კაზიმირ მალევიჩი, თავისი ძალიან შავი კვადრატით…

© ლელა ანჯაფარიძელელა ანჯაფაიძე - "მალევიჩის შავი კვადრატი"
ლელა ანჯაფაიძე - მალევიჩის შავი კვადრატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ერთობ ფუტურისტული განწყობა სუფევს და, შესაბამისად, ცოტა არაორდინალური დღეა. ბეღურები ირიბად დაფრინავენ, ღრუბლები განსაკუთრებულ ფორმებს იღებენ, მეც ზედმიწევნით გამოპრანჭული ხალათი ჩავიცვი თქვენ დასახვედრად – აბრეშუმისა და ფოჩებიანი…

რადგან ჩვენ დღეს ვმასპინძლობთ იმ ნახატის ავტორს, რომელიც, ყველა გამოკითხვით, პოპულარობით ჩამოუვარდება მხოლოდ ლეონარდო და ვინჩის „ჯოკონდას“. ანუ აბსოლუტურად გაუგებარი და შესანიშნავი „შავი კვადრატის“ შემქმნელს, მხატვრობაში ერთ-ერთი მიმართულების — სუპრემატიზმის შემქმნელს, კაზიმირ მალევიჩს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1879 წლის 23 თებერვალს.

მხატვარი კაზიმირ მალევიჩი
მხატვარი კაზიმირ მალევიჩი - Sputnik საქართველო
მხატვარი კაზიმირ მალევიჩი

ახლა არ გაგიკვირდეთ და მასზე ისტორიას დავიწყებ სასაცილო და მისივე შესაფერისი არაორდინალური ამბით — მალევიჩი ამას ნამდვილად იმსახურებს — ე.წ. „თლილი ჭიქით“ (Граненный стакан). ჰყვებიან, რომ კაზიმირმა 1930 წელს, ციხეში ყოფნის დროს ყურადღება მიაქცია იმას, რომ ჭიქები ხშირად იმსხვრეოდა, ხელებს კი ცხელი ჩაი უწვავდათ. ამიტომაც თავში მოუვიდა მრავალწახნაგა და მდგრადი ჭიქების იდეა და ეს იდეა გაუზიარა ცნობილ საბჭოთა მოქანდაკეს, მონუმენტ „მუშა და კოლმეურნეს“ ავტორს ვერა მუხინას, რომელმაც მას ხელი შეუწყო მრავალწახნაგა ჭიქების წარმოების დაწყებაში.

ის მართლა სხვებისგან განსხვავებული კაცი იყო — არ თამაშობდა და არ იგონებდა, უბრალოდ, სხვებისგან განსხვავებულად აზროვნებდა.

მაგალითად, 1924 წელს რევოლუციის ბელადის ვლადიმირ ლენინის ძეგლის მონუმენტი შექმნა — სასოფლო–სამეურნეო იარაღების მთა, ზედ მარადისობის სიმბოლო — კუბით.

პროექტი არ მიიღეს… სამწუხაროდ, არ მოეწონათ.

კაზიმირ მალევიჩის “ავიატორი"
კაზიმირ მალევიჩის “ავიატორი - Sputnik საქართველო
კაზიმირ მალევიჩის “ავიატორი"

საინტერესოა, რომ კაზიმირმა ხატვა მხოლოდ 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც დედამ პირველად აჩუქა საღებავები და ფუნჯი. ორ წელიწადში კი ყველაფერი მიატოვა ხატვის გამო და სულ ცოტა ხანში სათავეში ჩაუდგა რუსულ ავანგარდს.

