მარტო ვდგავარ, ჰოდა ვტირი, სად ვიპოვო რიჩარდ გირი...

რიჩარდ გირი
რიჩარდ გირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

შემატყობდით, ალბათ, რომ ჩვენ აივანზე ენტონი ქუინის (რომელსაც „თეფშებისმტვრევის“ ბერძნული ცეკვის შესრულების შემდეგ ჩემ გულში კონკურენტი არ ჰყავს) დაბადების დღის გადახდის მერე ასე გამოპრანჭული და განაზებული აღარ გინახივართ.

თუ კარგად დააკვირდებით ჩემს დახვეწილ, მოხდენილ და „ვითომ უბრალო“ კოპლებიან რძიანყავისფერ კაბას და პატარა შლიაპას, სავარაუდოდ, მიხვდებით, ვისაც ველოდები. თუ ვერ მიხვდებით, მაშინ მაინც და მაინც ნუ შეიმჩევთ, თუ ჩემს რუსულენოვან ლაბრადორს უცნაური სახელით — „ჰატიკო“ მივმართავ, რომელზეც მას არანაირი რეაქცია არ ექნება, რადგან სინამდვილეში ის „ბოსარიონ ლაბრადოროვიჩი“ გახლავთ.

ახლა უკვე ნამდვილად მიხვდებოდით, ვისაც ვმასპინძლობთ დღეს. ქალბატონებს იმაზე ვატყობ, რომ ჩანთებიდან სასწრაფოდ დაიწყეს კოსმეტიკური საშუალებების (პომადა, პუდრი, სუნამო) ამოღება, ხოლო მამაკაცები ცოტა დაიძაბნენ…

დიახ, დღეს ჩვენი სტუმარია ძალიან მომხიბვლელი (1999 წელს ჟურნალ People-ს ვერსიით, ამჟამად მცხოვრებ მამაკაცებში ყველაზე სექსუალური), ჭაღარათმიანი, იმპოზანტური რიჩარდ გირი, თავისი შემფასებლური მზერით, ინტელიგენტური ნახევარღიმილით, დახვეწილი მანერებითა და ცნობილი თავშეკავებით, რომელიც, მანდილოსნები დამეთანხმებიან, რომ ზოგიერთის „აღვირახსნილობაზე“ მეტს ნიშნავს, და რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1949 წლის 31 აგვისტოს.

რიჩარდ გირი და ჯულია რობერტსი ფილმში "ლამაზმანი"
რიჩარდ გირი და ჯულია რობერტსი ფილმში ლამაზმანი - Sputnik საქართველო
რიჩარდ გირი და ჯულია რობერტსი ფილმში "ლამაზმანი"

რიჩარდ გირი ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ის დაიბადა ნიუ-იორკთან ახლოს მდებარე ფერმაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიისა და რეჟისურის კურსებზე, მაგრამ ორ წელიწადში თავი დაანება სწავლას, გახდა პროფესიონალი მესაყვირე და საცხოვრებლად გადავიდა ვერმონტის შტატის როკ-მუსიკოსების კომუნაში, რომელიც ასევე ცოტა ხანში დატოვა. ამასთან ერთად რიჩარდი ძალიან პერსპექტიული ტანმოვარჯიშე იყო, მაგრამ ამ გზასაც არ გაჰყოლია.

პირველი ფილმი, რომელშიც რიჩარდ გირი მიიწვიეს, იყო „ლორდები ფლეტბუშიდან“, სადაც მას პარტნიორობას უწევდა ჯერ სულ ახალგაზრდა და უცნობი სილვესტერ სტალონე. მაგრამ მათ შორის მუდმივი კონფლიქტები ხდებოდა და ბოლოს გირი გადასაღები მოედნიდან დაითხოვეს. ასე რომ, მისი დებიუტი შედგა 3 წლით გვიან, 1977 წელს ფილმში „მისტერ გუდბარის ძებნაში“. მაგრამ ამ ფილმმა მსახიობს წარმატება ვერ მოუტანა. რიჩარდ გირი მხოლოდ 1980 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში „ამერიკელი ჟიგოლო“, რომლის შემდეგ ის ამერიკის სექს-სიმბოლოდ გამოაცხადეს. საინტერესოა, რომ ეს როლი რიჩარდ გირს მხოლოდ იმის გამო ერგო, რომ მასზე უარი განაცხადა ჯონ ტრავოლტამ. გავა წლები და თავად გირი იტყვის უარს მონაწილეობაზე ფილმში „კერკეტი კაკალი“, მას შეცვლის ბრიუს უილისი და სწორედ ამ ფილმით გახდება ის ცნობილი…

მე ძალიან მიყვარს რიჩარდ გირის სერიოზული როლები ფილმებში „პირველყოფილი შიში“, „შემოდგომა ნიუ-იორკში“ და „ჰატიკო“, მაგრამ მეც ვაღიარებ, რომ ფილმში „ლამაზმანი“, სადაც მისი როლი მაინც და მაინც დიდი სამსახიობო ნიჭის გამოვლენას არ საჭიროებს, ის შეუდარებელია…

ვინ მოთვლის, რამდენი ქალის გული აივსო იმედით, რამდენი მანდილოსნის ცრემლი დაიღვარა ამ ფილმის ყურების დროს… მეც არ ვიყავი გამონაკლისი და ველოდი ჩემ ფანჯარასთან მოდგმულ კიბეზე იმ ერთადერთი, ვარდებიანი მამაკაცის გამოჩენას… იმაში კი, რომ ჯულია რობერტსს და რიჩარდ გირს აწი ვერაფერი დააშორებდა, ყველა დარწმუნებული იყო. სხვათა შორის, ჯულიაც, რადგან რიჩარდმა ამ ფილმში მონაწილეობაზე ორჯერ განაცხადა უარი და საბოლოოდ მხოლოდ ჯულიას გაცნობის შემდეგ დათანხმდა. ამბობენ, ჯულია სულ ეპრანჭებოდაო, მთელი გადაღებების დროს, 42 წლის რიჩარდ გირმა კი ცოლად მოიყვანა ცნობილი მოდელი სინდი კროუფორდი, რომელიც მაშინ 25 წლის იყო.

რიჩარდ გირი და სინდი კროუფორდი
რიჩარდ გირი და სინდი კროუფორდი - Sputnik საქართველო
რიჩარდ გირი და სინდი კროუფორდი

მათი ქორწინება სულ 4 წელი გაგრძელდა, რადგან მეუღლის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ – ან მე, ან დალაი ლამაო, რიჩარდ გირმა, რომელიც 20 წლიდან ბუდიზმის სერიოზული მიმდევარია, სინდი მიატოვა. თავის ვაჟს კი, რომელიც მას 2000 წელს მეორე მეუღლისგან, ასევე მოდელ კერი ლოუელისგან გაუჩნდა, დაარქვა გომერი, რაც ტიბეტურ ენაზე „უშიშარს“ ნიშნავს.

2016 წლის მარტში ყველაფერში მოზომილმა და თავშეკავებულმა რიჩარდ გირმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ მისი დაკვირვების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ცხოვრების ხანგრძლივობისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია, ადამიანი ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს, თუ ეწევა ბევრ პაპიროსს და სვამს — ის მაინც ვერსად გაექცევა საკუთარ „შინაგან შხამს“, თუ ის მის ორგანიზმში ბუდობს, და ამ ქვეყანაზე მუდმივად არავინ დაჩება. ამიტომაც რიჩარდ გირმა მოუწოდა კაცობრიობას — „სანამ დროა, უნდა იცხოვრო სიამოვნებისთვის, რადგან ხვალ შეიძლება გვიან იყოს. ამიტომ აკეთეთ ის, რაც გინდათ — გემრიელად მიირთვით, გაირუჯეთ მზეზე, იზარმაცეთ, ბოლოს და ბოლოს, იყავით უცნაურები და რაღაცაში ცოტათი სულელებიც, მაგრამ არ დაკარგოთ საკუთარი „მე“.

საზღვარგარეთ გირის ამ განცხადებამ ყველას თავზარი დასცა. არა და, რა თქვა ისეთი განსაკუთრებული, რასაც ჩვენ ყოველდღე არ ვაკეთებდეთ? ყოველ შემთხვევაში, ამ აივანზე ამოსული გამოუსწორებელი რომანტიკოსები და ფანტაზიორები…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ფანჯარასთან კიბემიდგმულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0