ქართველი მსახიობი ბოლივუდში, რომელსაც ბევერლი-ჰილზში 3 მილიარდის ძვირფასეულობა ანდეს

© Photo: Courtesy of Giorgi Darchiashviliგიორგი დარჩიაშვილი
გიორგი დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ მსახიობსა და რეჟისორს გიორგი დარჩიაშვილს გაგაცნობთ.

მისი ცხოვრების ამბავი ალბათ ყველა იმ ფილმზე არანაკლებ საინტერესოა, რაშიც თავად მიუღია მონაწილეობა. ჯერ იყო თბილისის თეატრალური სცენა, შემდეგ კინოგადაღებები ცნობილ ქართველ და უცხოელ რეჟისორებთან. დღეს ძალიან საინტერესო სცენარზე მუშაობს. კინოში გადაღებების პარალელურად FBI-ს საოფიცრო კურსი დაამთავრა და უკვე მეოთხე თვეა, ბევერლი–ჰილზის დიდი საიუველირო მაღაზიის დაცვის უფროსია.

© Photo: Courtesy of Giorgi Darchiashviliგიორგი დარჩიაშვილი
გიორგი დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი დარჩიაშვილი

– ბატონო გიორგი, მსახიობობა თეატრით დაიწყეთ, მაგრამ მოგვიანებით კინოზე გადაინაცვლეთ…

— 1982 წელს თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე, სადაც გია და ლეო ანთაძის ჯგუფში ვიყავი. ჩემი მეტყველების პედაგოგი და მხატვრული კითხვის პედაგოგი გურამ საღარაძე იყო. დაუვიწყარი წლები იყო, დიმიტრი ალექსიძესა და ლილი იოსელიანთან ურთიერთობის ბედნიერება მქონდა. სტუდენტობის დროს შექსპირის პიესაში „მეთორმეტე ღამე” მეზღვაურის როლი ვითამაშე, მერე ორი წელი ახმეტელის თეატრში ვიმუშავე. 1996-98 წლებში მერაბ კოსტავას სახელობის თეატრის სპექტაკლში “მედეა” მეფე იაზონი ვიყავი, 1997 წელს სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლში “ოიდიპოს მეფე” ოიდიპოსის როლი ვითამაშე.

კინოს რაც შეეხება, 12 ფილმში მივიღე მონაწილეობა. სხვადასხვა ფილმებში მუშაობა მომიწია ცნობილ რეჟისორებთან – გიორგი მეგრელიშვილთან, ნიკოლოზ სანიშვილთან, გიგა ლორთქიფანიძესთან, შაში კაპურთან, ისლამ კაზიევთან, გენადი ვასილევთან, მიხეილ  კალატოზიშვილთან, ალინა აბაშმაძესთან…

© Photo: Courtesy of Giorgi Darchiashviliგიორგი დარჩიაშვილი
გიორგი დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი დარჩიაშვილი

 

– თქვენი პირველი ამერიკული შთაბეჭდილება როგორია?

— ამერიკაში თავიდან ძალიან გამიჭირდა. იმის გამო, რომ საბუთები არ მქონდა, იძულებული გავხდი, სხვადასხვა ადგილზე მემუშავა. მერე ისე მოხდა, რომ Green Card-ი მივიღე. პირველი ორი წელი ჩემთვის რთული იყო იმის გამოც, რომ ენა არ ვიცოდი. ახლა ხუთ ენაზე საუბარს ვახერხებ – ინდურად, ესპანურად, ბულგარულად, რუსულად და ცოტა არაბულად.

– ბოლივუდში ვინ მიგიწვიათ?

— 1990 წელს ინდოეთში, რაჯ კაპურის სტუდიაში ფილმ „შავი უფლისწულის“ რეჟისორი იყო შაში კაპური, რაჯის ძმა. ფილმში პრინცის როლი ვითამაშე. შემდეგ რეჟისორმა გენადი ვასილევმა გადამიღო ბოლივუდის კინოსტუდიაში ფილმში „ბაღდადელი ქურდის დაბრუნება“. ბოლივუდში ადრეც მიმიწვიეს, მაგრამ მაშინ საბუთები არ მქონდა და იქ გამგზავრება ვერ მოვახერხე.

– კარგი ინტუიცია გქონიათ — სიზმრები გიცხადდებათ ხოლმე. თქვენი ბოლივუდთან შეხებაც უცნაურად მომხდარა, ხომ ვერ გაიხსენებთ ამ ამბავს?

— ნამდვილად ასეა, სიზმრების მჯერა და როცა რაღაცას განვიცდი, გამოსავალს სიზმარში ვხედავ, ანუ პასუხს იქ ვპოულობ. ერთხელ სიზმარში ვნახე, რომ სხვადასხვა გმირის ტანისამოსი მეცვა. რაღაც მენიშნა. ერთ დღესაც იური მეჩითოვთან მივედი და ვთხოვე, რომ ჩემთვის კინოსტუდიაში ფოტოები სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილს გადაეღო. მართლაც ათი სხვადასხვა ფოტო გადამიღო. განსხვავებულ ხასიათში მონოლოგებს ვკითხულობდი, ის კი მიღებდა. ეს ამბავი 1987 წელს მოხდა და ფოტოები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სტუდიაში გავგზავნე. იმ დროს რაჯ კაპურის ძმა რუსეთში იყო ჩამოსული და ეს ფოტოები გორკის კინოსტუდიის კატალოგში ნახა. მოკლედ, გამომიძახეს და კინოსინჯები დანიშნეს. რეჟისორი იყო კუნალ კაპური, რაჯ კაპურის ბიძაშვილი. სიმართლე გითხრათ, იმედი არ მქონდა, რომ როლზე დამამტკიცებდნენ, მაგრამ 1988 წელს ინდოეთიდან მივიღე წერილი, სადაც გადაღებებზე მიწვევდნენ. იმ ფილმში ვითამაშე ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ამიტაბჰ ბაჩანი, რიში კაპური, (ჩვენთვის ნაცნობი ინდური ფილმიდან „ბობი“).

– თქვენთვის მნიშვნელოვანი რომელი ნამუშევარია, ან წარმატებულად რომელს თვლით?

— ჩემ შემოქმედებაში დიდი როლი ითამაშა ვლადიმერ მოტილის ფილმმა Расстанемся, пока хорошие, სადაც აფხაზი ვითამაშე. სხვათა შორის, ეს ის რეჟისორია, რომელმაც თავის დროზე ცნობილი ფილმი „უდაბნოს თეთრი მზე“ გადაიღო. თავის ახალ ფილმში, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოდროინდელ პერიოდის ასახავს, ბაგრატ ტიაბშის როლი შემომთავაზა. ეს ისეთივე გმირია, როგორიც დათა თუთაშხია. რუსეთმა ტელევიზიით რამდენჯერმე უჩვენა და, როგორც იტყვიან, ამის მერე ფილმი თაროზე შემოიდო. გადაღებას ორი წელი მოვუნდით, პრემიერა 1991 წელს თბილისში, კინოს სახლში შედგა. საღამო მაშინდელ კულტურის მინისტრს გიგა ლორთქიფანიძეს მიჰყავდა. ფილმის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. ამის შემდეგ ის 1992 წელს რუსეთის ტელევიზიაში აჩვენეს. ფართო ეკრანებზე კი არ გასულა…

© Photo: Courtesy of Giorgi Darchiashviliგიორგი დარჩიაშვილი
გიორგი დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი დარჩიაშვილი

– ამ ფილმის პრემიერა ამერიკაში როდის შედგა?

— ფილმის ამერიკული პრემიერა 1999 წელს ვაშინგტონში შედგა. ძალიან გამიხარდა, რომ მაყურებელმა მაშინ მისი დამატებით ჩვენება მოითხოვა. მახსოვს, ერთ-ერთმა მათგანმა თაყვანისცემის ნიშნად მაჩუქა ვარსკვლავი წარწერით George. 2010 წელს კი შემთხვევით ვნახე ჟურნალი, რომელიც გამოდის ემიგრანტებისთვის სახელწოდებით В новом свете, სადაც ვლადიმერ მოტილი მისი ფილმების თაყვანისმცემლებს კითხვებზე პასუხს სცემდა. ისინი ბაგრატის როლის შემსრულებლის ბედით იყვნენ დაინტერესებული. მაშინ გამაოგნა მისმა პასუხმა კითხვაზე, თუ რატომ მივატოვე მე პროფესია და ემიგრაციაში წავედი. იგი პასუხობდა, რომ ამ როლის შემდეგ მე თეატრსა და კინოში შემავიწროეს და უმუშევრად დარჩენილი იძულებული გავხდი, ოჯახი ემიგრაციაში ფიზიკური შრომით მერჩინა. სამწუხაროა, როცა საკუთარ თავზე ასეთ რამეს კითხულობ…

– რაიმე საინტერესო თემას ხომ არ მიაგენით შტატებში?

— ბოლო დროს აქ ოთხი სცენარი დავწერე, ხანდახან ლექსებსაც ვწერ.

რაც შეეხება საინტერესო თემას, ამერიკაში გავიცანი ერთი ლაზი, რომლის პაპა ახალგაზრდობაში სტალინს იცნობდა. საინტერესო სცენარი დავწერე, რომელიც 1903 წლიდან 1917 წლამდე პერიოდს ასახავს. სცენარის სამუშაო სათაურია „გურჯი“. ამ ლაზის დიდი პაპა 17 წელი აზერბაიჯანის ციხეში იყო. ეს ის დროა, როცა ქვეყანაში სტალინის დავალებით ქურდობები და ბანკების ძარცვა ხდებოდა. მერე ამ „ნადავლს“ ერთ ადგილზე აგროვებდნენ… ამ ამბებს ბევრი ადამიანი შეეწირა და მხოლოდ ამ ლაზის დიდი ბაბუა გადარჩა, რომელიც მერე თურქეთში გადავიდა. სცენარი სწორედ ამ ფაქტზე ავაგე. ამას გარდა რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ შემომთავაზა ფრანგი პრემიერ-მინისტრის როლი ფილმში „ექვთიმე“, რომლის გადაღებებიც მარტში დამეწყება.

ფილმის გადაღებებს შორის, რა თქმა უნდა, ჩემი რეალური ცხოვრებაცაა. სამი შვილი მყავს. უფროსი, მიხეილი ამერიკის სამხედრო აკადემიაში სწავლობს. ოთარი მსახიობია, ანამ კი ჟურნალისტის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ პროფესიით არ მუშაობს. მყავს 5 შვილიშვილი.

© Photo: Courtesy of Giorgi Darchiashviliგიორგი დარჩიაშვილი
გიორგი დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი დარჩიაშვილი

– კინოს გარდა დღეს სულ სხვა სფეროშიც გიწევთ „როლის მორგება“ და ამერიკაში ერთ-ერთი ცნობილი საიუველირო მაღაზიის დაცვის უფროსი ხართ…

— ამერიკაში FBI-ს საოფიცრო კურსი დავამთავრე და უკვე მეოთხე თვეა, დაცვაში ვმუშაობ დაცვის უფროსად ბევერლი-ჰილზის დიდ საიუველირო მაღაზიაში, სადაც 3 მილიარდის ღირებულების საქონელია.

– როგორც ვატყობ, თქვენი ცხოვრებაც კინოს ჰგავს, რომელი ჟანრის „ფილმია“ ის?

— ჩემი ცხოვრება? ალბათ, კომედიურია, მაგრამ ისეთი, ცრემლები რომ წამოგივათ, ანუ, უფრო დრამაა…

ყველა ახალი ამბავი
0