ცესკო

ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესმა სკანდალის ფონზე ჩაიარა - დეტალები

93
(განახლებულია 11:33 12.07.2021)
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ჯერ არ შეურჩევია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, საპარლამენტო ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ არცერთ მათგანს მხარს არ დაუჭერს.

არჩევნებამდე სამი თვით ადრე ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების შერჩევამ საქართველოში ახალი სკანდალი გამოიწვია - ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ღიად გამოვიდნენ წარდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ და მხარდაჭერაზე უარი მათ წინასწარ უთხრეს.

ცესკოს თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თამარ ჟვანიამ 30 ივნისს, საარჩევნო კამპანიის და არჩევნებთან დაკავშირებული ყველა პროცედურის დაწყებამდე ერთი თვით ადრე პოსტი დატოვა.

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობების დაკავების მსურველთა დოკუმენტების მიღება 6 ივლისს დასრულდა. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გასაუბრების ეტაპზე 11-დან 8 კანდიდატი გადავიდა.

შერჩევის მნიშვნელობა და დავის საგანი

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი არჩევის ვადა ახლა პირდაპირ არის დამოკიდებული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებებზე.

კანონის თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ის მოასწრებს მხოლოდ ერთი არჩევნების ჩატარებას, რომლებიც 2 ოქტომბერს გაიმართება.

კანდიდატებს შორის არ იყო არცერთი პოლიტიკოსი. ყველა კანდიდატი არის ან ყოფილი საჯარო მოხელე, ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

შერჩევის დასრულებამდე ოპოზიციის ან მმართველი პარტიის მხარდაჭერა არცერთმა კანდიდატმა არ მოიპოვა და გაუგებარი იყო, ვის შეარჩევს კომისია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების და უნივერსიტეტების პროფესურის წარმომადგენლებით დააკომპლექტა.

შედეგად კომისიამ არჩევანი შეაჩერა ცესკოს ყოფილ მოხელეებზე - 37 წლის გიორგი კალანდარიშვილზე (ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი) და 31 წლის გიორგი სანტურიანზე (ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი). მაგრამ მათ კომისიის ყველა წევრის მხარდაჭერა მაინც ვერ მოიპოვეს.

„არც ერთი კანდიდატი ორგანიზაციის მოთხოვნებს სრულად არ აკმაყოფილებდა“, - ასე განმარტეს თავიანთი პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისთვის“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირეს მხარი.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „მრავალეროვანი საქართველო“ ამ ორ კანდიდატს მხარი დაუჭირა.

მისი წარმომადგენლების თქმით, ორგანიზაცია გადაწყვეტილების მიღებისას სხვა კრიტერიუმებთან ერთად ხელმძღვანელობდა კანდიდატების ხედვით იმ ამომრჩეველთა გამოწვევებზე, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ.

პროცესის მნიშვნელობა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები, სადაც მოსახლეობა მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს, 2021 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაზღვრავს არა მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოების შემადგენლობას, არამედ, შესაძლოა, ის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბაბიც გახდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

ოპოზიცია წინააღმდეგია

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ჯერ არ შეურჩევია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, საპარლამენტო ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ არცერთ მათგანს მხარს არ დაუჭერს.

„გამართლდა ჩვენი ეჭვები და მოლოდინები, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს გამოიყენებდა ფიქციისთვის, რეფორმის იმიტაციისთვის და ამას ადასტურებს ის, რომ ძალიან მოკლე ვადებში მოხდა კონკურსში განაცხადების შეტანა და ის, თუ როგორ მოხდა კომისიის შექმნა, როცა წევრების აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელ ადამიანებს“, - განაცხადა ყველაზე მრავალრიცხოვანი საპარლამენტო ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მისი ფრაქცია პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.

ასევე არ აპირებს კანდიდატების მხარდაჭერას პარლამენტი წარმოდგენილი სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილი.

„ორივე კანდიდატი არის იმ სისტემის წარმომადგენელი, რომლის მიმართაც საზოგადოებაში, ბოლო არჩევნების გამო, არ არის ნდობა. კონსენსუსის მიღწევა მათ კანდიდატურებზე იქნება ძალიან რთული“, - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.

რა მოხდება შემდეგ

ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ ცესკოს თავმჯდომარეს მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დანიშნავს.

„მხარეების შეთანხმება საკმაოდ რთული იქნება, ამიტომ შესაძლებელია, რომ კომისიის თავმჯდომარე დეპუტატთა ხმების ორი მესამედით არ იქნება არჩეული. მაშინ უკვე შემცირდება გადაწყვეტილების მიღების კვორუმი და სავარაუდოა ის ვერსია, როდესაც თავმჯდომარე ექვსი თვის ვადით აირჩევა. ეს არ არის ხრიკი, ეს არის სიტუაციიდან გამოსავალი, როდესაც შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღწევა შეუძლებელია“, - განმარტა ხმალაძემ Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.

ამასთან, დღეისათვის მმართველ პარტიას პარლამენტში ჰყავს 84 დეპუტატი და კონსენსუსისთვის მას სულ 16 ხმა აკლდება.

„ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ ოპოზიციის ნაწილი შეიცვლის აზრს, მით უმეტეს ორი პარტია „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტები“, რომლებსაც 10 დეპუტატი ჰყავთ, ჯერ დუმილს იყენებენ. მაგრამ ამავე დროს მმართველი პარტია ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას მიკერძოებაში ადანაშაულებს.

„მათი ხედვა არის ასეთი, რომ თუ მათი წარმომადგენელი და მათი კონტროლის ქვეშ არ არის ადამიანი, არავითარ სანდოობას არ იწვევს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მან მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს კანდიდატები შეარჩიონ პროფესიული ნიშნით და შეწყვიტონ ბრალდებები.

93
დავით ზალკალიანი

როგორ პასუხს გასცემს ქართული ხელისუფლება დასავლეთის კრიტიკაზე: ზალკალიანის ხედვა

10
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. დასავლეთისთვის ცნობილია საქართველოს მმართველი პარტიის არგუმენტები შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით და ახლა ჩვენ ვაწარმოებთ დამატებით კონსულტაციებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

გუშინ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად  გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია მკვეთრი კრიტიკა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლურ კურსში ეჭვი შეიტანეს.

„მინდა, გითხრათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები „ქართული ოცნებიდან“, ისე პირადად მე ვარ მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, იგივე შარლ მიშელის კაბინეტთან, რათა მათ ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი არგუმენტები მათთვის ამ დღეების განმავლობაში უკვე ცნობილია და დამატებითი კომუნიკაციაც იქნება, რომ კიდევ უფრო საფუძვლიანად გავაანალიზოთ, თუ რა სიტუაციაში ვართ“, - განაცხადა ზალკალიანმა „პირველი არხის“ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის კურსი რჩება პროდასავლური და ამ არჩევანს განსაზღვრავს ქართველი ხალხი და მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომლის საფუძველზე 2 ოქტომბერს ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები.

„ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უკვე აქვს ოფიციალური მოწვევა ადგილობრივ არჩევნებზე და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, იქნება ეს OSCE/ODIHR (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - რედ.), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგიონალური ბიურო, თუ სხვა დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია. ასევე ორმხრივად ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს ამ არჩევნებს. უფრო მეტიც, არჩევნები რომ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება, ამის გარანტია არის ის ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

სიტუაციის შეფასების მიზნით საქართველოში უკვე იმყოფება ევროპარლამენტარების ჯგუფი. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ემზადება კონსულტაციების მორიგი რაუნდისთვის საქართველოს პოლიტიკურ სუბიექტებთან.

 

10
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტში დარჩა

26
(განახლებულია 19:10 29.07.2021)
ოპოზიციური პარტიები თითქმის 24 საათის განმავლობაში მართავდნენ კონსულტაციებს მმართველი პარტიის ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება არ თქვას უარი სადეპუტატო მანდატებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გადაწყვეტილების გამო.

გუშინ მმართველმა პარტიამ ანულირებულად  გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება. თავისი გადაწყვეტილების მიზეზად „ქართულ ოცნებაში“ მეორე მხარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელეს.

ოპოზიციური პარტიები თითქმის 24 საათის განმავლობაში მართავდნენ კონსულტაციებს მმართველი პარტიის ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

საბოლოო ჯამში საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა წარმომადგენელმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ. თუმცა „ნაცმოძრაობის“ დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ. მელიას თქმით, ეს საჭიროა იმისათვის, რომ აიძულონ „ქართული ოცნება“ ბოლომდე მიიყვანოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი.

საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელთა თანახმად ოქტომბრის არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 2%-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო თავად არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

ცვლილებების მისაღებად საჭიროა 113 დეპუტატის თანხმობა. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში სულ 84 მანდატი აქვს და „ნაცმოძრაობის“ დარჩენილი 31 დეპუტატის ხმები გადამწყვეტი შეიძლება გახდეს.

იმავე მიზეზით არ აპირებს პარლამენტის დატოვებას არც პარტია „ლელო საქართველოსთვის“.

ასევე პარლამენტში რჩება პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“.

„ამ ეტაპზე პარლამენტის დატოვებას არ განვიხილავთ“, - განაცხადა პარტიის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

საკანონმდებლო ორგანოში რჩებიან ასევე ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატები.

„მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო ბოიკოტი არ არის შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მმართველ გუნდს მაქსიმალურად დისკომფორტი უნდა შევუქმნათ პარლამენტში ყოფნით, მწვავე კითხვების დასმით“, - განაცხადა პარტიის დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა.

იგივე გადაწყვეტილება მიიღეს პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია თითქმის მთლიანი შემადგენლობით რჩება პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხი მაინც ღია რჩება.

მმართველ პარტიაში უკვე განაცხადეს, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა საკანონმდებლო ინიციატივა იქნება მიღებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ამას საჭიროდ ჩათვლის.

26