ცესკო

არჩევნები 2021: თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 29 პარტიას სურს

52
(განახლებულია 14:50 22.07.2021)
„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო პარტიებს ბიულეტენში რიგითი ნომრის არჩევის უპირატესობა მიეცათ.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველი ორგანოების არჩევნებში მონაწილეობა 29 პარტიას სურს, მათგან 18-მა რეგისტრაცია უკვე გაიარა. 

საარჩევნო კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ორგანოების არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს უნდა გაიმართოს. 2021 წელს ეს დღე 2 ოქტომბერია. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.

ცესკოში უკვე დამთავრდა განაცხადების მიღება იმ პარტიებისგან, რომელთაც მანამდე არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ და პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავთ. ცესკოს 14-მა პარტიამ მიმართა, ამ ეტაპზე რეგისტრაცია გაიარა სამმა.

გარდა ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე განსაზღვრა 15 პარტიის რიგითობის ნომრები, რომლებიც არჩევნების შედეგებით პარლამენტში შევიდნენ. დანარჩენი პარტიები კი რიგითობის ნომრებს წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალური დაწყების შემდეგ მიიღებენ.

ცესკოს მონაცემებით, ამ დროისათვის არჩენებში მონაწილეობენ: 

პარტია ნომერი ბიულეტენში
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“  1
„ევროპული საქართველო“  2
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

5
„ევროპელი დემოკრატები“  6
„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“  7
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“  8
„ლელო საქართველოსთვის“  9
„ლეიბორისტული პარტია“  10
„რესპუბლიკური პარტია“   11
„კანონი და სამართალი“  12
„პროგრესი და თავისუფლება“  21
„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) 36
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  41
„მამული“ ნომერი აგვისტოში მიენიჭება
„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ნომერი აგვისტოში მიენიჭება
„მწვანე მიწა“ ნომერი აგვისტოში მიენიჭება

ეს თვითმმართველი ორგანოების არჩევნებში მონაწილე პარტიების სრული სია არ არის, იგი შუა აგვისტომდე შეივსება.

52
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტში დარჩა

19
(განახლებულია 19:10 29.07.2021)
ოპოზიციური პარტიები თითქმის 24 საათის განმავლობაში მართავდნენ კონსულტაციებს მმართველი პარტიის ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება არ თქვას უარი სადეპუტატო მანდატებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გადაწყვეტილების გამო.

გუშინ მმართველმა პარტიამ ანულირებულად  გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება. თავისი გადაწყვეტილების მიზეზად „ქართულ ოცნებაში“ მეორე მხარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელეს.

ოპოზიციური პარტიები თითქმის 24 საათის განმავლობაში მართავდნენ კონსულტაციებს მმართველი პარტიის ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

საბოლოო ჯამში საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა წარმომადგენელმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ. თუმცა „ნაცმოძრაობის“ დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ. მელიას თქმით, ეს საჭიროა იმისათვის, რომ აიძულონ „ქართული ოცნება“ ბოლომდე მიიყვანოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი.

საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელთა თანახმად ოქტომბრის არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 2%-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო თავად არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

ცვლილებების მისაღებად საჭიროა 113 დეპუტატის თანხმობა. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში სულ 84 მანდატი აქვს და „ნაცმოძრაობის“ დარჩენილი 31 დეპუტატის ხმები გადამწყვეტი შეიძლება გახდეს.

იმავე მიზეზით არ აპირებს პარლამენტის დატოვებას არც პარტია „ლელო საქართველოსთვის“.

ასევე პარლამენტში რჩება პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“.

„ამ ეტაპზე პარლამენტის დატოვებას არ განვიხილავთ“, - განაცხადა პარტიის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

საკანონმდებლო ორგანოში რჩებიან ასევე ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატები.

„მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო ბოიკოტი არ არის შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მმართველ გუნდს მაქსიმალურად დისკომფორტი უნდა შევუქმნათ პარლამენტში ყოფნით, მწვავე კითხვების დასმით“, - განაცხადა პარტიის დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა.

იგივე გადაწყვეტილება მიიღეს პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია თითქმის მთლიანი შემადგენლობით რჩება პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხი მაინც ღია რჩება.

მმართველ პარტიაში უკვე განაცხადეს, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა საკანონმდებლო ინიციატივა იქნება მიღებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ამას საჭიროდ ჩათვლის.

