომ მათი გრძელი კისრების მალების სტრუქტურა ემთხვევა ფეხის სახსრების სტრუქტურას, მათ თავის შემოტრიალება 360 გრადუსით შეუძლიათ.

ჟირაფი არის ერთადერთი არსება, ვინც არ ამთქნარებს. წარმოიდგინეთ, ადამიანი ცხოვრებაში საშუალოდ 250 ათასჯერ ამთქნარებს, ჟირაფი კი არც ერთხელ.

ჟირაფს მსოფლიოში ყველაზე გრძელი კისერი აქვს… უცებ დამებადა შეკითხვა — რატომ ეუბნებიან ხოლმე მამაკაცები ქალბატონებს ქათინაურის სახით გედივით გრძელი კისერი გაქვსო? თუმცა, უცებ წარმოვიდგინე, ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა ჟირაფივით გრძელი კისერი გაქვსო… არა, მაინც გედი ჯობს.

ადამიანებისგან განსხვავებით, ჟირაფები სრულფასოვნად ისვენებენ ფეხზე დგომისას. თანაც, მათი ძილის ხანგრძლივობა სულ 5 წუთია. იმ შემთხვევაში, თუ ჟირაფი ძალიან გადაიღალა ან ემზადება შორი გზისთვის, ის მიწაზე წვება ხოლმე, ტანის ქვეშ ამოიდებს წინა ფეხებს და თავს უკან სწევს. ასეთი „ღრმა“ ძილი მაქსიმუმ 1 საათი გრძელდება, თანაც დღეში სულ ერთხელ.

ჟირაფი დღეში 18-20 საათის განმავლობაში იკვებება, თუმცა, ჯამში მიღებული საკვების რაოდენობა სულ 5-6 კილოგრამს შეადგენს. ანუ იკვებებიან ხშირად და ცოტ-ცოტა, ამიტომაც არიან გრაციოზულები.

მათი ჩვეულებრივი საკვებია ტოტები და ფოთლები, მაგრამ ყველაზე მეტად უყვართ აკაცია, თანაც ქოლგისებური ჯიშის, რომელსაც აფრიკაში „მოხალას“ უწოდებენ ან, სხვანაირად, „ჟირაფის აკაციას“. ამავე დროს ჟირაფებს, თურმე, საოცრად უყვართ უმი ხახვი და… ნაყინი.

დედა—ჟირაფი შვილს აჩენს დგომით. სავარაუდოდ, ის ასე უფრო კარგად იცავს მომავალ პატარას. ჟირაფის ადგომა ცოტა რთული საქმეა და უცებ მტერი რომ მიუახლოვდეს, წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. მართალია, ახლადშობილი ჟირაფისთვის ორმეტრიანი სიმაღლიდან ჩამოვარდნა ცოტა ძნელია, მაგრამ ცდილობს დაცემა უკანა ჩლიქებით შეარბილოს. რამდენიმე საათში კი პატარა ჟირაფი ფეხზე დგება.

საოცარია, მაგრამ ჟირაფებს აქვთ საკუთარი „საბავშვო ბაღი“, ანუ, ერთი ქალი-ჟირაფი რჩება პატარების მისახედად, ხოლო დანარჩენი დედები მიდინ საკვების მოსაპოვებლად. სინტერესოა, რას აკეთებენ ამ დროს ჟირაფი—მამები?

ვლადიმერ ვისოცკის ჟირაფზე სიმღერას რომ დავუჯეროთ, ისინი ანტილოპებს დასდევენ და ეპრანჭებიან.

ჟირაფებს ძალიან მკრივი დ სქელი კანი აქვთ, განსაკუთრებით ფეხებზე, რაც ხელს უწყობს წნევის შექმნას, მათი სისხლძარღვები რომ არ გაფართოვდეს, ანუ, სისხლის შიდა წნევა ნეიტრალდება გარე წნევით. ეს სისხლს ზევით აწვდის და ეხმარება ჟირაფის 10 კგ-იან გულს მუშაობაში.

თურმე მეცნიერებმა კოსმონავტებისთვის სკაფანდრების შემუშავების დროს სწორედ ეს ეფექტი გამოიყენეს. კერძოდ, სკაფანდრის ქვეშ ადამიანი იცვამს სპეციალური მასალისგან დამზადებულ შარვალს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმს ზედმეტი დატვირთვის გადატანაში — სიხლი მკვეთრად არ ჩადის ფეხებში და სისხლის მიმოქცევა არ იცვლება. 

ასე რომ, ადამინის კოსმოსში გასვლაში ჟირაფებსაც ჰქონიათ წვლილი…

ჟირაფები ჯერ კიდევ ძველ რომში მონაწილეობდნენ მდიდრულ ღონისძიებებში. რომის იმპერიის დაცემასთან ერთად ჟირაფები გაქრენ ევროპიდან და მას შემდეგ რამდენიმე საუკუნით დაივიწყეს მათი არსებობა.

XV საუკუნეში ჟირაფები ისევ მოიხსენიებიან, მაგალითად, ცნობილია, რომ აღორძინების ეპოქაში, ფლორენციაში პოლიტიკოსის, პოეტისა და ბანკირის ლორენცო მედიჩის იშვიათობებს შორის ჟირაფიც იყო. ასევე ცნობილია, რომ ეგვიპტეს ფაშამ გეორგ IV-ს საჩუქრად ჟირაფი უბოძა. ის ინგლისში ჩაიყვანეს 1828 წელს, სადაც სულ ერთი წელი იცოცხლა.

მეცნიერების აზრით, ადამიანი ჟირაფის შესაძლებლობებს (სისწრაფეს, ძალას, გამჭრიახობას, სიფრთხილის საოცარ შეგრძნებას) ფაქტიურად ვერ იყენებს, სამაგიეროდ, ადამიანმა კარგად ისწავლა ჟირაფების მყესებისგან მშვილდ-ისრების და მუსიკალური ინსტრუმენტების სიმების დამზადება, ჟირაფის კუდისგან კი სამკაულებისა და ქამრების გაკეთება. სახლში გაკიდული ჟირაფის ტყავი მაღალი სოციალური სტატუსის მაჩვენებელი, ხოლო მათზე ნადირობა — სასიამოვნო გართობა იყო…

მე ჟირაფი არასდროს მინახავს, საოცარია, მაგრამ ზოოპარკშიც კი, და არც მინდა. არ მინდა ამ საოცარი, ყველაზე მაღალი არსების, აკაციები რომ უყვარს და ყველაზე ლამაზი თვალები და უგრძელესი წამწამები რომ აქვს, ჩაკეტილ და დაჩაგრულ მდგომარეობაში ნახვა.

სამაგიეროდ, კარგად ვიცნობ ფიროსმანის ჟირაფს, უსასრულოდ ცისფერი ცის ფონზე და ნიკოლაი გუმილიოვის ჩადის ტბასთან მობორიალე დახვეწილ ჟირაფსაც…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ჟირაფივით ამაღლებულ დღეს!


ყველა ახალი ამბავი
0