პარლამენტის დეპუტატები

საარჩევნო რეფორმა: რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციონერი და მმართველი პარტიის დეპუტატები

39
(განახლებულია 13:55 22.06.2021)
საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ მოახერხეს საარჩევნო რეფორმის მთავარ საკითხებზე შეთანხმება, დარჩა მხოლოდ ტექნიკური დეტალების დაზუსტება. განახლებული საარჩევნო კოდექსი ივნისის ბოლოს მზად იქნება.

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციის დეპუტატებმა დახურულ კარს მიღმა ჩაატარეს კონსულტაციები საარჩევნო რეფორმის თემაზე და შეძლეს კონსენსუსის მიღწევა მთავარ საკითხებზე.

გასულ კვირაში ვენეციის კომისიამ წარადგინა დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. კომისიის აზრით, პროექტის შესწორებული ვერსია ითვალისწინებს ძირითადი რეკომენდაციების არსებით ელემენტებს, მაგრამ რჩება მთელი რიგი საკითხების, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს.

 ესაა დაბალი მოთხოვნები ცესკოს უპარტიო წევრების კვალიფიკაციის მიმართ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პრინციპები, აგრეთვე ყველა დონეზე კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების პროცედურა.

კონსულტაციების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მოახერხეს მმართველ პარტიასთან პოზიციების დაახლოება საკვანძო საკითხებზე და ახლა რჩება მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხის დაზუსტება.

„ხელში მიჭირავს ორი განსხვავებული ბიულეტენი, როგორიც შეიძლება საპილოტე ვერსია იყოს. ასეთ დეტალებზე მიდის საუბარი. ზოგი პოლიტიკური პარტიისთვის ერთი ბიულეტენია მისაღები, ზოგისთვის მეორე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, შევთანხმდებით და ეს არაა ის საკითხები, რის გამოც შეიძლება ამ პროექტს ჩაგდების საფრთხე დაემუქროს“, - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.

თავის მხრივ, უმრავლესობიდან დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს ისეთი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებასაც ქართველი კანონმდებლები არ აპირებენ.

„ძირითად საკითხებზე იმასთან დაკავშირებით, რას ვითვალისწინებთ და რას ვერ ვითვალისწინებთ, შევთანხმდით. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რასაც ვერ ვიზიარებთ, ეხება იმას, პარტიული წევრის გამოწვევას დასაბუთება რომ უნდა სჭირდებოდეს. ოპოზიცია თვლის, რომ უნდა ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, რომ დასაბუთების გარეშეც გამოიწვიონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.

შიდაპარტიული კონსულტაციების შემდეგ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდა.

„ძალიან მიხარია, რომ პოზიტიურადაა შეფასებული და დასკვნა პოზიტიურია. გარკვეული საკითხები არის, თუმცა როგორც აღნიშნეს თვითონ დეპუტატებმა პრინციპულ საკითხებს არ ეხებაო. მოდით, დაველოდოთ საბოლოო მსჯელობას და ვნახოთ, რა აისახება და რა არა", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

დეპუტატების შეფასებით, განახლებული საარჩევნო კოდექსი პრეზიდენტის ხელმოსაწერად უკვე ივნისის ბოლოს იქნება მზად.

შესაბამისად, ოქტომბერში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები განახლებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით გაიმართება.

39
ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას

46
(განახლებულია 21:02 01.08.2021)
სატელეფონო საუბრისას ღარიბაშვილმა და თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის განვითარების პერსპექტივასა და მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმიმისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანს თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთის რესპუბლიკას სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა ასევე ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტზე ანკარაში, რომელიც 1 ივნისს შედგა. ადმინისტრაციის ცნობით, ხაზი გაესვა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ახლო მომავალში გამართვის აუცილებლობას, რომელიც ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა, ერდოღანმა კი ღარიბაშვილი თურქეთში კიდევ ერთხელ მიიწვია.

უკვე რამდენიმე დღეა თურქეთში ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი გადავიდა დასახლებულ პუნქტებში, მოედო საცხოვრებელ უბნებსა და სასტუმროებს. განსაკუთრებით მძიმედაა სიტუაცია ადანაში, სადაც ტყის ხანძრის ექვსი კერაა, ხოლო ანტალიასა და მერსინში - ოთხ-ოთხი. ხანძარს ვერ გადაურჩა ისეთი პოპულარული კურორტები, როგორიცაა ბოდრუმი და მარმარისი.

ბოლო ცნობებით, ხანძრების შედეგად დაზარალდა 42 დასახლებული პუნქტი, 27 უკვე ევაკუირებულია. ხანძრის შედეგად დაიღუპა მინიმუმ ექვსი ადამიანი, დაშავებულია დაახლოებით 200.

თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან 1992 წელს დაამყარა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.