19
ირაკლი კობახიძე

კრიტიკის ქარცეცხლში: დასავლეთის რეაქცია „ქართული ოცნების“ დემარშზე

32
(განახლებულია 19:35 29.07.2021)
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ ერთნაირად გაუცრუა იმედები საქართველოს როგორც ევროპელ, ისე ოკეანისგაღმელ პარტნიორებს

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ზუსტად 100 დღის შემდეგ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გააუქმა შარლ მიშელის შეთანხმება, რომლისკენაც მხარეები დასავლელი პარტნიორების შუამავლობით თითქმის ნახევარი წელი მიდიოდნენ.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი დოკუმენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო მონაწილეობით იყო შედგენილი. სპეციალურად ამისთვის მას არაერთხელ მოუწია თბილისში ჩამოსვლა.

შედეგად მიმდინარე წლის 19 აპრილს დოკუმენტს ხელი მოაწერა პარლამენტში 2020 წლის არჩევნების შედეგად გასული ცხრა პარტიიდან ექვსმა. დოკუმენტს არ შეუერთდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

სწორედ ეს ფაქტი მოიშველიეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მათი მოულოდნელი გადაწყვეტილების არგუმენტად. ამასთან, მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ მოთხოვნების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია.

აშშ–ის რეაქცია

ეს არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა ამერიკელი სენატორებისთვის, რომლებიც უკვე დიდი ხანია საქართველოს საკითხებზე მუშაობენ. მკვეთრი განცხადება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე შვიდი სენატორისგან შემდგარმა ორპარტიულმა ჯგუფმა გაავრცელა.

„ძალზე იმედგაცრუებული ვართ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრის იმ რეფორმებს, რასაც 19 აპრილის შეთანხმება ედო საფუძვლად. შეერთებული შტატები ევროკავშირთან პარტნიორობით მჭიდროდ თანამშრომლობდა პოლიტიკურ პარტიებთან, რათა დადებულიყო ძლიერი მრავალპარტიული შეთანხმება, რომელიც გზას გაუხსნიდა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. იმედები გაგვიცრუა იმან, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა.“

სენატორები აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება უფრო მეტ იმედგაცრუებას იწვევს იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად საქართველო დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვან პერიოდს გადის. ისინი აღნიშნავენ, რომ პირველ რიგში სწორედ მმართველი პარტიაა ვალდებული, „დადგეს პოლიტიკურ განხეთქილებაზე მაღლა და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც ყველა ქართველისთვის მოიტანს სარგებელს“.

სენატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში დემოკრატიული პრინციპების წინსვლაში მარცხმა შეიძლება დააზიანოს ქვეყნის ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ხელი შეუშალოს ინტეგრაციის პროცესს ნატოსა და ევროკავშირში.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე ნეგატიურად შეაფასა ასევე სენატორმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა.

„ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს - არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – დაწერა ჯიმ რიშმა Twitter–ში.

დასანანი უწოდა „ოცნების“ გადაწყვეტილებას აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველმა მაიკლ კარპენტერმა.

„ეს ძალიან სამწუხაროა. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ ინკლუზიურობას და თამაშის თანაბარ პირობებს. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია აქედან გავიდა“, – დაწერა კარპენტერმა Twitter–ში.

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა>>

ევროპის რეაქცია

19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე Twitter–ის თავის გვერდზე წერს ევროპარლამენტის დეპუტატი, რუმინელი პოლიტიკოსი კორინა კრეცუ.

„საქართველოს სტაბილურობა და ევროპული გზა არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი, ეს უნდა იყოს გარანტირებული! ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ძალისხმევას. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა უზრუნველყოს, რომ 19 აპრილის შეთანხმება სრულად იყოს დაცული“, – დაწერა კრეცუმ.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკა ასევე ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა.

„ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან ახლოს ყოფნის საუკეთესო ხერხი არ არის, როცა აშშ–ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის კრიტიკას გამოიწვევს“, – წერს ილვესი თავის გვერდზე Twitter–ში.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია გამოხატა ასევე შვედეთის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა კარლ ბილდტმა.

„სერიოზული და ღრმად სამწუხარო მოვლენების განვითარება საქართველოში – მმართველმა პარტიამ მიატოვა ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე“, – წერს ბილდტი.

ევროპარლამენტი საქართველოში მორიგი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას შეეცდება>>

ასეა თუ ისე, საქართველო ახლა მორიგი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. მის კიდევ ერთხელ განმუხტვას შეეცდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი – ის საქართველოს პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების მორიგი რაუნდისთვის ემზადება.

32
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ელექტროგადამცემი ხაზი

„თელასი" ნაძალადევის რაიონს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

0
(განახლებულია 18:01 29.07.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს