ცესკოს შენობა

ცდა მეორე: საქართველოს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს აირჩევს

42
(განახლებულია 15:52 22.07.2021)
საპარლამენტო ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ საქართველოს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის კანდიდატურას 22 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრაზე ხელახლა დააყენებს.

ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილზე წარდგენილია ორი კანდიდატი – საქართველოს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 37 წლის გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 31 წლის გიორგი სანტურიანი. 

ხუთი წლის ვადით ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით კვირას, 18 ივლისს გამართულ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ჩავარდა – საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო დეპუტატების ხმების 2/3.

დღეს გამართულ სხდომაზე კი დეპუტატები გიორგი კალანდარიშვილსა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურებს კენჭს ხელახლა უყრიან და ხუთი წლის ვადით პოსტის დაკავებისთვის თუ რომელიმე მათგანი 100 დეპუტატის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მაშინ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს ექვსი თვით აირჩევს.

ექვსი თვის ვადით ცესკოს თავმჯდომარედ დასანიშნად ახლა კანდიდატისთვის საკმარისი იქნება 75 დეპუტატზე მეტმა დაუჭიროს მხარი.

ხუთი წლის ვადით ცესკოს თავმჯდომარის არჩევისთვის „ქართულ ოცნებას“ 16 ხმა არ ჰყოფნის. ოპოზიცია არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს. წინასწარი მონაცემებით, ცესკოს თავმჯდომარის პოსტს გიორგი კალანდარიშვილი დაიკავებს, რომელსაც კვირას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ვინ არის გიორგი კალანდარიშვილი

ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი 1984 წელს დაიბადა.

დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო, უმაღლესი განათლება – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით. 

აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალისტის კვალიფიკაცია. აქვს იურისტის კვალიფიკაცია მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით.

სტაჟირება გაიარა იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.

2005-2008 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებებში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.

2008 წელს მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. ამის შემდეგ კალანდარიშვილი კონკურსის წესით დაინიშნა ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად.

იყო ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი და 2011 წელს ჩამოყალიბებული ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.

2019 წელს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

2021 წელს კი დაინიშნა ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. ასევე 2021 წლის 8 აპრილიდან დღემდე იკავებს ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.

42
დავით ზალკალიანი

როგორ პასუხს გასცემს ქართული ხელისუფლება დასავლეთის კრიტიკაზე: ზალკალიანის ხედვა

8
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. დასავლეთისთვის ცნობილია საქართველოს მმართველი პარტიის არგუმენტები შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით და ახლა ჩვენ ვაწარმოებთ დამატებით კონსულტაციებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

გუშინ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად  გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია მკვეთრი კრიტიკა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლურ კურსში ეჭვი შეიტანეს.

„მინდა, გითხრათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები „ქართული ოცნებიდან“, ისე პირადად მე ვარ მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, იგივე შარლ მიშელის კაბინეტთან, რათა მათ ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი არგუმენტები მათთვის ამ დღეების განმავლობაში უკვე ცნობილია და დამატებითი კომუნიკაციაც იქნება, რომ კიდევ უფრო საფუძვლიანად გავაანალიზოთ, თუ რა სიტუაციაში ვართ“, - განაცხადა ზალკალიანმა „პირველი არხის“ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის კურსი რჩება პროდასავლური და ამ არჩევანს განსაზღვრავს ქართველი ხალხი და მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომლის საფუძველზე 2 ოქტომბერს ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები.

„ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უკვე აქვს ოფიციალური მოწვევა ადგილობრივ არჩევნებზე და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, იქნება ეს OSCE/ODIHR (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - რედ.), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგიონალური ბიურო, თუ სხვა დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია. ასევე ორმხრივად ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს ამ არჩევნებს. უფრო მეტიც, არჩევნები რომ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება, ამის გარანტია არის ის ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

სიტუაციის შეფასების მიზნით საქართველოში უკვე იმყოფება ევროპარლამენტარების ჯგუფი. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ემზადება კონსულტაციების მორიგი რაუნდისთვის საქართველოს პოლიტიკურ სუბიექტებთან.

 

8
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტში დარჩა

26
(განახლებულია 19:10 29.07.2021)
ოპოზიციური პარტიები თითქმის 24 საათის განმავლობაში მართავდნენ კონსულტაციებს მმართველი პარტიის ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება არ თქვას უარი სადეპუტატო მანდატებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გადაწყვეტილების გამო.

გუშინ მმართველმა პარტიამ ანულირებულად  გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება. თავისი გადაწყვეტილების მიზეზად „ქართულ ოცნებაში“ მეორე მხარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელეს.

ოპოზიციური პარტიები თითქმის 24 საათის განმავლობაში მართავდნენ კონსულტაციებს მმართველი პარტიის ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

საბოლოო ჯამში საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა წარმომადგენელმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ. თუმცა „ნაცმოძრაობის“ დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ. მელიას თქმით, ეს საჭიროა იმისათვის, რომ აიძულონ „ქართული ოცნება“ ბოლომდე მიიყვანოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი.

საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელთა თანახმად ოქტომბრის არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 2%-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო თავად არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

ცვლილებების მისაღებად საჭიროა 113 დეპუტატის თანხმობა. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში სულ 84 მანდატი აქვს და „ნაცმოძრაობის“ დარჩენილი 31 დეპუტატის ხმები გადამწყვეტი შეიძლება გახდეს.

იმავე მიზეზით არ აპირებს პარლამენტის დატოვებას არც პარტია „ლელო საქართველოსთვის“.

ასევე პარლამენტში რჩება პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“.

„ამ ეტაპზე პარლამენტის დატოვებას არ განვიხილავთ“, - განაცხადა პარტიის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

საკანონმდებლო ორგანოში რჩებიან ასევე ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატები.

„მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო ბოიკოტი არ არის შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მმართველ გუნდს მაქსიმალურად დისკომფორტი უნდა შევუქმნათ პარლამენტში ყოფნით, მწვავე კითხვების დასმით“, - განაცხადა პარტიის დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა.

იგივე გადაწყვეტილება მიიღეს პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია თითქმის მთლიანი შემადგენლობით რჩება პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხი მაინც ღია რჩება.

მმართველ პარტიაში უკვე განაცხადეს, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა საკანონმდებლო ინიციატივა იქნება მიღებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ამას საჭიროდ ჩათვლის.

26