პირველი “მის მსოფლიო“ ქართველი თავადიშვილი და ქართველ ლამაზმანებზე დაწერილი წიგნები

© დ. მდივნიშვილის ფოტოარქივიდამანა მდივნიშვილი
დამანა მდივნიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაინც რაშია ქალის სილამაზის საიდუმლო? ლამაზ ქართველ ქალებზე დაწერილი ოთხი წიგნის ავტორი, ქალბატონი დამანა მდივნიშვილი ამ თემაზე საუბრობს.

ქართველ ქალებზე ყველა დროში რომ ლამაზი ლეგენდები დადიოდა, ამის შეხსენებით თავს არ შეგაწყენთ. მარტო იმ ფაქტის გახსენება რად ღირს, რომ 1906 წელს პარიზში ჩატარებულ სილამაზის პირველ კონკურსში, რომელსაც მაშინ მსოფლიოს სილამაზისა და ყვავილების დღესასწაულს უწოდებდნენ, პირველი გამარჯვებული ქართველი თავადიშვილი, ეკატერინე თარხან-მოურავი გახდა. მეორე ადგილი კი ავსტრიის პრინცესამ მოიპოვა. ხალხმა ეკატერინე თარხან-მოურავს “თეთრი გედი“ შეარქვა. 

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი დამანა მდივნიშვილი მისი თაობის გამორჩეული და ღირსებით შემკული ქალბატონია, რომელმაც ქართველი ქალის სილამაზეს ოთხი წიგნი მიუძღვნა. მათში სხვადასხვა ეპოქის ლამაზი ქართველი ქალებია შესული, ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ დამანას. 

– ქალბატონო დამანა, მინდა მოგილოცოთ ქალთა დღე და გკითხოთ თქვენ, რომელმაც ოთხ წიგნში ლამაზი ქართველი ქალების გალერეა შექმენით, რაში ხედავთ ქალის სილამაზეს?

— ქალის სილამაზეს მე მის სულიერებასა და შინაარსში ვხედავ, ეს სილამაზე არ უნდა იყოს შექმნილია ან გამოგონილი. სილამაზე მარტო სახის ლამაზ ნაკვთებში არ გამოიხატება. ჩემი მეუღლე, არაჩვეულებრივი გარეგნობის მამაკაცი, ლაშა მაცაბერიძე სულ მეუბნებოდა, რომ ჩემში სწორედ ამ სულიერებამ მოხიბლა… ყველა მეუბნებოდა, ლამაზი ქალი ხარო, არადა, მართლა არ ვიყავი ლამაზი!.. ჩემი მეუღლე იმდენად ღირსეული პიროვნება იყო, რომ ლეილა აბაშიძე ყოველთვის ამბობდა, მასთან ყოველთვის შემართული ვარ, რაიმე არ შემეშალოსო. ის ადამიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სათნოებას და სიკეთეს, რაც ჩემში ნამდვილად არის! ქალს მეტყველი სახე უნდა ჰქონდეს, რაშიც მისი შინაარსი იკითხება, ის რომ გიყურებს, მისი სახე არ უნდა ამბობდეს: შემომხედე, როგორი ლამაზი ვარ! ამიტომ ქალის სილამაზე მის თავმდაბლობაშია. 

– თუ შეიძლება, ცნობილი ქართველი ლამაზი ქალბატონები გაიხსენეთ, ვინც თქვენ წიგნებშია შესული…

— რომელი ერთი ჩამოვთვალო?— ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა ნატა ვაჩნაძეს ვხედავდი, იგი ყოველთვის მოკრძალებული და თავმდაბალი იყო. გავიხსენებ შურა თოიძეს, თამარ ციციშვილს, ჯერ ისევ ნორჩი მედეა ჯაფარიძე მახსოვს…

– რას უსურვებთ ქალებს, როგორ დარჩნენ ყოველთვის სასურველები?

— ყველას ქალს ვუსურვებ, რომ სახლშიც და გარეთაც აუცილებლად მიაქციონ ყურადღება საკუთარ გარეგნობას, თმა ყოველთვის მოვლილი ჰქონდეთ და ვარცხნილობაც — სახისთვის შესაფერისი. სახის ოვალს რაც უხდება, ისეთი, და არა ისე, ყველას ერთნაირად რომ აქვს თმა ჩამოშვებული. ქალის ვარცხნილობამ იმაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, რაც ქალს სახეზე ლამაზი აქვს. ასე რომ, მათ ვუსურვებ საკუთარ თავს მოუარონ და ყოველთვის მიმზიდველები და სასურველები იქნებიან!..


ყველა ახალი ამბავი
0