აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეაჩერეთ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები

38
(განახლებულია 20:44 16.07.2021)
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ სასამართლო სისტემაში კარდინალური რეფორმის გატარებამდე საკადრო ცვლილებებისგან თავი უნდა შეიკავოს.

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. აშშ შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნის ფაქტით, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმების დარღვევაა, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა 12 ივლისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი ცხრიდან ექვსი კანდიდატი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა. კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე – რომ შეეჩერებინათ კანდიდატების დამტკიცების პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე. კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიიღეს.

ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით ხელმოწერილი 19 აპრილის შეთანხმება ხელმომწერ მხარეებს ავალდებულებს, შეაჩერონ „ყველა მიმდინარე დანიშვნა" უზენაეს სასამართლოში, ვიდრე არ იქნება მიღებული „ამბიციური მართლმსაჯულების რეფორმა" ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმების პროცესში. 

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა სრულყოფილი, გამჭვირვალე და ინკლუზიური სასამართლო რეფორმის გატარებამდე. ამაზე შეთანხმდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით", – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ხაზგასმულია, რომ ამის შეუსრულებლობა კიდევ უფრო შეარყევს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. 19 აპრილის შეთანხმების არასრულმა შესრულებამ შეიძლება ასევე შეასუსტოს ინვესტორთა ნდობა და შეამციროს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა.

„შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს მათი ვალდებულება დემოკრატიული პრინციპებისადმი და კანონის უზენაესობისადმი და, ამასთან ერთად, გაამყაროს პარტნიორობა აშშ-თან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან", – აღნიშნულია განცხადებაში.

ოთხშაბათს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ ასევე შეშფოთება გამოთქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გამო, ევროკავშირის წარმომადგენელთა არაერთი მოწოდების მიუხედავად – შეეჩერებინათ პროცესი. როგორც სტანომ აღნიშნა, ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მის მიმართ ნდობას. პრეს-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მიღებას.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCR/ODIHR), თავის მხრივ, თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებისკენ მოუწოდა.

38
სუს–ის უფროსი და სპეცრაზმი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაბადების დღე აღნიშნა

22
(განახლებულია 19:52 01.08.2021)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 13 სტრუქტურული ერთეულისგან შედგება, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს–ი) ექვსი წლის გახდა – ის 2015 წლის პირველ აგვისტოს დაარსდა – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.

სუს–ი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალიზებული დაწესებულებების სისტემას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ ემორჩილება საქართველოს მთავრობას და რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს უშიშროებას უზრუნველყოფს.

სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საკონსტიტუციო წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხოური სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების არასამართლებრივი ქმედებებისგან, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბრძოლა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან და საერთაშორისო დანაშაულთან, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროებას, კორუფციის შესახებ გამაფრთხილებელი, მისი გამოვლენისა და აღკვეთის ზომების მიღება.

სუს–ი შედგება 13 სტრუქტურული ერთეულისგან, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა.

პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით სამსახურის სპეცრაზმმა ჩაატარა საჩვენებელი წვრთნები, რომელსაც თვალს ადევნებდნენ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს–ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

„ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მოქალაქეებს, მოსახლეობას, იცავენ და აძლიერებენ ჩვენ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს“, –განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის>>

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს.

22
საქართველოს პარლამენტი

დაკარგულის დაბრუნება: „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ საბიუჯეტო დაფინანსება აღუდგათ

32
(განახლებულია 15:56 01.08.2021)
პარტიებს აუნაზღაურდებათ ის თანხაც, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის პირველი აგვისტოდან აღუდგათ. 

ეს პარტიებია „გირჩი“ და „ “ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეები“. მათ პროტესტის ნიშნად არ მიმართეს ცესკოს სახელმწიფო დაფინანსების მიღების თაობაზე, რადგან არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და გაყალბებულად მიიჩნევდნენ. 

ამასთან, აღნიშნულ  პარტიებს ყველა ის თანხა მიეცემათ, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ. 

საქართველოს პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგული ჰქონდა, ეს უფლება 2022 წლის პირველი თებერვლიდან უნდა აღდგომოდა. თუმცა საკანონმდებლო ორგანომ შეცვალა ვადა და ის 2021 წლის პირველი აგვისტომდე გადმოსწია.  

აღსანიშნავია, რომ „გირჩის“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 777 990 ლარს შეადგენს, ხოლო „მოქალაქეების“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 497 406 ლარია.

32
თემები:
საქართველოს პარლამენტი