მყურებლები კინოდარბაზში.

„რაში გვჭირდება სიძეო, თუ კი არა აქვს ვიდეო?!.“

167
(განახლებულია 13:05 07.06.2016)
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს აივანზე ცოტა ფრთხილად ამობრძანდით… წუხელ ღამით შევამჩნიე, რომ გუშინწინდელი სეტყვის შემდეგ კიბე ოდნავ დაიბრიცა და მოაჯირიც საეჭვოდ მოყანყალდა… ამას არა უშავს, გადასანახულებლად ხომ არ მწვევიხართ?.. ახლა მთლად ბოლომდე დედოფალივით რომ არა ვარ მოწყობილი, ეს უკვე ისედაც იცით. სავარაუდოდ, იმასაც შეამჩნევდით, რომ არც თეთრი „ლუდოვიკო“ არ მიდგას საძინებელში. სამაგიეროდ, შემორჩენილი მაქვს გასული საუკუნის 60-იან წლებში მთელ სსრკ-ში მხოლოდ 50 ცალის ოდენობით გამოშვებული, ექსპერიმენტული და ექსკლუზიური ტელევიზორი “რუბინ 110“-ის პულტი… ტელევიზორი თავის დროზე ბიძაჩემმა მოსკოვის „გაის” უფროსს მოუგო… როგორც თვითონ ამბობდა, „ჭადრაკში“, მაგრამ ბებიას და მე ეჭვი გვქონდა, რომ „პოკერში“… 

იმ დროისთვის ეს ერთადერთი დისტანციურ-პულტიანი ტელევიზორი იყო. მერე რა, რომ პულტი ტელევიზორთან ლეკვივით იყო მიბმული სქელი მავთულით… სამაგიეროდ, მავთული იმსიგრძე იყო, რომ საწოლიდან აუდგომლად შეგეძლო არხების გადართვაც და ხმის სიმაღლის დარეგულირებაც! ეს კი უკვე ზღაპარს ჰგავდა… 

ხომ გაგიხარდათ, რა პროგრესული ბავშვი ვყოფილვარ იმ დროისთვის… მეც მიხაროდა და ვამაყობდი გუშინდელ დღემდე, სანამ არ გავიგებდი, რომ იმ დროს, როცა მე ამ პულტს ვიხუტებდი გულში, სადღაც ტოკიოში, კორპორაცია Sony-ს პრეზიდენტის ოჯახში პატარა იცუკის ან იოშიტოს მულტფილმებს უკვე ვიდეომაგნიტოფონის საშუალებით აყურებინებდნენ…

რადგან ზუსტად ამ დღეს, 1965 წლის 7 ივნისს გასაყიდად გამოიტანეს Sony-ს პირველი ვიდეომაფნიტოფონი სახლისთვის — CV-2000, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა — 995$.  

მე კი „ცოცხალი“ ვიდეომაგნიტოფონი პირველად  მხოლოდ სტუდენტობის დროს ვნახე… პირველი ფილმი კი, რომელსაც ვუყურე, იყო „კალიგულა“… და კინაღამ მოვკვდი სირცხვილით, რადგან, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ერთადერთი „პორნოგრაფიული“ სცენა, რაც მანამდე მქონდა ნანახი, იყო ძეფირელის „რომეო და ჯულიეტას“ რამდენიმეწამიანი ეპიზოდი, რომელიც გარკვევით ვერც აღვიქვი, რადგან ბებიაჩემი ალექსანდრა კინოთეატრ „რუსთაველში“ ორჯერ ეცადა ჩემთვის თვალებზე ხელი აეფარებინა…

იმ პერიოდში, გახსოვთ, ალბათ, თბილისში ვიდეოები მანქანებზე უფრო პრესტიჟულად ითვლებოდა. ძალიან ცოტა ოჯახში თუ იდგა და ამიტომ ერთად ვიკრიბებოდით და მივდიოდით ხოლმე სანახავად… უარს ვერავინ გვეუბნებოდა, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, როგორი იყო, ოჯახს ერთად 10 კაცი რომ დაადგებოდა ფილმების საყურებლად?!. თანაც მაშინ ისეთი დრო იყო, მასპინძელს რამე ნამცხვარი ან ხილი მაინც რომ არ გამოეტანა, ყველას გვიკვირდა… ეს მერე, გაჭირვებისგან გავხდით „ძალიან სვეტსკები“ და ლარიანი თურქული ყავის დალევა დავიწყეთ პატარა ჭიქებით, სერიოზული სახეებით და ნელ-ნელა წრუპვით…

