დილის ვალსი და ცოტა ნოქტიურნი...

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშივალსი
ვალსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი თბილისური აივანი განსაკუთრებით გამჭირვალეა და მთლად ჰაეროვანი. ხან მარჯვნივ ფრინდება, ხან მარცხნივ… მერცხალივით, თანაც, ბუდესავით თბილია და მყუდრო, რადგან დღეს მას სტუმრობს შესანიშნავი ფრედერიკ ფრანსუა შოპენი – განსაკუთრებით დახვეწილი, თავისი „შეუდარებელი „ბაბოჩკით“, 19 ნოქტიურნით, ასევე 19 ვალსით, 16 პოლონეზით, 27 ეტიუდით და 4 სკერცოთი, ფორტეპიანოს სონატებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ის სწორედ ამ დღეს არის დაბადებული 1810 წლის 22 თებერვალს. სხვა ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით კი — 1 მარტს, მაგრამ მე ასე ვიფიქრე — 1 მარტს ისედაც ეყოფა 1 მარტი რომ არის და გაზაფხულის დასაწყისი და დღეს ბატონი ფრედერიკი მოვიწვიე, გული რომ გამოგვიზაფხულოს, წინასწარ, 1 კვირით ადრე…

ჰოდა გთავაზობთ მის ძალიან გაზაფხულიან ვალსს:

არ ვიცი, ადამიანი ამ ვალსს დილიდან რომ მოისმენს, როგორ შეიძლება რომ სხვანაირად, გულის სიღრმეში ბედნიერი არ გახდეს? ის სამსახურშიც ფრენით წავა, სახლშიც სიყვარულს დატოვებს და გზაშიც დააფრქვევს მზის სხივებს, იმიტომ რომ ასე ხდება ხოლმე, როცა გულში შოპენია.

შოპენმა თავისი პირველი პოლონეზი 8 წლის ასაკში დაწერა. ვარშავის ერთ-ერთმა გაზეთმა მას გენიოსი უწოდა, ხოლო ცნობილმა პიანისტმა და პედაგოგმა ვოიცეხ ჟივნიმ 12 წლის შოპენის მასწავლებლობაზე უარი განაცხადა — ამაზე მეტი რაღა ვასწავლო, ისედაც ყველაფერი იცისო…

სხვათა შორის, შოპენს ყოველთვის ახსოვდა თავისი პირველი მასწავლებელი და შემდგომში პოლონეზიც კი მიუძღვნა.

შესანიშნავმა ფერენც ლისტმა ერთხელ აღნიშნა, რომ შოპენის მანერები იმდენად სავსე იყო წესიერებით და მათში ისეთი არისტოკრატიზმი შეიმჩნეოდა, რომ მას საზოგადოება თავადივით იღებდა.

ჰოდა ერთი გენიოსი მეორე გენიოსს ასე რომ შეაფასებს და რომ არ შეშურდება, რამხელა ბედნიერებაა?

1823-1829 წლებში შოპენი მუსიკალური ლიცეუმის მოსწავლე იყო, სადაც ის, მუსიკის გარდა, ეუფლებოდა ლიტერატურას, ისტორიას, ესთეტიკას. ხატავდა კარიკატურებს, წერდა პიესებს, მოთხრობებს და ლექსებს.

1830 წელს შოპენმა ვარშავაში სამი ტრიუმფალური კონცერტი გამართა, სამწუხაროდ, უკანასკნელი. ამის შემდეგ ის სამშობლოში აღარ დაბრუნებულა…

ხომ დაგიარათ გულში? ბოლომდე, ყოველი ნოტის წკიპამდე, წვიმის შხეფებივით? წვიმის ვალსია და იმიტომაც.

ნუ, ასეთია შოპენი – შესანიშნავი და განუმეორებელი.

1831 წელს შოპენი ჩავიდა პარიზში. დიდებული პარიზი შოპენს, რა თქმა უნდა, ხელგაშლილი და გულგაშლილი შეეგება. მაგრამ შოპენი ყოველთვის სიბნელეში უკრავდა, სტუმრადაც რომ იყო, შუქის ჩაქრობას ითხოვდა.

აბა, ასეთი მელოდია რომ არის, რა შუაშია შუქი? ისედაც ანათებს…

ყველამ, რაღა თქმა უნდა, ვიცით ფრედერიკ შოპენის ჟორჟ სანდთან რომანის შესახებ…

სხვათა შორის, შოპენმა წინასწარ იცოდა, რომ ჟორჟ სანდს ეცვა ფრაკი, შარვალი და სიგარებს ეწეოდა… და, მიუხედავად ამისა, პირველივე შეხვედრიდან მოიხიბლა. თუმცა, სავარაუდოდ, თავდაცვისთვის განცხადა — „რა საზიზღარი ქალია ეს ჟორჟ სანდი… და, საერთოდ, ქალი თუ არის?“

მიუხედავად ამისა, შოპენი და ჟორჟ სანდი ერთად გაემგზავრნენ ხმელთაშუა ზღვის საუკეთესო და ულამაზეს კუნძულზე მაიორკაზე, სადაც აღმოჩნდა, რომ შოპენს ტუბერკულიოზი სჭირდა. სასტუმროს მეპატრონემ ისინი გამოაგდო და თავშესაფარი მხოლოდ მონასტერში მონახეს.

პარიზში დაბრუნებაც გაუჭირდათ — არც ერთი გემი არ იღებდა მათ. ბოლოს ერთ-ერთმა კაპიტანმა თანხმობა მისცა და, ჟორჟ სანდის მონათხრობით, მათი კაიუტა მთელ გემზე ყველაზე უარესი იყო.

ჰოდა, მოდით, ამ მძიმე წუთებში ისევ შოპენი მოვაბრძანოთ თავისი შეუდარებელი ნაწარმოებით — „სიფაქიზე“:

არაფერი არ არსებობს სიყვარულზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი. მაგრამ პარიზში დაბრუნებისთანავე შოპენმა ჩემოდანი ჩააწყო და სამუდამოდ მიატოვა ჟორჟ სანდის ბინა, მიუხედავდ იმისა, რომ პარიზში მათ სახლს სტუმრობდნენ ბალზაკი და დელაკრუა…

მთავარი კი ის არის, რომ ჟორჟ სანდმა შოპენის წასვლას წინააღმდეგობა არ გაუწია, იმ კაცის წასვლას, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა.

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შოპენმა თქვა: „ის მე დამპირდა, რომ სიკვდილის წინ ჩამეხუტებოდა“…

სიყვარულს, აბა, რას გაუგებ? ელეგანტური და ეპატაჟური ჟორჟ სანდი და მელანქოლიური ფრედერიკ შოპენი… 

რამდენს ჭორაობდნენ მათ სიყვარულზე… 

თავის ბოლო წერილში ჟორჟ სანდმა შოპენს მისწერა — „მე ყველაფერს გპატიობ და ერთ საყვედურსაც კი არ გიგზავნი“…

შოპენმა კი უპასუხა — „მე მინდა ვიცხოვრო მხოლოდ შენთვის და მხოლოდ შენთვის მინდა შევქმნა ნაზი მელოდიები“…

აბა, შოპენს სხვა რა უნდა ეპასუხა…

აი, ასე გილოცავთ დღევანდელ დღეს – შოპენით…

და გისურვებთ წარმატებებს და გაცისკროვნებას!

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0