46
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სუს–ის უფროსი და სპეცრაზმი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაბადების დღე აღნიშნა

50
(განახლებულია 19:52 01.08.2021)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 13 სტრუქტურული ერთეულისგან შედგება, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს–ი) ექვსი წლის გახდა – ის 2015 წლის პირველ აგვისტოს დაარსდა – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.

სუს–ი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალიზებული დაწესებულებების სისტემას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ ემორჩილება საქართველოს მთავრობას და რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს უშიშროებას უზრუნველყოფს.

სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საკონსტიტუციო წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხოური სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების არასამართლებრივი ქმედებებისგან, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბრძოლა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან და საერთაშორისო დანაშაულთან, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროებას, კორუფციის შესახებ გამაფრთხილებელი, მისი გამოვლენისა და აღკვეთის ზომების მიღება.

სუს–ი შედგება 13 სტრუქტურული ერთეულისგან, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა.

პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით სამსახურის სპეცრაზმმა ჩაატარა საჩვენებელი წვრთნები, რომელსაც თვალს ადევნებდნენ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს–ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

„ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მოქალაქეებს, მოსახლეობას, იცავენ და აძლიერებენ ჩვენ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს“, –განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის>>

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს.

50
ნაკადული

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 აგვისტო

0
(განახლებულია 11:44 01.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 2 აგვისტოა, ორშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

მტკიცე მოქმედებებისთვის არცთუ ხელსაყრელი დღეა. დღის პირველ ნახევარში უარი უნდა თქვათ ავანტიურებზე, გაუთვალისწინებელ ხარჯებზე და წამიერ სურვილებზე აყოლაზე. ნაშუადღევს მთვარე ტყუპის ნიშანში გადავა, რაც გაააქტიურებს საინფორმაციო ფონს, მოვლენებს დინამიკას შემატებს, მოაგვარებს კონსტრუქციულ და საინტერესო ურთიერთობებს, მაგრამ, ამავე დროს, შექმნის წინაპირობებს ქაოსის, არათანამიმდევრულობისა და კონფლიქტურობისა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აგვისტო>>

ვერძი: დღის დასაწყისში მოსალოდნელია დამატებითი ხარჯები. ნაშუადღევს სიახლეებისა და ერთგვარი ქაოსის დრო დადგება, როდესაც შესაძლოა სასწრაფო მივლინება გახდეს საჭირო. პრობლემები შეიძლება შეიქმნას თეორიიდან პრაქტიკაზე ან სიტყვიდან საქმეზე გადასვლის დროს. ყურადღებით უნდა მოემზადოთ მგზავრობისთვის: დააზუსტოთ მარშრუტი, შეამოწმოთ ტექნიკური ნაწილი, არ დაგავიწყდეთ საჭირო დოკუმენტები და სხვ.

კურო: დღე თქვენთვის, შესაძლოა, ემოციური ეიფორიით ან თავისუფლების ილუზიით დაიწყოს. მნიშვნელოვანია თავი აარიდოთ თვითნებობას, რომლებსაც თქვენი კარიერის გაფუჭება ან დაზარალება შეუძლია. არ ღირს დიეტის დარღვევა. მიმდინარე საქმეებს ნაშუადღევს შეუდექით და ამასთან, გააორმაგეთ ყურადღება, დააზუსტეთ მცირე დეტალებიც კი. თუ ამ ყველაფერს არასერიოზულა შეხედავთ, მოსალოდნელია დასანანი პრობლემები.

ტყუპი: გააქტიურება ნაშუადღევს სჯობს. გახსოვდეთ, რომ ეს პროდუქტიული, მაგრამ არეული დროა და ყველა გზა უპრობლემო არ იქნება. განსაკუთრებით რთული იქნება ხელით შესასრულებელი სამუშაო, ყოფითი საკითხების მოგვარება, სარემონტო, სამკურნალო პროცედურები. უნდა მოერიდოთ გაღიზიანებას. ურთიერთობებში, სწავლასა და ინტელექტუალურ სამუშაოზე სასურველია უჩინარი ზონების შემჩნევა და ასევე მნიშვნელოვანია, არ აჰყვეთ ილუზიებს.

კირჩხიბი: მოგაკლდებათ თავდაჯერებულობა და სათანადოდ ვეღარ გააკონტროლებთ გარემოებებს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დროებით გადადოთ მნიშვნელოვანი წამოწყებები და არ მიიღოთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები. დილით მოსალოდნელია ფინანსური სიურპრიზები ან იმის გაცნობიერება, რომ მატერიალური მომავალი გაურკვეველია. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, გარემოცვის, ვითარების ან საინფორმაციო ფონის ტყვე შეიქმნათ.