ცოტა მოგვიანებით გავიგე, რომ ბევრს ვიდეო-ბიზნესიც კი გაუხსნია – ერთი ოთახი კინოთეატრად გადაუკეთებიათ და ბილეთებსაც ყიდდნენ… თუ არ ვცდები, 10 მანეთი ღირდა სეანსი. თუმცა ეს საკმაოდ მკაცრად ისჯებოდა და ყველა ვერც ბედავდა…

ისიც კარგად მახსოვს, როგორ ებრძოდნენ ე.წ. „უკანონო“ ვიდეოებს თბილისის სამართალდამცველი ორგანოები… ისინი დადიოდნენ ოჯახებში და ამოწმებდნენ, რას უყურებდა ხალხი… ხალხი ჭკვიანია, როგორც კი მილიცია კართან მოვიდოდა, „აკრძალულ“ კასეტას „მორიგე“ კასეტით ცვლიდნენ, რომელზეც ან კომედია იყო, ან მულტფილმი, და მხოლოდ შემდეგ უღებდნენ კარს მილიციელებს…

მაშინ მილიციელებმა ახალი ხრიკი მოიგონეს – კარს ჩუმად უახლოვდებოდნენ უბნის ელექტრიკოსთან ერთად და ფილმის ხმას რომ გაიგონებდნენ, ოჯახში შუქს აქრობდნენ. შესაბამისად, კასეტა მაგნიტოფონიდან ვეღარ ამოდიოდა და ზუსტად ფიქსირდებოდა, ვინ რას უყურებდა…

გავიდა დრო და ვიდეოები სახლში ჩვეულებრივ საგნად იქცა, როგორც მაცივარი და ტელევიზორი… არსად წასვლა აღარ გვჭირდებოდა, საკუთარ სახლებში ვუყურებდით ჯერ შედარებით დიდ, მერე თხელ ვიდეოკასეტებს, რომლებზეც თითოზე 20-მდე ფილმი ეტეოდა… მერე საერთოდ კომპიუტერზე გადავედით… 

მე მაინც მიყვარს ვიდეომაგნიტოფონი, რადგან ის რომ არა, რა ვიცი, რამდენი წელი გავიდოდა, სანამ ვნახავდი, მაგალითად, „ერთხელ ამერიკაში“, „ნათლიმამას“, ან საოცრად სევდიან „მოჩვენებას“, სულ ახალგაზრდა დემი მურით და პატრიკ სვეიზით მთავარ როლებში… რომლის ნახვის მერე ჩემთვის გადავწყვიტე, რომ „ისე არ მოვკვდები, ვიდეო რომ არ ვიყიდო“…

თუმცა… ვიდეომ ფაქტიურად წაგვართვა კინოში სიარულის ტრადიცია… არა, რა თქმა უნდა, ახლა მეტყვით, რომ ფართო ეკრანებზე ფილმი სულ სხვაა და მეც დაგეთანხმებით… თუმცა სახლში რომ დავბრუნდები, უკვე მერამდენედ გადავამოწმებ, ხომ არ დაიდო ინტერნეტში ახალი ტრილერი „მასწავლებელი“ ("Училка"), რომლის ნახვაც ძალიან მინდა…

ერთდერთი, რაც ძალიან მენატრება კინოსთან „პირდაპირ-ეკრანული“ ურთიერთობებიდან, არის მშობლებთან ერთად რომ დავდიოდი ჩემს საყვარელ კინოთეატრ „სპარტაკში“. ფილმი რომ მთავრდებოდა, ყველაზე ბოლოს ჩვენ ვტოვებდით დარბაზს, რადგან დედიკო თვლიდა, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველას, ვინც ფილმის გადაღებაში მონაწილეობდა და ბოლო ტიტრამდე მამაც და მეც ყველაფერს ვკითხულობდით… ამასაც თავისი პეწი და სილამაზე ჰქონდა… 

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!


167