ლელა ანჯაფარიძე - ჩემი აივანი

ნამცეცობა თბილისურ აივანზე...

844
(განახლებულია 13:24 17.10.2016)
ძალიან დილა მშვიდობისა!

მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი აივანი იმდენად არის განაწყენებული ჩემზე და თქვენზეც, თანაც გუშინწინდელი დღიდან დაწყებული, რომ არც კი ვიცი, როგორ გამოვასწორო ეს მდგომარეობა… გამებუტნენ მოაჯირები, ხელიდან მისხლტებიან, კიბეებზე საერთოდ არც მკითხოთ, ფეხქვეშ მეშლებიან. ბროწეულმა ტოტები დემონსტრაციულად მეზობლისკენ გადასწია, ხოლო ადესა ისე დაიჭმუხნა, რომ მაღაზიაში ნაყიდ კექსში ჩადებულ ქიშმიშს დაემსგავსა. დანდურიც კი, რომელიც თავისით ჯადოსნურად გაიზარდა ერთ-ერთ მივიწყებულ ქოთანში, კაქტუსს დაემსგავსა…

რა აღარ ვქენი – ეს ჩვენი აივანი მოვხვეტე, დავგავე, გავრეცხე, გავაპრიალე… მაინც არ შემირიგდა. მერე მთელი შაბათი-კვირა ვახსენებდი, რომ შაბათი და კვირაა და ამ დღეებში ვისვენებთ, ყველას თავისი ოჯახი ჰყავს და თბილისობას იქ ხვდებიან, სადაც უხარიათ–მეთქი. არ გაჭრა და, იცით, რა მიპასუხა? – მეც ხომ თბილისური აივანი ვარ და მეგობრობამ შაბათი და კვირა არ იცისო… აქ არგუმენტი ვეღარ გამოვნახე და სასოწარკვეთილმა ჩავურთე მისი საყვარელი რეზო ლაღიძის სიმღერა „შენ გიმღერი, ჩემო თბილის ქალაქო“, თან შევახსენე, რომ ზურაბ ანჯაფარიძე, ვინც ამ სიმღერას ასრულებს, ჩემი ბიძაა.

ბროწეულმა, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ყველაზე სენტიმენტალურია, ჯერ მარცხენა ტოტი დააბრუნა უკან, მერე მარჯვენაც მოაყოლა, ადესაც გამოცოცხლდა. მაგრამ ქვედა კიბემ ბებრული ჭრიალით მაინც ჩაიჩურჩულა — „ერთი კაცი მაინც ამოსულიყოო“, ზედამ კიდევ დაუმატა: „ჩვენთვის სად სცალიათ, 17 ოქტომბერს მერლინ მონროს ქმარია დაბადებული, არტურ მილერიო და ალბათ მაგას დაპატიჟებენო“. სხვენზე შემოსკუპებულმა ბეღურამ სევდიანად დაამატა: „ან კიდევ ემინემს ან ტარხანსო, მაგათი დაბადების დღეებიც 17-შიაო“. აი, ასეთი ნაკითხი აივანი გვყავს, თავისი ბეღურებითურთ.

ჰო და, ახლა თქვენი იმედი მაქვს მხოლოდ. დღეს, „ნამცეცობაზე“ ჩვენს აივანს თბილისობა ერთად რომ მივულოცოთ, იქნებ, გვაპატიოს, თბილისელია, ბოლოს და ბოლოს, და, ესე იგი, ბოღმის გულში ჩადება არ ახასიათებს…

თბილისური აივნები
© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისური აივნები

მე კი დღეს მინდა დაგახვედროთ სულ სამი თბილისური ისტორია. 

მხოლოდ ის, რისი მომსწრეც პირადად ვიყავი.

მაგრამ სანამ მოყოლაზე გადავიდოდე, უცებ ჩვენი ნამცეცობის მენიუს გაგაცნობთ:

იმის გათვალისწინებით, რომ დილაა, თანაც ორშაბათის, ძალიან არ გადაგტვირთავთ. დღეს ერთ სულ „მეაივანეზე“ მოდის: ორი „სვეტსკი“ ტარტალეტკა, ერთი ისპანახფხალეული და ერთიც — ეკალაფხალიანი, თითო კეცი სულგუნთან ჩახუტებული ქამა სოკოთი, თითო აცმა წალამზე შემწვარი მწვადიც და ყანწში ჩამოსხმული ადესის კამპოტი. ახლა კი…

შენობა, რომელშიც განთავსებული იყო „ლაღიძის წყლები“. რუსთაველის გამზირი.
Архив
შენობა, რომელშიც განთავსებული იყო „ლაღიძის წყლები“. რუსთაველის გამზირი.

ისტორია პირველი:

რუსთაველი… თუ გახსოვთ, „ლაღიძის წყლების“ გარდა ქალაქში იდგა პატარა მოძრავი კიოსკები, ჩამოკიდებული წვენებით. მამიკოს სულ ვთხოვდი: „დამალევინეეეე!“ ჰოდა მიმიყვანა წყლების საოცრად კეთილ გამყიდველთან. დავლიე წყალი, გამყიდველს ჭიქა მივაწოდე და ვუთხარი: „მადლობა“. მან მიპასუხა „გაიზარდეო“. ახლა მე დავფიქრდი და ვუპასუხე: „მადლობა“. იმან – „გაიხარეო“. მერე ისევ მე: „დიდი მადლობა“. ის დაიბნა, მაგრამ კიდევ „გაიხარეო“. მე ისევ „დიდი მადლობა“… მოკლედ, მამიკომ სახლში ძლივს წამომიყვანა ამ დიალოგის შემდეგ. აი, ასეთი ზრდილობიანი იყო თბილისი.

მიაქციეთ ყურადღება, აივანმა შვებით ამოისუნთქა…

მონატრებული და შეცვლილი თბილისი
Sputnik/იური სომოვი
მონატრებული და შეცვლილი თბილისი

ისტორია მეორე:

მე და ჩემი ლამაზი უკრაინელი დედიკო გალიჩკა ნესტერენკო წავედით ვერის ბაზარში. ვისაც ახსოვს, შესასვლელში „კანარეიკებს“ ყიდდნენ გალიებში. უცებ დაგვეწია საოცარი თბილისელი კაცი ნიაზ დიასამიძე. მე ძალიან მიყვარდა და ყოველთვის მიხაროდა მისი დანახვა. დედიკოსაც უყვარდა, მაგრამ ის არ უყვარდა, ნიაზი და მამა ერთად რომ ქეიფობდნენ ხოლმე და მამა სახლში მოსვლას რომ იგვიანებდა. ჰო და, ნიაზმა დედიკოს 3 მანეთი სთხოვა. დედამ, რა თქმა უნდა, მისცა და გულდაწყვეტილმა წამიყვანა ფილარმონიის მხარეს, გაჩერებაზე. გულდწყვეტილმა, ცხადია, არა 3 მანეთის გამო, უბრალოდ, ეგონა, ნიაზი სასმელს იყიდიდა, მისთვის კი დალევა არ შეიძლებოდა მაშინ, ჯანმრთელობის გამო. ხუთ წუთში ნიაზი დაგვეწია და დედიკო-გალიჩკას ყვავილები მიართვა… იმ 3 მანეთით ნაყიდი, მას რომ სთხოვა! აი, ასეთი ჯენტლმენური და სხვანაირი იყო თბილისი…

მიაქციეთ ყურადღება, აივანი ფეხზე წამოდგა.

ისტორია მესამე:

თბილისობის დღესასწაული
ბესიკ ფიფია
"თბილისობის" დღესასწაული

ფეხმტკივანმა „მემ“ (არ ინერვიულოთ, აწი დავრბივარ დარმართზეც და აღმართზეც) ძლივს ჩამოვიარე წიკლაურის დაღმართი. ვიყიდე რაღაცები და ტაქსი დავიჭირე. ტაქსში სულ ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. რომ დაინახა, ვკოჭლობდი, გადმოვიდა მანქანიდან და დამეხმარა. მერე მანქანა რომ სახლთან გავაჩერებინე, ისევ გადმოვიდა მანქანიდან და რაც ვიყიდე, კარებამდე ამატანინა. მივაწოდე 10-ლარიანი. ხურდა არა მაქვსო, არ გამომართვა და წავიდა… ასე ვფიქრობ, ხურდა ჰქონდა…

აი, ასე გრძელდება თბილისური ტრადიციები… 

სხვათა შორის, ვკითხე, საიდან ხარ–მეთქი და სიღნაღიდანო, მიპასუხა.

ახლა კი მთავარს ვიტყვი: თბილისელობა სულაც არ არის გეოგრაფიული ცნება.

ეს არის უმაღლესი შინაგანი კულტურა, რომელიც ან გაქვს ან… გექნება.

ეს არის ის საოცარი ოხშივარი, ჩვენს აივანს რომ ასდის ყოველ დილით, თბილისს რომ გადახედავს ზევიდან და რომ ჩაეხუტება… 

თბილისს ან გრძნობ შიგნით გულში, ან ვერ გრძნობ… სულ ეგაა.

ოი, მიაქცით ყურადღება, აივანმა დაიჩოქა და ხელზე მეამბორა.

გვაპატია, ესე იგი, თბილისურად, კაცურად…

არა და, რამდენი თბილისური ისტორია დამრჩა კიდევ მოსაყოლი…

ახლა კი ვფიქრობ, ამ ზედმიწევნით თბილისურად გადახეთქილ ბროწეულებს რა მოუვლის.

ან ამ გულამდე მიღწეულ და გულში შეღწეულ თბილისურ სითბოს… 

კოპლებიან ფარდებსაც რომ ლახავს და დასასვენებლად ჩამოწოლილ აივანებსაც…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და თბილისურად ბროწეულებიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

844