აქცია პარლამენტთან

ჩატარდეს დროული გამოძიება! სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყებებს მიმართავს

54
(განახლებულია 21:37 12.07.2021)
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ შსს-მ არ გაატარა ეფექტური პრევენციული ღონისძიებები 5-6 ივლისს ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ხოლო დანაშაულებრივ ფაქტებზე დღემდე არ მოახდინა სრულფასოვანი რეაგირება.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. სახალხო დამცველის აპარატი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას თბილისში 5 და 6 ივლისს განვითარებული მოვლენების დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არეულობა დედაქალაქში 5-6 ივლისს მოხდა, როდესაც ლგბტ-თემის საწინააღმდეგო გამოსული ადამიანები ჟურნალისტებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს ესხმოდნენ თავს.

სახალხო დამცველის აპარატი ასევე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, რომ ეფექტიანი და დროული გამოძიება აწარმოონ ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე, რომელიც 5 ივლისს გამართულ აქციაზე სასტიკად სცემეს. ის 11 ივლისს, დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

„მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, უმოკლეს ვადებში გამოავლინონ სავარაუდო ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე პასუხისმგებელი პირები და დაიწყონ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ კი მოახდინონ საზოგადოების დეტალური ინფორმირება", – ნათქვამია ინფორმაციაში.

სახალხო დამცველის აპარატში მიიჩნევენ, რომ ძალადობრივი მოვლენების მასშტაბურობა, ქმედებების ინტენსიურობა და სიმძიმე, ძალადობის ჯგუფური ხასიათი, კონკრეტული პირების მოწოდებები, დაზარალებულ მოქალაქეთა და მოძალადე პირთა რაოდენობა, ცალსახად მიუთითებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების შესაძლო ნიშნებს. სწორედ ამიტომ გამოძიება, სხვა მუხლებთან ერთად, უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება და სხვ.

თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.

შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ, მათ თავს ესხმოდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.

54
თემები:
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (46)
ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას

11
(განახლებულია 21:02 01.08.2021)
სატელეფონო საუბრისას ღარიბაშვილმა და თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის განვითარების პერსპექტივასა და მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმიმისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანს თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთის რესპუბლიკას სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა ასევე ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტზე ანკარაში, რომელიც 1 ივნისს შედგა. ადმინისტრაციის ცნობით, ხაზი გაესვა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ახლო მომავალში გამართვის აუცილებლობას, რომელიც ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა, ერდოღანმა კი ღარიბაშვილი თურქეთში კიდევ ერთხელ მიიწვია.

უკვე რამდენიმე დღეა თურქეთში ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი გადავიდა დასახლებულ პუნქტებში, მოედო საცხოვრებელ უბნებსა და სასტუმროებს. განსაკუთრებით მძიმედაა სიტუაცია ადანაში, სადაც ტყის ხანძრის ექვსი კერაა, ხოლო ანტალიასა და მერსინში - ოთხ-ოთხი. ხანძარს ვერ გადაურჩა ისეთი პოპულარული კურორტები, როგორიცაა ბოდრუმი და მარმარისი.

ბოლო ცნობებით, ხანძრების შედეგად დაზარალდა 42 დასახლებული პუნქტი, 27 უკვე ევაკუირებულია. ხანძრის შედეგად დაიღუპა მინიმუმ ექვსი ადამიანი, დაშავებულია დაახლოებით 200.

თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან 1992 წელს დაამყარა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.

11
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სუს–ის უფროსი და სპეცრაზმი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაბადების დღე აღნიშნა

31
(განახლებულია 19:52 01.08.2021)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 13 სტრუქტურული ერთეულისგან შედგება, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს–ი) ექვსი წლის გახდა – ის 2015 წლის პირველ აგვისტოს დაარსდა – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.

სუს–ი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალიზებული დაწესებულებების სისტემას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ ემორჩილება საქართველოს მთავრობას და რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს უშიშროებას უზრუნველყოფს.

სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საკონსტიტუციო წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხოური სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების არასამართლებრივი ქმედებებისგან, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბრძოლა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან და საერთაშორისო დანაშაულთან, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროებას, კორუფციის შესახებ გამაფრთხილებელი, მისი გამოვლენისა და აღკვეთის ზომების მიღება.

სუს–ი შედგება 13 სტრუქტურული ერთეულისგან, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა.

პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით სამსახურის სპეცრაზმმა ჩაატარა საჩვენებელი წვრთნები, რომელსაც თვალს ადევნებდნენ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს–ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

„ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მოქალაქეებს, მოსახლეობას, იცავენ და აძლიერებენ ჩვენ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს“, –განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის>>

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს.

31
იაკობ ქაჯაია კუბელ აკოსტა ფერნანდესთან ორთაბრძოლაში

ვინ იასპარეზებს საქართველოდან 2 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე

0
(განახლებულია 20:25 01.08.2021)
ტოკიოს ოლიმპიადაზე მეათე დღეს საქართველოს ორი სპორტსმენი წარადგენს – ბერძნულ–რომაულის ტილით მოჭიდავეები იაკობ ქაჯაია და გიორგი მელია

იაკობ ქაჯაია, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა (–130 კგ)

Борец Якоб Каджая
© AP Photo / Anvar Ilyasov
იაკობ ქაჯაია

ქაჯაიამ წარმატებით გამართა ორთაბრძოლები და თავის წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა. ტურნირის რეგლამენტით, მედლები სპორტსმენების გამოსვლის დაწყებიდან მეორე დღეს თამაშდება.

ქართველი მოჭიდავე ოქროსთვის მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს შეეჭიდება.

27 წლის იაკობ ქაჯაიასთვის ტოკიოს თამაშები კარიერაში მეორეა. რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან მეშვიდე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და მას თავისუფლად შეუძლია, ოლიმპიური ჩემპიონის წოდებაზე ჰქონდეს პრეტენზია.

გიორგი მელია, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა (–97 კგ)

ტოკიოს ოლიმპიადა 24 წლის გიორგი მელიასთვის სადებიუტოა. იუნიორთა და ახალგაზრდებს შორის ქართველი მოჭიდავე სერიოზულ შედეგებს აჩვენებდა. 2016 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა იუნიორთა შორის, ხოლო 23 წლამდელთა კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატებზე კვარცხლბეკზე ორჯერ ავიდა – 2018 წელს ბრინჯაო მიიღო და 2019 წელს – ვერცხლი.

Георгий Мелия – греко-римская борьба
გიორგი მელია

მოზრდილთა კატეგორიაში მას ჯერჯერობით სატრაბახო შედეგები არა აქვს. ევროპის ჩემპიონატებზე მე–10 და მე–17 ადგილები დაიკავა, ხოლო 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე – მეხუთე.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.

0
თემები:
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე