მაქსიმილიან ფაქტოროვიჩი და მისი სილამაზის კალიბრატორი

მაქსიმილიან ფაქტოროვიჩი და მისი სილამაზის კალიბრატორი...

435
(განახლებულია 13:29 18.08.2016)
ძალიან დილა მშვიდობისა!

ვერც კი წარმოიდგენთ, რა მინდა გთხოვოთ დღეს… ნამდვილად ვიცი, რომ ყველა მანდილოსანს, და არა მხოლოდ მანდილოსანს, ყოველთვის აქვს გადანახული საყვარელი სუნამო, რომელსაც ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი და სადღესასწაულო შემთხვევებისთვის იტოვებს. ჰო და, დღეს არ დაინანოთ და, ჩემი ხათრით, თითო წვეთი დაიპკურეთ. გარდა ამისა, მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება მაკიაჟს, ან „უმაკიაჟობას“, რომლის ეფექტის მიღწევაც, დამეთანხმებით, გაცილებით უფრო რთულია… რადგან ჩვენი დღევანდელი სტუმარი, არა, უკაცრავად, სტუმრები ისეთი დონის პროფესიონალები არიან ამ საკითხში, რომ ვერაფერს გამოაპარებ.

მე, მაგალითად, თვალებს რომ ვხუჭავ, დღემდე თვალწინ მიდგას სწორედ მათი სახელობის ბრენდის პატარა, ლურჯ კოლოფში მოთავსებული სუნამო, რომელიც ჩემს დედიკოს საზღვარგარეთ გასტროლებზე მყოფმა მშვენიერმა ინგა ფერაძემ ჩამოუტანა. შიგნით რომ აღარაფერი დარჩა, კიდევ რამდენიმე წელი ვერ ვაგდებდი ცარიელ ფლაკონს, რადგან სხვანაირად გამაბრუებელი სურნელი მაინც დაჰყვებოდა. ესაა სუნამო, თორემ, აბა, დღეს რომ იყიდი და დაისხამ რამეს, მისი „ამბრე“, უკეთეს შემთხვევაში, შენამდე მოღწევას თუ ასწრებს… 

უნდა გაგიმხილოთ, რომ ეს სუნამო ფირმა Max Factor-ის ნაწარმი გახლდათ, დღეს კი ჩვენ ვმასპინძლობთ საოცარ კაცს, ამ ფირმის დამაარსებელს, ჰოლივუდის ვარსკვლავების პირველი ტალღის გამლამაზებელსა და დამამშვენებელს, მისტერ მაქს ფაქტორს, ანუ მაქსიმილიან აბრამის ძე ფაქტოროვიჩს და მის შვილს, მისტერ მაქს ფაქტორ-უმცროსს, რომელიც ბავშვობიდან უწევდა მამას ასისტენტობას და 1938 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა მსოფლიოში კოსმეტიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფირმას, და რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1904 წლის 18 აგვისტოს… სამწუხაროდ, მაქს ფაქტორების შემდგომმა თაობამ სხვა ბიზნესს მიჰყო ხელი და დღეს ეს ფირმა შეერთებულია კომპანია Procter&Gamble-თან, თუმცა მისი ნაწარმი ისევ ძველი ბრენდით გამოდის.

მაქს ფაქტორის მაღაზია ჰოლივუდში
მაქს ფაქტორის მაღაზია ჰოლივუდში
 

რომ ჩამოვთვალო, რისი გაკეთება შეძლეს მამა-შვილმა ფაქტოროვიჩებმა ჰოლივუდისთვის, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ მათ გარეშე ჰოლივუდის ვარსკვლავები მახინჯები იყვნენ. რა თქმა უნდა არა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მაქს ფაქტორს არც „ოსკარს“ მიანიჭებდა ვინმე პროტექციით და არც ვარსკვლავს არავინ გაუხსნიდა ტყუილად ჰოლივუდის ხეივანზე…

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კინემატოგრაფიის განვითარებასთან ერთად თავი იჩინა მთავარმა პრობლემამ: ეკრანი, სცენისგან განსხვავებით, ძალიან პრეტენზიული აღმოჩნდა და სქელ, ცხიმიან საფუძველზე დამზადებული თეატრალური გრიმის კინოში გამოყენება, თანაც მსახიობების ახლო კადრების გადაღებისას, შეუძლებელი იყო. სწორედ მაშინ და სწორედაც რომ სწორ ადგილზე, ანუ ჰოლივუდის ბულვარზე, რიაზანიდან ჩამოსული, წარმოშობით პოლონელი ებრაელის ფაქტოროვიჩის მიერ გახსნილ მაღაზიაში გამოჩნდა სპეციალური გრიმი, რომლის სახეზე წასმის შემდეგ მსახიობები აბსოლუტურად ნატურალურად გამოიყურებოდნენ. თანაც ახალ გრიმს 12 სხვადასხვა ფერი გააჩნდა და ის თხევად მდგომარეობაში ლამაზ ბოთლებში იყო განთავსებული. და, რაც მთავარია, გრიმი კანზე არ სკდებოდა და არ იფშვნებოდა, მაგალითად, ჰამლეტის სასოწარკვეთილი მონოლოგის წარმოთქმისას.

ჰო და, სწორედ მას შემდეგ, როდესაც დიდმა ჩარლი ჩაპლინმა და მისმა კოლეგა ბასტერ კიტონმა აღმოაჩინეს, რომ კამერების წინ ნებისმიერი მიმიკის კეთება უკვე უსაფრთხოდ შეეძლოთ, ფაქტოროვიჩი ჰოლივუდში „თავისი კაცი“ გახდა და „სვეტსკად“ გადაიქცა მაქს ფაქტორად…

იცით, რაში იყო მაქს ფაქტორის გენიალობა? არ ვიღლები და სულ ამას ვუსვამ ხაზს – ის არ გაჩერებულა და პარალელურად შექმნა კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც ალამაზებდნენ არა მხოლოდ ისედაც მომხიბვლელ ჰოლივუდის ვარსკვლავებს, არამედ ჩვეულებრივ ქალებს, დიასახლისებს…

მაქს ფაქტორის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში
მაქს ფაქტორის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში

ანუ, მანდილოსანი უყურებდა ფილმში თავის საყვარელ მსახიობს, უნდოდა მასავით ლამაზი გამხდარიყო და მირბოდა მაქს ფაქტორის მაღაზიაში, რადგან დარწმუნებული იყო იმაში, რომ ნებისმიერი კოსმეტიკური სიახლე მისთვისაც ხელმისაწვდომი იქნებოდა.

მაქს ფაქტორი წარმატებით იყენებდა ნაცნობობას კინოვარსკვლავებთან საკუთარი პროდუქციის რეკლამისთვის. მაგალითად, პომადა Max Factor მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მან ცნობილი მსახიობის კლარა ბოუს ტუჩებს თავისი პომადით ახალი, ე.წ. „გულის“ ფორმა მისცა. სულ ნორჩმა გრეტა გარბომ კი სწორედ მაქს ფაქტორის ტუშით დახატული თვალებით დაღუპა ნახევარი ჰოლივუდი და პარალელურად საოცრად გაამდიდრა ფაქტორის ფირმა. რუდოლფ ვალენტინოსთვის მაქს ფაქტორმა შექმნა სპეციალური მაკიაჟი, რომელიც მის ბუნებრივად მუქი ფერის კანს აღიავებდა.

გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში მაქს ფაქტორს აქტიურად ამოუდგა გვერდში მისი შვილი ფრენკი, მომავალში მაქს-ფაქტორ-უმცროსი და სწორედ მისი იდეა გახდა მაკიაჟში „ფერის ჰარმონიის“ გამოყენება. ის ამტკიცებდა, რომ კოსმეტიკური საშუალებები მხოლოდ ერთმანეთს კი არ უნდა ეხამებოდნენ ფერებში, არამედ შეესაბამებოდნენ ადამიანის კანის, თმის, თვალების ფერს და კომპლექციასაც კი.

სხვათა შორის, სწორედ მაქს ფაქტორების დამსახურებაა მერლინ მონროს ტიპაჟის გამოჩენა კინემატოგრაფიაში. მათ პირველად მსახიობ ჯინ ჰარლოუზე გააკეთეს ექსპერიმენტი და ის „პლატინის ბლანდინკად“ გადააქციეს, შემდეგ კი ამ ტიპის ქალებისთვის შესაბამისი კოსმეტიკაც შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ თავად მერლინ მონრო 40-იან წლებში აქტიურად თანამშრომლობდა Max Factor-თან. შემდგომში კი ფირმის სახეები სხვადასხვა დროს იყვნენ ჯეინ სეიმური, ჟიზელ ბიუნდხენი, კარმენ ელექტრა, მადონა, გვინეტ პელტროუ და სხვ. 

კინემატოგრაფი კი ვითარდებოდა… ხმოვანი ფილმები ცვლიდნენ მუნჯ ფირებს და, თურმე, ხმის „ზეწოლას“ არსებული გამანათებელი საშუალებები ვეღარ უძლებდნენ. მათმა და ფირების დახვეწამ კი ისევ მოითხოვა გარკვეული რევოლუცია მაკიაჟში, რადგან ახალ პირობებში ყველა მსახიობის სახე ეკრანზე „გამუქდა“ და დეზდემონები ოტელოებად იქცნენ.

1935 წელს გაიხსნა „მაქს ფაქტორის მაკიაჟის სტუდია“. ცერემონიას ჰოლივუდის უკლებლივ ყველა ვარსკვლავი დაესწრო, რომლებმაც ხელი მოაწერეს ე.წ. „დიდების ფურცელზე“. ეს დოკუმენტი დღემდე იმ პერიოდის სახელგანთქმული მსახიობების ავტოგრაფების ყველაზე სრულ კოლექციად ითვლება. სტუდიის გახსნაზე მაქს ფაქტორ უმცროსმა მოახდინა ე.წ. „სილამაზის კალიბრატორის“ დემონსტრირება. ეს იყო აპარატი, რომელსაც იცვამდნენ თავზე იმის შესამოწმებლად, რამდენად შეესაბამებოდა სახის პარამეტრები სილამაზის საქვეყნოდ მიღებულ სტანდარტებს და იმ ადგილებში, სადაც ეს შეუსაბამობა ჩანდა, კეთდებოდა სპეციალური მაკიაჟი.

ნუ, ახლა რა გითხრათ… მე ასეთი კალიბრატორი სახლში ნამდვილად არა მაქვს, მაგრამ Max Factor-ის ტუში კი მთელი ცხოვრება მომყვება. ახლა კი მისი წასმის ხასიათზეც დავდექი, და ეს კარგია და მიხარია, რადგან ქალი ყოველთვის უნდა იყოს საკუთარი თავის გალამაზების ხასიათსა და განწყობაზე!

გისურვებთ ლამაზ და წარმატებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე
435