ლომი: დილის საათებში, სჯობს, არაფერი გააკეთოთ. ვარსკვლავების ამბობენ, რომ ეს არახელსაყრელი დროა პირად ინტერესებში შემავალი წამოწყებებისთვის, განსაკუთრებით ურთიერთობებისა და მნიშვნელოვანი თემების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა თატბირებისა და არაფორმალური საუბრებისთვის, მაგრა, გართულკდება პრაქტიკული ამოცანების, პირველ რიგში, საქმიანი და ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. აახელსაყრელია საყიდლებზე წასვლა.

ქალწული: იმისთვის, რომ რაც გაქვთ, ის შეინარჩუნოთ, ზედმეტობასა და ჭარბ მოთხოვნებს უნდა მოერიდოთ. საპასუხისმგებლო მომენტი შუადღის შემდეგ დადგება. გაიზრდება შეცდომების, კონფლიქტებისა და გაუგებრობების რისკი, მათ შორის პროფესიული და ბიუროკრატიული კუთხით. ზოგჯერ სიტუაციას თავად დაძაბავთ და გაამწვავებთ (განსაკუთრებით აგვისტოში დაბადებული ქალწულები). დაგაზიანებთ არათანამიმდევრულობა, არაორგანიზებულობა.

სასწორი: თქვენთვის განსაკუთრებით სარისკო იქნება დღის დასაწყისი – ესაა საბედისწერო შეცდომების დრო, რომლებსაც არაერთი ზედმეტი პრობლემის მოტანა შეუძლია. მნიშვნელოვანი კონტაქტები, სწავლა და მუშაობა, სჯობს, დღის მეორე ნახევრისთვის გადადოთ – ამ დროს სერიოზული დაბრკოლებები მოსალოდნელი არ არის. მაგრამ მაინც აჯობებს, მოერიდოთ კონკრეტულ, თუნდაც მცირე ქმედებებს. ეს განსაკუთრებით მგზავრობას ეხება.

მორიელი: დღეს ვარსკვლავები არ წყალობენ თქვენს მთავარ სურვილებს. მოგიწევთ მცირე წარმატებებით დაკმაყოფილება. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ადრე დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროთ (სიყვარულში, საქმეებსა და ფინანსებში). ამაში დღის მეორე ნახევარი დაგეხმარებათ, რომელიც საკმაოდ ინფორმატიული იქნება, ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ დეტალებს დროულად მიაქციოთ ყურადღება.

მშვილდოსანი: დილით უნდა მოერიდოთ სამეურნეო, ფინანსურ და სამედიცინო ექსპრომტებს. პატარა ხარვეზსაც კი მთელი დღით თქვენი კალაპოტიდან ამოგდება შეუძლია. ნაშუადღევს გამორიცხეთ წამოწყებები საკუთარი ინიციატივით და ყურადღებით იყავით – არ აჰყვეთ სხვა ადამიანების წაქეზებას აქტიურობაზე. ეს კარგი დროა დიალოგებისა და ვიზიტებისთვის, მაგრამა არა მოქმედებების (თანამშრომლობა, მკურნალობა და ა.შ.) დაწყებისთვის.

თხის რქა: დილით გონივრულად ზომიერი უნდა იყოთ. თუ იმპულსს აჰყვებით, დაიმატებთ ზედმეტ საზრუნავს, შეიძლება დღესვე იგრძნოთ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის პირველი ნიშნები, მაგალითად, შეუძლოდ გახდეთ ან ტექნიკური პრობლემები წარმოიშვას. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რასაც ყველაზე იღბლიან მიმართულებებშიც კი დაბრკოლებების შექმნა შეუძლია.

მერწყული: ზედმეტობას ყველაფერში მოერიდეთ – მისი შედეგი ახლავე ან ახლო მომავლში აისახება. ყოველგვარი წამოწყება დილით ავანტიურის ელფერს შეიძენს და პრობლემებს უფრო მოგიტანთ, ვიდრე კომფორტს. უფრო ჰარმონიული იქნება დღის მეორე ნახევარი. ამ დროს დაგიბრუნდებათ თვითკონტროლი და გამძაფრდება ანალიტიკური უნარები. ესაა ლოგიკური სისტემური აზროვნებისა და კონსტრუქციული საუბრების დრო.

თევზები: გადადეთ მნიშვნელოვანი წამოწყებები. დაუმთავრებელი საქმეები დილით დაასრულეთ და არ აჰყვეთ ცდუნებას იმისა, რომ ჩანაფიქრზე მეტი გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში შემოიფარგლეთ მხოლოდ ლაპარაკით და მოქმედებებისგან თავი შეიკავეთ. არ იჩქაროთ რემონტის დაწყება, სახლში სამუშაოების შესრულება, პრაქტიკული დახმარების, სამედიცინო ან სხვა სასარგებლო მომსახურების მიღება.

0