ანგელოზები ფეხით დადიან, ანუ პატარა მათხოვრის გაღებული მოწყალება

© FB/Group Kenyaჯონ ტუო
ჯონ ტუო - Sputnik საქართველო
გამოწერა

ალბათ ბევრს სმენია არაკი მორწმუნე ქალისა, რომელმაც ერთ დღეს კარს მიმდგარ მშიერ მათხოვარს, ქუჩაში შეხვედრილ ჩამოკონკილ ბავშვსა და კიდევ სხვა მოწყალების მთხოვნელს უარი უთხრა დახმარებაზე, არ მცალია, უფალმა სტუმრობა აღმითქვა და იმას ველოდებიო. უფალი კი აღარ ესტუმრა, მე დღეს სამჯერ ვიყავი შემთან და სამივეჯერ უარმყავიო.

ამ არაკით იმის შეხსენება გვინდა, რომ არავინ იცის, ვისი სახით და სად შეიძლება მოევლინოს სასწაული, რომელიც მთელ ცხოვრებას რადიკალურად შეუცვლის.

ჩვენი მოსათხრობი კი ასეთია:

ჯონ ტუო კენიელი ღატაკი ბიჭია, რომელიც სხვა უამრავი თანატოლის მსგავსად თავს მათხოვრობით ირჩენს… უფრო სწორად, ირჩენდა. ჯონი შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანებთან მიდიოდა და მოწყალებას ითხოვდა. ერთხელაც ასე მივიდა და… იმ დღემ ბიჭის ცხოვრებაც შეცვალა და იმ ადამიანისაც, რომელიც ავტომობილში დახვდა.

ჯონმა მანქანაში ჩაიხედა და უცნაური აპარატი დაინახა, რომელიც რატომღაც იქ მჯდომ ქალს, სახელად გლედის კამანდეს ჰქონდა მიერთებული. პატარა ბიჭი იმდენად გააკვირვა უჩვეულო სურათის დანახვამ, რომ სათხოვარი გადაავიწყდა და ეს რა აპარატებიაო, იმით დაინტერესდა.

ქალმა აუხსნა, რომ ფილტვის კოლაფსი დაემართა და ახლა იძულებულია სადაც წავა, მუდამ თან ატაროს ჟანგბადის ბალონები და გენერატორი. მერე, რახან თვალებგაფართოებული ჯონი კითხვების მიცემას არ წყვეტდა, უამბო, რომ 32 წლისაა, რომ უკვე 12 ოპერაცია აქვს გაკეთებული, რომ ერთ-ერთი ოპერაციისას მხედველობის ნერვი დაუზიანდა და დაბრმავდა…

ისედაც თხემით ტერფამდე შეძრული ჯონი მოსმენილმა მთლად დაზაფრა და თავი ვეღარ შეიკავა — ტირილი დაიწყო.

პატარა მათხოვარს, რომელსაც ბედმა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება არგუნა და ლუკმაპურის საშოვნელად ყოველდღე ქუჩა-ქუჩა წანწალი დაუდგინა, გლედისის ყოფა განუზომლად მძიმე და გაუსაძლისი მოეჩვენა, ვიდრე საკუთარი.

და ჰკითხა, მითხარი, რით დაგეხმარო, რა შეიძლება შენთვის გავაკეთოო? ქალმა ცრემლებად დაღვრილ ბიჭს ხელზე ხელი მოჰკიდა და მოდი, უბრალოდ, ერთად ვილოცოთო, უთხრა.

ილოცეს, მაგრამ ჯონს გულს მაინც არ მოეშვა. კიდევ რამის გაკეთება უნდოდა და… ჯიბიდან იმ დღეს ნაშოვნი მთელი ფული ამოიღო და გლედისს მისცა, ეს შენ უფრო გჭირდებაო. 

მერე კი… მერე კიდევ უფრო დიდი საოცრება მოხდა.

თურმე ამ ყველაფერს ვიღაც გამვლელი ადევნებდა თვალს, შუქნიშანზე გათამაშებულ სულისშემძვრელ სცენას ფოტოები გადაუღო და ინტერნეტში ატვირთა. ეს პოსტი არნახულად პოპულარული გახდა. ნანახმა და წაკითხულმა ათასობით ადამიანს გაულღო გული და ავადმყოფი ქალის დასახმარებლად სპეციალური კამპანია დაიწყო — პატარა მათხოვრის ცრემლებმა გლედის კამანდეს ოპერაციისთვის 80 ათასი დოლარი მოუგროვა.

თუმცა საოცარი ისტორია ამით არ დასრულებულა. მადლიერმა ქალმა გადაწყვიტა ეზრუნა პატარა, მიუსაფარ ბიჭზე, რომელმაც ლამის ხელის ერთი მოსმით შეცვალა მთელი მისი ცხოვრება — გლედის კამანდემ ჯონ ტუო იშვილა!

 

ყველა ახალი ამბავი
0