მეგრელი ხოზე სოხუმიდან...

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიზურაბ სოტკილავა
ზურაბ სოტკილავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველო“ კვლავ მოგესალმებათ ლელა ანჯაფარიძის სახელით მისი ვირტუალური აივნიდან და ჩვენს ფონდში დაცულ ჩანაწერებს გთავაზობთ. სტატია დაწერილია 2017 წელს, ბატონი ზურაბ სოტკილავას გარდაცვალებამდე.

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი გაზაფხულიანი აივანი მთლად ზღაპრობს…  

ანუ, ყველა კატა შარლ პეროს მიხედვით „ჩექმებიანია“…

კარლსონი უზომოდ და რომეოსავით მთლად უპერსპექტივოდ შეყვარებულია დიუმოვაჩკაში…

მე რაც შემეხება, ნაწნავი დამიმოკლდა და რინცის ამოსაყვანად პაწა არ მყოფნის…

და ამ ზღაპრულ და ჯადოსნურ სამყაროს “კანონიერი ქურდივით“ სამთავიანი, ასგულიანი და თანაც ინტელიგენტურად დახვეწილი „გველეშაპი“ მართავს — შესანიშნავი მომღერალი და პედაგოგი დავით ანდღულაძე… თავისი სამთავიანი მუზებით…

ნოდარ ანდღულაძით და ორი ზურიკოთი — ანჯაფარიძით და მეგრულად განსაკუთრებულად თბილი ზურიკო სოტკილავათი…

მე ზურაბ სოტკილავას მთლად ბავშვობიდან ვიცნობ. მაქვს ასეთი ბედნიერება. შესანიშნავი, იუმორიანი, სასწაულად კეთილშობილი ადამიანია. გულში რომ ჩაგიხუტებს, ასე გგონია ბუხარივით გათბობს და ირგვლივ ციცინათელები დაფრინავენ…

ბატონი ზურაბი დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1937 წლის 12 მარტს ქალაქ სოხუმში.

მისთვის მთელი დედამიწა მაშინ ფეხბურთის ბურთის ხელა იყო და ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. ასე ამბობდა: "არასდროს გამჩენია ეჭვი და მეგონა, რომ ყოველთვის ერთი საქმით ვიქნებოდი დაკავებული — ვითამაშებდი ფეხბურთს“. 

ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ბატონი ზურაბი ფეხბურთის ფინტებს მისთვის ჩვეული ელეგანტურობით და დახვეწილობით ასრულებდა, მაგრამ მომღერალი რომ არ გამხდარიყო… 

ხომ არ იქნებოდა მისი განუმეორებელი ხოზე, კავარადოსი, ოტელო და, რა თქმა უნდა, მასკანის ტურიდუ განუმეორებელ სანტუცა — ელენა ობრაზცოვასთან ერთად…

ბატონი ზურაბი მართლაც საოცარი ადამიანია… ბავშვივით გულწრფელი, თავის მეუღლეში — ქალბატონ ელისოში ბოლომდე, „იასამნიფერ, ბოლომდე მიმწვდარ ტოტივით შეყვარებული“… ალბათ, როგორც მხატვარი კავარადოსი ტოსკაში… ან მთლად არა მხატვარი ხოზე კარმენში…

ძალიან ძნელი და საპასუხისმგებლოა, იცხოვრო საზღვარგარეთ, შენი სამშობლოსგან მოშორებით. ეცადო შენი გულისტკივილი და ქართული პეწი ჩააქსოვო ყველაფერში, რასაც აკეთებ, რითიც ცხოვრობ და სულდგმულობ…

ძნელია ბოლომდე დარჩე ქართველი, მიუხედავად იმისა, გერმანი ხარ თუ ინდოეთის ელჩი რიმსკი-კორსაკოვის „სადკოდან“…

მე ბატონი ზურაბი ბავშვობიდან მიყვარს. მას არასდროს არ გადაუხვევია იმ მთავარი გზიდან, რომელსაც უბრალოდ საქართველო ჰქვია…

რუსეთში, საქართველოს საელჩოში სანამ ვმუშაობდი, ყოველთვის ვიცოდი, რომ ზურიკო სოტკილავა მყავდა გვერდით. მოწიწებით მიცავდა და მხარში მედგა, თავისი თავგანწირული ლენსკის და სევდიანი კავარადოსის მსგავსად…

მე ყოველთვის ვიცოდი, რამე რომ დამემართოს, ზურიკო სოტკილავა და მისი შესანიშნავი ელისო ყოველთვის მხარში ამომიდგებოდნენ, ისევე, როგორც ყველა ქართველს… უბრალოდ, ასეთი ადამიანები არიან…

თანაც, ეს მოხდებოდა მოხდენილად და თავაზიანად – ქართულად, მეგრულად, რუსულად, ბოშურად… და, ესე იგი, საერთაშორისოდ, უბრალოდ, ადამიანურად…

გისურვებთ ზურაბ სოტკილავას ვოკალივით შესანიშნავ და აღმაფრენილ დღეს! 

 

ყველა ახალი ამბავი
0