თავისი ცნობილი „შავი კვადრატი“ მან 1914 წელს დახატა და მას შემდეგ ხელოვნებათმცოდნეები ბჭობენ და კამათობენ ამ მუგუზლისფერ ტოლგვერდა გაუგებარ და აუხსნად ოთხკუთხედობაზე…

სინამდვილეში „შავი კვადრატი“ მთლად შავი არ არის, მასზე ნაპრალებია, რომლებშიც სიღრმიდან ფერები მოჩანს, ამიტომაც თვლიან, რომ შავი საღებავის ქვეშ ავტორის შეუმდგარი და მთავარი ნახატი იმალება. სულ ახლახან კი ექსპერტებმა „შავი კვადრატის“ ქვეშ ერთი კი არა, ორი ფერადი ნახატი იპოვეს.

მეცნიერებმა შავი კვადრატის ქვეშ ფერადი გამოსახულება აღმოაჩინეს
მეცნიერებმა შავი კვადრატის ქვეშ ფერადი გამოსახულება აღმოაჩინეს - Sputnik საქართველო
მეცნიერებმა შავი კვადრატის ქვეშ ფერადი გამოსახულება აღმოაჩინეს
 

მალევიჩი „შავი კვადრატის“ შექმნის შემდეგ თავად ისეთ შოკში იყო, რომ არც საუბარი შეეძლო, არც ჭამა და ძილი…

ბევრი მალევიჩს დღემდე ავანტიურისტად თვლის და დასცინის მისი „პრიმიტიული“ ნახატის ირგვლივ ატეხილ აურზაურს. ბევრი, პირიქით, მასში რაღაც შეუცნობადს და მაგიურს ხედავს.

სხვათა შორის, მალევიჩამდე ხუთმა მხატვარმა – რობერტ ფლადმა (1617 წ), ბერტალმა (1843 წ), პოლ გუსტავ დორემ (1854 წ), პოლ ბილჰოდმა (1882 წ) და ალფონს ალემ (1893 წ) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შექმნეს ასეთივე შავი კვადრატების ამსახველი სურათები. თანაც, მალევიჩისგან განსხვავებით, მათ ორიგინალური დასახელებებიც მოუგონეს. მაგალითად, „ზანგების ღამის ბრძოლა სარდაფში“, ან „ფილოსოფოსები ეძებენ შავ კატას ბნელ ოთახში“, მაგრამ ამ კვადრატებიდან არც ერთმა არ მიიქცია საზოგადოების ყურადღება, მალევიჩის კვადრატის გარდა.

თავად ავტორი აღიარებდა, რომ „ეს ფერწერა არ არის. ეს რაღაც სხვა რამეა“…

ძალიან ადვილია ყველაფრის უარყოფა, მაგალითად, იმის თქმა — რა არის ამ შავ კვადრატში განსაკუთრებულიო, მაგრამ, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია იმის აღმოჩენა და ჩაწვდომა, ამ შავ კვადრატობაში განსაკუთრებული რაც არის…

დღეს მალევიჩის „შავი კვადრატი“ ერმიტაჟშია დაბრძანებული და „ჯოკონდას“ შემდეგ მსოფლიოში პოპულარობით მეორე ტილოდ ითვლება.

ისიც ცნობილია, რომ მალევიჩმა, მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების (მათ შორის ერმიტაჟის) თხოვნით, კიდევ სამი „შავი კვადრატი“ დახატა და, აბა, საკამათო რა არის?

პირადად მე მალევიჩის სურათები ძალიან მომწონს – ნათელია და მართლაც რაღაცნაირად სხვანაირი. მთავარია, ჩემთვის მივხვდი მთავარს, რომ ამ კაცმა ნამდვილად იცოდა კვადრატების გარდა სხვა რაღაცების ხატვაც, თანაც, შესანიშნავად იცოდა და თუ ის კვადრატი დახატა, გულით დახატა… და, ალბათ, ასე იყო საჭირო. ხომ გვაქვს უფლება, რაღაც ბოლომდე ამოუცნობადი და აუხსნელი რამ რომ ვატაროთ გულში და თანაც დავხატოთ?

გისურვებთ ლამაზ, ფანტასტიკურ და ცოტა ფუტურისტულად განსხვავებულ დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე

 

ყველა ახალი ამბავი
0