მწვანე კაბის საიდუმლო...

© photopoint.com.uaსილამაზის კონკურსების ისტორიიდან
სილამაზის კონკურსების ისტორიიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს საოცრად ლამაზ თემას უნდა შევეხოთ…  ამიტომ, მოწიწებით გთხოვთ,  მობრძანდეთ განსაკუთრებით ლამაზები… არა, თქვენ ისედაც  ლამაზები ხართ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ  სრულყოფილებას ზღვარი არ გააჩნია…  

მე, მაგალითად, დღეს პირველად უნდა ჩავიცვა ახალი სარაფანი, რომელიც ზღაზე წასვლის წინ ვიყიდე… მეგონა ინდური იყო და  აღმოჩნდა… ყაზახური…მერე რა, გული არ დამწყვეტია…  მთავარია, აზიის თემას არ გადავუხვიე…

მოდით, არც ჩვენ გადავუხვიოთ დღევანდელ თემას და ეს თემაა — სილამაზე… 

ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი გახლავთ „მის ამერიკას“ პირველ კონკურსში  გამარჯვებული, 16 წლის ვაშინგტონელი მარგარეტ გორმანი, რომელსაც სილამაზის გვირგვინი ატლანტიკ-სიტიში  დაადგეს  ზუსტად ამ დღეს, 1921 წლის 8 სექტემბერს…  ის შემდგომი 2 წლის განმავლობაშიც ცდილობდა ამ ტიტულის შენარჩუნებას, მაგრამ ამაოდ… მიუხედავად ამისა, მას  მთელი ამერიკა ეთაყვანებოდა…. კონკურსის შემდეგ რამდენიმე წელიწადში ის გათხოვდა, გახდა სამაგალითო დიასახლისი… ესწრებოდა ვაშინგტონის  ყველა  გამორჩეულ წვეულებას, სადაც მუდამ იყო ყურადღების ცენტრში და გარდაიცვალა 1995 წელს, 90 წლის ასაკში…

© photopoint.com.uaსილამაზის კონკურსების ისტორიიდან
სილამაზის კონკურსების ისტორიიდან - Sputnik საქართველო
სილამაზის კონკურსების ისტორიიდან

ატლანტიკ-სიტიში გამართული კონკურსი იყო  მსოფლიოში გახმაურებული პირველი სანახაობა, მაგრამ სილამაზის კონკურსების ისტორიას  ძალიან შორეულ წარსულში მივყავართ… ის  ჯერ კიდევ ტროაში ტარდებოდა და მისი ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ მოქანდაკეები, მსახიობები, ფილოსოფოსები, ორატორები და მეომრები… სილამაზის კონკურესები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ელადაში, ლესბოსის კუნძულზე… ყველაზე ლამაზ ქალბატონებს ირჩევდნენ ძველ ჩინეთშიც და…  ოსამნურ იმპერიაშიც, მკაცრი ისლამური წესების მიუხედავად…

გადიოდა დრო… ეპოქები ცვლიდნენ ეპოქებს და აი, 1888 წლის ზაფხულში, გაზეთებში დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სექტემბერში ბელგიაში  „სილამაზის დედოფალს“ აირჩევდნენ… ეს იყო სილამაზის პირველი სახალხო კონკურსი… მასში მონაწილეებისგან ითხოვდნენ მხოლოდ ფოტოს და მოკლე ბიოგრაფიას…   კონკურსი ჩატარდა ძალიან უხმაუროდ… იმ დროინდელი სკანდინაური გაზეთების ინფორმაციით, მასზე მოწვეულ სტუმრებს ეცვათ ფრაკები და გრძელი კაბები… საინტერესოა, რომ კონკურსის მონაწილეები არ ეჩვენებოდნენ ფართო საზოგადოებას. ისინი ცხოვრობდნენ დახურულ ტერიტორიაზე და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  დახურული ეკიპაჟებით გადაადგილდებოდნენ… კონკურსში გამარჯვება კი წილად ერგო 18 წლის ბერტა სუკარეს, გვადელუპადან… მან მიიღო პლანეტაზე ყველაზე ლამაზი ქალის წოდება და ფულადი პრემია, 6 ათასი ფრანკის ოდენობით…

სილამაზის კონკურსების ისტორიიდან
სილამაზის კონკურსების ისტორიიდან - Sputnik საქართველო
სილამაზის კონკურსების ისტორიიდან

შემდეგ ბელგიის წამოწყება  გერმანიამ აიტაცა… აქ კონკურსი ქვეყნის მასშტაბით 1909 წელს ჩატარდა და მასში გაიმარჯვა 19 წლის გერტრუდამ — სიგარეტების გამყიდველმა აღმოსავლეთ პრუსიიდან,, რომელმაც მიიღო ფულადი ჯილდო 20 ოქროს რეიხსმარკის ოდენობით… 

სილამაზის კონკურსებმა პოპულარობის პიკს  ტელევიზიის გამოჩენის შემდეგ მიაღწიეს. პირველი სატელევიზიო ტრანსლაცია შედგა 1954 წელს. ეს იყო კონკურსი „მის ამერიკა“, რომელსაც 27 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს… 

დღეს  სილამაზის კონკურსები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტარდება… ირჩევენ ყველაზე ლამაზ მენეჯერს, ექიმს, გამყიდველს, პატიმარს, ბებიასაც კი… გადაწყვეტილი მაქვს, დიდი ბებიების კონკურსში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას… მათი ასაკი  80 წლიდან უნდა იწყებოდეს…

© depo.ua.სილამაზის კონკურსების ისტორიიდან
სილამაზის კონკურსების ისტორიიდან - Sputnik საქართველო
სილამაზის კონკურსების ისტორიიდან

სილამაზე… რამდენი რამაა მასზე დაწერილი და  მისადმი მიძღვნილი…

სხვათაშორის, პირადად მე მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ ფრთიანი ფრაზა — „სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს“, ეკუთვნის   საოცარ მწერალსა და ჰუმანისტს მიხეილ პრიშვინს, მაგრამ ის ამოგლეჯილია მთავარი კონტექსტიდან… სინამდვილეში, პრიშვინმა ამ სიტყვების შემდეგ დასვა მძიმე და დაამატა, „თუ ის კეთილია“… რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარია…

შეუდარებელი  სოფი ლორენის აზრით, „ქალი, რომელიც ბოლომდე დარწმუნებულია თავის სილამაზეში, ბოლოს და ბოლოს ამაში ყველას დაარწმუნებს“…

ლამაზი და ჭკვიანი  შერონ სტოუნი კი თვლის, რომ  „თუ ქალი ჭკვიანია, ის ლამაზიც არის, რადგანაც ულამაზო ქალები არ არსებობენ… ვიღაცა ვარდივით არის ლამაზი… ვიღაცა კი კაქტუსივით“…

დახვეწილი ოდრი ტოტუ, რომელმაც კოკო შანელის როლი შეასრულა, ამტკიცებს, რომ „მომხიბვლელობა სილამაზეზე მეტს ნიშნავს, რადგანაც მას, სილამაზისგან განსხვავებით ვერ შეებრძოლები“…

საოცარი ბრიჯიდ ბარდოს თქმით, „ იმისთვის რომ უყვარდე და იყო სასურველი, უნდა იყო ლამაზი, მაგრამ ლამაზი ვერ იქნები, თუ არავის არ უყვარხარ და არავისთვის არა ხარ სასურველი“…

ცნობილი კუტურიეს  ივ სენ ლორანის შეფასებით, „იმისთვის რომ ქალი იყოს ლამაზი, საკმარისია ქონდეს შავი სვიტრი, შავი ქვედა ბოლო და ხელგაყრილი მიაბიჯებდეს იმ კაცის გვერდით, რომელიც უყვარს“….

აი აქ კი გავჩერდებოდი… უცებ ჩემი საყვარელი მწერლის და ფილოსოფოსის გაბრიელ გარსია მარკესის ციტატა რომ არ შემჯახებოდა — „რამდენად უნდა იყოს ქალი თავის თავში დარწმუნებული, რომ მწვანე კაბა ატაროს“… და

გამახსენდა… ჩემი მწვანე კაბა… უფრო სწორედ, სალათისფერი…  როდესაც შევიკერე, ვიყავი სადღაც 20 წლის… მწვანე ფერი სპეციალურად არ ამირჩევია… შემთხვევით მაჩუქეს ნაჭერი… არც მარკესის ეს ფრაზა არ წამიკითხავს… 

უბრალოდ მიხდებოდა და ვატარებდი… ბედნიერიც ვიყავი და ლამაზიც..

ახლა ინდურ-ყაზახური სარაფანი მაცვია და მაინც ბედნიერი ვარ…

სილამაზეს რაც გააჩნია… 

რაღა თქმა უნდა, როცა უყვარხარ, როცა გიყვარს, როცა ბედნიერი ხარ… როცა სიცოცხლე გიხარია… როცა სხვისი სიკეთე გათბობს… როცა შენ ხედავ და აღიქვავ სილამაზეს… სწორედ მაშინ ხარ ლამაზი… და  90-60-90 სულ არაფერ შუაშია…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0