შესანიშნავი ქალბატონი არიადნა...

© National Library of Georgiaარიადნა შენგელაია
არიადნა შენგელაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ ჩვენ აივანზე საშინელი მატრიარქატია გამოცხადებული და თანაც გაჩაღებული. ასე რომ, ჩვენო ძვირფასო და სულზე უტკბესო მამაკაცებო, ყველასგან განსხვავებულ, სხვანაირად ქართველ ჯენტლმენებს როგორც ეკადრებათ, “შლაპები” მოიხადეთ და ეს ერთი დილა ქართველ ქალებს ბოლომდე გაუძელით… როგორმე…

და, იცით, რატომ? რადგან ქართველი ქალები და კიდევ ქართველი რძლები ყველაზე-ყველაზე ლამაზები და ეშხიანები არიან!

ვისაც ეჭვი ეპარება, უბრალოდ შეგახსენებთ: ნატო ვაჩნაძე, მედეა ჯაფარიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, დუდუხანა წეროძე, ლეილა აბაშიძე, ლია ელიავა, დინარა ჟორჟოლიანი, სოფიკო ჭიაურელი, ლეილა ყიფიანი, ელენე ყიფშიძე, ლიკა ქავჟარაძე, მაკა ასათიანი, ქეთუსია ჩიჩუა, ნანა შონია, ქეთი ყიასაშვილი, რუსიკო კიკნაძე, ნანა ანჯაფარიძე… აქ, როგორც ანჯაფარიძე, ანჯაფარიძეზე შევჩერდები, რადგან ეს სია უსასრულოა და ნუ მიწყენთ, ვინმე თუ გამომრჩა. სინამდვილეში კი არ გამომრჩა, ყველას ვერ შეგწვდით…

ამ სიის ერთ-ერთ საპატიო ადგილს კი იკავებს ჩვენი აივნის დღევანდელი სტუმარი, განუმეორებელი ქალბატონი, ფერიასავით ჰაეროვანი და მართლა უღმერთოდ ლამაზი — არიადნა შენგელაია, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1937 წლის 13 იანვარს ქალაქ ტაშკენტში.

ქალბატონმა არიადნამ თავისი პირველი ჯილდო მიიღო 20 წლის ასაკში ტატიანა ლარინას როლის შერულებისთვის ფილმში „ევგენი ონეგინი“ და ამ ფილმის ნახვის შემდეგ ჩემთვის სხვა ტატიანა აღარ არსებობს.

და საქმე მარტო მის მომხიბვლელობაში კი არ არის, ის ამ ფილმში იმდენად წრფელია, იმდენად მართლა ტატიანაა, რომ ზოგჯერ მგონია, პუშკინი წინასწარ იცნობდა და ეს პოემა მასზე დაწერა.

მეორე ფილმი, რომელმაც საოცრად მომხიბლა, იყო ალექსანდრ კუპრინის მოთხრობის მიხედვით გადაღებული „ძოწის სამაჯური“, სადაც არიადნა ვერა ნიკოლაევნა შეინას როლს ასრულებდა. ნაწარმოებიც შესანიშნავია, ფილმიც და ქალბატონი არიადნაც, განსაკუთრებით, სამაჯურის მორგება რომ უნდა და ვერ შეძლებს.

ქალბატონი არიადნას ერთ-ერთი ბრწყინვალე როლი, სავარაუდოდ, მაინც მისი მომხიბვლელი მარგალიტა იყო ქართულ ფილმში „შერეკილები“, რომლის რეჟისორი მისი მეუღლე ელდარ შენგელაია, ხოლო სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძე გახლდნენ…

თურმე, მარგალიტას როლისთვის სალომე ყანჩელი და ლამარა ჭყონიაც მოუსინჯიათ, მაგრამ ბატონმა ელდარმა საბოლოოდ მაინც არიადნა შეარჩია.

სწორედ ამ ფილმის შემდეგ ყველამ გავიგეთ, რომ სიყვარული, თურმე „ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი“:)

ერთი წლის წინ, ერთ-ერთ მიღებაზე, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს ძალიან ლამაზი საზოგადოება, ქალბატონი არიადნა დავინახე, უფრო სწორად, კი არ დავინახე, ვიგრძენი…

მართალს ამბობენ, რომ ლამაზი ქალები ლამაზად ირგებენ ასაკს. ის ყველას სჯობდა თავისი გრაციით, დახვეწილობით და მანერებით. მაგიდა, რომელსაც ის ამშვენებდა, ყველა სხვა მაგიდისგან გამოირჩეოდა… და მერე, უცებ პეპელასავით აბრძანდა და გაფრინდა…

თავის დროზე ის სულ რაღაც 40 წლის ასაკში ასევე მოულოდნელად გაფრინდა კინემატოგრაფიიდან და კატეგორიულ უარს აცხადებდა ჟურნალისტებთან საუბარზე მისი პირადი ცხოვრების შესახებ.

ქალბატონ არიადნას, განსაკუთრებით არისტოკრატიული სილამაზის გამო, უმთავრესად ბარონესების, ჰერცოგინების და თავადი ქალების როლებს სთავაზობდნენ. ამავე დროს ის არასდროს ამბობდა უარს მეორეხარისხოვან როლებზე, რომლებიც მისი შესრულებით შედევრები ხდებოდნენ.

მე კიდევ განსაკუთრებით მიყვარს ქალბატონი არიადნა ფერენც ლისტის ცხოვრებისადმი მიძღვნილ ფილმში „ფერენც ლისტი და სიყვარულის ოცნებები“ (ძალიან გთხოვთ, ნახეთ, თუ ნანახი არ გაქვთ), სადაც მან შეასრულა კაროლინა ვიტგენშტეინის როლი, რომელიც კომპოზიტირმა რუსეთში გაიცნო და რომელსაც მიუძღვნა თავისი ცნობილი ნაწარმოები „სიყვარულის ოცნებები“.

ისე კი, ისევ ჩვენი ქართული ფილმი „შერეკილები“, უსაყვარლესი ვასილ ჩხაიძის და ეროსი მანჯგალაძის თქმის არ იყოს, სიყვარული…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და სიყვარულით სავსე დღეს!

თქვენი ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0